წინასაარჩევნო აგიტაცია

Survation-ის გამოკითხვა: მოქალაქეების 71% საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

50
(განახლებულია 15:05 27.10.2020)
კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას დაუჭერდით მხარს“, რესპონდენტების 55%-მა მმართველ პარტიაზე შეაჩერა არჩევანი.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. ბრიტანული კვლევითი კომპანია Survation-ის გამოკითხვის შედეგების თანახმად, საქართველოში საპარლამენტო არჩევნებში გამოკითხვაში მონაწილე მოქალაქეების 71% მიიღებს მონაწილეობას. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. კონსტიტუციაში შესული ცვლილებების თანახმად, არჩევნები გაიმართება ახალი სისტემით – 120/30. 2020 წელს მაჟორიტარული სისტემა რჩება, თუმცა მაჟორიტარების რაოდენობა 73-დან 30-მდე მცირდება.

კითხვაზე, „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, მიიღებდით თუ არა მონაწილეობას“, გამოკითხულთა 71%-მა აირჩია პასუხის ვარიანტი „თითქმის დარწმუნებული ვარ, რომ მივიღებ მონაწილეობას“.

„ალბათ მივიღებ მონაწილეობას“ – ამ პასუხს ემხრობა გამოკითხულთა 13%. პასუხს „50/50“ ემხრობა რესპონდენტების 11%.

არჩევნებში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს გამოკითხვაში მონაწილეთა 5%.

„მეორე კითხვაზე – „დღეს რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას“ – პასუხისას რესპონდენტების უმეტესობამ, 55%-მა მმართველ პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიულ საქართველოს“ დაუჭირა მხარი.

ოპოზიციურ პარტია „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მხარს უჭერს გამოკითხულთა 22%. ბლოკზე „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ საკუთარი არჩევანი შეაჩერა რესპონდენტების 5%-მა.

ვინ გაიმარჯვებს არჩევნებში? მასშტაბური კვლევის შედეგები>>>

„ლელო საქართველოსთვის“ და „ევროპულ საქართველოს“ გამოკითხულთა 4-4% უჭერს მხარს. პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს“ – 3%.

ყველაზე ორიგინალურ პარტიას „ახალი პოლიტიკური ცენტრი – გირჩსა“ და „ლეიბორისტულ პარტიას“ გამოკითხულთა 2–2% ემხრობა. დანარჩენი 2% სიაში წარმოდგენილ სხვადასხვა პარტიებზე გადანაწილდა.

გამოკითხვა ტელეკომპანია Rustavi2-ის დაკვეთით 16–20 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღო მთელი ქვეყნის მასშტაბით 1210-მა რესპონდენტმა.

50
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (594)
ნათია მეზვრიშვილი

ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობა დატოვა

69
(განახლებულია 19:46 23.11.2020)
მთავრობის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა მადლობა გადაუხადა ყველას, ვისთანაც მუშაობდა ის ერთი წელი, და განსაკუთრებით – პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა თანამდებობიდან წასვლა გადაწყვიტა.

მეზვრიშვილი ადმინისტრაციის უფროსად ერთ წელიწაზე ცოტა მეტხანს მუშაობდა – ამ მოვალეობის შესრულებას ის 2019 წლის 2 ოქტომბერს შეუდგა.

„13 წლიანი უკიდურესად საინტერესო და გამოწვევებით სავსე საქმიანობის შემდეგ, დღეს დავტოვე საჯარო სამსახური. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ საჯარო მოხელეს, რომლებთან ერთადაც ბევრი წელი გავატარე. მადლობა ყველას - მთავრობაში, პარლამენტში, პოლიტიკაში თუ პოლიტიკის მიღმა, საერთაშორისო პარტნიორებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს, ჟურნალისტებს და ყველას, ვისთანაც ამ პერიოდის განმავლობაში მითანამშრომლია", – დაწერა მეზვრიშვილმა Facebook-გვერდზე.

განსაკუთრებული მადლობა მან პრემიერ გიორგი გახარიას გადაუხადა, რომელიც, მისი თქმით, ენდო მას – სრულიად უცნობ ადამიანს.

„გამორჩეული მადლობა გახარიას, რომელმაც მისთვის სრულიად უცხო ადამიანს ნდობა გამომიცხადა და ბევრი კარგი საქმის კეთების შესაძლებლობა მომცა. იმედი მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო, შევძლებ ქვეყნის პროგრესისა და წარმატებისთვის სასიკეთო საქმის კეთებას", – აღნიშნა მეზვრიშვილმა.

ეკონომიკის გადარჩენა პრიორიტეტულია: საქართველოს ხელისუფლება მკაცრ შეზღუდვებს არ დააწესებს>>

მეზვრიშვილი, რომელიც 35 წლისაა, განათლებით იურისტია. მას პროკურატურაში სხვადასხვა პოზიციაზე მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს.

2017–2019 წლებში ის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო.

2019 წლის 19 სექტემბერს საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის უფროსის თანამდებობა დაიკავა, ხოლო ოქტომბერში მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი გახდა.

 

69
თემები:
საქართველოს მთავრობა
ოპოზიციის საპროტესტო აქცია

პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: ხელისუფლება და ოპოზიცია შეთანხმებას ცდილობენ

31
(განახლებულია 19:36 23.11.2020)
ოპოზიცია უკვე სამი კვირაა, საპროტესტო აქციებს მართავს და საპარლამენტო არჩევნების ხელმეორედ ჩატარებას მოითხოვს.

თბილისი, 23 ნოემბერი – Sputnik. ქართული ოპოზიციური პარტიების ლიდერები მმართველ პარტიასთან „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ მოლაპარაკებების მესამე რაუნდის გასამართად მზად არიან, მაგრამ მთავარ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების მოთხოვნაზე უარის თქმას არ აპირებენ.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიცია საპროტესტო აქციებს არ წყვეტს და ხელისუფლებას ტოტალურ გაყალბებაში ადანაშაულებს. პარლამენტში შესულმა პარტიებმა ბოიკოტი გამოაცხადეს – უარი თქვეს დეპუტატის მანდატებზე და არჩევნების მეორე ტურში მონაწილეობაზე. ვითარების მოგვარებას დასავლეთის დიპლომატიური მისიები ცდილობენ. მათ მხარეები მოლაპარაკებებისთვის მიიწვიეს, თუმცა ორი რაუნდის შემდეგ მხარეთა პოზიციები საერთოდ არ შეცვლილა.

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის სალომე სამადაშვილის თქმით, მას საერთოდ არ მოსწონს პროტესტის ფორმა, როდესაც პარლამენტის ბოიკოტირება უწევს, მაგრამ ხელისუფლება სხვა გამოსავალს მათ არ უტოვებს.

„ქვეყნისთვის არის დამაზიანებელი საპარლამენტო ბოიკოტები. მეც არ მომწონს საპარლამენტო ბოიკოტი, ამიტომ, რა თქმა უნდა, ვეთანხმები შეხედულებას, რომ უკეთესი იქნება ოპოზიცია იყოს წარმოდგენილი პარლამენტში“, – განაცხადა სამადაშვილმა და დასძინა, რომ ეს ახალი პატიოსანი არჩევნების შედეგებით უნდა მოხდეს.

„ევროპული საქართველოს“ წევრის ელენე ხოშტარიას აზრით, პასუხისმგებლობა მიმდინარე მოვლენებზე მოქმედ ხელისუფლებას აკისრია.

„ეს არ არის ის თემა, სადაც კომპრომისი შეიძლება მოხდეს გაყალბების მიღების ხარჯზე. ხომ შეუძლებელია თქვა, რომ ცოტა გაყალბებაზე დავთანხმდები და ბევრზე არა. ჩვენ გვაქვს კონკრეტული შეთავაზება – რიგგარეშე არჩევნები“, – განუცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებს.

ხელისუფლებისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი ნინო ბურჯანაძეც.

ჩვენ და ჩვენი დასავლელი პარტნიორები აბსოლუტურად ლოგიკურად ველოდებით მოქმედებებს ხელისუფლების მხრიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში ერთსა და იმავეზე საუბარს აზრი არა აქვს – როდესაც იქნება წინადადებები, იქნება მოლაპარაკებების მესამე რაუნდიც, განაცხადა ბურჯანაძემ.

რაც შეეხება ხელისუფლებას, ისინიც, მათი თქმით, მზად არიან მოლაპარაკებების დაწყებისთვის და მიიჩნევენ, რომ დასავლელი პარტნიორების მხარდაჭერით ქვეყანა პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლას შეძლებს. თუმცა რიგგარეშე არჩევნების ჩატარებაზე მსჯელობას ისინი არ აპირებენ. მმართველი პარტიის ურყევი პოზიცია ამ თვალსაზრისით პარლამენტის დეპუტატმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

„პასუხისმგებლობა ქვეყნის, საზოგადოების წინაშე და პასუხისმგებლობა საერთაშორისო პარტნიორების წინაშე აიძულებს ჩვენს ოპონენტებს კიდევ ერთხელ დაფიქრდნენ სიღრმისეულად, თუ რა შედეგი შეიძლება მოჰყვეს ამ დესტრუქციას. ამას ბოიკოტი არ ჰქვია, ეს არის პირდაპირ მავნებლური პოზიცია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

ის ოპოზიციას ურჩევს, კარგად გააანალიზოს ევროპელი პარტნიორების პოზიცია, რომელიც გასულ საპარლამენტო არჩევნებს უკავშირდება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ბოლო მონაცემებით, პარლამენტში ცხრა პარტია მოხვდა: „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“, „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“, „ლელო საქართველოსთვის“, „სტრატეგია აღმაშენებელი“, „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“, „გირჩი“, „ალეკო ელისაშვილი – მოქალაქეები“ და „საქართველოს ლეიბორისტული პარტია“.

კობახიძე: მომავალ პარლამენტში „ქართული ოცნება“ 90 დეპუტატით იქნება წარმოდგენილი>>

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ არჩევნები საქართველოში კანონის ყველა მოთხოვნის დაცვით, კონკურენტულ გარემოში ჩატარდა, და ოპოზიციას მისი შედეგების ეჭვქვეშ დაყენების არანაირი საფუძველი არა აქვს.

31
თემები:
პოლიტიკური კრიზისი საქართველოში: შეფასებები და პროგნოზები
თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფო

„ადგილები აღარ არის“ - რას ამბობენ კლინიკების დირექტორები გახარიასთან შეხვედრის შემდეგ

0
კლინიკების დირექტორების განცხადებით, დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას და ამასთან ერთად, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას

თბილისი, 23 ნოემბერი - Sputnik. კლინიკები გადატვირთულია, სასტუმროების გამოყენება უნდა გაფართოვდეს, ხოლო მოსახლეობა უნდა მოერიდოს თავშეყრებს და მაქსიმალურად იცავდეს ყველა რეკომენდაციას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჯანდაცვის სისტემა ვერ გაუძლებს ავადმყოფთა ამხელა რაოდენობას, აცხადებენ კლინიკების დირექტორები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ.

საქართველო კორონავირუსის მეორე ტალღას ებრძვის. ყოველდღიურად ოთხი ათასამდე ახალი შემთხვევა ფიქსირდება. პანდემიის დაწყებიდან დღემდე ინფიცირების 100 ათასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 1012 ადამიანი.

„დამატებითი რესურსები არსებობს, პრემიერ-მინისტრთან დღევანდელ შეხვედრაზე შევთანხმდით, რომ ერთ კვირაში დამატებით დაახლოებით 110 საწოლი გამოიყოფა“, - განაცხადა „ევექსის“ ჰოსპიტლების დირექტორმა, გიორგი მინდიაშვილმა.

მისი თქმით, შეხვედრისას ასევე ხაზი გაესვა უკვე არსებული რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენების მნიშვნელობას.

„მნიშვნელოვანია უკვე არსებული, გამოყოფილი რესურსების მაქსიმალურად ეფექტურად გამოყენება, რომ ჰოსპიტალური სერვისი მიიღოს მოსახლეობის იმ ნაწილმა, ვისაც ეს რეალურად ყველაზე მეტად სჭირდება და არ მოხდეს ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა“, - განაცხადა მან.

რაც შეეხება რესპუბლიკურ საავადმყოფოს, მისი დირექტორი ლევან გოფოძე აცხადებს, რომ ამჟამად საავადმყოფოში ადგილები არ არის და ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ძალიან მაღალია.

„ამ წუთას რესპუბლიკურ საავადმყოფოში წევს 128 პაციენტი. ეს არის კლინიკის დატვირთვის მთელი სიმძლავრე. ადგილი ამჟამად არ არის. ჩვენთან კლინიკაში ყოველდღიურად კი ხდება პაციენტების ბრუნვა, ანუ გვეწერებიან გამოჯანმრთელებული პაციენტები და მათ მაგივრად ვიღებთ ახალ პაციენტებს. ეს ყოველდღიური დინამიკაა, უბრალოდ, ცარიელი ადგილი, როცა გინდა მოიყვან და პაციენტს დააწვენ, ასეთი სიტუაცია, რა თქმა უნდა, არ არის“, - განაცხადა გოფოძემ.

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორი მოსახლეობას კიდევ ერთხელ აფრთხილებს, მაქსიმალურად მოერიდონ თავშეყრის ადგილებს, დაიცვან ყველა წესი, ყველგან ატარონ პირბადე, რადგან, გოფოძის თქმით, ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება.

„ასეთი კატასტროფული მატება თუ წავიდა, ამას ვერ გაუძლებს ვერცერთი ქვეყნის ჯანდაცვის სექტორი, მათ შორის ვერ გაუძლეს ძალიან მოწინავე ქვეყნებმაც. ამიტომაც... მოსახლეობამ უნდა გაიგოს ეს სიტუაცია, უნდა მოვერიდოთ ყველანაირ მასობრივ თავშეყრის ადგილებს, მაქსიმალურად უნდა დავიცვათ ყველა წესი, ყველგან ვატაროთ ნიღაბი უკვე გახსნილ სივრცეშიც კი, რადგან ინფიცირების შანსები ქვეყანაში ძალიან იზრდება“, – განაცხადა საავადმყოფოს დირექტორმა.

როგორც ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა, დავით გადელიამ განაცხადა, თავყრილობების შეზღუდვა გააადვილებს ვირუსის დაძლევას.

„ყველანაირად უნდა შევზღუდოთ ხალხმრავალი თავყრილობები, ეს აუცილებელია. ეს გააადვილებს ამ ვირუსის დაძლევას, რომელსაც მაღალი ლეტალობა აღმოაჩნდა მსოფლიოში. ყველას ვთხოვ, დაიცვან ის რეგულაციები, რაც დასაცავია და ეს არის ყველაზე დიდი დაცვა თქვენიც, თქვენი ახლობლების და ოჯახის წევრებისაც“, – განაცხადა გადელიამ.

ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკის გენერალური დირექტორის განმარტებით, პანდემიის მართვისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს სასტუმროების ჩართულობას.

„ჩვენ ერთი კვირაა, ძალიან კარგად ვიყენებთ სასტუმროებს. თუ არ არის ჟანგბადის ძალიან დიდი რაოდენობით მომხმარებელი, ავადმყოფის მკურნალობა უმჯობესია სასტუმროში მოხდეს“, – განაცხადა დავით გადელიამ.

ქვეყანაში ამჟამად არაერთი შეზღუდვა მოქმედებს: ნიღბების ტარება აუცილებელია შენობებში, ტრანსპორტსა და ქუჩაში, დიდ ქალაქებში სკოლები დისტანციურ სწავლებაზეა გადასული, დახურულია საბავშვო ბაღები, აკრძალულია ღამის 22:00 საათის შემდეგ სახლიდან გასვლა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში