მამუკა ხაზარაძე

როგორ გეგმავს ხაზარაძე საქართველოში უმუშევრობის დამარცხებას

50
(განახლებულია 16:00 06.10.2020)
დღეისათვის საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%-ს შეადგენს, თუმცა, როგორც ხაზარაძე ამტკიცებს, ეს მაჩვენებელი რეალურად 27%-ს აღემატება.

თბილისი, 6 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში უმუშევრობის დონემ პიკს მიაღწია, განაცხადა პარტიის „ლელო საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ქვეყანაში სოციალური მდგომარეობა ჯერ კიდევ პანდემიამდე გამწვავდა, რამდენადაც ადამიანები სამსახურის გარეშე იყვნენ, პანდემიამ კი უფრო მეტად დაამძიმა ვითარება. 

„უმუშევრობამ „ქართული ოცნების“ ცხრაწლიანი მმართველობის პერიოდში რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. დღეს ასობით ათასი ადამიანი სამსახურის გარეშე დარჩა და ეს – არა პანდემიის გამო. პრობლემა პანდემიამდეც მწვავედ იდგა.  ასობით ათასი ჩვენი მოქალაქე უცხოეთში რთულ პირობებში მუშაობს იმისთვის, რომ აქ დატოვებული ოჯახები სიღარიბისა და შიმშილისგან იხსნან“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დღეისათვის საქართველოში უმუშევრობის დონე 18,5%-ს შეადგენს, თუმცა, როგორც ხაზარაძე ამტკიცებს, ეს მაჩვენებელი რეალურად 27%-ს აღემატება.

„ლელოს“ დამფუძნებელს მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ პანდემიის პერიოდში არათანმიმდევრული მოქმედებებით ათასობით ადამიანს ყოველდღიურად სამსახურის გარეშე ტოვებს. მმართველი გუნდი უარს აცხადებს ალტერნატიულ წინადადებებზე, რომლებსაც შეუძლია მოსახლეობა სიღარიბისგან იხსნას, განაცხადა პოლიტიკოსმა. 

„500 ათასი ადამიანი, ეს კატასტროფული რიცხვია, და „ქართულ ოცნებას“ გეგმაც კი არ აქვს როგორ დაძლიოს ეს პრობლემა, აღარაფერს ვამბობ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ქმედითი ნაბიჯების გადადგმაზე. თუ ჩვენ ახლავე არ დავიწყებთ სწორი და რადიკალური რეფორმების გატარებას, სიტუაცია კიდევ უფრო დამძიმდება. სწორი რეფორმა ერთადერთი გამოსავალია ქვეყნის ამ რთული მდგომარეობიდან გამოსაყვანად და ამ ახალი რეფორმების ტალღა ოქტომბრიდან დაიწყება“, – აღნიშნა ხაზარაძემ.

მისი თქმით, „ლელოს“ გუნდმა მთავრობას არაერთხელ შესთავაზა გამოსავალი და უმუშევრობასთან ბრძოლისთვის სწორი ნაბიჯები.

„მარშალის გეგმის” (პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა) თანახმად, რომელიც „ლელომ“ და მისმა გუნდმა წარმოადგინა, ჩვენ შეგვიძლია ყოველ წელს შევქმნათ 50 ათასი ახალი სამუშაო ადგილი, რაც მომდევნო 4 წელიწადში 200 ათასით ნაკლებ უმუშევარს ნიშნავს. „ქართულმა ოცნებამ“ არ იცის, როგორ მართოს კრიზისი და გააჩინოს შესაძლებლობა. ეს იცის ჩვენმა გუნდმა. ჩვენ ვიცით, როგორ ვაკეთოთ საქმე“, – განაცხადა ხაზარაძემ.

ხაზარაძემ პარტია „ლელო საქართველოსთვის“ 2019 წლის ბოლოს დააფუძნა. ახალმა პარტიამ პირველი არჩევნებისთვის, საზოგადოებრივი აზრის სხვადასხვა გამოკითხის თანახმად, გამოცდილი პარტიების პოზიციები მნიშვნელოვნად შეავიწროვა და კვლევებში მეოთხე–მეხუთე ადგილს იკავებს. 

უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში
© Sputnik / Konstantin Ivanov
უმუშევრობა და დასაქმება საქართველოში
50
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (167)
„ქართული ოცნების“ მთავარი ოფისი

„ქართული ოცნება“ რეგიონებში თავისი პროგრამის თემატურ პრეზენტაციას იწყებს

8
პროგრამის პირველი პრეზენტაცია 20 ოქტომბერს რუსთავში გაიმართება და მას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე ჩაატარებს

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ რეგიონებში თავისი წინასაარჩევნო პროგრამის თემატურ პრეზენტაციებს იწყებს, იუწყება პარტიის პრეს–სამსახური.

მდგრადი განვითარების პროგრამის პირველი პრეზენტაცია სამშაბათს ქალაქ რუსთავში გაიმართება და მას პარტიის აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე წარუძღვება.

ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იქნება ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის, ასევე გარემოს დაცვის განვითარების პროგრამული მიმართულებები.

მმართველმა პარტიამ თავისი მომდევნო ოთხწლიანი მმართველობის პროგრამა, რომელშიც ასახულია ძირითადი რეფორმების გაგრძელება, ოქტომბრის დასაწყისში წარმოადგინა.

პროგრამის დიდი ნაწილი ეძღვნება ბიზნესის განვითარებას სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით, სოციალურ დახმარებას, ჯანდაცვასა და განათლებას.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობს 48 პარტია და ორი ბლოკი. ამომრჩეველი აირჩევს ა50 დეპუტატს – 120–ს პროპორციული და 30–ს – მაჟორიტარული სისტემით.

8
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საარჩევნო ყუთი

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

25
(განახლებულია 08:06 20.10.2020)
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ბოლო მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 10:00 საათამდე უნდა მიმართონ.

როგორც ცესკოს პრეს–სპიკერმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ზემოთაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე.  სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

25
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ტესტირება

პარლამენტის თავმჯდომარის მრჩეველს კორონავირუსი დაუდასტურდა

0
(განახლებულია 13:25 20.10.2020)
მიხეილ ფეიქრიშვილის განმარტებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, უცნობია ასევე ინფიცირების წყარო.

თბილისი, 20 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძის მრჩეველ მიშა ფეიქრიშვილის კორონავირუსი დაუდასტურდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“. 

ფეიქრიშვილის განცხადებით, მას ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები არ აღენიშნება, უცნობია ასევე ინფიცირების წყარო. იგი მკურნალობის კურსს, სახლში, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ გადის.

„ბოლო პერიოდში ძალიან ბევრ ადგილზე მომიწია ყოფნა, თავის დაზღვევის მიზნით ჩავიტარე PCR-ტესტი, პასუხი დადებითი აღმოჩნდა. პროცესი მიმდინარეობს სრულიად უსიმპტომოდ. ინფიცირების წყაროსთან დაკავშირებით ვერაფერს ვიტყვი. მაქსიმალურად ვითვალისწინებდი დაწესებულ ყველა რეგულაციას", - განაცხადა პარლამენტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი მიხეილ ფეიქრიშვილი. 

გუშინ კორონავირუსი დაუდასტურდა პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარეს გენადი მარგველაშვილს და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარეს ნინო წილოსანსაც.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1194-ით გაიზარდა და 19857-ს მიაღწია, სულ გამოჯანმრთელდა 8666 ადამიანი, გარდაიცვალა – 158, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 6407, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 2862 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1420 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.                                  

0
თემები:
COVID-19 საქართველოში