„ფეისბუქის ლოგოტიპი

რა ხდება სოციალურ ქსელებში და რა შედეგები აჩვენა 700 გვერდისა და 14 ათასი პოსტის ანალიზმა

58
(განახლებულია 18:53 01.10.2020)
სოციალური ქსელის პოლიტიზება გრძელდება, და რაც უფრო ახლოვდება არჩევნები, მით მეტად. ვინ ვის უჭერს მართლა მხარს და ვინ ტირაჟირებს ფეიკებს?

თბილისი, 1 ოქტომბერი – Sputnik. წინასაარჩევნო კამპანიის დროს კვლავ იყენებენ დისკრედიტაციისთვის ანონიმურ გვერდებს როგორც მმართველი პარტიის, ისე ოპოზიციის წინააღმდეგ – ასეთ დასკვნამდე მივიდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED).

ორგანიზაციამ სოციალური მედიის წინასაარჩევნო მონიტორინგის ანგარიში გამოაქვეყნა. მონიტორინგი 1 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდს მოიცავს. კვლევის ფარგლებში გაანალიზდა 700 გვერდი და 14 ათასი პოსტი.

კერძოდ, კვლევამ გამოავლინა 37 გვერდი, რომელიც ღიად ეწევა ოპოზიციის დისკრედიტაციას, ასევე 32 გვერდი – მმართველი პარტიისა და მთავრობის დისკრედიტაციას. ასევე გამოვლინდა ცრუ მედიის 10 გვერდი, რომლებიც ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედებდა და ოპოზიციის წინააღმდეგ მიმართული ცრუ მხარდაჭერის ორი გვერდი. გარდა ამისა, საანგარიშო პერიოდში ფუნქციონირებდა ოპოზიციის მხარდამჭერი 16 და ხელისუფლების მხარდამჭერი 11 გვერდი.

„რაც გამოვკვეთეთ, არის ის, რომ კვლავ ხდება ანონიმური, დისკრედიტაციული გვერდების გამოყენება, როგორც ერთ-ერთი საშუალება წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდში. დისკრედიტაცია გამოიყენება როგორც ოპოზიციის, ასევე მმართველი პარტიის წინააღმდეგ“, – განაცხადა ISFED-ს აღმასრულებელმა მდივანმა ელენე ნიჟარაძემ.

ერთი კითხვა და განსხვავებული პასუხები - წინასაარჩევნო გამოკითხვების პარადოქსი საქართველოში>>

მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ გავრცელებული პოსტები შედარებით ნაკლები გახდა, მათზე ინტერაქცია მაინც მეტია – 500 ათასზე მეტი, აღნიშნა ნიჟარაძემ. მისი თქმით, ეს იმით აიხსნება, რომ მსგავსი პოსტები სპონსორდება.

არასამთავრობო ორგანიზაციის მონაცემებით, სოციალურ ქსელებში ასევე გამოიყენება მასობრივი ინფორმაციის ცრუ საშუალებები, რომლებიც თავს ავთენტურ მასმედიად წარმოადგენენ.

„საანგარიშო პერიოდისთვის ISFED-მ გამოავლინა 10 ცრუ მედია-გვერდი. რიგ შემთხვევებში დისკრედიტაციის მიზნით გამოიყენება სექსისტური და ჰომოფობიური გზავნილებიც. სამიზნე ქალი პოლიტიკოსები ხშირად იყვნენ გენდერული ნიშნით თავდასხმის ობიექტი“, – ნათქვამია ორგანიზაციის ანგარიშში.

გარდა ამისა, კვლევამ აჩვენა, რომ როგორც დისკრედიტაციის, ისე პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის მიზნით სოციალურ ქსელებში აქტიურად გამოიყენება ჯგუფები. ღიად დისკრედიტაციული Facebook-ჯგუფები ძირითადად ორი პოლიტიკური პარტიის, „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მოქმედებენ. 

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში>>

სოციალურ ქსელებში ყველაზე მეტი მხარდამჭერი ჯგუფი ჰყავს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ – 58. მათში 391 ათასი წევრია. „ქართულ ოცნებასთან“ აფილირებულია 33 ჯგუფი – 369 ათასზე მეტი მონაწილე.

58
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (258)
საგარეო საქმეთა სამინისტრო

ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის წესები შეიცვალა

11
თუ საქართველოში ჩამოსული მოქალაქე ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებს, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდება

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. უცხო ქვეყნიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრებისთვის, ასევე ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისთვის საქართველოში შემოსვლის ახალი წესები ამოქმედდა, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

უცხო ქვეყნიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები, აგრეთვე მათი ოჯახის წევრები, 8-დღიან იზოლაციაში განთავსდებიან საქართველოში ვიზიტამდე უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის წარდგენის შემდეგ. თუ პირი ვერ წარმოადგენს PCR ტესტს, დაექვემდებარება სავალდებულო წესით საკარანტინე სივრცეში გადაყვანას.

იგივე წესი მოქმედებს ევროპის 13 ქვეყნის მოქალაქეებისა და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირების მიმართ, როდესაც ისინი ამავე ქვეყნებიდან საჰაერო გზით მოემგზავრებიან. ესენია ესპანეთი, ლუქსემბურგი, ნიდერლანდები, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, საბერძნეთი, შვედეთი, ხორვატია, იტალია, კვიპროსი, სლოვენია, ისლანდია.

თუმცა, აღნიშნული წესი არ ეხება უცხოელ სტუდენტებს, მათთვის სავალდებულოა უკანასკნელი 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR კვლევის დამადასტურებელი საბუთის წარმოდგენა და 12 დღიანი კარანტინი, საკუთარი ხარჯებით.

საქართველოში შემოსვლისას იზოლაციას/კარანტინს არ ექვემდებარებიან:

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ჩამოსული საზღვარგარეთის ქვეყნების/საერთაშორისო ორგანიზაციების ოფიციალური დელეგაციების წევრები. მათ საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი საბუთი;

გერმანიის, საფრანგეთის, ლატვიის, ლიეტუვის და ესტონეთის მოქალაქეები და მუდმივი ბინადრობის (ცხოვრების) უფლების მქონე პირები, თუ საქართველოში მოემგზავრებიან საჰაერო გზით, ამავე ქვეყნებიდან. მათაც საზღვარზე უნდა წარადგინონ უკანასკნელ 72 საათში ჩატარებული PCR-კვლევის დამადასტურებელი საბუთი ან ტესტი შემოსვლისას საკუთარი ხარჯით ჩაიტარონ.

აღნიშნული პირები მხოლოდ იმ შემთხვევაში დაექვემდებარებიან იზოლაცია/კარანტინს, თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში უფიქსირდებათ გერმანიის,  საფრანგეთის, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთის, ესპანეთის, ლუქსემბურგის, ნიდერლანდების, პოლონეთის, პორტუგალიის, რუმინეთის, საბერძნეთის, შვედეთის, ხორვატიის, იტალიის, კვიპროსის, სლოვენის, ისლანდიის გარეთ მოგზაურობა, ან ჩატარებული PCR-კვლევის შედეგად დაუდასტურდებათ ახალი კორონავირუსის არსებობა.

იმ შემთხვევაში კი, თუ ისინი, სხვადასხვა მიზეზებიდან გამომდინარე, ტესტის პასუხის წარმოდგენას ვერ მოახერხებენ, კვლავ საკარანტინო სივრცეში განთავსდებიან.

11
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში
ჯონდი ბაღათურია

პროკურატურა არკვევს, რატომ მოითხოვდა ოპოზიცია 2012 წელს სააკაშვილის იმპიჩმენტს

35
ჯონდი ბაღათურიამ უამბო გამოძიებას ოპოზიციის იმ რეაქციაზე, რომელიც გამოიწვია ყოფილი ხელისუფლების ქმედებებმა საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთებთან დაკავშირებით

თბილისი, 22 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს გენერალურმა პროკურატურა უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე პარტია „ქართული დასის“ ლიდერი, ჯონდი ბაღათურია გამოკითხა.

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა >>

როგორც ბაღათურიამ პროკურატურაში გამოკითხვის შემდეგ განაცხადა, გამომძიებლები დაინტერესდნენ, რატომ მოითხოვდა ის 2012 წელს პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის იმპიჩმენტს.

„მე პრეზიდენტ სააკაშვილს ბრალი დავდე სახელმწიფო ღალატში. ჩემი პოზიცია იყო და დღესაც არის, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა ჩაიდინეს ღალატი და დათმეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის საკმაოდ დიდი ტერიტორია აზერბაიჯანის სასარგებლოდ. მაშინდელი უშიშროების საბჭოს მდივანი გიგა ბოკერია, საგარეო საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე სერგი კაპანაძე და სხვა რიგი ჩინოვნიკები დღესაც აგრძელებენ სახელმწიფოს ღალატს და ცდილობენ იმ დოკუმენტის დელეგიტიმაციას, რომლითაც მტკიცდება, რომ დავით გარეჯი არის საქართველოს ტერიტორია და არა – აზერბაიჯანის“, - განაცხადა ბაღათურიამ.

მისი თქმით, ამ ბრალდებებს 2012 წელს საფუძვლად დაედო ის, რომ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები დადგნენ საქართველოს ტერიტორიაზე და ბერებსა და მომლოცველებს უდაბნოსა და ჩიჩხიტურის მონასტრებისკენ გზა გადაუკეტეს.

„მაშინ, მიხეილ სააკაშვილი, ნაცვლად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორია დაეცვა, წავიდა იტალიაში შოპინგზე და გააკეთა მოღალატეობრივი განცხადება, რომ დავით გარეჯის ნაწილი იყო აზერბაიჯანის ტერიტორია“, – განაცხადა ბაღათურიამ.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულებს, ბაღათურია დარწმუნებულია, რომ „ის დიდი ფული, რომელიც გადახდილია ამ ისტორიულ ღალატში, ბრალდებულებსაც შეხვდათ“.

„შეიძლება, დაკავებულებმა დავალება შეასრულეს, მაგრამ შეუძლებელია, ეს ვინმეს გაეკეთებინა მაშინდელი პრეზიდენტის, შინაგან საქმეთა მინისტრისა და უშიშროების საბჭოს მდივნის, გიგა ბოკერიას გარეშე“, – განაცხადა ბაღათურიამ.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

35
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
იუსტიციის სახლი

ქორწინება და განქორწინება ონლაინ: სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის წესები იცვლება

0
საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. სამოქალაქო აქტის რეგისტრაცია და შესაბამისი მოწმობის მიღება მომავალი წლიდან ელექტრონული ფორმით გახდება შესაძლებელი, იუწყება საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

დღეს მთავრობამ დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომლის თანახმად, 7 სახის სამოქალაქო აქტი ელექტრონული სახით დარეგისტრირდება და შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები – დაბადების, მამობის დადგენის, ქორწინების, განქორწინების, შვილად აყვანის, სახელის/გვარის შეცვლის, გარდაცვალების – ელექტრონული სახით გაიცემა.

„მოქალაქემ სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობები მისაღებად განაცხადი ელექტრონულად სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში უნდა გააკეთოს, რის შემდეგაც ის მიიღებს უნიკალურ სარეგისტრაციო ნომერს და შესაბამის საიდენტიფიკაციო კოდს, რომლის მეშვეობითაც უკვე პორტალ www.my.gov.ge-ზე გამოქვეყნებული სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობის ჩამოტვირთვა ადგილიდან გაუსვლელად ნებისმიერ დროს შეეძლება“, - ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მოქალაქეებს ასევე მნიშვნელოვნად გაუადვილდებათ საზღვარგარეთ წარსადგენი ელექტრონული დოკუმენტების შესაბამისი წესით დამოწმებაც, რაც მათ დაუზოგავს დროსა და ფინანსებს. დაინტერესებულ პირი მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს ელექტრონული მოწმობის სააგენტოსთვის წარდგენას, მისი ელექტრონული აპოსტილით დამოწმებას და დოკუმენტის მიღებას (ჩამოტვირთვას).

კანონპროექტით გათვალისწინებული ძირითადი რეგულაციების ამოქმედება 2021 წლის 1 თებერვლიდან არის გათვალისწინებული.

შესაბამისი სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა მატერიალური ფორმით მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიცემა, როდესაც ელექტრონული დოკუმენტის შექმნა ფორსმაჟორული გარემოებების ან/და ტექნიკური შეფერხების გამო იქნება შეუძლებელი, აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

საკანონმდებლო ცვლილებების მიზანი თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით მოქალაქეებისთვის სერვისებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის გაზრდაა.

0