ბათუმის პორტი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს

ბათუმის პორტი დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს

81
(განახლებულია 21:19 15.10.2020)
ინგლისური ნაღმმზიდი ბათუმის პორტს 18 ოქტომბერს დატოვებს, მანამდე კი საქართველოს სანაპირო დაცვასთან ერთად აბორდაჟის ოპერაციებზე იმუშავებს.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდს მასპინძლობს, იუწყება შსს თავის Facebok-გვერდზე.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ვიზიტი მიზნად ისახავს თავდაცვისა და უშიშროების სფეროში ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას.

ვიზიტის ფარგლებში გაერთიანებული სამეფოს საზღვაო ძალების ხომალდზე დაგეგმილია საქართველოს სანაპირო დაცვის აბორდაჟის ჯგუფების ნატოს სერტიფიცირების პროგრამის მე-2 დონის (SEL-2) შეფასება.

დელეგაციას ხომალდის მეთაური ჯაილს პალინი ხელმძღვანელობს. ბათუმის პორტში სტუმრებს სანაპირო დაცვის დეპარტამენტის დირექტორი, I რანგის კაპიტანი რამაზ პაპიძე, ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ ჩიქოვანი და საქართველოში დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ენტონი ბრამველი დახვდნენ.

ეს ბრიტანული საჰაერო თავდაცვის ესკადრონული ნაღმმზიდი HMS DRAGON-ის პირველი ვიზიტია საქართველოს ტერიტორიულ წყლებში.

დიდი ბრიტანეთის სამხედრო-საზღვაო ძალების ხომალდი ბათუმის პორტს 18 ოქტომბერს დატოვებს.

81
თემები:
საქართველოს თავდაცვა (102)
„ქართული ოცნების ბანერი

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ პარტიის შესახებ

22
(განახლებულია 16:14 22.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ 2020 წლის საპარლამენტო რბოლის ლიდერის, პარტია „ქართული ოცნების“ შესახებ
  • მმართველი პარტია
  • დაფუძნდა 2011 წლის მაისში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება დაისახა მიზნად.
  • შექმნიდან წელიწადნახევარში „ოცნებამ“ ამავე სახელობის კოალიციის შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ჩამოაყალიბა მთავრობა.
  • პარტია პირველი ოთხი წელიწადი ქვეყანას კოალიციის შემადგენლობაში მართავდა. კოალიციაში შედიოდნენ „რესპუბლიკური პარტია (ლიდერი დავით უსუფაშვილი), „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური), „თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია), „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე), „ეროვნული ფორუმი“ (კახა შარტავა).
  • „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს მოიგო. თუ მესამედაც მოიგო 2020 წელს. პოლიტიკურ რეკორდს დაამყარებს – საქართველოში სამი ვადით ხელისუფლებაში ჯერ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა.
  • „ოცნებამ“ ორჯერ გაიყვანა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნები მოიგო 2013 წელს, სალომე ზურაბიშვილმა – 2018 წელს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს არ მალავდა თავის ოპოზიციურ განწყობას და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ვეტოს ადებდა.
  • კოალიციიდან პარტიაში. უკვე 2016 წელს პარტია დამოუკიდებელი ერთეული გახდა, ხოლო კოალიციიდან ყოფილი თანამოაზრეები – „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდნენ. ყველაზე დიდხანს „ქართულ ოცნებასთან“ „კონსერვარიული პარტია“ თანამშრომლობდა, რომელიც ოპოზიციაში 2019 წელს, საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნის შემდეგ გადავიდა.
  • ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამჟამად პარტიამ თავისი ლიდერების ნაწილი დაკარგა მარიამ ჯაშის, ეკა ტყეშელაშვილის, ეკა ბესელიას, ზვიად ძიძიგურის, გედევან ფოფხაძის სახით. მათთან ერთად „ოცნებამ“ თავისი მომხრეების ნაწილიც დაკარგა.

პარტიის შედეგები წინა არჩევნებზე

წელი არჩევნების სახეობა ხმების რაოდენობა წილი
2012 საპარლამენტო  1 181 862  54,97%
2013 საპრეზიდენტო  1 012 569  62,12%
 2014 ადგილობრივი არჩევნები  719 431 50,82%
 2016 საპარლამენტო 856 638  48,68%
2017 ადგილობრივი არჩევნები   838 154   55,81%
2018  საპრეზიდენტო

615 572 (I ტური)

 1147701 (II ტური)

38,64% (I ტური)

 59,52% (II ტური)

 

  • პარტიის ლიდერები და წამყვანი ფიგურები: პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
  • პარტიის იდეოლოგია – მემარცხენე–ლიბერალური, როდესაც სამოქალაქო თავისუფლებების უზრუნველყოფა არ გამორიცხავს სახელმწიფოს ზრუნვას მოქალაქეებზე. ლიდერები თავიანთ იდეოლოგიას ამგვარად გამოხატავენ: „პირველ ყოვლისა – ადამიანი“.
  • პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, გატარდა ჯანდაცვისა და განათლების რეფორმები, დასრულდა ქვეყნის გადასვლა მართვის საპარლამენტო სისტემაზე.
  • „ოცნების“ სახელს უკავშირდება რამდენიმე სკანდალი: რიგი გახმაურებული გამოძიებების ჩავარდნა; რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, რასაც საპროტესტო აქციები და რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის გაუქმება მოჰყვა; საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების ჩავარდნა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
  • არჩევნებზე პარტია მიდის ნომრით 41 და ლოზუნგით „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“. პირობას დებს, რომ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, ნატოსთან ინტეგრაციის კურსს, ასევე ევროკავშირის წევრობის თაობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით

NDI   17%
IRI  33%
Gorbi   56,3%
Ipsos  24,5%
Edison Research   36%
Survation   55,6%

სხვა პარტიების შესახებ იხილეთ შემდეგ მასალებში:

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები>>

22
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
დაპირისპირება მარნეულში

ISFED: სარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება

13
(განახლებულია 14:22 22.10.2020)
ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც გამოვლინდა, რასაც კანონი კრძალავს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ISFED წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნების მეხუთე შუალედური ანგარიში ფარავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების პერიოდში დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი;
  • მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;
  • დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი;
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი;
  • არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
  • კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;
  • მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელ საქართველოში.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასევე გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

ISFED შეშფოთებას გამოთქვამს ასევე სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენებას.

„სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით, რომ  არ დაუშვას მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები. ასევე დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. საჯარო მოხელეებმა და სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსაც,   თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ასევე არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

13
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური

„არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად“ - გომელაური

0
(განახლებულია 18:38 22.10.2020)
როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, სპეცოპერაციის პირველი ეტაპი - მძევლების უვნებლად გათავისუფლება - წარმატებით შესრულდა. მეორე ეტაპია დამნაშავის პოვნა და დასჯა

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. მთავარი ამოცანა იყო, მძევლები არ დაშავებულიყვნენ და ამისთვის ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, განაცხადა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა ზუგდიდში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით უწყებაში გამართულ ბრიფინგზე.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, 21 ოქტომბერი მძიმე დღე იყო ყველასთვის, მათ შორის შსს-სთვის, მძევლებისთვის.

„თანხაზე მინდა გითხრათ, რომ ჩვენთვის, პირადად ჩემთვის და ჩვენი ხელისუფლებისთვის არანაირი თანხა არ არსებობს ადამიანის სიცოცხლის საფასურად, იქნება 10 მილიონი, 100 მილიონი, ამას დიდი მნიშვნელობა არ აქვს. ეს თუ გინდათ დადასტურებად ჩათვალეთ. რა მნიშვნელობა აქვს რამდენი წაიღო? თანხა ძალიან ბევრჯერ დასახელდა და დასამალიც არ არის. იყო ნახევარ მილიონ დოლარზე საუბარი და ამაზე ვიმუშავეთ. გამოძიებიდან გამომდინარე ვერ ვსაუბრობ, რომ დავაკავებთ ამ ადამიანს, გამოვალ და ღიად ვიტყვი“, - განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა ჟურნალისტებს განუცხადა, ამ საქმის მეორე ეტაპი დამნაშავის პოვნა და დასჯაა.

„ყველაფერი გავაკეთეთ ჩვენმა სამინისტრომ, ჩვენმა ხელისუფლებამ, რომ არავინ დაშავებულიყო. ჩვენი პირველი ამოცანა იყო, რაც დავისახეთ და ეს ხელმძღვანელობასთანაც შეთანხმებული იყო, შეთანხმებული იყო ბატონ პრემიერთანაც, დავალება იყო, რომ არავინ დაშავებულიყო. ყველაფერი გავაკეთეთ. ეტაპობრივად იყო ადამიანების გამოშვება - ჯერ 14, შემდეგ 7, შემდეგ 9 კაცი და ა.შ. რაც მთავარი იყო, ჩვენი თანამშრომელი მივიდა. შევთავაზეთ გაყოლა, მაგრამ მან უარი გვითხრა. შემდეგ ერთ ადამიანზე დაგვთანხმდა“, - განაცხადა მინისტრმა.

ცოტა ხნის წინ პრემიერ-მინისტრმა გიორიგი გახარიამაც განაცხადა, რომ მიღწეული შედეგი არაა საბოლოო და შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყველა კანონიერი ინსტრუმენტი, უფლება და შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს, რათა ბოროტმოქმედებს დანაშაულის დაუსჯელობის შეგრძნება არ გაუჩნდეთ.

21 ოქტომბერს, ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. შენობაში მძევლად 19 ადამიანი აიყვანა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.

გახარია: შსს–ს ძირითადი ამოცანა თავდამსხმელის უმოკლეს ვადებში დაკავებაა >>

ოთხ მძევალს შორის, ვისთან ერთადაც შეიარაღებულმა პირმა „საქართველოს ბანკის“ შენობა დატოვა, ერთ-ერთი სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი ავთანდილ გალდავა იყო, რომელიც თავდამსხმელთან მოლაპარაკებებს უშუალოდ აწარმოებდა, მოგვიანებით კი მძევლების დიდ ნაწილს ჩაენაცვლა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც. მოგვიანებით თავდამსხმელმა გალდავა და მასთან ერთად აყვანილი მძევლებიც გაათავისუფლა.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა