კენჭისყრის დღე

სააგენტო: ამომრჩეველთა სია უზრუნველყოფს პრინციპს „ერთი ამომრჩეველი ერთი ხმა“

39
(განახლებულია 20:05 16.10.2020)
სააგენტოს ინფორმაციით, 2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად საარჩევნო სიიდან 11 ათასამდე გარდაცვლილი პირის მონაცემი ამოიღეს.

თბილისი, 16 ოქტომბერი – Sputnik. დღეისათვის ამომრჩეველთა სია არის ბიომეტრიული და მაქსიმალურად დახვეწილი, რაც გარანტირებულად უზრუნველყოფს პრინციპს „ერთი ამომრჩეველი – ერთი ხმა“, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სააგენტო გამოეხმაურა ერთ-ერთი ტელეკომპანიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, ზუგდიდის 67-ე საარჩევნო ოლქში მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მხარდამჭერ ოჯახებში სხვა რაიონებიდან ამომრჩევლების მასობრივი ჩაწერა ხდება. სააგენტოს მტკიცებით, ეს ინფორმაცია სიცრუეა.

„ასევე ზუგდიდის მკვიდრი თენგიზ შეროზია სიუჟეტში ამბობს, რომ მის საკუთრებაში, სადაც 2002 წლიდან ცხოვრობს, უცხო პირები არიან რეგისტრირებული. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ მონაცემთა ბაზის თანახმად, თენგიზ შეროზიას საკუთრებაში რეგისტრირებული არიან მხოლოდ ოჯახის წევრები – მეუღლე და სამი შვილი. შესაბამისად, ტელევიზიის ეთერში გასული განცხადება წარმოადგენს დეზინფორმაციას“, – ნათქვამია განცხადებაში.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო გამოეხმაურა სიუჟეტით გავრცელებულ კიდევ ერთ ინფორმაციას, რომლის მიხედვით, ზუგდიდში, არჩევნების გაყალბების მიზნით, სხვა რაიონებიდან 27 ათასი ადამიანი დარეგისტრირდა.

„2020 წელს ზუგდიდში დარეგისტრირდა სულ 182 სრულწლოვანი საქართველოს მოქალაქე, რომლებიც მანამდე სხვა რეგიონში ან ქალაქში იყვნენ რეგისტრირებული, და არა 27 ათასი, როგორც ამას სიუჟეტის ავტორი და მისი რესპონდენტი აღნიშნავენ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

უწყების ინფორმაციით, 2014 წლიდან საქართველოში ფოტოსურათიანი ბიომეტრიული საარჩევნო სია მოქმედებს, რაც ადამიანის იდენტიფიკაციის დამატებით მყარ გარანტიას იძლევა.

სააგენტოს მონაცემებით, 2013-2020 წლებში საქართველოს მოქალაქეთა გარდაცვალების ფაქტების გამოვლენის მიზნით ჩატარებული სამუშაოების შედეგად, საარჩევნო სიიდან 10500-ზე მეტი გარდაცვლილი პირის მონაცემია ამოღებული. ასევე 2014-2016 წლებში პოტენციურ ამომრჩეველთა ფოტოსურათებისა და პერსონალური მონაცემების შედარების შედეგად გაუქმდა 8 ათასამდე გაორებული მონაცემი ან გაყალბებული დოკუმენტი. 2015–2020 წლებში კი განხორციელდა კარდაკარ სამუშაოები, რომლის შედეგად აღდგენილია 3500-ზე მეტი ჩანაწერი.

დღეისათვის პოტენციურ ამომრჩეველთა სიაში 3 200 063 მოქალაქე წარმოდგენილია ბიომეტრიული ფოტოსურათით, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ ოდენობის ამომრჩევლის მონაცემი დაზუსტებულია.

წინასაარჩევნო რბოლა: 48 პარტია და ორი ბლოკი – სრული ჩამონათვალი>>

არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოსახლეობა აირჩევს პარლამენტის დეპუტატებს, აჭარაში – უმაღლეს საბჭოს, ცალკეული რეგიონების მცხოვრებლები – მერებსა და საკრებულოების დეპუტატებს.

39
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
მთავარი პროკურატურა

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა

19
საქართველოს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრის რეალური შანსი გაუჩნდა, ფიქრობს ლაშა დარსალია

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მასალები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ. განხილვა აჩვენებს, რამდენად დამაჯერებელია საქართველოს არგუმენტები, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ლაშა დარსალიამ.

დარსალიას თქმით, ბოლო დროს ნაპოვნი მასალები მიუთითებს, სად შეიძლება გადიოდეს 1938 წლის ხაზი. ეს მასალები შეიძლება ქართულმა მხარემ არგუმენტად გამოიყენოს.

„მასალები არის ღირებული, რასაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი. ეს მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ. კომისიის განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი პოზიციით, ეს არგუმენტები ძალიან მყარია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოთხშაბათს დარსალია საქართველოს პროკურატურაში გამოიკითხა. მისი სიტყვებით, ინფორმაცია, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, ეხებოდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას 2019 წლიდან დღემდე, როდესაც ის კომისიას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების პოზიციას, რომ 2006-2007 წლებში კომისიას არ უხელმძღვანელია 1:200 000 მასშტაბის რუკით, ვინაიდან ის ხარვეზიანი იყო, დარსალიამ აღნიშნა, რომ კომისიას ეს საკითხი არ განუხილავს, რადგან ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარმოუდგენია.

დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული რუკებისა და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა მასშტაბის რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

19
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ

თბილისში დაიწყო ოპოზიციის აქცია "დაუპიპინე ბიძინას!"

52
(განახლებულია 15:56 21.10.2020)
ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ უჩვეულო საპროტესტო აქცია გამართა თბილისის ცენტრში – დილიდან ცენტრალურ ქუჩებზე გადაადგილდებიან ავტომობილები, რომლებიც უწყვეტად ასიგნალებენ.

„ევროპულმა საქართველომ“ რეგიონებში საკუთარ მომხრეებსაც მოუწოდა აქციას შეერთებოდნენ. თბილისის მიმართულებით უკვე დაიძრა ავტოკოლონები სხვადასხვა ქალაქებიდან.

აქცია „დაუპიპინე ბიძინას!“ სიმბოლური პროტესტია მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ დამფუძნებლის წინააღმდეგ.

პროტესტი „ევროპული საქართველოს“ მიერ ორგანიზებულია წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში და დასრულდება 20:00 საათზე, როდესაც ყველა მონაწილე ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მივა და იქ დაასიგნალებს.

52
ვლადიმერ ბორცვაძე

ბორცვაძე: ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველა მძევალი უსაფრთხოდ დავაბრუნოთ ოჯახებში

0
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. მოლაპარაკებები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს, შსს და ყველა სამართალდამცავი ორგანო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მძევლები უსაფრთხოდ დავაბრუნოთ  ოჯახებში, განაცხადა შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვლადიმერ ბორცვაძემ ჟურნალისტებთან.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

ბორცვაძემ  უარი განაცხადა მოლაპარაკებების დეტალების დაზუსტებაზე და მედიის წარმომადგენლებს სთხოვა, შემთხვევის ადგილი პირდაპირ ეთერში არ გადასცენ.

„ეს ყველაფერი ხელს უშლის მოლაპარაკებების პროცესს და ზიანი რომ თავიდან ავიცილოთ, გთხოვთ, თავი შეიკავოთ, პირდაპირ ეთერში შემთხვევის ადგილისა და მიმდებარე ტერიტორიის გაშუქებისგან“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში