ეუთოს დროშა

ვითარება მთიან ყარაბაღში: ეუთო რიგგარეშე სხდომის მოწვევას გეგმავს

98
(განახლებულია 17:37 30.09.2020)
საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერევანში ვიზიტს და ყარაბაღში შექმნილი ვითარების დეესკალაციაში საკუთარი წვლილის შეტანას გეგმავს.

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. მთიან ყარაბაღში შექმნილი ვითარების დროულად განსახილველად ეუთოს (OSCE) მუდმივმოქმედ საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის თხოვნით მიმართეს, შესაბამისი წერილი საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა ალბანეთში – ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანაში გაგზავნა, იუწყება РИА Новости.

სამხრეთ კავკასია მეოთხე დღეა მსოფლიო საზოგადოების ყურადღების ცენტრშია. 27 სექტემბრიდან მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს.

„მთიან ყარაბაღში დაძაბულობის ესკალაცია სერიოზულად აისახება რეგიონის სტაბილურობაზე, რასაც ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა აშშ-ის სახელმწიფო მდივან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას გაუსვა ხაზი“, – ნათქვამია საბერძნეთის საგარეო უწყების განცხადებაში. 

საბერძნეთის ინიციატივა მიმართულია ეუთოში ორი დაინტერესებული მხარის მონაწილეობით დებატების გამართვისა და კრიზისის დეესკალაციის ყველა შესაძლო საშუალების განხილვისკენ. მიზანი კვლავ რჩება ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში მოლაპარაკებების დაუყოვნებლივ განახლება პრობლემის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის, იუწყება საგარეო საქმეთა სამინისტრო.

„ზემოთ აღნიშნული წერილით საბერძნეთი მზადყოფნას გამოთქვამს კრიზისის დაუყოვნებლივ დეესკალაციაში საკუთარი წვლილი შეიტანოს. მზადყოფნა მინისტრმა ნიკოს დენდიასმა გამოხატა სომეხ კოლეგა ზოგრაბ მნაცაკანიანთან სატელეფონო საუბრისას. საუბრის დროს კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი საბერძნეთსა და სომხეთს შორის მჭიდრო მეგობრულ კავშირებს. ხვალ ვიდეოკონფერენციის ფარგლებში სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან კიდევ ერთი კომუნიკაცია შედგება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ასევე იგეგმება დენდიასის ვიზიტი ერევანში, ნათქვამია განცხადებაში.

„საბერძნეთი დარწმუნებულია, რომ კრიზისის გადაწყვეტა მხოლოდ მშვიდობიანი, მოლაპარაკებების გზითაა შესაძლებელი და არა იარაღის გზით. საბერძნეთი არ მიესალმება მესამე ქვეყნის ნებისმიერი ფორმით ჩარევას, რომელიც დაძაბულობას კიდევ უფრო გააღვივებს. ამ კონტექსტში თურქეთმა თავი უნდა შეიკავოს მოქმედებებისა და განცხადებებისგან, რომელიც ამ მიმართულებით კეთდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

ომი მთიან ყარაბაღში

სომხეთისა და აზერბაიჯანის ხელისუფლებებმა 27 სექტემბერს მთიან ყარაბაღში ვითარების გამწვავების შემდეგ საომარი მდგომარეობა გამოაცხადეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ აზერბაიჯანმა არტილერია გამოიყენა მათ წინააღმდეგ და რომ არის მსხვერპლი მშვიდობიან მოსახლეობაში. 

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებენ. სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ ყარაბაღზე აზერბაიჯანმა „საჰაერო და სარაკეტო იერიში“ მიიტანა, ბაქოში კი ირწმუნებიან, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.

რიგმა ქვეყნებმა და, მათ შორის, საქართველომ და რუსეთმა მხარეებს თავშეკავებისკენ მოუწოდეს.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

98
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (91)
სალომე ზურაბიშვილი

„ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს“ - პრეზიდენტმა პოლიტიკურ პარტიებსა და მედიას მიმართა

23
ამ დროისთვის შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები მიმდინარეობს დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმა მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, შეიარაღებულ პირს მძევლად ოცამდე – ბანკის თანამშრომლები და კლიენტები ჰყავს აყვანილი. რამდენიმე მძევალი თავდამსხმელმა უკვე გაათავისუფლა.

„მივმართავ პოლიტიკურ პარტიებს, იმ დროს, როცა ადამიანების სიცოცხლე სასწორზე დევს და სამართალდამცავები, ამ ურთულესი მდგომარეობის მსხვერპლის გარეშე განმუხტვას ცდილობენ, ნებისმიერი დამატებითი დაძაბულობის ხელოვნურად შექმნა დაუშვებელია, ართულებს სამართალდამცავების ამოცანას და საფრთხეს უქმნის მძევლების მშვიდობიან გათავისუფლებას“, - აღნიშნულია განცხადებაში.

სალომე ზურაბიშვილი მიმართავს მედიასაშუალებებსაც და მოუწოდებს, გაითვალისწინონ სამართალდამცავი ორგანოების თხოვნა და ინფორმაცია საზოგადოებას მიაწოდონ ისე, რომ არ შეაფერხონ ოპერატიული მოქმედებები.

დღეს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომაც მიმართა  მედიასაშუალებებსა და მობილურ ოპერატორებს და, მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, კატეგორიულად მოითხოვა,  დაუყოვნებლივ გათიშულიყო/შეზღუდულიყო  ადგილიდან ლაივსიგნალი.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი 500 ათას დოლარს და შენობიდან უსაფრთხოდ გასვლას ითხოვს.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ამ დრომდე გრძელდება. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო.

 

23
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა
მთავარი პროკურატურა

საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დემარკაციის საქმე: პროკურატურამ ლაშა დარსალია გამოკითხა

32
(განახლებულია 21:08 21.10.2020)
საქართველოს დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსის სადავო ტერიტორიის საკითხის თავის სასარგებლოდ გადაჭრის რეალური შანსი გაუჩნდა, ფიქრობს ლაშა დარსალია.

თბილისი, 21 ოქტომბერი – Sputnik. მასალები, რომლებიც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის სადელიმიტაციო კომისიამ. განხილვა აჩვენებს, რამდენად დამაჯერებელია საქართველოს არგუმენტები, განუცხადა ჟურნალისტებს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ლაშა დარსალიამ.

დარსალიას თქმით, ბოლო დროს ნაპოვნი მასალები მიუთითებს, სად შეიძლება გადიოდეს 1938 წლის ხაზი. ეს მასალები შეიძლება ქართულმა მხარემ არგუმენტად გამოიყენოს.

„მასალები არის ღირებული, რასაც ამბობს ძალიან ბევრი ექსპერტი. ეს მასალები, რაც აზერბაიჯანულ მხარეს გადაეცა, უნდა განიხილოს სადემარკაციო კომისიამ. კომისიის განხილვებზე გამოჩნდება, რამდენად მყარია ეს არგუმენტები. ჩვენი პოზიციით, ეს არგუმენტები ძალიან მყარია“, – განაცხადა ლაშა დარსალიამ.

ოთხშაბათს დარსალია საქართველოს პროკურატურაში გამოიკითხა. მისი სიტყვებით, ინფორმაცია, რომელიც მან გამოძიებას მიაწოდა, ეხებოდა სადელიმიტაციო-სადემარკაციო კომისიის მუშაობას 2019 წლიდან დღემდე, როდესაც ის კომისიას ხელმძღვანელობდა.

რაც შეეხება კარტოგრაფების საქმეზე ბრალდებულების პოზიციას, რომ 2006-2007 წლებში კომისიას არ უხელმძღვანელია 1:200 000 მასშტაბის რუკით, ვინაიდან ის ხარვეზიანი იყო, დარსალიამ აღნიშნა, რომ კომისიას ეს საკითხი არ განუხილავს, რადგან ქართულ მხარეს ეს დოკუმენტები არ წარუდგენია.

დარსალიას თქმით, საერთაშორისო ექსპერტებმა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან დაკავშირებული რუკებისა და დოკუმენტების შესწავლის შემდეგ დაასკვნეს, რომ 1:200 000 მასშტაბის რუკა ადასტურებს საქართველოს პრეტენზიებს დავით-გარეჯის სადავო ტერიტორიაზე.

საზღვრის უკანონო დემარკაციის საქმე

საქართველოს პროკურატურამ საქართველო–აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესში უცხო სახელმწიფოსთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემის საქმეზე საქართველო–აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი – საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი ივერი მელაშვილი და შსს-ს თანამშრომელი ნატალია ილიჩოვა დააკავა. უწყების ცნობით, აღნიშნული კომისიის მიერ საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვრის გარკვეული მონაკვეთები არამართლზომიერად, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული ინტერესების საზიანოდ შეთანხმდა.

გამოძიების ცნობით, მათ 1937–1938 წლების რუკის არსებობა დამალეს და წარმოადგინეს სხვა რუკები, რის გამოც საქართველომ კინაღამ დაკარგა თავისი ტერიტორიის 3,5 ათასი ჰექტარი.

32
თემები:
ვნებათაღელვა დავით–გარეჯის ირგვლივ
დოლარები

თავდასხმა ბანკზე ზუგდიდში: მძევლის განცხადებით, თავდამსხმელს თანხა გადაეცა

0
ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა.

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლად აყვანილმა ერთ-ერთმა პირმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდამსხმელს პოლიციამ თანხა გადასცა და სამის გარდა ყველა მძევალი თავისუფალია.

ეს პირი სწორედ ის მძევალია, რომელიც თავდამსხმელის მითითებით ტელეკომპანია „მთავარ არხს“ დაუკავშირდა და თავდამსხმელის მოთხოვნები პირდაპირ ეთერში გაახმოვანა. 

როგორც ცნობილია, თავდამსხმელი ნახევარმილიონ დოლარს და ვერტმფრენს მოითხოვდა.

ტელეკომპანია „რუსთავი2“-ის ინფორმაციით, თავდამსხმელი სამ მძევალთან ერთად, სავარაუდოდ, იმ ადგილისკენ გაემართა, სადაც ვერტმფრენი დაეშვა, მანამდე კი თავდამსხმელმა სამის გარდა ყველა მძევალი გამოუშვა. სავარაუდოდ, სწორედ დარჩენილ სამ მძევალთან ერთად დატოვა ბოროტმოქმედმა ბანკის შენობა და სავარაუდოდ, ვერტმფრენისკენ გაემართა.

ზუგდიდში უცნობ შეიარაღებულ პირს „საქართველოს ბანკის“ ფილიალში მძევლები ჰყავდა აყვანილი. იგი ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარსა და ვერტმფრენს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციისა და სპეციალური დანიშნულების რაზმები. სპეცოპერაცია ზუგდიდის ცენტრში ცოტა ხნის წინ დასრულდა. პოლიციამ მიმდებარე ტერიტორიიდან ადამიანების ევაკუაცია განახორციელა.

შსს-მ განცხადება გაავრცელა და აღნიშნა, რომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. უწყების ცნობით, ბანკში შეიარაღებული პირის შეჭრის შესახებ შეტყობინება შინაგან საქმეთა სამინისტროში დაახლოებით 14:21 საათზე შევიდა. პოლიციის თანამშრომლებმა მყისიერი რეაგირების რეჟიმში შემოსაზღვრეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია და დაიწყო დამნაშავის გაუვნებელყოფის ოპერაცია.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა 19 ადამიანი მძევლად აიყვანა