მესტია

გიორგი გახარია: ადამიანები მთას უბრუნდებიან

67
(განახლებულია 11:40 12.10.2020)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთაში მიგრაციული პროცესები ნელ-ნელა შეჩერდა და ადამიანები უკან ბრუნდებიან.

 

თბილისი, 10 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ მესტიაში - ამბროლაურის, ონის, ცაგერის, მესტიისა და ლენტეხის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, გოჩა ენუქიძე წარადგინა და ადგილობრივ მოსახლეობას სიტყვით მიმართა,  - ამის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრის ფეისბუქ გვერდზე გავრცელდა.

პრემიერ-მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ მთა არის და უნდა გახდეს ქვეყნის სიძლიერის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი არგუმენტი.

„ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ყველგან - მთაშიც, ბარშიც, თბილისშიც, მესტიაშიც, ბათუმშიც, რუსთავშიც ახალგაზრდებს ჰქონდეთ ერთი და იგივე შესაძლებლობები, ჩვენს ღვაწლმოსილ მოხუცებს ჰქონდეთ ერთნაირი შესაძლებლობები - როგორც საპენსიო, ჯანდაცვის მიმართულებით, არ უნდა იყოს სხვაობა. ეს იქნება ეკონომიკურად ძლიერი, დემოკრატიული საქართველო, სადაც სვანეთისმაგვარი კუთხეები იმ მრავალფეროვნებას შეიტანენ არამხოლოდ საქართველოს გამდიდრებისთვის, არამედ ევროპის გამდიდრებისთვის“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერის განცხადებით, ბოლო წლების განმავლობაში სვანეთის ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 150 მილიონზე მეტი ჩაიდო, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.

„შემიძლია გითხრათ, რომ მომავალი ოთხი წლის განმავლობაში, ინფრასტრუქტურულ პროექტებში მთავრობა 20 მილიარდ ლარს ჩადებს. ამ თანხის დიდი ნაწილი მიმართული იქნება მესტიისა და სვანეთისკენ“, - განაცხადა პრემიერმა.

მისივე თქმით, 2021 წლიდან 24 საათიანი წყალმომარაგების საკითხის მოგვარება დაიწყება და ამავე წელს დასრულდება. ამასთან, დაიწყება და დასრულდება ლენტეხის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია, ისევე როგორც ზუგდიდი-ჯვარი-მესტიის გზა, რომელსაც ასევე რეაბილიტაცია სჭირდება.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. მათში მონაწილეობას 50 პარტია და ორი ბლოკი მიიღებს. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა - 120-ის პროპორციული სისტემით და 30-ის - მაჟორიტარულით.

 

 

67
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა

17
თუ საქართველოში ჩამოსული მოქალაქე ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებს, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდება

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის ახალი წესები ამოქმედდა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, 8-დღიან იზოლაციაში განთავსდებიან საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის წარდგენის შემდეგ. თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

იგივე წესი მოქმედებს ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

თუმცა, აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან. მათაც საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტი შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ გერმანიის,  საფრანგეთის, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთის, ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვენის, ისლანდიის გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR-კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებენ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

17
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ჯონდი ბაღათურია

პროკურატურა არკვევს, რატომ მოითხოვდა ოპოზიცია 2012 წელს სააკაშვილის იმპიჩმენტს

39
ჯონდი ბაღათურიამ უამბო გამოძიებას ოპოზიციის იმ რეაქციაზე, რომელიც გამოიწვია ყოფილი ხელისუფლების ქმედებებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურა უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა >>

როგორც ბაღათურიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ მოითხოვდა ის 2012 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს.

„მე პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დავდე სახელმწიფო ღალატში. ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატი და დათმეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ დიდი ტერიტორია აზერბაიჯანის სასარგებლოდ. მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და სხვა რიგი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფოს ღალატს და ცდილობენ იმ დოკუმენტის დელეგიტიმაციას, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და არა – აზერბაიჯანის“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ამ ბრალდებებს 2012 წელს საფუძვლად დაედო ის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ბერებსა და მომლოცველებს უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ გზა გადაუკეტეს.

„მაშინ, მიხეილ სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია დაეცვა, წავიდა იტალიაში შოპინგზე და გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება, რომ დავით გარეჯის ნაწილი იყო აზერბაიჯანის ტერიტორია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ბაღათურია დარწმუნებულია, რომ „ის დიდი ფული, რომელიც გადახდილია ამ ისტორიულ ღალატში, ბრალდებულებსაც შეხვდათ“.

„შეიძლება, დაკავებულებმა დავალება შეასრულეს, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვინმეს გაეკეთებინა მაშინდელი პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გარეშე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

39
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

0
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

0