შალვა ნათელაშვილი

ქართველი პოლიტიკოსი უშიშროების რეგიონული საბჭოს შექმნის წინადადებით გამოდის

42
(განახლებულია 20:19 28.09.2020)
ლეიბორისტების ლიდერი შალვა ნათელაშვილი მიიჩნევს, რომ საბჭოს ფარგლებში საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი თვითონ, შუამავლების გარეშე შეძლებენ ყველა რეგიონული საკითხის გადაწყვეტას.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საომარ კონფლიქტთან დაკავშირებით უშიშროების რეგიონული საბჭოს შექმნის წინადადებით გამოდის, რომელშიც სამხრეთ კავკასიის სამი ქვეყანა შევა.

როგორც ნათელაშვილმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სომხეთმა და აზერბაიჯანმა უნდა შეწყვიტონ საომარი მოქმედებები და დაიწყონ მოლაპარაკებები, რადგან არასტაბილურობა რეგიონში „ზოგიერთი ქვეყნის“ ინტერესებს პასუხობს.

როგორც პოლიტიკოსმა აღნიშნა, საბჭოში ყველა რეგიონულ საკითხს შუამავლის გარეშე სამი ქვეყანა – საქართველო, სომხეთი და აზერბაიჯანი გადაწყვეტს.

„ჩვენს საზღვრებთან სულ ახლოს განახლდა სომხეთ-აზერბაიჯანის ფართომასშტაბიანი ომი ყარაბაღში. მოვუწოდებ სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებს, შეწყვიტეთ სისხლისღვრა, ნუ შეიწირავთ ახალგაზრდებს მამათა ცოდვების თუ დანაშაულების გამო, მიუსხედით მოლაპარაკების მაგიდას. მოვუწოდებ ამიერკავკასიის სამივე ქვეყნის ხელისუფლებებს, შევქმნათ ამიერკავკასიის უშიშროების საბჭო შტაბ-ბინით თბილისში და ყველა სადავო საკითხი, ყველა კონფლიქტი გადავწყვიტოთ იქ, ყოველგვარი შუამავლების გარეშე“, – განაცხადა ნათელაშვილმა.

მისი თქმით, ომი საკითხს არ წყვეტს, არამედ მხოლოდ ამძიმებს მდგომარეობას.

„თუ საჭირო გახდა“, ერევანი ყარაბაღში „ისკანდერებს“ და გამანადგურებლებს გამოიყენებს>>

ნათელაშვილმა ასევე დასძინა, რომ ურიგო არ იქნება საბჭოში ევროკავშირის მოწვევაც, რომელიც დაინტერესებულია რეგიონში მშვიდობითა და უსაფრთხოებით.

42
თემები:
ესკალაცია ყარაბაღში 2020 (97)
პიკეტი კიევში

სკანდალი არჩევნებამდე ერთი დღით ადრე: უკრაინელი დეპუტატები საქართველოში არ შემოუშვეს

17
(განახლებულია 17:35 30.10.2020)
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს უკრაინელი დეპუტატების საქართველოში არჩევნებზე ჩამოსვლასთან დაკავშირებულ სკანდალზე ჯერ კომენტარები არ გაუკეთებიათ

თბილისი, 30 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე ახალი სკანდალი აგორდა: უკრაინელმა დეპუტატმა ფრაქციიდან „ხალხის მსახური“ (Слуга народа) ლიზა იასკომ განაცხადა, რომ უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატებს კენჭისყრაზე დაკვირვებისთვის საქართველოში არ უშვებენ.

იაკოს ინფორმაციით, უკრაინის რადის დაახლოებით 30–მა დეპუტატმა სამი ფრაქციიდან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიწვევით პარასკევი–შაბათის ღამეს საქართველოში ვიზიტი დაგეგმა.

არჩევნები საქართველოში შაბათს იმართება. „ნაცმოძრაობამ“ პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად, გამარჯვების შემთხვევაში, ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაასახელა, რომელიც ამჟამად უკრაინაში იმყოფება – ის სამშობლოში რიგი დანაშაულების გამო მსჯავრდებულია.

„საქართველოს ხელისუფლებამ გააუქმა ნებართვა უკრაინიდან თვითმფრინავის მიღების შესახებ. ეს სამწუხაროა, რადგან საარჩევნო პროცედურების გამჭვირვალობა დემოკრატიის საფუძველია. ამ გამჭვირვალობას... სხვა ყველაფერთან ერთად, დამკვირვებლები უზრუნველყოფენ. გვეგონა, რომ დამკვირვებლების ჩასვლა მეგობარი პარტნიორი ქვეყნიდან სახელმწიფოებს შორის თანამშრომლობის მორიგი გამოვლინება უნდა ყოფილიყო...“, – დაწერა იასკომ თავის „ფეისბუქ“–გვერდზე.

მან აღნიშნა, რომ უკრაინა მზადაა იმუშაოს საქართველოს არჩეულ პარლამენტთან იმისდა მიუხედავად, თუ ვინ მიიღებს საპარლამენტო უმრავლესობას და პრემიერის სავარძელს.

მაგრამ მაინც, მისი თქმით, უკრაინელი დეპუტატებისთვის არჩევნების მონიტორინგის განხორციელებაში შექმნილი დაბრკოლება შეშფოთებას იწვევს. იასკომ საარჩევნო პროცესის ყველა მონაწილეს, მათ შორის მმართველ პარტია „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, დაიცვან ევროპული სტანდარტები, კანონები და კონსტიტუცია.

შეთქმულება ხელისუფლების წინააღმდეგ?

ამავდროულად, თავად კიევში განაცხადეს, რომ უკრაინული დელეგაცია საქართველოში „ხელისუფლების უკანონო დამხობის სპეცოპერაციის“ მხარდაჭერას გეგმავდა. სკანდალური განცხადება გააკეთა საინფორმაციო სააგენტო Новини України–ს დირექტორმა ოლეგ დეინეკამ საინფორმაციო სააგენტო ГолосUA–ში პრესკონფერენციაზე.

„ცნობილი გახდა, რომ 31 ოქტომბერს, ღამის ზუსტად 2 საათზე, „ბორისპოლის“ აეროპორტიდან, ორივე სახელმწიფოს – საქართველოსი და უკრაინის – საკარანტინო ნორმების დარღვევით, უკრაინის ტერიტორიას უმაღლესი რანგის 49 სახელმწიფო ჩინოვნიკი დატოვებს – 49 სახალხო დეპუტატი და რვა პროსახელისუფლო პარტიის „ხალხის მსახური“ სამდივნოს თანამშრომელი, რათა ამავე დღეს, 31 ოქტომბერს, 08:00–დან 20:00 საათამდე მონაწილეობა მიიღოს საქართველოს ხელისუფლების უკანონო დამხობის პოლიტიკურ სპეცოპერაციაში და შეიარაღებული აჯანყების შეგნებულ პროვოკაციაში მთიან რესპუბლიკაში“, – განაცხადა დეინეკამ.

მისი თქმით, „საქართველოში უკრაინული პოლიტდესანტის“  მოვალეობაში შედიოდა ქართველი ამომრჩევლისა და სხვა საერთაშორისო დამკვირვებლების ნდობის განადგურება საპარლამენტო არჩევნების შედეგების გაყალბებაზე განცხადებების გაკეთებით.

უკრაინული „ხალხის მსახურის“ „ღამის დესანტის" ამოცანაა ამ შეთითხნილი განცხადებების შეტანა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე განსახილველად. ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უკრაინის უმაღლესი რადის მუდმივ დელეგაციას ელიზავეტა იასკო ხელმძღვანელობს, განაცხადა დეინეკამ.

რეაქცია

„ნაცმოძრაობაში“ უკრაინელი დამკვირვებლებისთვის ქვეყანაში შემოსვლაზე უარის თქმა შეაფასეს, როგორც განზრახული დაბრკოლება.

ოპოზიციური „მთავარი არხის“ ინფორმაციით, ჟურნალისტებისა და უმაღლესი რადის დეპუტატების დელეგაციას საქართველოსთან არჩევნებზე დამკვირვებლის სახით ჩამოსვლაზე ფორმალური თანხმობა ჰქონდა, მაგრამ ჩარტერული რეისი მოულოდნელად გააუქმეს. 50–კაციანი ჯგუფი საქართველოს ხელისუფლების პასუხს გვიან ღამემდე ელოდა.

საქართველოს ოფიციალურ პირებს ამ ვითარებასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაუკეთებიათ.

17
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ირაკლი კობახიძე

კობახიძე: მათ ხელკეტებითა და ელექტროშოკებით აღჭურვილი ეკიპაჟები ჰყავთ

14
„ქართული ოცნება" ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან პროვოკაციებს ელოდება

 

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კენჭისყრის დღეს  ცალკეულ  საარჩევნო ოლქში  ელექტროშოკებითა და ხელკეტებით  შეიარაღებული დაჯგუფებების გამოყენებით პროვოკაციებს ამზადებს, განაცხადა მმართველი პარტია „ართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე. 

აღნიშნული განცხადება მმართველი პარტიის ლიდერების, კერძოდ, კობახიძის  მხრიდან არჩევნების დღეს შესაძლო პროვოკაციასთან დაკავშირებით პირველი არ არის. კობახიძემ ადრე განაცხადა, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“, გარდა ოფიციალური საარჩევნო შტაბისა, გახსნილი აქვს ე.წ. რევოლუციური შტაბი, რომელსაც ყოფილი პრემიერი ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობს.  ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა აღნიშნული ინფორმაცია კატეგორიულად უარყვეს.

„ხვალ პროვოკაციები ყველაზე მეტად მოსალოდნელია ბოლნისში, დმანისში, მარნეულში, ბათუმში, ზუგდიდსა და გლდანში. პროვოკაციების ორგანიზების კუთხით, დამკვირვებლებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლებზე – დევი ჭანკოტაძეზე, დიმიტრი შაშკინსა და ნიკა მელიაზე. ჩვენთვის ახლახანს გახდა ჩვენთვის ცნობილი, რომ მათ მობილიზებული ჰყავთ ეკიპაჟები, რომლებიც აღჭურვილი არიან ხელკეტებითა და ელექტროშოკებით“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით, ეკიპაჟების  გარკვეული ნაწილი არის ყოფილი სამხედრო მოსამსახურე და პოლიციელი და შესაბამისად, მათ აქვთ იარაღის ტარების უფლებაც.

„ჩვენ ხელში ჩაგვივარდა „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისებიდან გამოჟონილი იმ ადამიანების სიები, რომლებიც მათ მიერ დესტრუქციული ქმედებებისთვის არიან მობილიზებული“, – განაცხადა კობახიძემ.

მისი განმარტებით,  ნებისმიერი მსგავსი ქმედება კანონის შესაბამისად დაისჯება და  „ქართული ოცნების“  მხარდამჭერებს თავშეკავებისკენ  მოუწოდა.

31 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

14
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პრეზიდენტის რეზიდენცია

აქტივისტებმა გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით 20 ათასი ხელმოწერა შეაგროვეს

0
(განახლებულია 17:40 30.10.2020)
გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. მას ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი

თბილისი, 30 ოქტომბერი - Sputnik. სამოქალაქო აქტივისტებმა ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ თანამფლობელის, გიორგი რურუას გათავისუფლების მოთხოვნით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 20 ათასი ხელმოწერა შეიტანეს, იუწყება პირველი არხი. 

აქტივისტებმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის წინ რურუას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს. მათი განცხადებით,  გიორგი რურუა პოლიტიკური პატიმარია და ის ქვეყნის პრეზიდენტმა უნდა შეიწყალოს.

„ჩვენი მოთხოვნა არის ერთი – უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური მოტივით დაკავებული გიორგი რურუა, უნდა შესრულდეს 8 მარტის შეთანხმება და პოლიტიკური რეპრესიები ერთხელ და სამუდამოდ უნდა დასრულდეს ჩვენს ქვეყანაში. პრეზიდენტისგან ვითხოვთ, რომ იმოქმედოს სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე და გაათავისუფლოს გიორგი რურუა“, – განაცხადა მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტმა ირაკლი ფავლენიშვილმა.

საქართველოს კულტურის ყოფილი მინისტრის ნიკა რურუას ძმა გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მიმდინარე წლის ივლისში  რურუა ბრალდებულად ცნო და ოთხი წლით პატიმრობა მიუსაჯა.

ოპოზიცია გიორგი რურუას პოლიტპატიმრად მიიჩნევს, ხოლო ხელისუფლება – „ჩვეულებრივ დამნაშავედ“, რომელიც არ ღირს საზოგადოების ყურადღებად. ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ სასამართლომ გადაწყვეტილება ჩარევისა და ზეწოლის გარეშე მიიღო.  

აღსანიშნავია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მიმდინარე წლის ივლისში განაცხადა, რომ რურუას შეწყალებას არ აპირებს.

0
თემები:
გახმაურებული სასამართლო პროცესები