ზურაბ ჯაფარიძე. „გირჩის“ ლიდერი

„ეგეთი პარტია ვართ“: „გირჩი“ ბარებში საარჩევნო შტაბების დახურვას აპროტესტებს

63
(განახლებულია 16:50 17.10.2020)
როგორც პარტიის ლიდერმა განაცხადა, „გირჩის“ მხარდამჭერები პარტიის წევრებთან ერთად ბარებში იკრიბებიან, ყიდულობენ სასმელს და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ

თბილისი, 17 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „გირჩი“ ხელისუფლებას საარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაში ადანაშაულებს.

მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, თბილისსა და იმერეთში 16 ოქტომბრიდან რესტორნებისა და ყველა გასართობი დაწესებულების მუშაობა 22:00 საათიდან შეიზღუდა.  წესების დარღვევა ითვალისწინებს ჯარიმას – ფიზიკური პირებისთვის 2 ათასი ლარით, იურიდიული პირებისთვის კი 10 ათასი ლარით.

გუშინ ღამით თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე მდებარე „სახელოსნო ბარი“ შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტმა 10 ათასი ლარით დააჯარიმა. აღნიშნულ ფაქტს დაპირისპირება მოჰყვა დაწესებულებაში მყოფ პარტია „გირჩის“ წევრებსა და შრომის ინსპექტირების სამსახურის წარმომადგენლებს შორის.

პარტიის ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, რამდენიმე ბარში, მათ შორის „სახელოსნო ბარშიც“, მათი პარტიის საარჩევნო შტაბია გახსნილი, სადაც „გირჩის“ მხარდამჭერები პარტიის წევრებთან ერთად იკრიბებიან, სვამენ ალკოჰოლურ სასმელებს და სხვადასხვა თემაზე საუბრობენ. მისი თქმით, ამის გამო მათ ინსპექტირების დეპარტამენტი დაჯარიმებით ემუქრება, რაც პარტიის წინასაარჩევნო კამპანიისთვის ხელის შეშლაა.

„როგორც მოგეხსენებათ, ბოლო რამდენიმე კვირაა, თბილისში, ბათუმსა და რუსთავში „გირჩის“ რამდენიმე  შტაბი ფუნქციონირებს, მათ შორის ამ შტაბის ნაწილი განთავსებულია ბარებში. როგორც იცით, ბარებს ფუნქციონირება აკრძალული აქვთ და ჩვენ ამ ბარებს და მათ მეპატრონეებს, რომლებიც მათ შორის ჩვენი მხარდამჭერები არიან, ვიყენებთ ურთიერთთანამშრომლობისთვის, ანუ მათთვის მნიშვნელოვანია, რომ იქ მივიდნენ ჩვენი მხარდამჭერები, რომლებიც მოიხმარენ სხვადსხვა სასმელს, ჩვენთვის კი მნიშვნელოვანია, გვქონდეს შტაბები და აქამდე არანაირი პრობლემა არ გვქონია. გუშინ ღამე ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექტირების დეპარტამენტი ორკესტრირებულად შევარდა ჩვენს ყველა შტაბში და რამდენიმე მათგანს დაემუქრა, რომ დააჯარიმებდნენ. ეს ცალსახად არის ჩვენი კამპანიისთვის ხელის შეშლა“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

მან აღნიშნა, რომ პარტიის მხარდამჭერები და ლიდერები შრომის ინსპექციის წარმომადგენლების თავის შტაბებში აღარ შეუშვებენ.

„თავი გაანებონ ყველა ჩვენს შტაბს. ფიზიკურად დავდგებით და ყველა შტაბს დავიცავთ, და ვერც შრომის ინსპექცია შევა და ვერც რომელიმე ახლადგამოგონილი სტრუქტურა. ფიზიკურად არ შევუშვებთ და დასჭირდებათ ჩვენი დარბევა. დღეს დაგეგმილი გვაქვს ღონისძიება რიყეზე, სადაც კვლავ იგეგმება ალკოჰოლის მოხმარება, რომელსაც ადგილზე შეიძენენ. ჩვენ ვართ ეგეთი პარტია და კამპანიას ვატარებთ ასეთი ფორმით. ბარში მოდიან ჩვენი მხარდამჭერი ახალგაზრდები, ჩვენ მათთან ერთად ვსვამთ და ვლაპარაკობთ სხვადასხვა თემაზე, ეს არის ჩვენი კამპანიის შინაარსი ", — განაცხადა ჯაფარიძემ.

ამასთან პარტიის ლიდერმა აღნიშნა, რომ ჯარიმების გაგრძელების შემთხვევაში პარტია წინასაარჩევნო კამპანიაში ჩარევის შესახებ საერთაშორისო დამკვირვებლებს აცნობებს.

პარტია „გირჩი“ საპარლამენტო არჩევნების ერთ-ერთი მონაწილეა, ხოლო მისი დამაარსებელი ზურაბ ჯაფარიძე 30-მა ოპოზიციურმა პარტიამ დიდუბე-ჩუღურეთის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წარადგინა.

„გირჩი“ პოლიტიკურ სპექტრში ყველა საკითხისადმი, მათ შორის წინასაარჩევნო კამპანიისადმი ორიგინალური და უჩვეულო მიდგომით გამოირჩევა. მაგალითად, საარჩევნო უბნებზე მეტი ამომრჩევლის მოსაყვანად პარტიამ განაცხადა, რომ მათ შორის, ვინც 31 ოქტომბერს მივა საპარლამენტო არჩევნებზე და ხმას ნებისმიერ პარტიას მისცემს, Tesla-ს მარკის ავტომობილს გაათამაშებს.

 

63
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)
ტერმინალები ბათუმის პორტში

ოპოზიცია ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

17
ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მერამდენე აქცია იმართება, თუმცა ამჯერად მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ და საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა შეჩერებულია >>

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალის ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ კალოიანი ამტკიცებენ, რომ ტერმინალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ამასთან ერთად ის ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის ", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ის საზოგადოებას პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.

„მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ 31 ოქტომბერს საღამოს მაქსიმუმ მეზობლებთან შეეძლებათ გასვლა, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ხმები გასცემს პასუხს - ვინ არის კორუფციაში გარეული, ვის აქვს ავტორიტეტი ამ ქალაქში და ვის აქვს ნდობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური აქცია 2019 წლის იანვარში გაიმართა. მაშინ მომიტინგეებმა ევროპის მოედანზე კარვები გაშალეს.

ასევე გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. Trammo დაკავებულია სასუქების, ქიმიკატების, მეთანოლის, ნედლი ნავთობის, თხევადი გაზის და ნავთობქიმიური პროდუქტების საერთაშორის ვაჭრობით, ტრანსპორტირებით, გავრცელებით და დივერსიფიკაციით.

 

17
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
წინასაარჩევნოდ კედლებზე გაკრული პლაკატები

ეს უნდა ნახოთ! ყველაზე უჩვეულო წინასაარჩევნო რგოლები საქართველოში

31
(განახლებულია 18:36 27.10.2020)
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, ქსელში კი ყოველდღე ახალ-ახალი სააგიტაციო რგოლები ვრცელდება

წინასაარჩევნო რეკლამას საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოლიტიკოსები კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ. არც არის გასაკვირი, რადგან ამომრჩევლებთან შეხვედრები ვირუსის გამო მინიმუმამდე შემცირდა. ამიტომ პოლიტიკოსებმა თანამედროვე მექანიზმები მოიშველიეს და სოციალური ქსელებისა თუ ტელევიზიებისთვის მრავალფეროვანი სარეკლამო რგოლები დაამზადეს.

ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლები საქართველოში - ვიდეო>>

ზოგიერთი სარეკლამო რგოლი მალევე ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ათობით ათას ნახვას აგროვებს, ზოგს კი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება არ აწყენდა.

ფსონი ახალგაზრდობაზე

ზურაბ ჯაფარიძის ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ყოველი ახალი რგოლი გამოჩენისთანავე ჰიტებს შორის ექცევა. ქართული საზოგადოება ასეთი შემოქმედებითი სარეკლამო რგოლებით ადრე არ ყოფილა განებივრებული. ჯაფარიძემ სამიზნე აუდიტორიად ახალგაზრდობა აირჩია, რომელსაც 300-400-ლარიანი პენსიის დაპირებით „ვერ იყიდი“. ახალი თაობა გარდაქმნებს, პატივისცემასა და კრეატივს ითხოვს.

სულ ახლახან ჯაფარიძემ მოამზადა ახალი ვიდეო, რომლისთვისაც შთაგონების წყაროდ ლეგენდარული „მატრიცა“ გამოიყენა. დაბალი ხმა კადრს მიღმა, თბილისის ცენტრი, ტელეფონის ჯიხური და ხალხის ნაკადი. „როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ამას გადავწყვეტთ ჩვენ!“ - ამბობს „გირჩის“ ლიდერი, იკეთებს შავ სათვალეს და დედაქალაქის თავზე ზეცას ახედავს.

იგივე დევიზი, მაგრამ უკვე მეგრულ ენაზე, გამოყენებულია კიდევ ერთ ახალ რგოლში. აქ „გირჩი“ ცდილობს, შეახამოს ტრადიციები და თანამედროვე შეხედულება. ვიდეორგოლმა, რომელშიც ჩოხაში გამოწყობილი მხედარი ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რამდენიმე ასეული გაზიარება მოაგროვა. ეს მაშინ, როცა პარტიის რეიტინგი, გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, არც ისე მაღალია.

ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია, იფიქრეს „გირჩში“ და გამოაქვეყნეს თავიანთი ძველი რგოლი, მომზადებული წინა არჩევნებისთვის, სადაც ჯაფარიძე ორად იხლიჩება ორ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ლაიტმოტივად კი ამ სცენას გასდევს მელოდია ფილმიდან „ტკბილი ნოემბერი“, რომელშიც მთავარ როლს ისევ და ისევ კიანუ რივზი ასრულებს. თავისუფლება და კარდინალური ცვლილებები - ამაზე დებს ფსონს ჯაფარიძე 31 ოქტომბერს.

სუპერ მარიო ძველებურად ყოჩაღი აღარ არის

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას ასევე შემოქმედებითად მიუდგა. რეკლამამ, რომელიც მომზადებულია 90-იანების ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშის „სუპერ მარიოს“ მოტივებზე და რომელშიც მთავარ როლებში მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი გვევლინებიან - თავისი საქმე გააკეთა. რგოლის სიუჟეტის მიხედვით, გაუმაძღარი და ხარბი გმირი ივანიშვილის სახით აგროვებს ქვეყნის რეგიონების ნობათს, მაგრამ აქ გამოჩნდება სუპერ-მიშა, რომელიც „ტიტანს“ პოლიტიკურ ტარტარში გადაუძახებს.

 „ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხელით, ცოდნითა და გამოცდილებით ავაშენებთ მდიდარ საქართველოს და რომ საქართველოს საუკეთესო დღეები წინაა“, - ასეთი ტექსტი ახლავს „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ სარეკლამო რგოლს. როგორც წინა არჩევნებზე, დამდეგ არჩევნებშიც ოპოზიციური პარტია მე-5 ნომრით მონაწილეობს.

ცუდი „ოცნება“ - კარგი „ნაცმოძრაობა“ - საქართველოს ექსპრეზიდენტის პარტიის ძირითადი გზავნილია.

ვჯაბნით რაოდენობით

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველ წინასაარჩევნო რგოლში ამომრჩეველს შეახსენებს, რამდენი რამ გაკეთდა რვაწლიანი მმართველობის პერიოდში.

საუბრობენ პენსიონერებზე, პედაგოგებზე, ყოფილ პატიმრებზე, ეროვნულ უმცირესობებზე. ყოველი მათგანი მოკლე რგოლების გმირია. თითოეული საუბრობს იმ სიკეთეებზე, რომლებით სარგებლობაც „ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო ხელმისაწვდომი.

ვაშაძის საათი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის სარეკლამო კამპანიას იწყებს რობინგუდულად: „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები თავისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ საათებს რამდენიმე ასეულ დოლარად, მაშინ როცა ხალხს ქვეყანაში საჭმლის ფული არა აქვს. ასეთი განცხადებისთვის ვაშაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში მიმდინარე დებატებზე საჯაროდ შენიშვნაც დაიმსახურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვაშაძემ იცრუა საათის ღირებულების თაობაზე და არავაჟკაცურად მოიქცა.

მაგრამ თანამედროვე საქართველოს „აღმაშენებელმა“ გადაწყვიტა, არ შეჩერდეს და კვლავ გაათამაშოს საათის თემა. პოლიტიკოსი ამომრჩეველს დაპირდა, რომ 27 საათის განმავლობაში ესტუმრება ბათუმს, ოზურგეთს, ჩოხატაურს, ქუთაისს, სამტრედიას, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, ჩხოროწყუს, მარტვილს, ხონს, ტყიბულს, ონს, ზესტაფონს, ხაშურს, გორს, მცხეთას, თბილისს და ხალხს მტკივნეულ საკითხებზე დაელაპარაკება.

 „შემოგვიერთდით, აირჩიეთ 27 და ერთად ჩვენ განვახორციელებთ ცვლილებებს საქართველოში 31 ოქტომბერს!“ - ამბობს ვაშაძე.

 „კარგი, ცუდი, ბოროტი“

„ევროპულმა საქართველომ“ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგება ორი ძალის - სააკაშვილისა და ივანიშვილის - დაპირისპირებაზე გადაწყვიტა, რომლებიც ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. „ევროპელები“ თავიანთ ამომრჩევლებად მიიჩნევენ იმათ, ვინც დაიღალა „ოცნებისგანაც“ და „ნაციონალებისგანაც“.

 „ევროპულმა საქართველომ“ ამომრჩევლებს შესთავაზა სარეკლამო რგოლი ჰოლივუდის ვესტერნის სტილში - „კარგი, ცუდი, ბოროტი“. კლინტ ისტვუდის გმირი, მიზანში სროლის დიდოსტატი, ოპონენტებს შანსს არ უტოვებს. ისღაა გასარკვევი, პარტიის ლიდერთაგან რომელია ისტვუდის გმირივით გამჭრიახი - ბოკერია, ბაქრაძე თუ უგულავა? ან იქნებ სამივე...

 „ალეკო გისმენთ“

როგორ უნდა იშოვო ფული რეკლამისთვის, როდესაც არ გყავს შემომწირველები? ამ დროს დასახმარებლად ნათელი აზრი მოდის. მაგალითად, პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელებში და ბანერებზე მთელ ქალაქში გამოაკრა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი. ის ამომრჩევლებს სთავაზობს, დაურეკონ და უამბონ თავიანთი პრობლემების შესახებ. როგორც კი ელისაშვილი პარლამენტში მოხვდება, აუცილებლად შეეცდება ამ საკითხების გადაჭრას.

ანა დოლიძის დაპირებები

ოპონენტებზე აქტიურად სოციალურ ქსელებს იყენებს ანა დოლიძე. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყოველდღიურად აქვეყნებს რამდენიმე ვიდეოჩართვას სხვადასხვა ადგილიდან, სადაც საუბრობს ქალაქის პრობლემებზე - ცუდ ეკოლოგიაზე, პარკების, ტრანსპორტის უკმარისობაზე, ამორტიზებულ ლიფტებსა და სახლებზე. ანა დოლიძე ამბობს, რომ მზადაა, ბევრი იმუშაოს ქალაქისა და დიდუბე-ჩუღურეთში თავისი ამომრჩევლის საკეთილდღეოდ, სადაც კენჭს იყრის. ანას მთავარი მეტოქეები არიან მმართველი პარტიის წარმომადგენელი გია ვოლსკი და არაორდინარული ზურაბ ჯაფარიძე.

მაგალითად, ყველა თბილისელმა არ იცის, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოდესღაც მე-19 საუკუნის ძველი ობსერვატორია მდებარეობდა. ეს შენობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. დოლიძე გამოდის ინიციატივით, ნაგებობა ახალ ტურისტულ ობიექტად აქციონ.

ვისი მიდგომა მიიყვანს ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან - ამას საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბერს გაიგებენ. არჩევნებამდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩება...

31
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)
ფოთის პორტი

ფოთში საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა

0
საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის ბიუჯეტში ყოველწლიურად დაახლოებით 140 მლნ დოლარს რიცხავენ

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ქალაქ  ფოთში ბათუმის საზღვაო აკადემიის ფილიალი გაიხსნა.

სასწავლო დაწესებულების გახსნაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ ყოველწლიურად უმაღლესი ათასი სტუდენტის მომზადებას შეძლებს.

„მინდა, თითოეულ ადამიანს, მშენებელს, ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში მცირედი წვლილი მაინც შეიტანა, უდიდესი მადლობა გადავუხადო, რამეთუ ეს არის ჩვენი მომავლის გარანტი. ეს არის ის, თუ როგორი უნდა იყოს საქართველო და ეს საგანმანათლებლო დაწესებულება არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს ფოთის მომავალი. ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთი ყოველთვის იყო საქართველოს საზღვაო კარიბჭე, ყველას კარგად გვესმის, რომ ფოთის ფუნქცია მომავალშიც იქნება, რომ ეფექტურად გააგრძელოს აღნიშნული მისია, ეს ყველაფერი კი შეუძლებელია მაღალი კვალიფიკაციის კადრების გარეშე“, - განაცხადა გახარიამ.

მთავრობის მეთაურის თქმით, შეუძლებელია გადამეტებით საუბარი იმაზე, თუ რამხელა მნიშვნელობა ექნება ამ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებას რეგიონისთვის და მთლიანად საქართველოსთვის.

„აქ მომზადდებიან უმაღლესი კვალიფიკაციის ჩვენი, ქართველი მეზღვაურები, რომლებიც მინდა გაგახსენოთ, რომ დღესაც, ძალზედ წარმატებულად დაცურავენ მსოფლიოს სხვადასხვა ოკეანეებში და გარდა იმისა, რომ ასახელებენ თავის ქვეყანას, ძალზედ სერიოზული ეკონომიკური წვლილი შეაქვთ ჩვენი ქვეყნის განვითარებაში. ყოველწლიურად, საერთაშორისო ფლოტილიაში მომუშავე ქართველი მეზღვაურები ქვეყნის ბიუჯეტში დაახლოებით 140 მლნ დოლარს რიცხავენ“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის თქმით, ფოთი, როგორც საქართველოს საზვღაო კარიბჭე, ყოველთვის იყო მნიშვნელოვანი და უფრო მნიშვნელოვანი გახდება.

„საქართველოს შავიზღვისპირეთის საპორტო ინფრასტრუქტურა არის ქვეყნის,  მთავრობის პრიორიტეტი და მომავალი წლების განმავლობაში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პირველ რიგში, განვითარდეს ფოთი, განვითარდეს ასევე ანაკლია და ყველა ის საზღვაო პროექტი, რომელიც ქვეყანას გააჩნია. სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის, როგორც ლოგისტიკური პლატფორმის, ლოგისტიკური ჰაბის განვითარება და ამ საგანმანათლებლო დაწესებულებამ, ფოთმა, ფოთის პორტმა უაღრესად დიდი მნიშვნელობა უნდა შეიტანონ ამ საქმეში,"- განაცხადა გიორგი გახარიამ.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, მომდევნო ოთხი წელი იქნება ფოთის აღმშენებლობის წლები.

„გარდა იმისა, რომ აქ დაიწყება და დასრულდება ახალი საპორტო ინფრასტრუქტურის და ტერმინალის მშენებლობა, გარდა იმისა, რომ მოეწყობა შემოვლითი გზა იმისთვის, რომ ჩვენმა მოქალაქეებმა, ფოთელებმა ცოტა უფრო კომფორტულად იცხოვრონ ყოველდღიურად და ეს სატვირთო ტრანსპორტი არ მოძრაობდეს შუა ქალაქში“, - განაცხადა გახარიამ.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა თითოეულ მოქალაქეს, რომელსაც ჯერ პროფესია არ აურჩევია, ყურადღება ფოთის საზღვაო აკადემიას მიაქციოს.

 

0
თემები:
საქართველოს ეკონომიკა