დავით ზალკალიანი

დანიაში საქართველოს ელჩის განცხადება საგარეო საქმეთა მინისტრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა

64
(განახლებულია 20:49 08.10.2020)
ზალკალიანის თქმით, ვიდრე ელჩი მსგავს განცხადებას გააკეთებდა, მას ქვეყნის საგარეო უწყებასთან კომუნიკაცია უნდა ჰქონოდა.

თბილისი, 8 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა დანიის სამეფოში საქართველოს ელჩის გიგი გიგიაძის მიერ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილის მხარდამჭერ განცხადებას მოულოდნელი უწოდა.

საქართველოს რომელი ტერიტორიები გადაეცა აზერბაიჯანს უკანონოდ? გენპროკურატურის ვიდეო>>>

გიგი გიგიაძემ მელაშვილის მისამართით წაყენებულ ბრალდებებს „უსაფუძვლო და აბსურდული“ უწოდა.

„სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ივერი მელაშვილს, რომელსაც პირადად ვიცნობ 1997 წლიდან და მიმაჩნია, რომ ის არის საკუთარი ქვეყნის, საქართველოს გამორჩეული პატრიოტი, ჩვენი სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის პროცესის პროფესიონალი და შეუცვლელი ექსპერტი. წარდგენილი ბრალდება იმდენად აბსურდული და საღ აზრს მოკლებულია, რომ ამაზე კომენტარის გაკეთებაც მიჭირს. იმედს ვიტოვებ, რომ ეს დაწყებული გამოძიება ყველა არსებულ კითხვას ამომწურავ პასუხს გასცემს და სრულიად უდანაშაულო, თავის ქვეყანაზე შეყვარებული ადამიანი მალევე გათავისუფლდება“, – დაწერა გიგი გიგიაძემ საკუთარ Facebook–გვერდზე. 

როგორც ჟურნალისტებთან საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, გიგი გიგიაძის განცხადება მისთვისაც მოულოდნელი იყო, რადგან მისი მხრიდან სამინისტროსთან კომუნიკაცია არ ყოფილა.

„როდესაც ელჩი განცხადებას აკეთებს, მით უმეტეს, ასეთ უაღრესად მგრძნობიარე თემაზე, მან უნდა დარეკოს და გვკითხოს – რა მდგომარეობაა, რასთან გვაქვს საქმე. ასეთი ზარი არ შემოსულა. ჩემთვისაც სიურპრიზი იყო. მან ასეთი განცხადება Facebook–პოსტის სახით გამოაქვეყნა და, ალბათ, მისი ერთგვარი ემოციური დამოკიდებულება იყო კოლეგის მიმართ. რა თქმა უნდა, მასთან აუცილებლად გვექნება კომუნიკაცია. საქმესთან დაკავშირებით მას მიეწოდება ყველა ინფორმაცია. ჩვენ ამას სამინისტროს შიგნით განვიხილავთ და მასთან ამ თემაზე საუბარი გვექნება“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ამასთან, ზალკალიანმა აღნიშნა, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომლის დაკავება ემოციურად მისთვისაც რთულია.

„ყველამ ერთად ვიხილეთ პროკურატურის განცხადება, რომელშიც საუბარია სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოკვეთილ მძიმე დანაშაულის ნიშნებზე. მოგეხსენებათ, დაკავებულია საგარეო საქმეთა სამინისტროს ერთ-ერთი თანამშრომელი. ეს, რა თქმა უნდა, პირადად ჩემთვისაც და სამინისტროს სრული შემადგენლობისთვისაც ემოციურად რთულად აღსაქმელი იყო... მინდა იმედი გამოვთქვა, რომ ყველა კითხვას, რომელიც მის მიმართ არსებობს, პასუხი გაეცემა“, – აღნიშნა მინისტრმა.

საკითხის პოლიტიზება მიუღებელია – გახარია საზღვართან დაკავშირებით გამოძიების შესახებ>>>

უცხოეთის სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე დაკავებული არიან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი ივერი მელაშვილი და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა. ორივე მათგანი, როგორც ექსპერტები, 2007 წლამდე იყვნენ დელიმიტაცია–დემარკაციის კომისიის წევრები და რუკების ალბომებს ადგენდნენ. მათ ბრალი ედებათ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის პროცესში საქართველოს საზიანო გადაწყვეტილების მიღებაში, რაც ტერიტორიის ნაწილის უცხოეთის სახელმწიფოსთვის გადაცემას გულისხმობს. მელაშვილსა და ილიჩოვას 10-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

64
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა

58
(განახლებულია 21:58 22.10.2020)
თუ საქართველოში ჩამოსული მოქალაქე ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებს, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდება

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის ახალი წესები ამოქმედდა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, 8-დღიან თვითიზოლაციაში განთავსდებიან საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–კვლევის წარდგენის შემდეგ. თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR–ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინო სივრცეში გადაყვანას.

იგივე წესი მოქმედებს ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

თუმცა, აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12-დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან. მათაც საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტი შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ გერმანიის, საფრანგეთის, ლიეტუვის, ლატვიის, ესტონეთის, ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვენის, ისლანდიის გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR-კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებენ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

58
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ჯონდი ბაღათურია

პროკურატურა არკვევს, რატომ მოითხოვდა ოპოზიცია 2012 წელს სააკაშვილის იმპიჩმენტს

60
ჯონდი ბაღათურიამ უამბო გამოძიებას ოპოზიციის იმ რეაქციაზე, რომელიც გამოიწვია ყოფილი ხელისუფლების ქმედებებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურა უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა >>

როგორც ბაღათურიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ მოითხოვდა ის 2012 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს.

„მე პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დავდე სახელმწიფო ღალატში. ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატი და დათმეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ დიდი ტერიტორია აზერბაიჯანის სასარგებლოდ. მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და სხვა რიგი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფოს ღალატს და ცდილობენ იმ დოკუმენტის დელეგიტიმაციას, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და არა – აზერბაიჯანის“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ამ ბრალდებებს 2012 წელს საფუძვლად დაედო ის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ბერებსა და მომლოცველებს უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ გზა გადაუკეტეს.

„მაშინ, მიხეილ სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია დაეცვა, წავიდა იტალიაში შოპინგზე და გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება, რომ დავით გარეჯის ნაწილი იყო აზერბაიჯანის ტერიტორია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ბაღათურია დარწმუნებულია, რომ „ის დიდი ფული, რომელიც გადახდილია ამ ისტორიულ ღალატში, ბრალდებულებსაც შეხვდათ“.

„შეიძლება, დაკავებულებმა დავალება შეასრულეს, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვინმეს გაეკეთებინა მაშინდელი პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გარეშე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

60
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ (65)
მთვარის ფაზები

მთვარის კალენდარი: 23 ოქტომბერი რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:25 22.10.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

23 ოქტომბერი, პარასკევი. ამ დღეს ვენერა მართავს. მზარდი მთვარე თხის რქის ნიშანშია, საღამოს მერწყულის ნიშანში გადადის.

დღის პირველ ნახევარში – თხის რქის დღეს კარგად გამოდის მნიშვნელოვანი საქმეების დაგეგმვა და დაწყება. ხელსაყრელი დროა ისეთი სამუშაოს შესრულებისთვის, რომელიც სიზუსტეს, მკაცრ მათემატიკურ გამოთვლებსა და ინსტრუქციების მკაფიო შესრულებას მოითხოვს.

კარგად მიმდინარეობს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული ოპერაციები, ფინანსური ოპერაციებისგან კი სჯობს, თავი შეიკავოთ. არახელსაყრელია ვალის აღება და გაცემა. არასასურველია ახალ სამუშაოზე გადასვლა. ამ დღეებში შესანიშნავად მუშაობს ლოგიკა, ამიტომ ასეთი პერიოდი არცთუ იღბლიანია შემოქმედებითი ადამიანებისთვის. ჩნდება პასუხისმგებლობის, პრაქტიკულობის, ვალდებულების გრძნობები.

ურთიერთობების გამორკვევა, რომანტიკული პაემანი და ზეიმი, სჯობს, სხვა დროისთვის გადადოთ. როდესაც მთვარე თხის რქის ნიშანშია, ურთიერთობებში ჭარბობს საქმიანი მხარე, ლაკონურობა, სიახლე და უჩვეულო რამ რთულად მიიღება, მეტად ფასობს საიმედოობა და წესრიგი. ურთიერთობებში ხშირად ჩნდება დაბრკოლებები, შესაძლებელია მცირე უსიამოვნებები, დასანანი შეცდომები, დაყოვნებები. ასეთ დღეებში ურთიერთობები უფრო ასაკოვან ადამიანებს შორის ეწყობა. თხის რქის დღეს დაწყებული სასიყვარულო ურთიერთობები თანდათანობით ვითარდება და პრაქტიკულობა ახასიათებს.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე>>

ხშირად ეს ურთიერთობები გრძელვადიანი და სტაბილური ხდება, გვირგვინდება ქორწინებით, მაგრამ აქეთ მოვლენები ძალიან ნელა ვითარდება.

დღის მეორე ნახევარში, თბილისის დროით 16:22 საათიდან მთვარე მერწყულის ნიშანში გადადის. ჩნდება ინტერესი ყოველი ახლისადმი, მოულოდნელად მოდის საინტერესო იდეები, ადამიანებში იზრდება დამოუკიდებლობის წყურვილი, ექსტრავაგანტულობა, კომუნიკაბელურობა, ექსპერიმენტებისკენ სწრაფვა, შემოქმედებითი დამოკიდებულება ყველაფრისადმი.

კარგი დღეა მეგობრობისა და ფლირტისთვის. თუ გინდათ, რომ პარტნიორისთვის საყვარელი ადამიანი იყოთ, გახდით მისი მეგობარიც და არ შეუშინდეთ ორიგინალობას. მთვარეს მერწყულში უცნაური და უჩვეულო ნაცნობობა შეუძლია მოიტანოს. არ გაგიკვირდეთ ვითარების სწრაფი ცვლა, ეცადეთ, პარტნიორი იდეალურად არ აღიქვათ.

ასეთ დროს სასიყვარულო ურთიერთობებზე დიდ გავლენას ახდენს მეგობრების მოსაზრებები. თუ გაჩნდება მეგობრობა, ურთიერთგაგება, მაშინ რომანი, დიდი ალბათობით, დიდხანს გაგრძელდება. ეს უფრო ორიგინალური კავშირი იქნება, ვიდრე მგზნებარე და ვნებიანი.

რეკომენდებულია დღის პირველ ნახევარში მოლაპარაკებების გამართვა, ახალი კავშირების დამყარება, სარეკლამო და სააგიტაციო კამპანიის წარმოება, გასაუბრება, სიტყვის ძალის გამოყენება ინვესტორების, პარტნიორებისა თუ სპონსორების დარწმუნებისთვის, ხელმძღვანელი პირების მხრიდან ხელქვეითებისთვის მადლობის გადახდა და წახალისება, ხელქვეითებისთვის კი ხელმძღვანელობისთვის თხოვნით მიმართვა, თითოეული სიტყვის აწონ–დაწონა, ბიზნესმენების მხრიდან შემოქმედებითი ადამიანების მხარდაჭერა, მათი სპონსორობა.

არარეკომენდებულია ვინმეს გადმობირების დროს ზედმეტი მცდელობა, ეჭვებისა და შიშების შესახებ საუბარი.

რეკომენდებულია დღის მეორე ნახევარში ძველი პროექტების განხორციელებისას კრეატიული იდეების გამოყენება, მცირე ფინანსური საქმეების გადაწყვეტა, ახალი პარტნიორების ძებნა, ინდივიდუალურად მუშაობა და გუნდური მუშაობის შეზღუდვა.

არარეკომენდებულია საკუთარ შესაძლებლობების ზედმეტად შეფასება, დატვირთვა სამუშაოზე.

არცთუ ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის, მოგზაურობის დაწყებისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ამ დღეს შეიძლება თმის შეჭრა და შეღებვა. თმის სტრუქტურა გაუმჯობესდება, ბოლოები ნაკლებად გაიყოფა. ძალზე ხელსაყრელი დღეა მანიკურისთვის. დღის მეორე ნახევარში, სჯობს, თმის შეჭრისგან თავი შეიკავოთ. შეღებვისთვის კარგი დროა.

მებაღეობა: კარგი დღეა ბოლქვიანი მცენარეებისა და ზამთრის ბოსტნეულის დარგვისთვის, სარეველისგან გაწმენდისთვის, მავნებლებთან ბრძოლისთვის, რომლებიც მიწაში ცხოვრობენ, იმ ყვავილების მორწყვისა და მათთვის სასუქის მიცემისთვის, რომლებსაც სუსტი ფესვები აქვთ, პიკირებისთვის, ნაყოფიანი ხეების შეწამვლისთვის, გასხვლისთვის, გადარგვისთვის, მოსავლის აღებისთვის.

საღამოს კი, ვინაიდან მერწყულის ნიშანი მებაღეობის მხრივ არცთუ ნაყოფიერი პერიოდია, შეიძლება მხოლოდ ბრძოლა მავნებლებთან, მცენარეების შეწამვლა, ნიადაგის გაფხვიერება, არ ღირს პიკირება, მცენარეების დარგვა და გადარგვა.

0