ევროპული საქართველოს ოფისი

„ევროპული საქართველოს" სიის პრეზენტაცია პარტია პრემიერობის კანდიდატის გარეშე

131
(განახლებულია 20:39 29.09.2020)
„ევროპული საქართველოს“ სიაში არიან როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები, ისე ახალი სახეები, რომელთათვისაც საპარლამენტო არჩევნები სერიოზული გამოცდა იქნება.

თბილისი, 29 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ნომერ მეორე ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“ პარტიული ბირთვი წარმოადგინა, რომელიც პარტიულ სიაში იქნება.

პარტიული სიების წარდგენა არჩევნების განუყოფელი ნაწილია. რაც უფრო მეტ ხმას მიიღებს პარტია, პარტიული სიიდან მით მეტი ადამიანი მოხვდება პარლამენტში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ია. 

„ევროპული საქართველოს“ სიაში აღმოჩნდნენ როგორც გამოცდილი პოლიტიკოსები – დავით ბაქრაძე, გიგა ბოკერია, გიგი უგულავა, ხათუნა გოგორიშვილი და ა.შ., ისე საზოგადოების ფართო მასებისთვის უცნობი სახეები – ირინა აფხაზავა, მარიამ რამინაშვილი, ელენე ოზაშვილი. თუმცა, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები ნუმერაციის გარეშე წარადგინა.

„ჩვენი სიის დაკომპლექტების ძირითადი პრინციპი კონკურენციაშია. ეს ადამიანები ამომრჩეველთა ხმებისთვის იბრძოლებენ თითოეულ რაიონსა და ოლქში და პარლამენტში შევლენ ისინი, ვისაც თქვენ, ამომრჩეველი დაუჭერთ მხარს“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ პარტიული სიის პრეზენტაციისას.

ამასთან, პარტიულ ბირთვში სრულად დაცულია ახალი საარჩევნო კანონმდებლობის მოთხოვნა – სიაში ყოველი მესამე კანდიდატი ქალია. კანონი 25%-ს მოითხოვს.

„ეს ჩვენი ხედვაა – ბევრი ქალი პოლიტიკაში“, – განაცხადა ბაქრაძემ.

პარტიულ კანდიდატებს შორის არიან ისეთი ახალი სახეებიც, რომელთა წარსულიც სხვა პოლიტიკურ პარტიებს უკავშირდება – „თავისუფალი დემოკრატების“ ყოფილი წევრები შალვა შავგულიძე და ნინო გოგუაძე და მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ყოფილი წევრი არმაზ ახვლედიანი. 

მიუხედავად ლიდერებისა და ცნობილი სახეების სიმრავლისა, „ევროპულმა საქართველომ“ გადაწყვიტა პრემიერის თანამდებობაზე საკუთარი კანდიდატურა არ დაასახელოს, თუმცა იმედი აქვს, რომ მომავალ კოალიციურ მთავრობაში წამყვან როლს შეასრულებს.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისთვის ცესკოში დარეგისტრირებულია 57 პარტია და ორი ბლოკი. ქვეყნის მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი – მაჟორიტარულ ოლქებში. არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის ფარგლებს გარეთ.

დღეისთვის ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თბილისის რვა ოლქში ერთიანი კანდიდატების წარდგენაზე შეთანხმება შეძლო, რომლებიც სხვადასხვა გამოკითხვის შედეგებით მეორე ადგილზე არიან და მეორე ტურში გასვლას შეძლებენ.

დაბალი გამსვლელი ბარიერის გამო ექსპერტები ვარაუდობენ, რომ ოპოზიციის თანამშრომლობა კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების მიზნით არჩევნების შემდეგაც გაგრძელდება.

131
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (298)
ცესკო

არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცესკომ მისი დისკრედიტაციის მცდელობის შესახებ განაცხადა

49
ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

თბილისი, 27 ოქტომბერი — Sputnik. არჩევნებამდე სამი დღით ადრე ცენტრალური საარჩევნო კომისია ავრცელებს განცხადებას, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობის დისკრედიტაციის მცდელობების შესახებ საუბრობს.

საქართველოში 31 ოქტომბრის საპარლამენტო, საკრებულოების შუალედური, მერების რიგგარეშე და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები იმართება. ბოლო მონაცემებით, ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 032 ადამიანია რეგისტრირებული.

„დაუზუსტებელი და არასწორი ინფორმაციის გავრცელებით და საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლით, ზოგიერთი პოლიტიკურად დაინტერესებული მხარე ცდილობს საარჩევნო ადმინისტრაციის საქმიანობის ხელშეშლას და დისკრედიტაციას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციის მიმართ ძირითად პრეტენზიას წარმოადგენს იმ ამომრჩევლების კენჭისყრის უფლება, რომლებიც იმყოფებიან კარანტინში, თვითიზოლაციაში და სამკურნალო დაწესებულებებში.

„მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ზუსტად მაშინ, როდესაც არჩევნებამდე პრაქტიკულად 3 დღე არის დარჩენილი და საარჩევნო კომისიები 24 საათიან რეჟიმში ჩართული ვართ არჩევნების ორგანიზებაში, ადმინისტრირებაში და გვიწევს უამრავი ლოგისტიკური თუ სხვა პროცესის კოორდინირება, მათ შორის პანდემიით გამოწვეულის, შეიძლება ითქვას, რომ ასეთი კონკრეტული დღის წესრიგის მქონე სუბიექტების მიერ დაგეგმილი აქტივობები არის მცდელობა განხორციელდეს ზეწოლა საარჩევნო ადმინისტრაციაზე, მოხდეს მისი დისკრედიტაცია და ხელი შეეშალოს მის საქმიანობას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ცესკომ მიმართა არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს, ადგილობრივ და საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მედიას აქტიურად დააკვირდნენ მიმდინარე საარჩევნო პროცესებს, რაც ხელს შეუწყობს პროცესის გამჭვირვალობას და სანდოობას.

დღეს ცესკოში ორი ინციდენტი მოხდა. თავდაპირველად ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ელენე ხოშტარია და ხათუნა გოგორიშვილი დაცვასთან კამათის შემდეგ, რომელიც მათ შენობაში არ უშვებდა, ძალით შეიჭრნენ შენობაში და თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის დასრულების 18:00 საათამდე გადავადებას მიაღწიეს.

ცესკო მოქალაქეებს აქტიურობისკენ მოუწოდებს >>

საღამოს ცესკოს შენობაში აქცია გამართეს ოპოზიცური „ლეიბორისტული პარტიის“ ახალგაზრდული ფრთის წარმომადგენლებმა. ისინი თვითიზოლაციაში მყოფთათვის რეგისტრაციის გადავადებას 30 ოქტომბრამდე ითხოვდნენ. მათ ცესკოს წარმომადგენელთან სამუშაო შეხვედრა შესთავაზეს, რაზეც მათ უარი განაცხადეს და ისინი შენობიდან ძალით გაიყვანეს.

49
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (298)
ტერმინალები ბათუმის პორტში

ოპოზიცია ბათუმში ქიმიური ტერმინალის მშენებლობას აპროტესტებს

30
ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ უკვე მერამდენე აქცია იმართება, თუმცა ამჯერად მას ოპოზიციონერი პოლიტიკოსები შეუერთდნენ და საკითხის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადეს

თბილისი, 27 ოქტომბერი - Sputnik. ოპოზიციური პარტია „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ბათუმის პორტში ქიმიური ტერმინალის მშენებლობის შეჩერებას მოითხოვენ.

სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის პორტში ტერმინალის მშენებლობა შეჩერებულია >>

საუბარია ქიმიური ტერმინალის მშენებლობის პროექტზე გრანულირებული კარბამიდების გადაზიდვის მიზნით. პროექტი აზერბაიჯანიდან და აზიის ქვეყნებიდან ევროპაში საქართველოს გავლით ახალი ლოგისტიკური სატრანსპორტო დერეფნის შექმნას ითვალისწინებს. როგორც მოსალოდნელია, ახალი ტერმინალის ამოქმედების შედეგად ბათუმის პორტში ტვირთბრუნვა 200 ათასი ტონით გაიზრდება.

პარტიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები პარლამენტში არმაზ ახვლედიანი და აჭარის უმაღლეს საბჭოში ვახტანგ კალოიანი ამტკიცებენ, რომ ტერმინალის მშენებლობის პროცესში კორუფციის ნიშნები იკვეთება და ამასთან ერთად ის ქალაქისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

„განსაკუთრებულ საფრთხეს უქმნის ტერმინალი მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას, რომელიც ფეთქებად ნაღმზე ზის ", - აღნიშნა ვახტანგ კალოიანმა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, არჩევნებზე გამარჯვების შემთხვევაში ის საზოგადოებას პორტის განვითარების კონკრეტულ გეგმას წარუდგენს.

„ევროპული საქართველოს“ ბრალდებებს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ უპასუხა.

„მე ამ ადამიანებს ვპირდები, რომ 31 ოქტომბერს საღამოს მაქსიმუმ მეზობლებთან შეეძლებათ გასვლა, ვინაიდან მათ მიერ მიღებული ხმები გასცემს პასუხს - ვინ არის კორუფციაში გარეული, ვის აქვს ავტორიტეტი ამ ქალაქში და ვის აქვს ნდობა",- განაცხადა რიჟვაძემ.

ქიმიური ტერმინალის მშენებლობის წინააღმდეგ პირველი მასშტაბური აქცია 2019 წლის იანვარში გაიმართა. მაშინ მომიტინგეებმა ევროპის მოედანზე კარვები გაშალეს.

ასევე გასული წლის იანვარში ცნობილი გახდა, რომ მინერალური სასუქების ახალი ტერმინალის პროექტში ამერიკული კორპორაცია Trammo 20 მილიონი დოლარის ინვესტიციას ახორციელებს. Trammo დაკავებულია სასუქების, ქიმიკატების, მეთანოლის, ნედლი ნავთობის, თხევადი გაზის და ნავთობქიმიური პროდუქტების საერთაშორის ვაჭრობით, ტრანსპორტირებით, გავრცელებით და დივერსიფიკაციით.

 

30
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება
Ртутный градусник и таблетки.

გამყრელიძე: ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა  არ სჭირდებათ

0
(განახლებულია 14:07 28.10.2020)
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა – 12 384  პაციენტი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს.

თბილისი, 28 ოქტომბერი - Sputnik. ბინაზე დატოვებულ უსიმპტომო და მსუბუქ პაციენტებს მკურნალობა არ სჭირდებათ, ისინი აქტიურ კონტაქტზე უნდა იყვნენ ოჯახის ექიმთან, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

112-ში ზარიდან კოვიდ კლინიკამდე - რა გზას გადის პაციენტი>>

აღსანიშნავია, რომ საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა უმრავლესობა ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ მკურნალობს. ბოლო მონაცემებით, 18 750 აქტიური შემთხვევიდან საავადმყოფოებში მკურნალობს 4 022 პაციენტი, კოვიდ-სასტუმროში იმყოფება 2 344 პირი, 12 384 კი მკურნალობის კურსს გადის ბინაზე.

როგორც გამყრელიძემ აღნიშნა, ბინაზე მყოფი კოვიდინფიცირებულები ექიმთან კონსულტაციასა და მონიტორინგს საჭიროებენ.

„თუ სიცხემ აუწია ბინაზე მყოფს, ჯობია, რომ დაურეკოს თავისი ოჯახის ექიმს, ამიტომ ჩვენი სლოგანი, რომ თითოეულმა ჩვენგანმა ვიცოდეთ ჩვენი ოჯახის ექიმის სახელი, გვარი და ტელეფონი,  არის აუცილებლობა. დავურეკოთ მას პროაქტიურად, შევეკითხოთ ხოლმე ხშირად და ის მოგვცემს დარიგებას“, - განაცხადა გამყრელიძემ.

როგორც რამდენიმე დღის წინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, უახლოეს მომავალში ყველა მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა, სპეციალურ ვებ-გვერდზე პირადი ნომრით გაიგოს, ვინ არის მისი ოჯახის ექიმი. მისი თქმით, უწყება შესაბამის სისტემაზე მუშაობას უმოკლეს ვადაში დაასრულებს.

ჩხენკელი: გადამზადებული უფროსკურსელები ექიმებს უკვე ორშაბათიდან დაეხმარებიან>>

საქართველოში ბოლო დროს კორონავირუსის შემთხვევების მკვეთრი ზრდა ფიქსირდება. ყოველდღიურად თითქმის 2 ათასამდე ახალი შემთხვევა დასტურდება.  ამ დროისათვის ქვეყანაში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 33 858-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 14 829 პაციენტი, გარდაიცვალა 253 ადამიანი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში