წინასაარჩევნო ბანერი

Survation–ის გამოკითხვა: ბათუმში შეიძლება მეორე ტური ჩატარდეს

84
გამოკითხვის შედეგები შეესატყვისება იმ პარტიების რეიტინგს, რომელიც ადრე ამავე კომპანიამ შეადგინა - მმართველი პარტიის კანდიდატები დიდი სხვაობით უსწრებენ დანარჩენებს

თბილისი, 10 ოქტომბერი  — Sputnik. ბათუმის შეიძლება მეორე ტური გაიმართოს, დანარჩენ ხუთ ოლქში კი მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ლიდერობენ, ასეთია ტელეკომპანია „რუსთავი 2“–ის დაკვეთით კომპანია Survation–ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები.

კომპანია Survation-ის მიერ ამ დრომდე ჩატარებული ყველა გამოკითხვა აჩვენებდა მმართველი პარტიის მხარდაჭერის ერთ-ერთ ყველაზე მაღალ პროცენტს სხვა ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ გამოკითხვებთან შედარებით. „ქართულ ოცნებაში“ მიაჩნიათ, რომ ეს შედეგები ყველაზე ახლოსაა შიდა გამოკითხვების შედეგებთან. 

ამჯერად კომპანიამ დაახლოებით 1,8 ათასი ადამიანი გამოკითხა ექვს მაჟორიტარულ ოლქში: ბათუმის, ხაშური-ქარელის, ოზურგეთი-ლანჩხუთი-ჩოხატაურის, სამტრედია-წყალტუბო-ვანი-ხონის, წალენჯიხა-ჩხოროწყუ-მარტვილი-აბაშის და ამბროლაური-ონი-ცაგერი-ლენტეხი-მესტიის ოლქებში. 

გამოკითხვის შედეგები შეესაბამება ამ კომპანიის წინა რეიტინგებს პარტიების მიხედვით - მმართველი კანდიდატების აბსოლუტური გამარჯვება. 

ოლქი პირველი ადგილი მეორე ადგილი მესამე ადგილი
ბათუმი

"ქართული ოცნება"

რესან კონცელიძე

47%

"ძალა ერთობაშია"

ლევან ვარშალომიძე

39%

 

"ჩვენი საქართველო – სოლიდარობის ალიანსი" მარიამ ჯაში

4%

ხაშური–ქარელი

"ქართული ოცნება"

ზაზა დუგლაძე

56%

"ძალა ერთობაშია"

ნატო ჩხეიძე

39%

"ლელო საქართველოსთვის"

კახა კოჟორიძე

15%

ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური

"ქართული ოცნება"

ვასილ ჩიგოგიძე

66%

"ძალაა ერთობაშია"

მანუჩარ კვირკველია

23%

"ევროპული საქართველო"

ხათუნა გოგორიშვილი

8%

სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი

"ქართული ოცნება"

გივი ჭიჭინაძე

56%

"ძალა ერთობაშია"

ნანუკა ჟორჟოლიანი

31%

"ევროპული საქართველო"

აკაკი ბობოხიძე

11%

წალენჯიხა–ჩხოროწყუ–მარტვილი–აბაშა

"ქართული ოცნება"

ალექსანდრე მოწერელია

69%

"ძალა ერთობაშია"

როლანდ ფიფია

19%

"ლელო საქართველოსთვის"

თამარ ბელქანია

9%

ამბროლაური–ონი–ცაგერი–ლენტეხი–მესტია

"ქართული ოცნება"

გოჩა ენუქიძე

75%

"ძალა ერთობაშია"

დილარ ხაბულიანი

10%

"საქართველოს პატრიოტთა ალიანსი"

ირაკლი საღლიანი

7%

 

ამავდროულად კომპანიამ წარმოადგინა პარტიების რეიტინგები იმავე ოლქებში, რომლებიც მეტწილად განსხვავდება კანდიდატების შედეგებისგან. რას უკავშირდება ეს, მკვლევარებს არ უთქვამთ, თუმცა თბილისში მმართველი პარტიის რეიტინგი უფრო დაბალია, ვიდრე მისი კანდიდატებისა, რეგიონებში კი ოპოზიციური პარტიების რეიტინგი ჩამორჩება მათი მაჟორიტარების რეიტინგს.

გამოკითხვა 16–29 სექტემბერს ჩატარდა. მისი ცდომილება უცნობია.

 

84
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)
ტერმინალები ბათუმის პორტში

ოპოზიცია ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

14
ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მერამდენე აქცია იმართება, თუმცა ამჯერად მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ და საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა შეჩერებულია >>

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალის ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ კალოიანი ამტკიცებენ, რომ ტერმინალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ამასთან ერთად ის ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის ", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ის საზოგადოებას პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.

„მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ 31 ოქტომბერს საღამოს მაქსიმუმ მეზობლებთან შეეძლებათ გასვლა, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ხმები გასცემს პასუხს - ვინ არის კორუფციაში გარეული, ვის აქვს ავტორიტეტი ამ ქალაქში და ვის აქვს ნდობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური აქცია 2019 წლის იანვარში გაიმართა. მაშინ მომიტინგეებმა ევროპის მოედანზე კარვები გაშალეს.

ასევე გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. Trammo დაკავებულია სასუქების, ქიმიკატების, მეთანოლის, ნედლი ნავთობის, თხევადი გაზის და ნავთობქიმიური პროდუქტების საერთაშორის ვაჭრობით, ტრანსპორტირებით, გავრცელებით და დივერსიფიკაციით.

 

14
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
წინასაარჩევნოდ კედლებზე გაკრული პლაკატები

ეს უნდა ნახოთ! ყველაზე უჩვეულო წინასაარჩევნო რგოლები საქართველოში

25
(განახლებულია 18:36 27.10.2020)
საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე დღე რჩება, ქსელში კი ყოველდღე ახალ-ახალი სააგიტაციო რგოლები ვრცელდება

წინასაარჩევნო რეკლამას საქართველოში კორონავირუსის პანდემიის პირობებში პოლიტიკოსები კიდევ უფრო აქტიურად იყენებენ. არც არის გასაკვირი, რადგან ამომრჩევლებთან შეხვედრები ვირუსის გამო მინიმუმამდე შემცირდა. ამიტომ პოლიტიკოსებმა თანამედროვე მექანიზმები მოიშველიეს და სოციალური ქსელებისა თუ ტელევიზიებისთვის მრავალფეროვანი სარეკლამო რგოლები დაამზადეს.

ყველაზე კრეატიული და სახალისო წინასაარჩევნო ვიდეო რგოლები საქართველოში - ვიდეო>>

ზოგიერთი სარეკლამო რგოლი მალევე ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში და ათობით ათას ნახვას აგროვებს, ზოგს კი ამ მიმართულებით სწავლის გაგრძელება არ აწყენდა.

ფსონი ახალგაზრდობაზე

ზურაბ ჯაფარიძის ოპოზიციური პარტია „გირჩის“ ყოველი ახალი რგოლი გამოჩენისთანავე ჰიტებს შორის ექცევა. ქართული საზოგადოება ასეთი შემოქმედებითი სარეკლამო რგოლებით ადრე არ ყოფილა განებივრებული. ჯაფარიძემ სამიზნე აუდიტორიად ახალგაზრდობა აირჩია, რომელსაც 300-400-ლარიანი პენსიის დაპირებით „ვერ იყიდი“. ახალი თაობა გარდაქმნებს, პატივისცემასა და კრეატივს ითხოვს.

სულ ახლახან ჯაფარიძემ მოამზადა ახალი ვიდეო, რომლისთვისაც შთაგონების წყაროდ ლეგენდარული „მატრიცა“ გამოიყენა. დაბალი ხმა კადრს მიღმა, თბილისის ცენტრი, ტელეფონის ჯიხური და ხალხის ნაკადი. „როგორ ვიცხოვრებთ ხვალ, ამას გადავწყვეტთ ჩვენ!“ - ამბობს „გირჩის“ ლიდერი, იკეთებს შავ სათვალეს და დედაქალაქის თავზე ზეცას ახედავს.

იგივე დევიზი, მაგრამ უკვე მეგრულ ენაზე, გამოყენებულია კიდევ ერთ ახალ რგოლში. აქ „გირჩი“ ცდილობს, შეახამოს ტრადიციები და თანამედროვე შეხედულება. ვიდეორგოლმა, რომელშიც ჩოხაში გამოწყობილი მხედარი ხალხს სწორი არჩევანის გაკეთებისკენ მოუწოდებს, რამდენიმე ასეული გაზიარება მოაგროვა. ეს მაშინ, როცა პარტიის რეიტინგი, გამოკითხვებს თუ დავუჯერებთ, არც ისე მაღალია.

ყველაფერი ახალი - კარგად დავიწყებული ძველია, იფიქრეს „გირჩში“ და გამოაქვეყნეს თავიანთი ძველი რგოლი, მომზადებული წინა არჩევნებისთვის, სადაც ჯაფარიძე ორად იხლიჩება ორ პარტიას - „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და „ქართულ ოცნებას“ შორის. ლაიტმოტივად კი ამ სცენას გასდევს მელოდია ფილმიდან „ტკბილი ნოემბერი“, რომელშიც მთავარ როლს ისევ და ისევ კიანუ რივზი ასრულებს. თავისუფლება და კარდინალური ცვლილებები - ამაზე დებს ფსონს ჯაფარიძე 31 ოქტომბერს.

სუპერ მარიო ძველებურად ყოჩაღი აღარ არის

ოპოზიციური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ წინასაარჩევნო კამპანიას ასევე შემოქმედებითად მიუდგა. რეკლამამ, რომელიც მომზადებულია 90-იანების ყველაზე პოპულარული კომპიუტერული თამაშის „სუპერ მარიოს“ მოტივებზე და რომელშიც მთავარ როლებში მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი გვევლინებიან - თავისი საქმე გააკეთა. რგოლის სიუჟეტის მიხედვით, გაუმაძღარი და ხარბი გმირი ივანიშვილის სახით აგროვებს ქვეყნის რეგიონების ნობათს, მაგრამ აქ გამოჩნდება სუპერ-მიშა, რომელიც „ტიტანს“ პოლიტიკურ ტარტარში გადაუძახებს.

 „ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენი ხელით, ცოდნითა და გამოცდილებით ავაშენებთ მდიდარ საქართველოს და რომ საქართველოს საუკეთესო დღეები წინაა“, - ასეთი ტექსტი ახლავს „ნაცმოძრაობის“ კიდევ ერთ სარეკლამო რგოლს. როგორც წინა არჩევნებზე, დამდეგ არჩევნებშიც ოპოზიციური პარტია მე-5 ნომრით მონაწილეობს.

ცუდი „ოცნება“ - კარგი „ნაცმოძრაობა“ - საქართველოს ექსპრეზიდენტის პარტიის ძირითადი გზავნილია.

ვჯაბნით რაოდენობით

მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ ყოველ წინასაარჩევნო რგოლში ამომრჩეველს შეახსენებს, რამდენი რამ გაკეთდა რვაწლიანი მმართველობის პერიოდში.

საუბრობენ პენსიონერებზე, პედაგოგებზე, ყოფილ პატიმრებზე, ეროვნულ უმცირესობებზე. ყოველი მათგანი მოკლე რგოლების გმირია. თითოეული საუბრობს იმ სიკეთეებზე, რომლებით სარგებლობაც „ოცნების“ მმართველობის პერიოდში იყო ხელმისაწვდომი.

ვაშაძის საათი

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე თავის სარეკლამო კამპანიას იწყებს რობინგუდულად: „ქართული ოცნების“ პოლიტიკოსები თავისთვის ყიდულობენ ძვირადღირებულ საათებს რამდენიმე ასეულ დოლარად, მაშინ როცა ხალხს ქვეყანაში საჭმლის ფული არა აქვს. ასეთი განცხადებისთვის ვაშაძემ პირველი არხის პირდაპირ ეთერში მიმდინარე დებატებზე საჯაროდ შენიშვნაც დაიმსახურა. საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, მამუკა მდინარაძის თქმით, ვაშაძემ იცრუა საათის ღირებულების თაობაზე და არავაჟკაცურად მოიქცა.

მაგრამ თანამედროვე საქართველოს „აღმაშენებელმა“ გადაწყვიტა, არ შეჩერდეს და კვლავ გაათამაშოს საათის თემა. პოლიტიკოსი ამომრჩეველს დაპირდა, რომ 27 საათის განმავლობაში ესტუმრება ბათუმს, ოზურგეთს, ჩოხატაურს, ქუთაისს, სამტრედიას, სენაკს, ხობს, ზუგდიდს, ჩხოროწყუს, მარტვილს, ხონს, ტყიბულს, ონს, ზესტაფონს, ხაშურს, გორს, მცხეთას, თბილისს და ხალხს მტკივნეულ საკითხებზე დაელაპარაკება.

 „შემოგვიერთდით, აირჩიეთ 27 და ერთად ჩვენ განვახორციელებთ ცვლილებებს საქართველოში 31 ოქტომბერს!“ - ამბობს ვაშაძე.

 „კარგი, ცუდი, ბოროტი“

„ევროპულმა საქართველომ“ თავისი წინასაარჩევნო კამპანიის აგება ორი ძალის - სააკაშვილისა და ივანიშვილის - დაპირისპირებაზე გადაწყვიტა, რომლებიც ერთი მედლის ორ მხარეს წარმოადგენენ. „ევროპელები“ თავიანთ ამომრჩევლებად მიიჩნევენ იმათ, ვინც დაიღალა „ოცნებისგანაც“ და „ნაციონალებისგანაც“.

 „ევროპულმა საქართველომ“ ამომრჩევლებს შესთავაზა სარეკლამო რგოლი ჰოლივუდის ვესტერნის სტილში - „კარგი, ცუდი, ბოროტი“. კლინტ ისტვუდის გმირი, მიზანში სროლის დიდოსტატი, ოპონენტებს შანსს არ უტოვებს. ისღაა გასარკვევი, პარტიის ლიდერთაგან რომელია ისტვუდის გმირივით გამჭრიახი - ბოკერია, ბაქრაძე თუ უგულავა? ან იქნებ სამივე...

 „ალეკო გისმენთ“

როგორ უნდა იშოვო ფული რეკლამისთვის, როდესაც არ გყავს შემომწირველები? ამ დროს დასახმარებლად ნათელი აზრი მოდის. მაგალითად, პარტია „მოქალაქის“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა თავის გვერდზე სოციალურ ქსელებში და ბანერებზე მთელ ქალაქში გამოაკრა თავისი მობილური ტელეფონის ნომერი. ის ამომრჩევლებს სთავაზობს, დაურეკონ და უამბონ თავიანთი პრობლემების შესახებ. როგორც კი ელისაშვილი პარლამენტში მოხვდება, აუცილებლად შეეცდება ამ საკითხების გადაჭრას.

ანა დოლიძის დაპირებები

ოპონენტებზე აქტიურად სოციალურ ქსელებს იყენებს ანა დოლიძე. პრეზიდენტის ყოფილი მრჩეველი, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი ყოველდღიურად აქვეყნებს რამდენიმე ვიდეოჩართვას სხვადასხვა ადგილიდან, სადაც საუბრობს ქალაქის პრობლემებზე - ცუდ ეკოლოგიაზე, პარკების, ტრანსპორტის უკმარისობაზე, ამორტიზებულ ლიფტებსა და სახლებზე. ანა დოლიძე ამბობს, რომ მზადაა, ბევრი იმუშაოს ქალაქისა და დიდუბე-ჩუღურეთში თავისი ამომრჩევლის საკეთილდღეოდ, სადაც კენჭს იყრის. ანას მთავარი მეტოქეები არიან მმართველი პარტიის წარმომადგენელი გია ვოლსკი და არაორდინარული ზურაბ ჯაფარიძე.

მაგალითად, ყველა თბილისელმა არ იცის, რომ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში ოდესღაც მე-19 საუკუნის ძველი ობსერვატორია მდებარეობდა. ეს შენობა დღეს სავალალო მდგომარეობაშია. დოლიძე გამოდის ინიციატივით, ნაგებობა ახალ ტურისტულ ობიექტად აქციონ.

ვისი მიდგომა მიიყვანს ამომრჩეველს საარჩევნო ყუთთან - ამას საქართველოს მოქალაქეები 31 ოქტომბერს გაიგებენ. არჩევნებამდე სულ რაღაც ხუთი დღე რჩება...

25
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (293)
საქართველოს პროკურატურა

ზუგდიდში პოლიციელმა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა - დაწყებულია გამოძიება

0
პროკურატურის ინფორმაციით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. პროკურატურამ ზუგდიდში საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მიერ მოქალაქის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შემთხვევა ზუგდიდში, წმინდა ნინოს ქუჩაზე დღეს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ურთიერთშელაპარაკება ავტომობილის შეკეთების დროს დაიწყო და ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა. ინციდენტის დროს საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა ახალგაზრდა მამაკაცს თავში რკინის ხელკეტი ჩაარტყა.

პროკურატურის ცნობით, დაშავებული გამოძიების მიერ ცნობილია დაზარალებულად. მიღებული დაზიანების ხარისხის დასადგენად  დანიშნულია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა. ასევე, მიმდინარეობს მოწმეების გამოკითხვა.

უწყების ინფორმაციით, პოლიციელი შემთხვევის დროს სამსახურებრივ მოვალეობას არ ასრულებდა.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.    

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.

0
თემები:
კრიმინალი საქართველოში