საპატრიარქო

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე

66
არჩევნებამდე დავით-გარეჯის თემის წინა პლანზე წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება, აცხადებენ საპატრიარქოში

თბილისი, 15 ოქტომბერი - Sputnik. ბიზნესმენ დავით ხიდაშელის მიერ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსთვის გადაცემული რუკები, რომლებიც დავით-გარეჯის საქმეს ეხება, პატრიარქს პირადად ქვეყნის თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გადასცა, ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

„მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში დავით-გარეჯთან მიმართებით გამწვავებული ურთიერთობის გამო საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო“, - აღნიშნულია განცხადებაში.

საპატრიარქოში აღნიშნავენ ასევე, რომ მათ მიღებული რუკების ასლები გადაეცათ.

„დავით-გარეჯი არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე“, - ნათქვამია დოკუმენტში.

განცხადებაში მითითებულია ასევე, რომ ამ თემის წინა პლანზე წამოწევა არჩევნების წინ ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება.

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. გამოძიების ვერსიით, მათ 1937-1938 წლების რუკის არსებობის ფაქტი დამალეს.

პროკურატურის მტკიცებით, რუკების შედგენისას მათ 1938 წლის რუკის ნაცვლად გამოიყენეს 1970 წლით დათარიღებული არასწორად შედგენილი რუკა, რის შედეგადაც საქართველომ კინაღამ 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია დაკარგა, მათ შორის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიის ნაწილი.

 

66
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

16
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

16
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას არ აპირებს

57
დადგა დრო დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც არსებულ ფუნდამენტზე უკეთეს შენობას ააგებს, განაცხადა წულუკიანმა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

წულუკიანის თქმით, აქტიურად ვრცელდება ხმები მის დაბრუნებაზე, თუმცა თვითონ მსგავს არაფერს არ გეგმავს.

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დატოვა. წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. ის მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა და თანამდებობაზე დარჩა ყველა სხვა მინისტრზე დიდ ხანს. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის დროს - ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 48 პარტია და ორი ბლოკი.

57
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება