საგარეო საქმეთა სამინისტრო

საქართველო აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას მიესალმება

53
(განახლებულია 14:56 10.10.2020)
ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის ამოქმედების შემდებ აზერბაიჯანი და სომხეთი ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლის პროცესს დაიწყებენ

თბილისი, 10 ოქტომბერი - sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც  ძალაში დღეს შევიდა, რუსეთის ფედერაციის, სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე მოხდა.

გუშინ, მოსკოვში  სერგეი ლავროვის, ზოგრაბ მნაცაკიანისა და ჯეიჰუნ ბაირამოვის მოლაპარაკებები მთიან ყარაბაღთან დაკავშირებით 10 საათზე მეტ ხანს მიმდინარეობდა. მოლაპარაკებების შედეგად მიღწეული შეთანხმების თანახმად, დღეს 12:00 საათიდან კონფლიქტის ზონაში ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლი უნდა შეწყდეს, რათა მოხდეს სამხედრო ტყვეებისა და დაღუპულთა ცხედრების გაცვლა.

„საქართველო მიესალმება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმებას და იმედს გამოთქვამს, რომ შემდგომი მოლაპარაკებების გზით მოხერხდება პროგრესის მიღწევა კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში და მყარი მშვიდობის დამყარება, რაც ხელს შეუწყობს მთელი რეგიონის უსაფრთხოების განმტკიცებასა და კეთილდღეობას“ - ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყება იმედს გამოთქვამს, რომ კონფლიქტის დარეგულირების საკითხებში პროგრესის მიღწევა მოხერხდება.

აზერბაიჯანისა და სომხეთის შეხვედრა მოსკოვში: ბოლო ცნობა>>>

სომხეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები მოსკოვში მას შემდეგ ჩაფრინდნენ, რაც რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ისინი მთიანი ყარაბაღის საკითხზე მოლაპარაკებებზე მიიწვია. 

სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის მთიანი ყარაბაღის გამო კონფლიქტი 27 სექტემბერს გამწვავდა. ერევანი და ბაქო ესკალაციაში ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს. სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე ასევე გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა.
მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

53
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა (254)
ცესკო

არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცესკომ მისი დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ განაცხადა

12
ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის დისკრედიტაციის მცდელობების შესახებ საუბრობს.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

„დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკომ მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

დღეს ცესკოში ორი ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი დაცვასთან კამათის შემდეგ, რომელიც მათ შენობაში არ უშვებდა, ძალით შეიჭრნენ შენობაში და თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის დასრულების 18:00 საათამდე გადავადებას მიაღწიეს.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს >>

საღამოს ცესკოს შენობაში აქცია გამართეს ოპოზიცური „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა. ისინი თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის გადავადებას 30 ოქტომბრამდე ითხოვდნენ. მათ ცესკოს წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და ისინი შენობიდან ძალით გაიყვანეს.

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ტერმინალები ბათუმის პორტში

ოპოზიცია ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

22
ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მერამდენე აქცია იმართება, თუმცა ამჯერად მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ და საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა შეჩერებულია >>

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალის ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ კალოიანი ამტკიცებენ, რომ ტერმინალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ამასთან ერთად ის ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის ", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ის საზოგადოებას პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.

„მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ 31 ოქტომბერს საღამოს მაქსიმუმ მეზობლებთან შეეძლებათ გასვლა, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ხმები გასცემს პასუხს - ვინ არის კორუფციაში გარეული, ვის აქვს ავტორიტეტი ამ ქალაქში და ვის აქვს ნდობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური აქცია 2019 წლის იანვარში გაიმართა. მაშინ მომიტინგეებმა ევროპის მოედანზე კარვები გაშალეს.

ასევე გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. Trammo დაკავებულია სასუქების, ქიმიკატების, მეთანოლის, ნედლი ნავთობის, თხევადი გაზის და ნავთობქიმიური პროდუქტების საერთაშორის ვაჭრობით, ტრანსპორტირებით, გავრცელებით და დივერსიფიკაციით.

 

22
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ავტობუსის კონტროლიორი

თბილისში კორონავირუსი ავტობუსის კონტროლიორს დაუდასტურდა

0
თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ავტობუსის კონტროლიორს კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება თბილისის სატრანსპორტო კომპანია.

თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში აცხადებენ, რომ ავტობუსის კონტროლიორი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

მათი თქმით, კონტროლიორს მგზავრებთან შეხება არ ჰქონია, ის ათი დღის განმავლობაში თვითიზოლაციაში იმყოფებოდა.

„კონტროლიორები მუშაობენ განრიგით, ის არ მუშაობდა, როცა თავი იგრძნო შეუძლოდ, ათი დღის განმავლობაში იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. ამ პერიოდში მან ჩაიტარა ტესტირება და დაუდასტურდა ვირუსი. მას არ ჰქონია შეხება არც თანამშრომლებთან და არც მგზავრებთან. რამდენადაც ვიცი, მისი მდგომარეობა ამჟამად დამაკმაყოფილებელია“, – აცხადებენ სატრანსპორტო კომპანიაში.

სექტემბრის დასაწყისიდან საქართველოში მკვეთრად იმატა კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ. ბოლო დღეებში ყოველდღიურმა მაჩვენებელმა თითქმის 2000-ს მიაღწია.

საქართველოში ბოლო დღე–ღამეში კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 1824-ით გაიზარდა და 32127-ს მიაღწია. სულ გამოჯანმრთელდა 12632 ადამიანი, გარდაიცვალა – 238.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში