მთავარი პრობლემა და მიღწევები: ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობა შეაფასა

მთავარი პრობლემა და მიღწევები: ივანიშვილმა „ქართული ოცნების“ მმართველობა შეაფასა

81
(განახლებულია 01:10 02.10.2020)
მმართველი პარტიის წინასაარჩევნო პროგრამა მიმართულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების, სიღარიბის დაძლევისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს მთავარი პრობლემა სიღარიბეა, მაგრამ ჩვენ არასდროს ვაღიარებთ, რომ ეს „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა  საარჩევნო პროგრამის პრეზენტაციაზე.

მმართველმა გუნდმა პარტიის პროგრამის წარდგენა 1 ოქტომბერს დაამთხვია. 8 წლის წინ, ამ დღეს „ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებში გაიმარჯვა და ხელისუფლებაში მოვიდა – მან ქვეყნის მართვის სადავეები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ გადაიბარა. 

ივანიშვილმა პროგრამის წარდგენამდე „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის შედარებითი ანალიზი გააკეთა, რომელიც 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი გუნდის მთავარი ოპონენტია.

პარტიის ლიდერმა ყოფილი მმართველი პარტიის ყველა კრიტიკას უპასუხა, სტატისტიკური მონაცემები მოიშველია, რომლებიც „ქართული ოცნების“ წარმატებებს უსვამდა ხაზს და აღნიშნა, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში „ნაცმოძრაობა“ „მორალურ ტერორს“ აგრძელებდა და რევანშისთვის მმართველი პარტიის „უნებლიე შეცდომებს“ იყენებდა. თუმცა, ერთი პრობლემა  მმართველი პარტიის ლიდერმა არ უარყო.

 „არსებობს საკითხი, რაშიც ვეთანხმებით უკლებლივ ყველა ოპონენტს და რაც ობიექტურ რეალობას ასახავს.  ეს არის, ჯერ კიდევ დაუძლეველი სიღარიბე. კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრია გაჭირვებაში მყოფი ოჯახი და უმუშევარი მოქალაქე. ვიცით, რომ უამრავ ადამიანს უდიდესი ძალისხმევა სჭირდება, რომ ნორმალურად გამოკვებოს ოჯახი, იზრუნოს შვილების ხარისხიან განათლებაზე, ჰქონდეს ცხოვრების ღირსეული პირობები. დიახ, ჩვენ ვაღიარებთ სიღარიბის არსებობას, მაგრამ ჩვენ ვერ მივიღებთ ბრალდებას იმის თაობაზე, რომ სიღარიბე, რომელიც მემკვიდრეობით გვერგო, „ქართული ოცნების“ მმართველობის შედეგია“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

ამასთან, მან  დაასახელა სიღარიბის ის პრობლემები, რომლებიც ათეული წლების მანძილზე დაგროვდა და ისაუბრა პარტიის  მმართველობის მიღწევებზე.

 „ჩვენ რვა წელია ვებრძვით სიღარიბეს და მოვახერხეთ მისი 20-წლიანი დაღმასვლის შეჩერება. 400 ათასამდე მოქალაქე ამოვიყვანეთ უკიდურესი სიღატაკიდან, თუმცა, კიდევ გვრჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 700 ათასზე მეტი ადამიანი და ეს ძალზე დიდი ციფრია“, – განაცხადა ივანიშვილმა. 

რაც შეეხება „ქართული ოცნების“ 8–წლიან მმართველობას, პარტიის თავმჯდომარემ მთავარ მიღწევად პოლიტიკური მიდგომის ცვლილება დაასახელა.

 მან „ქართული ოცნების“ მმართველობას „სტაბილურობისა და დემოკრატიის განვითარების“ პერიოდი და „ყველაზე მშვიდობიანი პერიოდი“ უწოდა.

რაც შეეხება თავად პარტიის პროგრამას, იგი წარადგინეს მოქმედმა მინისტრებმა, რომლებმა დაწვრილებით ისაუბრეს შესაბამის სფეროებში მიმდინარე რეფორმებზე, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისკენ, სიღარიბის დაძლევისა და სამუშაო ადგილების შექმნისკენ.

81
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (318)
გიორგი გახარია

გახარია: საქართველოში არ უნდა არსებობდეს დიდი სხვაობა ქალაქებს შორის

27
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ინვესტიციებს გზების, სკოლების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტული მოედნების მშენებლობაში განახორციელებს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მთავრობა მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ქვეყნის ინფრასტრუქტურაში მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას განახორციელებს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ვაკეში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის წარდგენისას. 

გიორგი გახარიას თქმით, საქართველოში არ უნდა არსებობდეს დიდი სხვაობა ქალაქებს შორის.

„ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის,  რომ საქართველოს მასშტაბით ჩვენს მოქალაქეებს შევუქმნათ თანაბარი პირობები. იცხოვრონ, იშრომონ და განვითარდნენ იქ, სადაც იბადებიან და ცხოვრობენ. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, განსაკუთრებით ახალგაზრდებისთვის. სწორედ ამიტომ საქართველოს მთავრობა მომავალი 4 წლის განმავლობაში ქვეყნის სისტემურ ინფრასტრუქტურაში განახორციელებს მინიმუმ 20 მილიარდი ლარის ინვესტირებას“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, მთავრობა ინვესტიციებს გზების, სკოლების, საგანმანათლებლო დაწესებულებების, სპორტული მოედნების მშენებლობაში განახორციელებს.

„ეს იქნება ის, რამაც ჩვენი ქვეყანა უნდა დაამსგავსოს საუკეთესო ევროპულ ქვეყნებს და ქალაქებს. მერწმუნეთ, რომ ეს ოთხი წელი იქნება ლოგიკური გაგრძელება იმ რვა წლის, რომელიც ჩვენ აქამდე გამოვიარეთ და ეს ოთხი წელი მოგვცემს ჩვენ შესაძლებლობას აბსოლუტურად დასაბუთებულად გავაკეთოთ განაცხადი სრულფასოვან წევრობაზე ევროპის დიდ ოჯახში“, - განაცხადა გიორგი გახარიამ.

დღეს მმართველმა პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ვაკეში მაჟორიტარობის კანდიდატად ნოდარ ტურძელაძე წარადგინა.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

27
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
ირაკლი კობახიძე

პირობა დადებულია: რა შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან კობახიძე

60
(განახლებულია 21:35 29.10.2020)
ირაკლი კობახიძე იმ შემთხვევაში წავა პოლიტიკიდან, თუ მმართველი პარტიის მაჟორიტარობის სამი კანდიდატიდან თუნდაც ერთი „ნაცმოძრაობიდან“ კონკურენტთან დამაცხდება.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. თუ მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ სამი მაჟორიტარობის კანდიდატიდან – ლევან კობიაშვილი, სოზარ სუბარი, ირაკლი ქადაგიშვილი – თუნდაც ერთი დამარცხდება ოპონენტთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“, პარტიის აღმასრულებელი მდივანი და წინასაარჩევნო კამპანიის ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძე პოლიტიკიდან წავლის პირობას დებს.

როგორც კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ის დარწმუნებულია, რომ იმ გამოკითხვების შედეგები, რომელთა თანახმადაც ზოგიერთ მაჟორიტარულ ოლქში ოპოზიციის კანდიდატები იგებენ, სინამდვილეს არ შეესაბამება.

„გუშინ დაიდო მონაცემები IPSOS-ის, რომლის მიხედვითაც ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი და გიორგი ბოტკოველი არჩევნებს იგებენ პირველ ტურში. მარტივად მინდა გითხრათ ერთი რამ: თუ ჩვენი სამი კანდიდატიდან – კობიაშვილი გლდანში, სოზარ სუბარი სამგორში და ქადაგიშვილი თელავის, ახმეტის, ყვარლის, ლაგოდეხის ოლქში – თუ რომელიმე ერთი მათგანი მაინც ვერ მოიგებს არჩევნებს, მე პოლიტიკიდან წავალ. ხოლო თუ სამივე მოიგებს, შევთანხმდეთ, რომ ნიკა გვარამია ქართული მედიიდან და პოლიტიკიდან წავიდეს“, – აღნიშნა კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. მასში მონაწილეობას მიიღებს 48 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობამ 150 დეპუტატი უნდა აირჩიოს — 120 პროპორციული და 30 მაჟორიტარული სისტემით. საარჩევნო ხმის უფლება აქვს საქართველოს ყველა მოქალაქეს, რომელსაც არჩევნების დღემდე შეუსრულდა ან იმ დღეს უსრულდება 18 წელი და რომელიც აკმაყოფილებს საარჩევნო კოდექსით დადგენილ პირობებს.

60
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (318)
ფეხბურთის ბურთი

„მერანის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი აღმოაჩნდათ 

0
საფეხბურთო კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელების ინფიცირების გამო გადაიდო მარტვილის „მერანისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საფეხბურთო კლუბ „მერანის“ ფეხბურთელებს კორონავირუსი დაუდასტურდათ, წერია კლუბის ოფიციალურ გვერდზე.

კლუბის ადმინისტრაციის ცნობით, ფეხბურთელების ინფიცირების გამო გადაიდო მარტვილის „მერანისა“ და ბოლნისის „სიონის“ მატჩი.

„5 ნოემბერს გასამართი მატჩი ეროვნულ ლიგა 2-ში, სადაც მარტვილის „მერანს“ ბოლნისის „სიონისთვის“ უნდა ემასპინძლა, გადადებულია. მიზეზი, კორონავირუსით გამოწვეული სიტუაციაა („მერანის“ რამდენიმე ფეხბურთელს COVID-19 დაუდასტურდა)“, – აღნიშნულია კლუბის Facebook-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ეროვნული ლიგის გვერდზე „მერანისა“ და „სიონის“ მატჩის ჩატარების ოფიციალურ თარიღად 25 ნოემბერია ჩანიშნული. ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც მატჩი გადაიდო. ანალოგიური მიზეზით თამაშები გადაუდეს „ლოკომოტივს“, ქუთაისის „ტორპედოს“ და ქობულეთის „შუქურას“.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, გარდაიცვალა 273 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში