სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტი: საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია ყველა გაუგებრობას გამორიცხავს

80
(განახლებულია 23:30 12.10.2020)
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

თბილისი, 12 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაცია გამორიცხავს ორ ქვეყანას შორის გაუგებრობის შესაძლებლობას, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა. 

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი ორი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს–ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

განცხადებაში, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს–სამსახურმა გაავრცელა, ზურაბიშვილი საუბრობს თუ რა ვითარება იყო სადავო ტერიტორიებთან დაკავშირებით მისი საგარეო საქმეთა მინისტრობის პერიოდში 2004–2005 წლებში, თუ როგორ მიდიოდა მოლაპარაკებების პროცესი და რა გადაწყვეტილებამდე მივიდნენ მხარეები.

 „მაშინ, როგორც დღეს, მჯეროდა და მჯერა, რომ მყარი კეთილმეზობლური და მეგობრული ურთიერთობები მოითხოვს საზღვრების დელიმიტაციას და საქმის ბოლომდე მიყვანას, რაც გამორიცხავს სამომავლოდ ყველანაირ გაუგებრობებებსა და შესაძლო ინციდენტებს“, – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ზურაბიშვილი მოლაპარაკებებს აწარმოებდა აზერბაიჯანულ მხარესთან, რამდენადაც მაშინ უკვე იყო ორი სადავო მონაკვეთი – დავით–გარეჯისა და წითელი ხიდის მონაკვეთები. 

 

ზურაბიშვილი განმარტავს, რომ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ელმარ მამედიაროვთან ბოლო შეხვედრისას კოლეგებს შორის კონსესუსი იქნა მიღწეული, რომ მოცემული გადაწყვეტილება ორი ქვეყნის პრეზიდენტების დონეზე უნდა ყოფილიყო მიღებული.

„მე არ ვფლობ ინფორმაციას, ჩემი მინისტრობის შემდეგომ პერიოდში, ანუ, 2005 წლის 19 ოქტომბრის შემდეგ, პრეზიდენტებმა განიხილეს თუ არა ეს საკითხი. ასევე, ჩემთვის უცნობია იმის შესახებ თუ როდის, ან რა პირობებში მოხდა საკითხის კომისიაში განსახილველად დაბრუნება“,  – ნათქვამია ზურაბიშვილის განცხადებაში.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ–ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: დააკავეს კომისიის ყოფილი წევრები>>>

სექტემბრის ბოლოს თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

ამასთან, ქართველ დიპლომატს არ დაუკონკრეტებია, რომელი კარტოგრაფიული მასალები იქნა აღმოჩენილი. ჯეიჰუნ ბაირამოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა განხილვა და მოგვარება არ შეიძლება". 

80
თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
ცესკო

არჩევნებამდე ერთ კვირაზე ნაკლები რჩება - რა წესები უნდა დაიცვათ უბანზე

13
კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება, ხოლო კალამი, რომლითაც ამომრჩეველმა ბიულეტენი შეავსო, მან უბანზე სპეციალურ ყუთში უნდა გადააგდოს

თბილისი, 25 ოქტომბერი – Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) გააცნო მედიას ის წესები, რომლებიც არჩევნების დღეს ამომრჩევლებმა უბნებზე უნდა დაიცვან.

ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიას თქმით, საარჩევნო უბანზე შესვლისას ამომრჩეველს პირბადე უნდა ეკეთოს.

„ვისაც პირბადე არ ექნება, მას ადგილზე მისცემენ. ამის შემდეგ ის დეზობარიერს გაივლის... ამის შემდეგ ამომრჩეველი რიგის მომწესრიგებელთან მიდის, აჩვენებს პირადობის მოწმობას და პირბადეს იხსნის, რადგან მისი იდენტიფიცირება მოხდეს. პირბადის გაკეთების შემდეგ, მარკირება მოწმდება და ამის შემდეგ ხელზე დეზინფექცია უტარდება, მიდის მაგიდასთან“, – განაცხადა ჟვანიამ.

ამის შემდეგ ამომრჩეველი კვლავ მოიხსნის პირბადეს და აიღებს ინდივიდუალურ კალამს, რომლითაც ხელს მოაწერს. იღებს მისთვის განკუთვნილ ბიულეტენს და ამის შემდეგ შედის კაბინაში.

კორონავირუსის პანდემიის გამო კაბინა მთლიანად დახურული არ იქნება.

ცესკო: გადასატანი საარჩევნო ყუთის მიტანა 900-მდე ამომრჩეველმა მოითხოვა >>

„როდესაც ამომრჩეველი დააფიქსირებს საკუთარ არჩევანს, კალამს სპეციალურ ურნაში აგდებს და ამის შემდეგ ხდება ბიულეტენის ყუთში ჩაგდება. ამის შემდეგ ამომრჩეველი დატოვებს საარჩევნო უბანს“, - განაცხადა ჟვანიამ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება.

 

 

13
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
თეა წულუკიანი

თეა წულუკიანი იუსტიციის მინისტრის პოსტზე დაბრუნებას არ აპირებს

55
დადგა დრო დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც არსებულ ფუნდამენტზე უკეთეს შენობას ააგებს, განაცხადა წულუკიანმა

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. იუსტიციის ყოფილი მინისტრი თეა წულუკიანი არჩევნების შემდეგ ძველ თანამდებობაზე დაბრუნებას არ აპირებს.

წულუკიანის თქმით, აქტიურად ვრცელდება ხმები მის დაბრუნებაზე, თუმცა თვითონ მსგავს არაფერს არ გეგმავს.

„ამაზე გვქონდა გუნდის შიგნით მსჯელობა და ეს, რა თქმა უნდა, ასე არ იგეგმება, იმიტომ რომ მე ბევრჯერ მითქვამს, რომ 8 წელი საკმარისია და ვფიქრობ, რომ ის, რაც შეიძლება ერთმა ადამიანმა, ერთმა გუნდმა და ერთმა სამინისტრომ 8 წლის განმავლობაში ერთგულად აკეთოს, ეს ვაკეთეთ. ახლა დროა, რომ დაინიშნოს ახალი მინისტრი, რომელიც ამ ფუნდამენტზე უკვე კიდევ უკეთეს შენობას ააგებს, რომელსაც იუსტიციის სისტემა ჰქვია“, - აღნიშნა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

იუსტიციის ყოფილი მინისტრმა თეა წულუკიანმა თანამდებობა საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის გამო დატოვა. წულუკიანი მთავრობაში ყველაზე გამოცდილი მინისტრია. ის მაშინდელი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ ჩამოყალიბებულ მინისტრთა კაბინეტში 2012 წელს მოხვდა და თანამდებობაზე დარჩა ყველა სხვა მინისტრზე დიდ ხანს. მან იმუშავა ხუთი პრემიერ-მინისტრის დროს - ბიძინა ივანიშვილის, გიორგი ღარიბაშვილის, გიორგი კვირიკაშვილის, მამუკა ბახტაძის და გიორგი გახარიას დროს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად დარეგისტრირებულია 48 პარტია და ორი ბლოკი.

55
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება