რალფ ფაინსი

აგიტაცია ჰოლივუდიდან: ბრიტანელი ვარსკვლავი ქართველ პოლიტიკოსს უჭერს მხარს

67
(განახლებულია 20:42 15.10.2020)
ჰოლივუდის მსახიობი პირადად იცნობს ქართველ პოლიტიკოსს და მას, როგორც წესიერ და სამართლიან ადამიანს, რეკომენდაცია გაუწია.

თბილისი, 15 ოქტომბერი – Sputnik. ცნობილმა ბრიტანელმა მსახიობმა რალფ ფაინსმა პატარა ვიდეორგოლი ჩაწერა, სადაც მხარი დაუჭირა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატს „ევროპული საქართველოდან“ არმაზ ახვლედიანს, რომელიც ბათუმში იყრის კენჭს.

როგორც გაირკვა, ბრიტანელი მსახიობი და ქართველი პოლიტიკოსი პირადად იცნობენ ერთმანეთს.

მე ამირჩიე! როგორ რეკლამას მიმართავენ პარტიები, ანუ კრეატივი ქართულად>>

„არმაზ, მოგესალმები, რალფი ვარ. მინდა წარმატებები გისურვო წინასაარჩევნო კამპანიაში. ერთმანეთი გასულ წელს გავიცანით და ძალიან მიხარია, ერთმანეთს რომ ვიცნობთ. ვიცი, რომ პრინციპულ, ჰუმანურ, გამჭვირვალე, წესიერ და გულწრფელ კამპანიას ჩაატარებ“, – ამბობს ფაინსი.

მსახიობმა ახვლედიანს წარმატებები უსურვა და თავისი მხარდაჭერა გამოუცხადა.

ქართველმა პოლიტიკოსმა ფაინსის მხარდაჭერით წინასაარჩევნო პოსტერებზეც ისარგებლა.

„მე და რალფს დიდი ხნის მეგობრობა გვაკავშირებს. მადლობა მას მხარდაჭერისთვის“, – წერია პოსტერზე.

ფაინსის გამოჩენა ქართულ წინასაარჩევნო კამპანიაში უყურადღებოდ არ დარჩენია სოციალური ქსელების ქართველ მომხმარებელს.

„ნიჭიერი და ყველასგან გამორჩეული მსახიობი. მშურს შენი, არმაზ“, არ მჯერა“, „ასეთი მხარდაჭერით გამარჯვება უზრუნველყოფილია“ – წერენ სოციალური ქსელების მომხმარებლები.

რალფ ფაინსი – ინგლისელი თეატრისა და კინოს მსახიობია. არის შექსპირის პიესების როლების ერთ-ერთი ცნობილი შემსრულებელი. კინოსამყაროში სახელი გაითქვა სხვადასხვა ფილმით, რომელთა შორის არის „შინდლერის სია“ და „ინგლისელი პაციენტი“.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.

67
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (309)
წინასაარჩევნო კამპანია – ენმ

რევოლუციისთვის მზადება თუ საარჩევნო ხმების დათვლაზე კონტროლი რა მიზანი აქვს ოპოზიციას

16
(განახლებულია 09:51 29.10.2020)
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქციის აკრძალვას არ გეგმავს, მაგრამ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს აქციას აანონსებს, რაც მმართველი პარტიის მხრიდან  ოპოზიციის მიმართბით ახალი ბრალდებების მიზეზი გახდა. 

ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ხუთი ოპოზიციური პარტიისგან შედგება, რომელშიც დომინანტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. დღეისთვის ბლოკი წინასაარჩევნო გამოკითხვების რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე მმართველი პარტია  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

 „რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საღამოს 8 საათის შემდეგ ვიკრიბებით, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება. მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ ყურადღება მივაქციოთ თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  და, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა ბლოკის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის ამ გეგმას მმართველი პარტიის მხრიდან მკვეთრი რეაგირება მოჰყვა, სადაც „ძალა ერთობაშიას“ მთავარ კონკურენტად და „დესტრუქციულ ძალად“ მიიჩნევენ. აქციის დაანონსებამდე ცოტა ხნით ადრე ბლოკი შინაგან საქმეთა ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბის შექმნაში და არჩევნების დღეს სხვადასხვა ქალაქებში პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშულეს.

 „ნაცმოძრაობა“ ფსონს რადიკალიზმსა და არეულობაზე აკეთებს  და ყველა რესურსს ქვეყნის მთავარ გამზირზე კრებს. ამ პარტიას არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზაციის ნაცვლად, სხვა მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა  „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აქციის აკრძალვას არ გეგმავს, მაგრამ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.  

 „ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი აზრის გამოხატვის, მათ შორის, მიტინგის ჩატარების უფლება აქვთ. მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: თუ იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი, ამას სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

16
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (309)
ევროსაბჭო

საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

14
(განახლებულია 08:30 29.10.2020)
31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ჩამოვლენ, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი.  დამკვირვებლებს არ აგზავნის ევროპარლამენტიც. 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, დეპუტატ  ტინი კოკსის (ნიდერლანდები)  ხელმძღვანელობით, საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და 1 ნოემბრამდე  საპარლამენტო არჩევნებს  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვენეციის კომისიი წარმომადგენელი – ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

ბოლო მონაცემებით არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

14
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (309)
ჯანდაცვის სამინისტრო

საქართველოში Covid-19-ის მართვაში ცენტრალური ონლაინ-კლინიკა ერთვება

0
(განახლებულია 11:03 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ბაზაზე ცენტრალური ონლაინ–კლინიკა ამოქმედდება, რომელიც Covid-19-ის შემთხვევების მართვასა და მეთვალყურეობას, ასევე პროცესის მონიტორინგისა და მართვის ხარისხის კონტროლს განახორციელებს – ცვლილებები „იზოლაციისა და კარანტინის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2020 წლის 23 მაისის №322 დადგენილებაში შევიდა. 

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ონლაინ–კლინიკა დაკომპლექტდება ოჯახის ექიმებით, უმცროსი მედპერსონალით და ასევე სამედიცინო უნივერსიტეტების უფროსკურსელებით. ისინი შესაბამის ტრენინგს გაივლიან.

აღნიშნული დადგენილებით ასევე განისაზღვრა COVID-19-ის მართვაში სადაზღვევო კომპანიების მონაწილეობა. ყველა სადაზღვევო კომპანია აღნიშნულ პროექტში ორშაბათიდან ჩაერთვება.

კერძოდ, სადაზღვევო კომპანიებს მოეთხოვებათ, დაზღვეულ პირებს  მიაწოდონ კორონავირუსის  შემთხვევების მართვისა და მეთვალყურეობის პროცესში ჩართული სამედიცინო პერსონალის საკონტაქტო ინფორმაცია, რაც მოქალაქეებს საშუალებას მისცემს წინასწარ გაიგონ,  კორონავირუსთან დაკავშირებულ საკითხებში რომელი ექიმი გაუწევთ კონსულტაციას. აღნიშნული სერვისის მიწოდება არ ითვალისწინებს თანაგადახდას ბენეფიციართა მხრიდან.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა – 273, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში