„ქართული ოცნების სათავო ოფისი

„ქართული ოცნება“ სრულ პარტიულ სიას 1 ოქტომბერს გამოაქვეყნებს

82
(განახლებულია 21:19 29.09.2020)
„ქართული ოცნების“ სიის პირველი ოცეული ცნობილია. კიდევ ვინ მოხვდა მმართველი პარტიის სიაში, ჯერ ინტრიგად რჩება.

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ საარჩევნო სიას 1 ოქტომბერს გამოაქვეყნებს, განუცხადა ჟურნალისტებს პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები>>

„ქართულმა ოცნებამ“ პარტიული სიის პირველი ოცეული სექტემბრის დასაწყისში წარმოადგინა. მას სათავეში უდგას მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია. ხუთეულში არიან პარლამენტის როგორც მოქმედი თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე, ისე ყოფილი თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე იუსტიციის მოქმედი მინისტრი თეა წულუკიანი და პარლამენტის ვიცე-სპიკერი მამუკა მდინარაძე. სიაში ასევე მოხვდნენ მოქმედი დეპუტატები და პარტიის ლიდერები, სპორტსმენები, ასევე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი.

„სიაში ოცეულის შემდეგ თანაბრად იქნებიან წარმოდგენილი მოქმედი დეპუტატები და ახალი სახეები. ეს არის ზოგადი ინფორმაცია, რაც შემიძლია მოგაწოდოთ. საარჩევნო სია 1 ოქტომბერს გამოქვეყნდება და დეტალურად გეცოდინებათ იმის თაობაზე, თუ ვინ არის სიაში წარმოდგენილი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს ჩატარდება. არჩევნებში მონაწილეობისთვის ამ დროისთვის რეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი.

ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს. აქედან 120-ს პარტიული სიებით და 30-ს – მაჟორიტარულ ერთმანდატიან ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერია 1%. ხმის უფლება არჩევნებზე საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს აქვს როგორც ქვეყანაში, ისე საზღვარგარეთ.

82
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (258)
„ქართული ოცნების ბანერი

„ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ პარტიის შესახებ

21
(განახლებულია 16:14 22.10.2020)
ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ 2020 წლის საპარლამენტო რბოლის ლიდერის, პარტია „ქართული ოცნების“ შესახებ
  • მმართველი პარტია
  • დაფუძნდა 2011 წლის მაისში მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის მიერ, რომელმაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებიდან ჩამოცილება დაისახა მიზნად.
  • შექმნიდან წელიწადნახევარში „ოცნებამ“ ამავე სახელობის კოალიციის შემადგენლობაში საპარლამენტო არჩევნები მოიგო და ჩამოაყალიბა მთავრობა.
  • პარტია პირველი ოთხი წელიწადი ქვეყანას კოალიციის შემადგენლობაში მართავდა. კოალიციაში შედიოდნენ „რესპუბლიკური პარტია (ლიდერი დავით უსუფაშვილი), „კონსერვატიული პარტია“ (ზვიად ძიძიგური), „თავისუფალი დემოკრატები“ (ირაკლი ალასანია), „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“ (გოგი თოფაძე), „ეროვნული ფორუმი“ (კახა შარტავა).
  • „ქართულმა ოცნებამ“ მეორედ საპარლამენტო არჩევნები 2016 წელს მოიგო. თუ მესამედაც მოიგო 2020 წელს. პოლიტიკურ რეკორდს დაამყარებს – საქართველოში სამი ვადით ხელისუფლებაში ჯერ არც ერთი პოლიტიკური ძალა არ ყოფილა.
  • „ოცნებამ“ ორჯერ გაიყვანა საპრეზიდენტო არჩევნებში თავისი კანდიდატი: გიორგი მარგველაშვილმა არჩევნები მოიგო 2013 წელს, სალომე ზურაბიშვილმა – 2018 წელს. მარგველაშვილი საპრეზიდენტო ვადის მიწურულს არ მალავდა თავის ოპოზიციურ განწყობას და პარლამენტის გადაწყვეტილებებს ვეტოს ადებდა.
  • კოალიციიდან პარტიაში. უკვე 2016 წელს პარტია დამოუკიდებელი ერთეული გახდა, ხოლო კოალიციიდან ყოფილი თანამოაზრეები – „რესპუბლიკური პარტია“, „კონსერვატიული პარტია“, „თავისუფალი დემოკრატები“, „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს“, „ეროვნული ფორუმი“ ოპოზიციის მხარეს აღმოჩნდნენ. ყველაზე დიდხანს „ქართულ ოცნებასთან“ „კონსერვარიული პარტია“ თანამშრომლობდა, რომელიც ოპოზიციაში 2019 წელს, საკონსტიტუციო შესწორებების ჩავარდნის შემდეგ გადავიდა.
  • ცხრაწლიანი არსებობის განმავლობაში პარტიამ მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია განიცადა. ამჟამად პარტიამ თავისი ლიდერების ნაწილი დაკარგა მარიამ ჯაშის, ეკა ტყეშელაშვილის, ეკა ბესელიას, ზვიად ძიძიგურის, გედევან ფოფხაძის სახით. მათთან ერთად „ოცნებამ“ თავისი მომხრეების ნაწილიც დაკარგა.

პარტიის შედეგები წინა არჩევნებზე

წელი არჩევნების სახეობა ხმების რაოდენობა წილი
2012 საპარლამენტო  1 181 862  54,97%
2013 საპრეზიდენტო  1 012 569  62,12%
 2014 ადგილობრივი არჩევნები  719 431 50,82%
 2016 საპარლამენტო 856 638  48,68%
2017 ადგილობრივი არჩევნები   838 154   55,81%
2018  საპრეზიდენტო

615 572 (I ტური)

 1147701 (II ტური)

38,64% (I ტური)

 59,52% (II ტური)

 

  • პარტიის ლიდერები და წამყვანი ფიგურები: პრემიერ–მინისტრი გიორგი გახარია, თბილისის მერი კახა კალაძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, იუსტიციის ექს–მინისტრი თეა წულუკიანი, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.
  • პარტიის იდეოლოგია – მემარცხენე–ლიბერალური, როდესაც სამოქალაქო თავისუფლებების უზრუნველყოფა არ გამორიცხავს სახელმწიფოს ზრუნვას მოქალაქეებზე. ლიდერები თავიანთ იდეოლოგიას ამგვარად გამოხატავენ: „პირველ ყოვლისა – ადამიანი“.
  • პარტიის ხელისუფლებაში ყოფნის დროს მიიღეს ახალი კონსტიტუცია, გატარდა ჯანდაცვისა და განათლების რეფორმები, დასრულდა ქვეყნის გადასვლა მართვის საპარლამენტო სისტემაზე.
  • „ოცნების“ სახელს უკავშირდება რამდენიმე სკანდალი: რიგი გახმაურებული გამოძიებების ჩავარდნა; რუსეთის სათათბიროს დეპუტატ სერგეი გავრილოვის ჩამოსვლა საქართველოში, რასაც საპროტესტო აქციები და რუსეთის მხრიდან ავიამიმოსვლის გაუქმება მოჰყვა; საარჩევნო სისტემის შეცვლის შესახებ საქართველოს კონსტიტუციის შესწორებების ჩავარდნა, რასაც პოლიტიკური კრიზისი მოჰყვა.
  • არჩევნებზე პარტია მიდის ნომრით 41 და ლოზუნგით „ერთად საქართველოს წარმატებისთვის“. პირობას დებს, რომ გააგრძელებს რუსეთთან დიალოგს, ნატოსთან ინტეგრაციის კურსს, ასევე ევროკავშირის წევრობის თაობაზე განაცხადის შეტანას 2024 წელს.

„ქართული ოცნების“ რეიტინგი ბოლო თვეებში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით

NDI   17%
IRI  33%
Gorbi   56,3%
Ipsos  24,5%
Edison Research   36%
Survation   55,6%

სხვა პარტიების შესახებ იხილეთ შემდეგ მასალებში:

რას გვპირდება „ქართული ოცნება“ არჩევნების შემდგომ: მოკლედ და კონკრეტულად>>

რას გვპირდება სააკაშვილის პარტია არჩევნების შემდეგ? მოკლედ და გასაგებად>>

ახალი ხედვა პოლიტიკაზე: რას გვთავაზობს ბურჯანაძის პარტია>>

„ევროპული საქართველოს“ ძირითადი წინასაარჩევნო დაპირებები

„ლელოს“ „მარშალის გეგმა“ - წინასაარჩევნო პროგრამის ძირითადი თეზისები>>

როგორ განვითარდება საქართველო: „სტრატეგია აღმაშენებლის“ ხედვა და ვაშაძის დაპირებები>>

21
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (258)
დაპირისპირება მარნეულში

ISFED: სარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად ზეწოლისა და მუქარის ფაქტები რჩება

12
(განახლებულია 14:22 22.10.2020)
ანგარიშის მიხედვით, საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც გამოვლინდა, რასაც კანონი კრძალავს

თბილისი, 21 ოქტომბერი - Sputnik. არასამთავრობო ორგანიზაციამ „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ (ISFED) წინასაარჩევნო მონიტორინგის შესახებ მეხუთე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში ISFED წინასაარჩევნო პროცესის მონიტორინგს ახორციელებს როგორც თბილისში, ისე რეგიონებში. საპარლამენტო არჩევნების მეხუთე შუალედური ანგარიში ფარავს 29 სექტემბრიდან 21 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში გამოვლენილ დარღვევებს.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, წინასაარჩევნო კამპანიის გააქტიურების პერიოდში დარღვევების რაოდენობა მნიშვნელოვნად გაიზარდა. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში გამოვლინდა:

  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით ფიზიკური ძალადობის 9 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით განხორციელებული ზეწოლა/მუქარის 37 ფაქტი;
  • მედიაზე ზეწოლის 2 ფაქტი;
  • დამკვირვებლის საქმიანობისთვის ხელის შეშლის 1 ფაქტი;
  • ამომრჩეველთა სავარაუდო მოსყიდვის 10 ფაქტი;
  • სავარაუდოდ, პოლიტიკური ნიშნით სამსახურიდან გათავისუფლების 3 ფაქტი;
  • ადმინისტრაციული რესურსის სავარაუდო გამოყენების 18 ფაქტი;
  • არაუფლებამისილი პირების საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის 16 ფაქტი;
  • კამპანიაში რელიგიური ორგანიზაციების მონაწილეობის 3 ფაქტი;
  • მასშტაბური საქველმოქმედო პროექტების 2 ფაქტი;
  • სააგიტაციო მასალების დაზიანების შემთხვევები მთელ საქართველოში.

ორგანიზაციის შეფასებით, საარჩევნო გარემოს მთავარ გამოწვევად რჩება ამომრჩევლებზე, აქტივისტებსა და ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე განხორციელებული ზეწოლის, მუქარისა და ხელის შეშლის ფაქტები.

როგორც ანგარიშშია აღნიშნული, ასევე გამოვლინდა საარჩევნო კამპანიაში საარჩევნო კომისიის წევრების, სასულიერო პირებისა და საჯარო მოხელეების ჩართულობის შემთხვევებიც, რაც კანონით აკრძალულია. ჩართულობა გამოიხატებოდა მმართველი პარტიის სასარგებლოდ როგორც წინასაარჩევნო შეხვედრებზე დასწრებაში, ისე სოციალურ ქსელში „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდეოების გავრცელებაში.

ISFED შეშფოთებას გამოთქვამს ასევე სკოლის პერსონალის, დირექტორებისა და მასწავლებლების პოლიტიკურ კამპანიაში ჩართვისა და ზეწოლის ბერკეტად სამსახურის შენარჩუნების გამოყენებას.

„სამართლიანი არჩევნები“ ცენტრალურ და ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართავს რეკომენდაციებით, რომ  არ დაუშვას მედიაზე და ჟურნალისტებზე ზეწოლა და დროულად გამოიძიოს მათზე განხორციელებული ზეწოლის შემთხვევები. ასევე დროულად და ეფექტურად გამოიძოს პოლიტიკური პარტიების აქტივისტებისა და მხარდამჭერების მიმართ განხორციელებული ზეწოლისა და მუქარის, ასევე პოლიტიკური პარტიების კამპანიისთვის ხელის შეშლის ფაქტები. საჯარო მოხელეებმა და სკოლებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლებმა სამუშაო საათებში თავი უნდა შეიკავონ პოლიტიკური პარტიებისა და კანდიდატების წინასაარჩევნო ღონისძიებებსა და აგიტაციაში მონაწილეობისაგან, აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

ამასთან, ორგანიზაცია რეკომენდაციებით მიმართავს პოლიტიკურ პარტიებსაც,   თავი შეიკავონ და არ დაუშვან ფიზიკური ძალადობა, არ გამოიყენონ ამომრჩევლებთან ურთიერთობის იმგვარი ფორმა, რაც შეიცავს ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს, ასევე არ დაუშვან წინასაარჩევნო კამპანიაში მათ სასარგებლოდ არაუფლებამოსილი პირების ჩართვა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

12
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (258)
სპეცოპერაცია ზუგდიდში

კვარაცხელია: თავდამსხმელი იყო აგრესიული, საუბრობდა ქართულად და მეგრულად

0
(განახლებულია 17:53 22.10.2020)
გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.

თბილისი, 22 ოქტომბერი – Sputnik. მამაკაცი, რომელიც ხელყუმბარითა და იარაღით ბანკში შეიჭრა, დაახლოებით 35-40 წლამდეა, განაცხადა ჟურნალისტებთან ყოფილმა მძევალმა ირაკლი კვარაცხელიამ.

კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია, რომელიც შეიარაღებულმა პირმა ოთხშაბათს ზუგდიდში „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისას მძევლად აიყვანა. 

მისი თქმით, შეიარაღებულ პირს მთელი ამ ხნის მანძილზე ნიღაბი არ მოუხსნია, ამიტომაც მისი სახე არავის დაუნახავს, თუმცა ხმით მისი ამოცნობა შეიძლება შეძლოს.

„მისი ხმა შეიძლება მივამსგავსო, მაგრამ ამოცნობა ნამდვილად არ შემიძლია. ძირითადად ქართულად საუბრობდა, ვეცადეთ, რომ კომუნიკაცია გვქონოდა და რამდენჯერმე მეგრულადაც გვიპასუხა", – განაცხადა კვარაცხელიამ.

მან ჟურნალისტებთან დეტალურად ისაუბრა ბანკში განვითარებული მოვლენების შესახებ.

„ბანკში ახალი პლასტიკური ბარათის ასაღებად მივედი, ავიღე ნომერი და რიგში ჩავდექი. შემდეგ მოხდა ის, რაც მოხდა. თავდამსხმელისგან საფრთხე რეალური იყო. ჩვენი მიზანი ის იყო, რომ გარეთ ცოცხალი გამოვსულიყავით“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

„იყვნენ სამნი, აქედან ორნი - „ფეიკ მძევალი“ - ნიკა გვარამია თავდასხმის დეტალებს ასაჯაროებს>>>

მისი თქმით, თავიდან გასროლა ქუჩიდან გაიგონა, შემდეგ კი ბანკში შეიარაღებული პირი შევარდა, რომელმაც ხელყუმბარა საბრძოლო მდგომარეობაში მოიყვანა.

„ჩემი თვალით დავინახე ეს ყველაფერი და მივხვდი რაც გვემუქრებოდა. შემდეგ ამ ადამიანმა ორჯერ გაისროლა იმ პირის მიმართულებით, ვინც გარედან ვიდეოს გვიღებდა. შემდეგ მან დაგვავალა დაგვერეკა 112-ში, ერთს კი „ტვ პირველში და გვაიძულებდა მხოლოდ ის ვეთქვა, რასაც თავად გვეუბნებოდა“, – განაცხადა კვარაცხელიამ.

როგორც ყოფილი მძევალი იხსენებს, გამტაცებელი თავიდან აგრესიული იყო და ეტყობოდა, რომ იარაღთან ურთიერთობის საკმაო გამოცდილება ჰქონდა.

„თავიდან აგრესიული იყო იმდენად,  რაც ხალხის შესაშინებლად და მათზე შთაბეჭდილების მოსახდენად იყო აუცილებელი. მაგრამ იმ 7 საათის განმავლობაში, რაც ჩვენ იქ გავატარეთ, იგი დამშვიდდა. ზოგიერთმა ხუმრობაც დაიწყო. ჩვენ ვცდილობდით მასთან ურთიერთობის დამყარებას... მას შემდეგ, რაც მან ფული აიღო, ორმა მძევალმა თავად გამოთქვა მზადყოფნა მასთან ერთად წასვლაზე იმ შემთხვევაში, თუ იგი მძევლებად ქალების წაყვანას დააპირებდა, მესამე კი მან თავად აირჩია“, – განაცხადა კვარაცხელიამ. 

მისი თქმით,  ჩანთა, რომელიც თავდამსხმელს მიუტანეს, მან მძევლების თვალწინ გახსნა, სადაც ხუთი შეკვრა იყო. თუმცა, რა იყო ჩანთაში, დაზუსტებით ამის თქმა არ შეუძლია.

ირაკლი კვარაცხელიას განცხადებით,  თავდამსხმელს სამართალდამცველებთან მძევლის ტელეფონით ჰქონდა კომუნიკაცია. მან სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის უფროს ავთანდილ გალდავას მძევლების გათავისუფლებისთვის მადლობა გადაუხადა.

გუშინ  შეიარაღებული თავდასხმა მოხდა ზუგდიდში მდებარე „საქართველოს ბანკის“ ერთ–ერთ ფილიალზე.  შეიარაღებულმა პირმა 40–ზე მეტი ადამიანი მძევლაად აიყვანა.  ბოროტმოქმედი  ხელისუფლებისგან ნახევარ მილიონ დოლარს, ვერტმფრენს ან მანქანას, ასევე მისი უსაფრთხოების გარანტიებს ითხოვდა. მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი დამნაშავე მძევლების დახოცვით იმუქრებოდა. 

 

მძევლების აყვანის გახმაურებული შემთხვევები საქართველოში>>>

მძევლები გათავისუფლების სპეცოპერაცია შვიდ საათზე მეტხანს გაგრძელდა, რთული და ხანგრძლივი მოლაპარაკებების შედეგად, მძევლების გათავისუფლება სამეგრელო–ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, ავთანდილ გალდავას დამსახურებით მოხდა, რომელიც ბოლო ეტაპზე მძევლებს ჩაენაცვლა. მოგვიანებით, ავთანდილ გალდავამ და სამმა მძევალმა თავდამსხმელთან ერთად დატოვა ბანკის შენობა. ამ დროისთვის ყველა მძევალი გათავისუფლებულია, ბოროტმოქმედზე კი ძებნაა გამოცხადებული.

ზუგდიდში მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით მიმდინარეობს.

0
თემები:
ზუგდიდში შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა