Георгий Гахария

გახარიამ აზერბაიჯანსა და სომხეთს თბილისში შეხვედრის გამართვა შესთავაზა

89
(განახლებულია 22:02 30.09.2020)
საქართველოს პრემიერმა შეშფოთება გამოთქვა მეზობელ ქვეყნებში მოვლენების განვითარებასთან დაკავშირებით და მხარეებს კონფლიქტის მშვიდობიანად გადაწყვეტისკენ მოუწოდა.

თბილისი, 30 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთიანი ყარაბაღის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე კომენტარი გააკეთა და მოწინააღმდეგე მხარეებს კონფლიქტის მოგვარებისთვის მოლაპარაკებების ადგილად თბილისი შესთავაზა.

„აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგი სამხედრო დაპირისპირების შედეგად შექმნილია მძიმე ვითარება, არის დიდი მსხვერპლი და, სამწუხაროდ, საომარი მოქმედებების შეწყვეტა და დიალოგის განახლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ყველას კარგად გვესმის, რომ ვითარების შემდგომი ესკალაცია უაღრესად ნეგატიურ გავლენას იქონიებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე. კვლავ მოვუწოდებთ ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებს და საერთაშორისო აქტორებს, მაქსიმალურად გამოიყენონ საკუთარი შესაძლებლობები ესკალაციის შეწყვეტისა და დიალოგის განახლებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

სესიაშვილი: საქართველომ სომხეთსა და აზერბაიჯანს იარაღის ტრანზიტზე უარი უთხრა>>

მან აღნიშნა, რომ საქართველოს კეთილმეზობლური ურთიერთობები აკავშირებს ორივე მხარესთან – აზერბაიჯანთანაც და სომხეთთანაც.

„ისტორიულად საქართველოში მცხოვრები აზერბაიჯანელი და სომეხი ჩვენი მოქალაქეები ყოველთვის დიდ როლს თამაშობდნენ როგორც ჩვენი ქვეყნის, ასევე მთლიანად რეგიონის განვითარებასა და გაძლიერებაში. ამასთან, მათი მშვიდობიანი თანაცხოვრება კარგი მაგალითია, რომ ქართველებს, სომხებსა და აზერბაიჯანელებს გვაქვს პოტენციალი მთლიანად სამხრეთი კავკასია ვაქციოთ მშვიდობისა და განვითარების სივრცედ“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ საერთო ინტერესია, რაც შეიძლება მალე დამყარდეს მშვიდობა რეგიონში. საქართველო მზადაა, ყველანაირად შეუწყოს ხელი ამ პროცესს, მათ შორის, დიალოგის გამართვის მიზნით უმასპინძლოს კონფლიქტის მხარეების წარმომადგენელთა შეხვედრას თბილისში.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

89
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (93)
ლელო საქართველოსთვის

„ლელო საქართველოსთვის“ ცნობები პარტიის შესახებ

28
(განახლებულია 23:11 23.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა ვიცოდეთ ახალ პარტიაზე, რომელიც წარმატებულმა ბანკირმა მამუკა ხაზარაძემ დააფუძნა.

 

– საქართველოს ყველაზე ახალგაზრდა ოპოზიციური პარტია

– პარტია 2019 წლის დეკემბერში ბანკირებმა მამუკა ხაზარაძემ და ბადრი ჯაფარიძემ დააფუძნეს, რომლებმაც საქართველოში მესამე პოლიტიკური ძალის - მილიარდერ ივანიშვილისა და ექსპრეზიდენტ სააკაშვილის პარტიების ალტერნატივის შექმნა გადაწყვიტეს.

მამუკა ხაზარაძე პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პრემიერობის კანდიდატად დაასახელა>>>

პარტიის დამფუძნებლები არიან ცნობილი ქართველი ბანკირები, რომლებმაც 90-იან წლებში ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და მსხვილი TBC Bank შექმნეს.  

– პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ ფაქტობრივად გააერთიანა ორი პარტია: პარლამენტის ექს–სპიკერ დავით უსუფაშვილის „მშენებლობის მოძრაობა“ და „ახალი მემარჯვენეები“. პარტიაში აღმოჩნდნენ ასევე ექს–პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ადმინისტრაციის თანამშრომლები, ცნობილი ბიზნესმენები და ექსპერტები.

პარტიის ლიდერები და საკვანძო ფიგურები არიან: მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე, დავით უსუფაშვილი, ფიქრია ჩიხრაძე, მამუკა კაციტაძე, კახა კოჟორიძე, ანა ნაცვლიშვილი.

პარტიის იდეოლოგია - ცენტრისტულია, რომლის პირობებშიც მაქსიმალურად თავისუფალი ბიზნესი თავის თავზე იღებს სოციალურ პასუხისმგებლობას საზოგადოების წინაშე ღირსეული ხელფასებზე, სიღარიბესთან ბრძოლასა და უსაფრთხო შრომაზე.

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>>

– პარტიის ლიდერების ხაზარაძისა და ჯაფარიძის სახელები ასოცირებულია სისხლის სამართლის საქმესთან, რომელიც ეხება ფულის გათეთრებას და ბიზნესზე ზეწოლაში მმართველი პარტიის ლიდერ ბიძინა ივანიშვილის ბრალდებებთან დაკავშირებულ სკანდალს. ხაზარაძეც და ჯაფარიძეც თავდებით გათავისუფლდნენ.

– პარტია არჩევნებზე მონაწილეობს „56“ ნომრით, ლოზუნგით: „ახალი ძალა, ახალი იმედი“.

– პარტიის კურსი ნატოსა და ევროკავშირში ინტეგრაცია და რუსეთთან დიალოგის საერთაშორისო ფორმატის შენარჩუნებაა.

– პარტიის რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული სხვადასხვა გამოკითხვის შედეგად: 

გამოკითხვა რეიტინგი
Gorbi  2,9%
Ipsos     3,6%
Edison Research          2%
Survation        3,1%

 

 

28
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ნინო ბურჯანაძე და მისი პარტიის წევრები

ნინო ბურჯანაძემ სასესხო შეღავათებისთვის ბრძოლა დაიწყო

42
(განახლებულია 20:40 23.10.2020)
პარტია „ერთიანი საქართველოს“ ლიდერის მიერ ინიცირებულ პეტიციას რამდენიმე საათში 700-ზე მეტი ხელმომწერი გამოუჩნდა.

თბილისი, 23 ოქტომბერი – Sputnik. პარტია „ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ თბილისში მეტროს სადგურებთან ხელმოწერების შეგროვებას დაიწყო, რომელთა მიზანია ფორსმაჟორად გამოცხადდეს ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია და ეროვნულმა ბანკმა მოქალაქეებისთვის სასესხო შეღავათები დააწესოს.

23 ოქტომბრის 14:00 საათის მონაცემებით, უკვე შეგროვდა 750 ხელმოწერა.

„ამ პეტიციას პირველი ჩემი ხელმოწერა აქვს, რომელიც ეხება პანდემიის ფორსმაჟორულ ვითარებად გამოცხადების საკითხს და იმას, რომ ბანკების მიერ მოქალაქეებისთვის პანდემიის დაწყებამდე აღებულ სესხებზე დაგროვილი პროცენტი გაიქვითოს“, – განაცხადა ნინო ბურძჯანაძემ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში.

პარტიის ლიდერის თქმით, ყველა ხელშეკრულებაში წერია, რომ ფორსმაჟორულ ვითარებაში ხელშეკრულებების პირობები იცვლება.

„მოქალაქეებს მივმართავ, თქვენ გაქვთ უფლება მოითხოვოთ ამ სესხების შეჩერება, გადავადება, პროცენტებისა და ჯარიმების მოხსნა, შემოუერთდით ამ პეტიციას“, – განაცხადა ბურჯანაძემ.  

ხელმოწერების შეგროვება პეტიციაზე, რომლის წარდგენასაც პარტია საქართველოს მთავრობისთვის გეგმავს, კიდევ რამდენიმე დღე გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო ბევრი ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა. მაღალი საპროცენტო განაკვეთი კრედიტებზე მუდამ წარმოადგენს საზოგადოებისა და ოპოზიციური პარტიების ძირითად პრეტენზიას საქართველოს საბანკო სექტორის მიმართ.

 

42
კორონავირუსის ეპიდემია. მამაკაცი პირბადით ... ნიკაპზე

„კორონავირუსი ხომ არ მაქვს ???“: COVID-19-ის უტყუარი დიაგნოსტიკა ექიმ კომაროვსკისგან

0
(განახლებულია 12:20 24.10.2020)
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

თბილისი, 24 ოქტომბერი – Sputnik. ყნოსვის და გემოს გრძნობის დაკარგვა კორონავირუსული ინფექციის მნიშვნელოვანი დიაგნოსტიკური სიმპტომია, მიიჩნევს ცნობილი ექიმი და ტელეწამყვანი ევგენი კომაროვსკი. ამის შესახებ РИА Новости წერს.

„ტესტი „რისი სუნი აქვს?“ გაცილებით ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თერმომეტრია“, - განაცხადა მან.

ექიმმა აღნიშნა, რომ ყნოსვის დაკარგვა გრიპის დროსაც ხდება, მაგრამ მაშინ ეს განპირობებულია სურდოთი, ცხვირის „გაჭედვით“.

„კორონავირუსის დროს სურდო თითქმის არ არის, ყნოსვა კი იკარგება“, - აღნიშნა კომაროვსკიმ.

ასეთ სიმპტომს ექიმი ხსნის იმით, რომ COVID-19 აზიანებს იმ ნერვულ უჯრედებს, რომლებიც სუნსა და გემოს აღქმაში გვეხმარება. თუმცა ეს ცვლილებები აღდგენადია. სპეციალისტი აღნიშნავს, რომ ყნოსვის ფუნქციის აღდგენას სამი კვირა სჭირდება, ზოგჯერ კი სამი თვეა საჭირო.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების უკვე 42,2 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, გარდაიცვალა 1,1 მილიონი ადამიანი.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1941-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 26503-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 10163 ადამიანი, გარდაიცვალა – 193, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4180, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 3571 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 1848 ადამიანი იმყოფება.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში