მიხეილ სააკაშვილი

შემოიტანოს, ითხოვოს და ნახავს... მისცემს თუ არა ზურაბიშვილი სააკაშვილს მოქალაქეობას

88
(განახლებულია 10:28 05.10.2020)
საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს არ დაუკონკრეტებია საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობას აღუდგენს თუ არა

თბილისი, 5 ოქტომბერი – Sputnik.  მიხეილ სააკაშვილმა ჯერ აირჩიოს სამშობლო და შემდეგ შემოიტანოს მოქალაქეობის აღდგენასთან დაკავშირებით განცხადება, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ამ ეტაპზე უკრაინაში ცხოვრობს. მას უკრაინის მოქალაქეობა აქვს და უკრაინის ეროვნული რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა უკავია. მიუხედავდ ამისა, სააკაშვილი საკუთარ Facebook–გვერდზე აქტიურად ეხმაურება საქართველოში მიმდინარე მოვლნებს და არ მალავს ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების პროცესებში ჩართვას. 

რომ აღიდგინოს ან მიიღოს საქართველოს მოქალაქეობა, სააკაშვილმა შესაბამისი განცხადებით საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უნდა მიმართოს. თავად მან განაცხადა, რომ მოქალაქეობის დაბრუნებას სასამართლოს გზით გეგმავს.

 „რომელ სამშობლოში ბრუნდება, ეს არის მისი სამშობლო? იგი უკრაინასაც ეძახის სამშობლოს. ასე რომ, ჯერ უნდა გაერკვიოს და შემდეგ შემოიტანოს განცხადება. ითხოვოს და ნახავს... მე ჰიპოთეთიკურ კითხვებზე არ ვპასუხობ. მას განცხადება  შემოტანილი  არ აქვს და ეტყობა, არც აპირებს. მგონი, უფრო სპეკულირებს, მაგრამ ეს მისი გადაწყვეტილებაა. რა იქნება შედეგი, ვნახოთ," - აღნიშნა ზურაბიშვილმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

სააკაშვილი საქართველოს შემდეგ

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პრეზიდენტი 2004–2013 წლებში იყო. არჩევნებზე მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დამარცხებისა და საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ვიდრე 2015 წელს უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მას ოდესის ოლქის გუბერნატორის თანამდებობა არ შესთავაზა – სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა მიიღო.

უკრაინის მოქალაქეობის მიღებისთანავე სააკაშვილს საქართველოს მოქალაქეობა ავტომატურად შეუჩერდა. ამასთან, ბოლო წლებში თავად სააკაშვილისა და საქართველოში მისი მომხრეების საქმიანობა არაერთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მიზეზი გახდა.

სააკაშვილი საქართველოში ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ და დააპატიმრებენ.

88
თემები:
მიხეილ სააკაშვილი (152)
საარჩევნო ყუთი

კლინიკებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლებისთვის 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა

12
(განახლებულია 08:06 20.10.2020)
სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

 

თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი პირებისთვის ხმის მიცემის უზრუნველსაყოფად, ბოლო მონაცემებით, 127 სპეციალური საარჩევნო უბანი შეიქმნა, განაცხადა საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრეს-სპიკერმა ანა მიქელაძემ ბრიფინგზე. 

არჩევნებში მონაწილეობის მიზნით, თვითიზოლაციაში მყოფმა პირებმა ცესკოს განცხადებით 26 ოქტომბრის 10:00 საათამდე უნდა მიმართონ.

როგორც ცესკოს პრეს–სპიკერმა აღნიშნა, უკვე გამოცხადებულია კონკურსი ზემოთაღნიშნული 127 საარჩევნო უბნის დაკომპლექტების თაობაზე.  სწორედ სპეციალური ჯგუფები უზრუნველყოფენ სტაციონარულ დაწესებულებებსა და იზოლაციაში მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობას, სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების ზედმიწევნით დაცვითა და უსაფრთხოების სრული გარანტიით.

სპეციალური ჯგუფის თითოეული წევრი, ისევე როგორც საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილე აღჭურვილი იქნება შესაბამისი ეკიპირებით, კერძოდ, ერთჯერადი ხალათით, ნიღბით, ხელთათმანით, დამცავი ფარითა და სადეზინფექციო საშუალებებით. ამასთან, სპეციალური ჯგუფის წევრების მიერ ამომრჩევლებისთვის გადასატანი საარჩევნო ყუთისა და საარჩევნო ბიულეტენების გადაცემა მოხდება ამომრჩევლებთან ახლო კონტაქტის გარეშე არანაკლებ 1,5 მეტრი დისტანციის დაცვით.

მიქელაძის ინფორმაციით, სპეციალური საარჩევნო უბნები 07:00 საათზე გაიხსნება, გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურა დაიწყება 08:00 საათზე და  20:00 საათამდე გასტანს.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნებში მონაწილეობას იღებს 48 პარტია და 2 ბლოკი. ამომრჩევლებს მოუწევთ 150 დეპუტატის არჩევა – 120 აირჩევა პროპორციული სისტემით, ხოლო 30 – მაჟორიტარულით.

საქართველოში არჩევნები პანდემიის პირობებში პირველად ტარდება. ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 18663-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 8 338, გარდაიცვალა 143 პაციენტი.

პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ნინო ბურჯანაძე

ბურჯანაძე მზადაა შეუერთდეს მოლაპარაკებებს აზერბაიჯანთან საზღვრის სადავო მონაკვეთის თაობაზე

60
საქართველოს პარლამენტის ყოფილი სპიკერი, „ერთიანი საქართველოს“ ლიდერი დარწმუნებულია, რომ აზერბაიჯანულ მხარესთან მოლაპარაკებას პოზიტიურ იმპულსს შესძენს

თბილისი, 19 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პარლამენტის ექსსპიკერი, „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერი ნინო ბურჯანაძე აცხადებს, რომ მზადაა, მეგობრული დიალოგი აწარმოოს აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხზე.

რას ფიქრობს საქართველოს საპატრიარქო დავით-გარეჯის საქმის ახალ გარემოებებზე >>

საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაციის კომისიის მუშაობისას ტერიტორიების გადაცემის შესახებ გამოძიება ამ შემოდგომაზე დაიწყო. ამ ეტაპზე საქმეზე დაკავებულია ორი მოხელე, რომლებმაც, ბრალდების ვერსიით, დამალეს 1937-1938 წლების რუკის არსებობა, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა 3,5 ათასი ჰექტარი ტერიტორია, მათ შორის, დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის ნაწილი.

„დავით გარეჯის თემა ყოველთვის იყო ჩემი ყურადღების საგანი და ახლაც, ბუნებრივია, იქნება. რომელი რუკებით უნდა ისარგებლოს კომისიამ, მე ჯერ ნამდვილად ვერ გეტყვით, იმიტომ რომ ჯერ ერთი არ ვარ კარტოგრაფი და მეორე, არ მაქვს დეტალური ინფორმაცია. ნებისმიერი მექანიზმი უნდა იყოს გამოყენებული, რომ საქართველოს ინტერესი დავიცვათ, მაგრამ ეს მექანიზმი უნდა იყოს მეგობრული, გაწონასწორებული, პიარისგან დაცლილი და საქმით სავსე. მე შემიძლია ძალიან საქმიანი და მეგობრული მოლაპარაკების წარმართვა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და შევეცდები, რომ ამ პროცესში პოზიტიური გარდატეხა მოხდეს“, – განაცხადა ბურჯანაძემ.

ბურჯანაძემ მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ არჩევნების წინ ამ თემით მანიპულირებაში დაადანაშაულა.

„ეს იყო ნამდვილად წინასაარჩევნოდ წამოწეული პიარი, რომლის შედეგადაც ორი სრულიად უდანაშაულო ადამიანი ზის ციხეში და რა თქმა უნდა. ეს საკითხი საგანგებოდ უნდა შეისწავლოს მომავალმა პარლამენტმა“, - აღნიშნა ბურჯანაძემ.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვარი 440 კილომეტრია, მისი მესამედი ჯერ არ არის დელიმიტირებული. ერთ-ერთ სადავო მონაკვეთზე მდებარეობს მეექვსე საუკუნის დავით–გარეჯის სამონასტრო კომპლექსი, რომლის ნაწილზეც პრეტენზიას აზერბაიჯანული მხარე აცხადებს და იქ ქართველ მომლოცველებს არ უშვებს. ახლახან გაირკვა, რომ მონასტრის ტერიტორია აზერბაიჯანის კონტროლის ქვეშ უკანონოდ მოექცა.

ამჟამად დემარკაცია-დელიმიტაციის კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პატიმრობაში არიან. პროკურატურამ არ გამორიცხა ამ საქმეზე სხვა პირთა დაკავება. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ ბრალდება ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილსაც შეიძლება წარედგინოს.

60
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
სამუელ პატის ხსოვნისადმი მიძღვნილი აქცია პარიზში

მოკლული მასწავლებლის საქმე: საფრანგეთში მეჩეთი იკეტება

0
(განახლებულია 09:54 20.10.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, ფრანგი მასწავლებლის მკვლელი მოსკოვში დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელიც პოლიციამ მოკლა

თბილისი, 20 ოქტომბერი — Sputnik. საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დერმანენმა მეჩეთის დახურვა მოითხოვა კომუნა პანტენში, რომლის Facebook–გვერდზეც მანამდე განთავსებული იყო ისლამისტის მამაკაცის მიერ მოკლული მასწავლებლის, სამუელ პატის წინააღმდეგ წამქეზებელი ვიდეო.

„მე ვთხოვე სენ–დენის პრეფექტს, დაკეტოს მეჩეთი პანტენში... დღეს ეს მეჩეთი დაიკეტება, დღეს საღამოსპრეფექტი ხელს მოაწერს აკრძალვას“, — განაცხადა დარმანენმა ტელეარხ TF1–ის ეთერში.

მინისტრის განმარტებით, მეჩეთის მმართველმა მანამდე გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ადგილობრივი სკოლის მოსწავლის ერთ–ერთი მშობელი მოუწოდებდა ხალხს, დაეშინებინათ ისტორიის პედაგოგი სამუელ პატი.

გარდა ამისა, პოლიციამ დააკავა მეჩეთის იმამიც. სულ მკვლელობის გამოძიების პროცესში ამ დროისათვის 15 ადამიანია დაკავებული.

შეგახსნებეთ: 16 ოქტომბერს, სამუელ პატის ცხედარი თავმოკვეთილი იპოვეს პარიზის მეზობლად მდებარე კომუნა კონფლან–სენტ–ონორინში, სკოლის მახლობლად. როგორც ირკვევა, სამუელ პატიმ მანამდე გაკვეთილებზე სიტყვის თავისუფლებაზე მსჯელობისას წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურები წარუდგინა მოსწავლეებს თვალსაჩინო მასალად. მოგვიანებით პოლიციამ დამნაშავე პარიზის მეზობელ კომუნაში მოკლა. 

შაბათს საფანგეთის ანტიტერორისტული პროკურატურის ხელმძღვანელმა ჟან-ფრანსუა რიკარმა განაცხადა, რომ თავდამსხმელი მოსკოვში 2002 წელს დაბადებული წარმოშობით ჩეჩენი მამაკაცი იყო, რომელსაც საფრანგეთში ლტოლვილის სტატუსი ჰქონდა.

პრეზიდენტმა მაკრონმა მასწავლებელზე თავდასხმა ტერორისტულ აქტად შეაფასა და განაცხადა, რომ „ისლამისტებს საფრანგეთში მშვიდი ძილი არ ეღირსებათ“.

კვირას პარიზის რესპუბლიკის მოედანზე და ასევე საფრანგეთის სხვა ქალაქებში ხალხმრავალი აქციები გაიმართა სამუელ პატის მკვლელობასთან დაკავშირებით, რომელშიც ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა და მთავრობის სხვა წევრებმაც მიიღეს მონაწილეობა.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს