დავით ზალკალიანი

ზალკალიანი: ბაქო ინფორმირებულია დავით-გარეჯის ირგვლივ ახალი გარემოებების შესახებ

40
(განახლებულია 22:55 08.10.2020)
მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის დემარკაციის პროცესი ორი ქვეყნის ურთიერთობებზე არ იმოქმედებს

თბილისი, 8 ოქტომბერი — Sputnik. აზერბაიჯანული მხარე ინფორმირებულია ახალი გარემოებების შესახებ დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებით, რომელიც ქართულ-აზერბაიჯანული საზღვრის სადავო მონაკვეთზე მდებარეობს. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ხუთშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

საქართველოს რომელი ტერიტორიები გადაეცა აზერბაიჯანს უკანონოდ? გენპროკურატურის ვიდეო >>

საქართველოს პროკურატურამ უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართული მოქმედების ფაქტზე გამოძიების დაწყების შესახებ განცხადება 29 სექტემბერს გამოაქვეყნა. უწყების ცნობით, კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა. 

როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, სექტემბრის ბოლოს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვის საქართველოში ვიზიტისას, შედგა შინაარსობრივი საუბარი დემარკაცია-დელიმიტაციის პროცესზე, კერძოდ დავით-გარეჯთან დაკავშირებით, რადგან „ეს არის უაღრესად მნიშვნელოვანი და სენსიტიური თემა ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებში“.

„ჩვენს აზერბაიჯანელ კოლეგებს მიეწოდა ამომწურავი ინფორმაცია იმ ახლად აღმოჩენილ გარემოებებთან დაკავშირებით, რაც არის გამოწვეული ახალი მასალების მოძიებით. კერძოდ, მხედველობაში მაქვს ახალი კარტოგრაფიული მასალები, ასევე საერთაშორისო და ადგილობრივი ექსპერტების დასკვნა. შევთანხმდით, რომ აუცილებელია საგნობრივი მუშაობის გაგრძელება კომისიის ფარგლებში, რათა კომისიამ ორივე მხარის ინტერესების გათვალისწინებით მიიღოს ისეთი შეთანხმება, რომელიც იქნება მისაღები როგორც საქართველოსთვის, ასევე აზერბაიჯანისთვის“, - განაცხადა ზალკალიანმა.

ამასთან დიპლომატმა აღნიშნა, რომ ყველა მხარე იცავს და დაიცავს საკუთარ პოზიციას.

ზალკალიანი: ჩვენ არ გაგვაჩნია არანაირი პრეტენზია აზერბაიჯანის მიმართ >>

„ჩვენ არანაირი პრეტენზია არ შეიძლება გვქონდეს აზერბაიჯანულ მხარესთან მიმართებაში და პოზიცია ჩვენმა აზერბაიჯანელმა კოლეგებმა კარგად გაიგეს. ეს ძალიან მკაფიოდ იყო გამოხატული იმ ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც ჩვენ ამ ვიზიტის შემდეგ გავმართეთ... გარწმუნებთ, რომ არანაირი ჩრდილი არ მიადგება ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრულ ურთიერთობას ჩვენს მეზობელ აზერბაიჯანთან“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

საზღვრის დემარკაცია

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაცია საკმაოდ მტკივნეული საკითხია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ამასთან, მხარეები მწვავე განცხადებებს ერიდებიან.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული.

 

სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის ქართულ-აზერბაიჯანული მთავრობათშორისი კომისია 1996 წელს შეიქმნა. პირველი 15 წლის განმავლობაში მან საზღვრის თითქმის 70 პროცენტი შეათანხმა, მაგრამ 2007 წლიდან დელიმიტაციის პროცესში დაბრკოლებები წარმოიშვა. სადავოდ რჩება დავით-გარეჯისა და სოფელ ერისიმედის ტერიტორიები.

სექტემბრის ბოლოს თბილისში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტის დროს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ მოპოვებულია ახალი კარტოგრაფიული მასალა დავით-გარეჯის კომპლექსთან დაკავშირებით, ამიტომ 2006-2007 წლების ქართულ-აზერბაიჯანული შეთანხმება შეიძლება გადაიხედოს.

ჯეიჰუნ ბაირამოვმა საპასუხოდ განაცხადა, რომ საკითხი სპეციალისტებმა უნდა შეისწავლონ და იმედი გამოთქვა, რომ „საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არ არსებობს ისეთი საკითხები, რომელთა განხილვა და მოგვარება არ შეიძლება". 

40
თემები:
საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე (24)
„ქართული ოცნების ბანერი

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ პარტიის შესახებ

22
(განახლებულია 16:14 22.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ 2020 წლის საპარლამენტო რბოლის ლიდერის, პარტია „ქართული ოცნების“ შესახებ
  • მმართველი პარტია
  • დაფუძნდა 2011 წლის მაისში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება დაისახა მიზნად.
  • შექმნიდან წელიწადნახევარში „ოცნებამ“ ამავე სახელობის კოალიციის შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ჩამოაყალიბა მთავრობა.
  • პარტია პირველი ოთხი წელიწადი ქვეყანას კოალიციის შემადგენლობაში მართავდა. კოალიციაში შედიოდნენ „რესპუბლიკური პარტია (ლიდერი დავით უსუფაშვილი), „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური), „თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია), „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე), „ეროვნული ფორუმი“ (კახა შარტავა).
  • „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს მოიგო. თუ მესამედაც მოიგო 2020 წელს. პოლიტიკურ რეკორდს დაამყარებს – საქართველოში სამი ვადით ხელისუფლებაში ჯერ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა.
  • „ოცნებამ“ ორჯერ გაიყვანა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნები მოიგო 2013 წელს, სალომე ზურაბიშვილმა – 2018 წელს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს არ მალავდა თავის ოპოზიციურ განწყობას და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ვეტოს ადებდა.
  • კოალიციიდან პარტიაში. უკვე 2016 წელს პარტია დამოუკიდებელი ერთეული გახდა, ხოლო კოალიციიდან ყოფილი თანამოაზრეები – „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდნენ. ყველაზე დიდხანს „ქართულ ოცნებასთან“ „კონსერვარიული პარტია“ თანამშრომლობდა, რომელიც ოპოზიციაში 2019 წელს, საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნის შემდეგ გადავიდა.
  • ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამჟამად პარტიამ თავისი ლიდერების ნაწილი დაკარგა მარიამ ჯაშის, ეკა ტყეშელაშვილის, ეკა ბესელიას, ზვიად ძიძიგურის, გედევან ფოფხაძის სახით. მათთან ერთად „ოცნებამ“ თავისი მომხრეების ნაწილიც დაკარგა.

პარტიის შედეგები წინა არჩევნებზე

წელი არჩევნების სახეობა ხმების რაოდენობა წილი
2012 საპარლამენტო  1 181 862  54,97%
2013 საპრეზიდენტო  1 012 569  62,12%
 2014 ადგილობრივი არჩევნები  719 431 50,82%
 2016 საპარლამენტო 856 638  48,68%
2017 ადგილობრივი არჩევნები   838 154   55,81%
2018  საპრეზიდენტო

615 572 (I ტური)

 1147701 (II ტური)

38,64% (I ტური)

 59,52% (II ტური)

 

  • პარტიის ლიდერები და წამყვანი ფიგურები: პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
  • პარტიის იდეოლოგია – მემარცხენე–ლიბერალური, როდესაც სამოქალაქო თავისუფლებების უზრუნველყოფა არ გამორიცხავს სახელმწიფოს ზრუნვას მოქალაქეებზე. ლიდერები თავიანთ იდეოლოგიას ამგვარად გამოხატავენ: „პირველ ყოვლისა – ადამიანი“.
  • პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, გატარდა ჯანდაცვისა და განათლების რეფორმები, დასრულდა ქვეყნის გადასვლა მართვის საპარლამენტო სისტემაზე.
  • „ოცნების“ სახელს უკავშირდება რამდენიმე სკანდალი: რიგი გახმაურებული გამოძიებების ჩავარდნა; რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, რასაც საპროტესტო აქციები და რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის გაუქმება მოჰყვა; საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების ჩავარდნა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
  • არჩევნებზე პარტია მიდის ნომრით 41 და ლოზუნგით „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“. პირობას დებს, რომ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, ნატოსთან ინტეგრაციის კურსს, ასევე ევროკავშირის წევრობის თაობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით

NDI   17%
IRI  33%
Gorbi   56,3%
Ipsos  24,5%
Edison Research   36%
Survation   55,6%

სხვა პარტიების შესახებ იხილეთ შემდეგ მასალებში:

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები>>

22
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
დაპირისპირება მარნეულში

ISFED: სარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება

12
(განახლებულია 14:22 22.10.2020)
ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც გამოვლინდა, რასაც კანონი კრძალავს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ISFED წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნების მეხუთე შუალედური ანგარიში ფარავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების პერიოდში დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი;
  • მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;
  • დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი;
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი;
  • არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
  • კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;
  • მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელ საქართველოში.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასევე გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

ISFED შეშფოთებას გამოთქვამს ასევე სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენებას.

„სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით, რომ  არ დაუშვას მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები. ასევე დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. საჯარო მოხელეებმა და სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსაც,   თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ასევე არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
სპეცრაზმი ზუგდიდში

Lacasa de Zugdidi ანუ ბლოკბასტერები ისვენებენ! ზუგდიდის სპეცოპერაციამ სოცქსელები ააფეთქა

0
(განახლებულია 18:33 22.10.2020)
წაიკითხეთ Sputnik-საქართველოში, როგორი რეაქცია ჰქონდათ სოციალური ქსელების მომხმარებლებს ზუგდიდის სპეცოპერაციაზე

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. უკვე მეორე დღეა მთელი საქართველო იხილავს ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებს, სადაც თავდამსხმელმა „საქართველოს ბანკის“ ფილიალში რამდენიმე ათეული ადამიანი მძევლად აიყვანა. ავტომატითა და ხელყუმბარით შეიარაღებულმა ნიღბიანმა თავდამსხმელმა ნახევარი მილიონი დოლარი და უსაფრთხოების გარანტია მოითხოვა.

ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ, რომელშიც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მონაწილეობდა, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა დამნაშავეს ფული გადასცეს. შედეგად დამნაშავემ სამი მძევლისა და შსს-ს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის მეთაურის, ავთანდილ გალდავას თანხლებით გვიან ღამით ბანკის შენობა დატოვა. ამჟამად ყველა მძევალი გათავისუფლებულია. სამი მათგანი დამნაშავემ ჩხოროწყუს რაიონში, სოფელ კირცხთან, ტყეში გაათავისუფლა და მიიმალა. მასზე ძებნაა გამოცხადებული.

 „სპექტაკლი და მეტი არაფერი!“

სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის არცთუ ცოტა სკეპტიკოსი მოიძებნა - ბევრმა მომხდარს დადგმული სპექტაკლი უწოდა. მხოლოდ ვინ და რა მიზნით გაითამაშა იგი - ამაზე უნდა ვიმკითხაოთ.

 „არცერთი წამით არ მჯერა. ნახევარი მილიონის მოტეხვა უნდოდათ და მოტეხეს კიდეც. ვერასდროს ვერ იპოვიან, საუკუნის ძარცვა კი ყველას დაავიწყდება“, - ფიქრობს თამარა ტომა.

„სპექტაკლი დადგეს... კომედია და მეტი არაფერი...“ - წერს Eleonora Zechadse.

„ეჰ, მეჩვენება, რომ ეს უბრალოდ კარგი სპექტაკლია, ვიღაცამ ძალიან კარგი ფული შეჭამა“, - დარწმუნებულია Dimitri Polenin.

ინტერნეტის ზოგიერთი მომხმარებელი თემის განხილვას იუმორით მიუდგა და თავდამსხმელი ჰოლივუდური ბლოკბასტერების მთავარ გმირებს შეადარა.

„ესაა რემბოც, შვარცნეგერიც, ბრიუს უილისიც ერთ ფლაკონში!“ - წერს ნანა სირაძე.

„ზორო გამოჩნდა, იქნებ ღარიბების დახმარება გადაწყვიტა!“ - ხუმრობს დაჯი ჩუტკერაშვილი.

ცხარე დისკუსიების მოყვარულმა ზოგიერთმა მომხმარებელმა კი მომხდარი ქართული პოლიტიკური ასპარეზის ორ მთავარ მეტოქეს - ბიძინა ივანიშვილსა და მიხეილ სააკაშვილს - დაუკავშირა. რა თქმა უნდა, ხუმრობით.

„უეჭველი მიშა იყო, ფული გაუთავდა და ბანკში მივიდა“, - წერს Roini Gvilava.

„წყეული ბიძინა, რომ გაიძულა ეს  ყველაფერი მოგეფიქრებინა“, - წერს Maka Maka.

ყველაფერი სერიოზულადაა

რა თქმა უნდა, ზოგიერთი თემას სერიოზულად მიუდგა და გვერდი აუარა სამართალდამცავი ორგანოებისა და პოლიტიკური სისტემის კრიტიკას.

„საჭიროა უმკაცრესად დასჯა! ასეთი საქმეები - სახუმარო არ არის! ასეთი უპასუხისმგებლობით უამრავი ადამიანი საფრთხეში აღმოჩნდა“, - წერს თეიმურაზ ქუთათელაძე.

„ყოჩაღ, მადლობა სამართალდამცავ ორგანოებს! როგორი უბედურება აიცილა თავიდან ქვეყანამ, თანაც ასეთ რთულ პერიოდში შიგნით და მის ფარგლებს გარეთ“, - წერს Marika Chikovani.

 „ვერ გავიგე, სად გაქრა ამ ფულით და ჩაკეტილ საზღვრებში? ეს რა იყო? საწყალი ხალხი, როგორი საათები გადაიტანეს იქ...“ - წერს Anna Lomidze.

საინტერესოა, რომ სოციალურ ქსელებში ისეთებიც მოიძებნენ, ვინც თავდამსხმელის ქცევა გაამართლა. მომხდარის შედეგად ხომ არავინ დაშავებულა, თავდამსხმელმა კი თავისას მიაღწია.

„რაც მან მოიპარა... ჩემი აზრით, არ მოუპარავს... რაც ეკუთვნოდა, ის აიღო... პლუს-მინუს რამდენიმე ასეული, არა აქვს მნიშვნელობა... თუ მართლა სამხედროა, დაფიქრდით, იქნებ ისეთები გადაიტანა, რომ ეს ფულიც ცოტაა. იქნებ მეტიც ეკუთვნოდა, ასე რომ, ნუ განსჯით და არ განისჯებით“, - ასეთი უჩვეულო აზრი გამოთქვა ნონა გაბრელიანმა.

Lacasa de Zugdidi

ამერიკული პლატფორმის Netflix-ის მოყვარულებმა ზუგდიდში მომხდარი ამბავი ცნობილ ესპანურ სერიალ „ქაღალდის სახლს“ (Lacasa de papel) შეადარეს.

სერიალი ესპანეთის სამეფო ხაზინის ძარცვის შესახებ მოგვითხრობს. ადამიანების ჯგუფს, რომლებიც ერთმანეთს მიმართავენ ქალაქების სახელებით - ტოკიო, მოსკოვი, ბერლინი, დენვერი, ოსლო, ჰელსინკი, რიო და ნაირობი - ინკოგნიტო პირის ხელმძღვანელობით, ზედმეტსახელად „პროფესორი“, მძევლებად აჰყავს რამდენიმე ათეული მოქალაქე და ხაზინაში რამდენიმე დღის განმავლობაშია დაბანაკებული. ბოლოს ისინი ათავისუფლებენ ყველა მძევალს, თან მიაქვთ რამდენიმე მილიარდი ევრო და გაურკვეველი მიმართულებით იმალებიან.

სერიალის ახალი სეზონის პრემიერა 2021 წელსაა დაგეგმილი, მაგრამ ადგილობრივები ხუმრობენ, რომ საქართველოში ახალი სეზონი უფრო ადრე ნახეს, ვიდრე მთელ მსოფლიოში.

ფეისბუქის მომხმარებლებმა 21 ოქტომბრის მოვლენებს ხუმრობით Lacasa de Zugdidi უწოდეს. ზოგიერთმა „ფან-არტიც“ კი გააკეთა - სერიალის მთავარ გმირებს გაუნაწილა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის ქალაქების სახელები - ზუგდიდი, ფოთი, სენაკი, ხობი, აბაშა, მარტვილი და ჩხოროწყუ.

მომხმარებლებს არც „ევროპული საქართველოს“ ლიდერის, გიგი უგულავას საქციელი გამორჩენიათ, რომელიც შემთხვევის ადგილზე მივიდა და მძევლებთან ადგილის გაცვლა შესთავაზა. „ქაღალდის სახლის“ მოყვარულებმა ის სერიალის გმირ არტურიტოს შეადარეს - ესაა უარყოფითი პერსონაჟი, სამეფო ხაზინის დირექტორი, რომელიც ცდილობს მძარცველებს ხელი შეუშალოს, მაგრამ არაფერი გამოსდის. ამით ის კიდევ უფრო ართულებს მძევლების მდგომარეობას.

კიდევ ერთი პარალელი სერიალთან - დიდი ბრიტანეთის ელჩის ქალიშვილი - მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი მძევალია. შეგახსენებთ, რომ ზოგიერთმა მასმედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს ბანკის ფილიალში თავდასხმის დროს ზუგდიდის მერის ოჯახის წევრი იმყოფებოდა.

0