მამუკა ხაზარაძე

ბანკირები ძალაუფლებისკენ მიიწევენ: „ლელო“ როგორც ამოუცნობი მოთამაშე არჩევნებზე

71
ოპოზიციური პარტია „ლელო საქართველოსთვის“ გასული წლის შემოდგომაზე გამოჩნდა, თუმცა დღეისათვის, გამოკითხვების მიხედვით, უკვე მსხვილი პარტიების ხუთეულშია და ამ ველზე ძველი პოლიტმოთამაშეები გაწია

პარტიის შექმნის იდეა ორ მსხვილ ბანკირს - მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ეკუთვნის. 90-იან წლებში მათ დააარსეს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომერციული ბანკი საქართველოში - „თიბისი ბანკი“.

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები >>

ბიზნესიდან პოლიტიკამდე

ხაზარაძე-ჯაფარიძის ტანდემი ქართულ საზოგადოებაში 2019 წლის დასაწყისში მომხდარი სკანდალის შემდეგ გახდა ცნობილი. მაშინ ეროვნულმა ბანკმა „თიბისის“ ერთ-ერთ გარიგებაში ფულის გათეთრების ნიშნები დაინახა და ბანკირები დირექტორთა საბჭოს ჩამოაშორა.

რადგან საუბარი იყო საკმაოდ ძველ გარიგებაზე, საზოგადოებაში გაჩნდა ჭორები, რომ ბანკირებს მმართველ პარტია „ქართულ ოცნებასთან“ კონფლიქტი აქვს.

იმას, რომ ბანკები ყოველი ხელისუფლების უკან დგანან და მისი სხვადასხვა პროექტების დაფინანსებაში მონაწილეობენ, საქართველოში დიდი ხანია ყველა შეეგუა. როგორც ბანკებს შორის ორი ფავორიტის არსებობას - „საქართველოს ბანკის“ და „თიბისი ბანკის“, რომლებიც საქართველოს საბანკო სისტემის მთავარ საყრდენს წარმოადგენენ.

ამიტომაც ხაზარაძესთან დაკავშირებით მომხდარი სკანდალი, შემდეგ კი მის წინააღმდეგ აღძრული სისხლის სამართლის საქმე, ბოლო არჩევნებზე მმართველი პარტიის სასარგებლოდ მისი მხრიდან აქტიური აგიტაციის ფონზე, საზოგადოებაში თანხების გადანაწილებად აღიქვეს.

მით უმეტეს, რომ ხაზარაძის კომპანიამ სწორედ 2019 წლის დასაწყისში შეუსრულებელი ვალდებულებების გამო ანაკლიაში პირველი ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი დაკარგა.

თუმცა თავად ხაზარაძემ სისხლის სამართლის საქმის თავის სასარგებლოდ შემოტრიალების ორიგინალური ხერხი მოძებნა - ჯერ გამოაცხადა საზოგადოებრივი მოძრაობის, შემდეგ კი პარტიის დაარსების შესახებ.

მესამე ძალა

კადრებს პარტიისთვის, რომელიც საკუთარ თავს პოზიციონირებს როგორც მესამე ძალა, ხაზარაძე არჩევდა „ქართული ოცნებისგან“ და ყოფილი მმართველი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ შორს მყოფ ადამიანებს შორის - ესენი არიან ექსპერტები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ბიზნესმენები.

გამონაკლის წარმოადგენს მხოლოდ რამდენიმე გამოცდილი პოლიტიკოსი - „რესპუბლიკური პარტიის“ ყოფილი ლიდერი, შემდგომში „შენების მოძრაობის“ ლიდერი დავით უსუფაშვილი და „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერები - ფიქრია ჩიხრაძე და მამუკა კაციტაძე.

პარტიაში ასევე აღმოჩნდნენ საქართველოს მესამე პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის წარმომადგენლები, რომელიც ქვეყანას „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებით დაამახსოვრდა.

მოსალოდნელი იყო, რომ პარტიაში იქნებოდა თავად მარგველაშვილიც, თუმცა მან დამკვირვებლის როლი ირჩია, ყოფილ პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის მსგავსად, რომლის დანახვას საზოგადოება ასევე ელოდებოდა „ლელოს“ რიგებში.

თუმცაღა, შერჩეულმა კადრებმა და პარტიის ლიდერის მიერ პიარისა და სიმბოლიკისადმი დათმობილმა დიდმა ყურადღებამ იმუშავა. ახლა საქართველოში ყვითელი ფერი ასოცირდება „ლელოსთან“, მისი რეიტინგები კი თვიდან თვემდე იზრდება.

პროგრამა

„ლელოს“ პროგრამა დაფუძნებულია იმაზე, რაშიც მისი ლიდერები ყველაზე კარგად ერკვევიან - ეკონომიკასა და ფინანსებზე. მასში არის გეგმა საშუალო კლასის შექმნის, განათლების სისტემის რეფორმის, ეკონომიკური მიმართულების მიხედვით რეგიონების დეცენტრალიზაციის შესახებ და ა.შ. 

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად >>

თუმცა, პარტია „ლელო საქართველოსთვის“ დღემდე რჩება საპარლამენტო არჩევნების „ბნელ მოთამაშედ“. ვერცერთი ექსპერტი ვერ იწინასწარმეტყველებს, ვისთან ითანამშრომლებს ის და ვისთან შევა კოალიციაში.

თუმცა პარტია თავადაც მოერიდა ხელისუფლების წინააღმდეგ ოპოზიციურ პარტიებთან თანამშრომლობას და ხელისუფლების ნებისმიერი წამოწყების მხარდაჭერას.

 

71
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (256)
სპეცოპრაცია ზუგდიდში

„კრიმინალური ანარქია“ ოპოზიციონერები ზუგდიდში მძევლების აყვანაზე

63
(განახლებულია 13:14 22.10.2020)
მმართველ პარტიაში, თავის მხრივ, ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. კრიმინალური ანარქია და სრული უკანონობა – ასე შეაფასეს ქართველმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსებმა ქვეყანაში არსებული ვითარება ზუგდიდში მძევლების აყვანის ფონზე.

სპეცოპერაცია ზუგდიდში: კობახიძემ მედიასაშუალებები გააკრიტიკა >>

ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა მამაკაცმა ოთხშაბათს ზუგდიდის ცენტრში, „საქართველოს ბანკის“ ერთ-ერთ ფილიალში მძევლები აიყვანა. დამნაშავე ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა.

„დღევანდელი სიტუაცია საქართველოში, ბუნებრივია, ხელს უწყობს ასეთ სავალალო ფაქტებს. იმედი მაქვს, ისინი ტრაგიკულად არ დასრულდება. თუ ასე გაგრძელდება, ასეთი ფაქტი, რასაკვირველია, მეტი იქნება. ბუნებრივია, რომ გასაჭირი ადამიანებს უცნაური ქმედებებისკენ უბიძგებს, მაგრამ მომხდარს გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა პარტია „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ.

როგორც პოლიტიკოსმა დასძინა, მას იმედი აქვს, რომ სპეცოპერაცია უმტკივნეულოდ დასრულდება და მძევლების ნათესავებსა და ახლობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა.

„ქალაქის ცენტრში, ყველაზე ხალხმრავალ ადგილზე, სადაც ყველაზე მეტი სამთავრობო უწყებაა, სადაც ძალოვანი სტრუქტურები არიან, შესაძლებელი გახდა ყაჩაღობა ისე, რომ პოლიცია მოსახლეობის დასაცავად ვერაფერს აკეთებს. ეს კრიმინალური ანარქიის მთავარი პრობლემაა“, – განუცხადა ჟურნალისტებს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა.

პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის ბადრი ჯაფარიძის სიტყვებით, უპირველეს ყოვლისა, ახლა საჭიროა მძევლების უსაფრთხოებაზე ფიქრი. მან განაცხადა ასევე, რომ ქვეყანაში სრული უკანონობა სუფევს, როდესაც მთავრობასთან კავშირები დამნაშავეებს სასჯელის თავიდან აცილებაში ეხმარება. ანალოგიური აზრისაა პარლამენტის ექს-სპიკერი, ჯაფარიძის თანაპარტიელი დავით უსუფაშვილი.

„მთავარი პრიორიტეტია – მძევლები გათავისუფლდნენ უვნებლები შენობიდან. ასევე პრიორიტეტულია დამნაშავის დაკავება, რათა მან პასუხი აგოს კანონის წინაშე. მაგრამ მთლიანობაში პრობლემა ისაა, რომ ქვეყანაში საკმაოდ სახიფათო კრიმინალური ვითარებაა. ასე ხდება ყოველთვის, როდესაც დამნაშავეები ხედავენ, რომ პროკურორები და პოლიციელები და სხვა თანამდებობის პირები პოლიტპატიმრების დევნით არიან დაკავებული“, – განაცხადა უსუფაშვილმა.

თავის მხრივ, მმართველ პარტიაში პოლიტიკური მაროდიორობა უწოდეს ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს ზუგდიდში ბანკის ფილიალში მძევლების აყვანასთან დაკავშირებით.

ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერი გიგი უგულავა შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლების ჩანაცვლება შესთავაზა. გარდა ამისა, ზოგიერთმა ოპოზიციონერმა ხელისუფლება ქვეყანაში კრიმინალური სიტუაციის გაუარესებაში დაადანაშაულა.

„სამწუხარო და შემაშფოთებელია, რომ კონკრეტულმა უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებმა სცადეს ასეთი ვითარებაც კი საკუთარი პოლიტიკური ქულების დასაწერად გამოეყენებინათ. ეს არის პოლიტიკური მაროდიორობა, რასაც ჩვენ მათგან, სამწუხაროდ, დიდი ხანია მიჩვეულები ვართ“, – განაცხადა „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა და პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

„მძევლების დახოცვას დავიწყებ 2 საათის შემდეგ“ – თავდამსხმელის ულტიმატუმი >>

მან საგანგაშო და გამაოგნებელი უწოდა ასევე მასმედიის მოქმედებას, „როდესაც მედიასაშუალების წარმომადგენელი პირდაპირ ეთერში აწარმოებს მოლაპარაკებებს ამ ტიპის დანაშაულის ჩამდენ პირთან“.

63
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
სალომე ზურაბიშვილი

„ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს“ - პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართა

50
(განახლებულია 09:49 22.10.2020)
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი მიმართავს მედიასაშუალებებსაც და მოუწოდებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მიმართა  მედიასაშუალებებსა და მობილურ ოპერატორებს და, მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, კატეგორიულად მოითხოვა,  დაუყოვნებლივ გათიშულიყო/შეზღუდულიყო  ადგილიდან ლაივსიგნალი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

50
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა
ლაბორატორია

დღის სტატისტიკა: კორონავირუსის ბოლო შემთხვევები რეგიონების მიხედვით

0
(განახლებულია 13:50 22.10.2020)
ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირებული კორონავირუსის შემთხვევებიდან ყველაზე მეტი- 563 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში რეკორდულად – 1595-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 22803-ს მიაღწია, ახალი შემთხვევებიდან ყველაზე მეტი - 563 შემთხვევა თბილისში გამოვლინდა, განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილე ბერდია სიჭინავამ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

ბოლო დღე-ღამეში გამოვლენილი კორონავირუსის შემთხვევებიდან 389 აჭარაში, ხოლო 335 იმერეთში დაფიქსირდა.

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, ქვემო ქართლში დაფიქსირდა 77 შემთხვევა, შიდა ქართლში 69, გურიაში 53, სამეგრელო-ზემო სვანეთში 42, მცხეთა-მთიანეთში 26, სამცხე-ჯავახეთში 24, ხოლო კახეთში 17. რაჭა–ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში გასულ დღე–ღამეში ახალი შემთხვევა არ გამოვლენილა.

ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით ექვსი პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 178-მდე გაიზარდა.

სიჭინავას განცხადებით, სულ საავადმყოფოებში ამ დროისთვის მკურნალობს 3 155 ადამიანი. ამჟამად მძიმე პაციენტია 381, მათ შორის თბილისში - 190, აჭარაში - 79. აქედან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე არის 77 პირი, მათ შორის თბილისში - 48, აჭარაში - 12.

COVID-19-ის ანტირეკორდების გამო ევროკავშირი საგანგებო სამიტს იწვევს

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 9401 ადამიანი, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4408, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3155 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში