ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე ხელისუფლებას და ცესკოს არჩევნების გაყალბების სქემის შემუშავებაში ადანაშაულებს

43
(განახლებულია 22:09 20.10.2020)
„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის მოწვევის წინადადებით გამოდის, რათა დეტალურად მოხდეს მსჯელობა, თუ რა კეთდება კენჭისყრის დღის სწორად დაგეგმვისთვის.

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექს-სპიკერი, პარტია „ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე მიიჩნევს, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან ერთად საპარლამენტო არჩევნების გაყალბების სქემა შეიმუშავა. 

საქმე ეხება ცესკოს მიერ მიღებულ დადგენილებას, რომლის თანახმად, სტაციონარულ სამედიცინო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფ პირებს 31 ოქტომბრის არჩევნებში შეუძლიათ მონაწილეობის მიღება. როგორც გუშინ ცესკოს პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა, ამ მიზნით 127 სპეციალური საარჩევნო უბანია შექმნილი.

„სამართლებრივად ეს არის პრაქტიკულად შეუსრულებადი დოკუმენტი, გამორიცხულია, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამის სრულყოფილი მენეჯმენტი მოახერხოს. მაგრამ, მეორე მხრივ, რასაც ნამდვილად მოახერხებენ ცესკო და ხელისუფლება, ეს არის ამ დოკუმენტის მეშვეობით არჩევნების გაყალბება. აქ დაწერილი რეგულაციებით შეიძლება ითქვას, რომ ხელისუფლება აპირებს დამატებით მინიმუმ 30-დან 50 ათასამდე ხმა „ჩაიდოს ჯიბეში“ და, შესაძლებელია, თუ ეფექტურად განახორციელებენ ამ აფერას, მეტი ხმაც დაიმატოს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისი თქმით, ცესკო სპეციალურ უბნებს ქმნის, რომელთა გაკონტროლებასაც ვერავინ შეძლებს.

„მოსახლეობას 26 ოქტომბრამდე აძლევენ უფლებას, დარეკონ და შეატყობინონ რომ თვითიზოლაციაში იმყოფებიან, მოითხოვონ გადასატანი ყუთი და ისე მისცენ ხმა. ვინ გააკონტროლებს ამას, როცა ათასობით ადამიანი დარეკავს ცესკოში და მოითხოვს გადასატანი ყუთის მიტანას?!“ – განაცხადა ბურჯანაძემ. 

„ერთიანი საქართველოს“ ლიდერი პარლამენტის საგანგებო პლენარული სხდომის მოწვევის წინადადებით გამოდის, რათა დეტალურად მოხდეს მსჯელობა, თუ რა კეთდება კენჭისყრის დღის სწორად დაგეგმვისთვის.

ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ გუშინ განაცხადა, რომ უზრუნველყოფს არჩევნებში იმ პირთა მონაწილეობას, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებში ან თვითიზოლაციაში. არჩევნებში მონაწილეობის მიზნით კარანტინში ან თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 22:00 საათამდე უნდა მიმართონ.

ცესკომ უკვე გამოაცხადა კონკურსი ზემოაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე. სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით. 

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე, როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე, აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე, არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და 20:00 საათამდე გასტანს.საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

43
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (595)
ბადრი ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე: მიტინგები და მანიფესტაციები აღარ გაიმართება

64
პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, რომელიც შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაიმართება, ოპოზიცია მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა

თბილისი, 26 ნოემბერი – Sputnik. დაწესებული შეზღუდვების გათვალისწინებით ოპოზიცია გადახედავს გეგმებს საპროტესტო აქციების გამართვის შესახებ, განუცხადა ჟურნალისტებს პარტია „ლელოს“ ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ.

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში 28 ნოემბრიდან მუშაობას წყვეტს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და იკეტება ბაზრების ნაწილი. ოპოზიცია კი პარლამენტის პირველი სხდომის დღეს, რომელიც შეზღუდვების დაწესების შემდეგ გაიმართება, მასშტაბური საპროტესტო აქციის გამართვას გეგმავდა.

„ოპოზიციის გეგმებს მანიფესტაციების და მიტინგის თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, უნდა გავითვალისწინოთ ეს ურთულესი მდგომარეობა და ამიტომ ჩვენი თანამოქალაქეების ისედაც საფრთხისშემცველ გარემოს კიდევ დამატებითი ფაქტორები არ უნდა დავუმატოთ. ამიტომ აისახება ოპოზიციის გეგმებში, რაც შეეხება მანიფესტაციებს და მიტინგებს, ისინი, დიდი ალბათობით, აღარ გაიმართება. მაგრამ სხვა გეგმებში ცვლილებები არ იგულისხმება, თუ ბოიკოტს გულისხმობთ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ქვეყანაში გამოხატვის თავისუფლება არ იზღუდება და პარტიებს შეუძლიათ ჩაატარონ საპროტესტო აქციები, მაგრამ უსაფრთხოების ზომების გათვალისწინებით.

პარლამენტის პირველი სხდომა არჩევნების საბოლოო შედეგების შეჯამებიდან 10 დღის ვადაში უნდა გაიმართოს. რვავე ოპოზიციური პარტია, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, არჩევნების შედეგებს არ აღიარებს და პარლამენტის მუშაობაში მონაწილეობის მიღებას არ აპირებს.

64
თემები:
პროტესტი საქართველოში: ოპოზიცია საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს
ოპოზიციის აქციის მონაწილეები - 14.11.2020

პარტიების დაფინანსება: ვინ რამდენს მიიღებს 2021 წელს

58
საპარლამენტო არჩევნების შედეგების მიხედვით, დაფინანსების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა, მაგრამ ოთხ მათგანს ჯერჯერობით ცესკოსთვის არ მიუმართავთ

თბილისი, 26 ნოემბერი — Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“ 2021 წელს სახელმწიფო ბიუჯეტიდან 5,1 მილიონ ლარზე მეტ დაფინანსებას მიიღებს, ამას პარლამენტის პროპორციული არჩევნების წინასწარი შედეგები მოწმობს.

შემდეგი მოდის ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“. მას დაახლოებით 2,3 მილიონი ლარი ერგება.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რომლებიც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშიას“ საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში შედიან, თანხა შემდეგნაირად გადანაწილდება:

„მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ – 240 ათასი ლარი

„პროგრესი და თავისუფლება" - 12 ათასი ლარი,

„საქართველოს რესპუბლიკური პარტია" - 204 ათასი ლარი,

„ევროპელი დემოკრატები" - 360 ათასი ლარი.

დაფინანსების მოცულობით მესამე ადგილზეა ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველო“, რომელმაც 1,1 მილიონი ლარი შეიძლება მიიღოს. მეოთხე ადგილზე მოხვდა „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ – 1 მილიონ ლარზე მეტი.

პარტიების დაფინანსება რეგულირდება კანონით „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ და დამოკიდებულია მიღებული ხმების რაოდენობაზე, ქალთა რიცხვზე პროპორციულ სიებში და ასევე მანდატების საბოლოო რაოდენობაზე.

რაც შეეხება დანარჩენ პარტიებს, რომლებმაც საარჩევნო ბარიერი გადალახეს, დაფინანსება შემდეგნაირად განაწილდება:

„გიორგი ვაშაძე - სტრატეგია აღმაშენებელი" - 939 925 ლარი,

„კანონი და სამართალი" - 104 436 ლარი,

„ლელო" - 803 560 ლარი,

„გირჩი" - 777 990 ლარი,

„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეები" - 497 406 ლარი,

„საქართველოს ლეიბორისტული პარტია" - 289 710 ლარი.

ამ დროისათვის საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საბიუჯეტო დაფინანსების მიღების მიზნით უკვე ათმა პოლიტიკურმა პარტიამ მიმართა. მათ შორის არიან ის პარტიებიც, რომლებიც პარლამენტში შესვლაზე უარს აცხადებენ და ბოიკოტის რეჟიმში არიან.

დაფინანსების მიღებაზე შესაბამისი წერილით თანხმობა განაცხადეს: ბლოკში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – ძალა ერთობაშია“ გაერთიანებულმა პარტიებმა: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, „პროგრესი და თავისუფლება“, „საქართველოს რესპუბლიკური პარტია“ და „ევროპელი დემოკრატები“.

ასევე, დაფინანსების მიღების თაობაზე ცესკო-ში შესაბამისი თანხმობა წარადგინა ბლოკ „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელში“ გაერთიანებულმა ორმა პოლიტიკურმა პარტიამ: „გიორგი ვაშაძე – სტრატეგია აღმაშენებელი“ და „კანონი და სამართალი“. შესაბამისი თანხმობის წერილი დაფინანსების მიღებაზე საარჩევნო ადმინისტრაციაში წარადგინეს „ევროპულმა საქართველომ“ და „პატრიოტთა ალიანსმა“.

დაფინანსების მისაღებად ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში თანხმობის წერილის წარდგენის ვადა პოლიტიკურ პარტიებს სწორედ 25 ნოემბრამდე ჰქონდათ, თუმცა კანონის თანახმად ცესკო ვალდებულია, ის პარტიები, რომლებსაც თანხმობა ჯერ არ განუცხადებიათ, წერილობით გააფრთხილოს, რის შემდეგაც პარტიებს კიდევ სამი დღე მიეცემათ, რათა საარჩევნო ადმინისტრაციაში შესაბამისი თანხმობა წარადგინონ დაფინანსების მიღების თაობაზე.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე, დაფინანსების მიღების უფლება 14-მა პარტიამ მოიპოვა. ამ მომენტისათვის, ცესკო-სთვის დაფინანსების მისაღებად არ მიუმართავს „ლეიბორისტულ პარტიას“, „მოქალაქეებს“, „გირჩსა“ და „ლელოს“.

58
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
სასწრაფო დახმარება

კორონავირუსმა საქართველოში კიდევ ერთი ექიმი იმსხვერპლა

0
(განახლებულია 17:52 27.11.2020)
საქართველოში კორონავირუსის ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა ხუთი ათასს აღწევს და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება

თბილისი, 27 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში კორონავირუსს  კიდევ ერთი ექიმი, „იმედის კლინიკის“ გინეკოლოგი ზაზა იმერლიშვილი ემსხვერპლა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“. 

გავრცელებული ინფორმაციით, 57 წლის მედიკოსი მეგობრის ოჯახში დაინფიცირდა. ის თავიდან სახლში მკურნალობდა, მოგვიანებით კი, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, მცხეთის ერთ-ერთ კლინიკაში გადაიყვანეს, სადაც გუშინ გარდაიცვალა.

მედიკოსს თანმხლები დაავადებები - შაქრიანი დიაბეტი, ჭარბი წონა, გულსისხლძარღვთა დაავადება და ონკოლოგიური პრობლემები აღენიშნებოდა.

საქართველოში  კორონავირუსით ინფიცირებული მედიკოსების რაოდენობა 5 ათასს აღწევს, გარდაცვლილია სამედიცინო სფეროს ათამდე წარმომადგენელი.

საქართველოში კორონავირუსის მეორე ტალღა მძვინვარებს. ინფიცირების დღიური მაჩვენებელი 4 ათასს აღწევს, დღეს კი რეკორდული მაჩვენებელი - 4.780 ახალი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა.

ბოლო 24 საათში საქართველოში 37 პაციენტი გარდაიცვალა. ქვეყანაში კორონავირუსის დიაგნოზით ჯამში 1.161 ადამიანი გარდაიცვალა.

საქართველოში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 123.470-ს შეადგენს.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში