ადამიანი კლავიატურასთან

ქალი პოლიტიკოსები პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების წინააღმდეგ: პეტიცია არჩევნების წინ

110
განცხადებაში ნათქვამია, რომ სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გამოყენება შანტაჟისა ან დაშინების მიზნით დაუშვებელია

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. ცნობილმა ქალმა პოლიტიკოსებმა საპარლამენტო არჩევნების დაწყებამდე 41 დღით ადრე ხელი მოაწერეს ერთობლივ განცხადებას, რომლითაც პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელებას ეწინააღმდეგებიან, იუწყება „პირველი არხი“.

კომპრომატების და პირადი ცხოვრების კადრების გავრცელება ბოლო წლების „ბინძური პოლიტიკის“ ნაწილი გახდა. ბოლოჯერ სკანდალი აგორდა 2018 წელს დეპუტატ ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების შემდეგ, რომელიც სისხლის სამართლის საქმის აღძვრით დასრულდა.

„პირადი ცხოვრებით მანიპულირება, ან მისი გასაჯაროება ქალების პოლიტიკიდან განდევნის, მათი მორალური დისკრედიტაციის და სრული მარგინზალიზაციის ყველაზე სასტიკი მეთოდია. დაუშვებელია სექსუალური ცხოვრების ამსახველი ინფორმაციის გამოყენება დაშანტაჟების, შერცხვენის, დაშინების მიზნით“, - ნათქვამია ქალთა მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქალმა პოლიტიკოსებმა პირადი ცხოვრების კადრების გავრცელების ყველა მსხვერპლს სოლიდარობა გამოუცხადეს და მოუწოდეს სახელმწიფოს მსგავს ფაქტებზე რეაგირება განსაკუთრებული სიმკაცრით მოახდინოს.

ერთობლივ დეკლარაციას სხვადასხვა ქართული პარტიის 18-მა წარმომადგენელმა მოაწერა ხელი.

 

 

110
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (174)
წინასაარჩევნო კამპანია – ენმ

რევოლუციისთვის მზადება თუ საარჩევნო ხმების დათვლაზე კონტროლი რა მიზანი აქვს ოპოზიციას

14
(განახლებულია 09:51 29.10.2020)
თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, აქციის აკრძალვას არ გეგმავს, მაგრამ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ყველაზე მსხვილი ოპოზიციური ბლოკი „ძალა ერთობაშია“ 31 ოქტომბერს, საპარლამენტო არჩევნების დღეს აქციას აანონსებს, რაც მმართველი პარტიის მხრიდან  ოპოზიციის მიმართბით ახალი ბრალდებების მიზეზი გახდა. 

ბლოკი „ძალა ერთობაშია“ ხუთი ოპოზიციური პარტიისგან შედგება, რომელშიც დომინანტი ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“. დღეისთვის ბლოკი წინასაარჩევნო გამოკითხვების რეიტინგებში მეორე ადგილს იკავებს. პირველ ადგილზე მმართველი პარტია  „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოა“.

 „რუსთაველის გამზირზე პარლამენტის შენობის წინ საღამოს 8 საათის შემდეგ ვიკრიბებით, როდესაც საარჩევნო უბნები დაიხურება. მოსახლეობასთან ერთად ვგეგმავთ ყურადღება მივაქციოთ თუ როგორ შედის საარჩევნო ოქმები ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში  და, ერთად აღვნიშნოთ ჩვენი გამარჯვება“, – განაცხადა ბლოკის წარმომადგენელმა ზაალ უდუმაშვილმა.

ოპოზიციის ამ გეგმას მმართველი პარტიის მხრიდან მკვეთრი რეაგირება მოჰყვა, სადაც „ძალა ერთობაშიას“ მთავარ კონკურენტად და „დესტრუქციულ ძალად“ მიიჩნევენ. აქციის დაანონსებამდე ცოტა ხნით ადრე ბლოკი შინაგან საქმეთა ექს–მინისტრ ვანო მერაბიშვილის ხელმძღვანელობით ე.წ. რევოლუციური შტაბის შექმნაში და არჩევნების დღეს სხვადასხვა ქალაქებში პროვოკაციების დაგეგმვაში დაადანაშულეს.

 „ნაცმოძრაობა“ ფსონს რადიკალიზმსა და არეულობაზე აკეთებს  და ყველა რესურსს ქვეყნის მთავარ გამზირზე კრებს. ამ პარტიას არჩევნებზე ამომრჩევლის მობილიზაციის ნაცვლად, სხვა მიზნები ამოძრავებს“, – განაცხადა  „ქართული ოცნების“ ერთ–ერთმა ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.

ამასთან, თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ აქციის აკრძალვას არ გეგმავს, მაგრამ კანონდარღვევას შესაბამისი რეაგირება მოჰყვება.  

 „ადამიანებს, პოლიტიკურ პარტიებს საკუთარი აზრის გამოხატვის, მათ შორის, მიტინგის ჩატარების უფლება აქვთ. მაგრამ ეს კანონის ფარგლებში უნდა მოხდეს. მინდა კიდევ ერთხელ ყველა გავაფრთხილო: თუ იქნება რაიმე გადაცდომა და ქვეყანაში არეულობის მოწყობის სურვილი, ამას სახელმწიფოს მხრიდან კანონის ფარგლებში შესაბამისი რეაგირება მოჰყვება“, – განაცხადა კალაძემ.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები ტარდება, რომელშიც 48 პარტია და ორი ბლოკი მონაწილეობს.

14
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ევროსაბჭო

საპარლამენტო არჩევნებს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაცია დააკვირდება

13
(განახლებულია 08:30 29.10.2020)
31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოში კენჭისყრისა და ხმების დათვლის პროცესის დაკვირვებისთვის ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის დამკვირვებლები ჩამოვლენ, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საქართველოში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლა კორონავირუსის პანდემიამ გაართულა. ადრე ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების (OSCE/ODIHR) ოფისმა გადაწყვიტა საქართველოში არჩევნების დღისთვის არ გამოგზავნოს 150 მოკლევადიანი დამკვირვებელი.  დამკვირვებლებს არ აგზავნის ევროპარლამენტიც. 

„ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ცხრა წევრისგან შემდგარი დელეგაცია, დეპუტატ  ტინი კოკსის (ნიდერლანდები)  ხელმძღვანელობით, საქართველოში 29 ოქტომბერს ჩავა და 1 ნოემბრამდე  საპარლამენტო არჩევნებს  ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის, ნატოს საპარლამენტო ასამბლეისა და ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტების და ადამიანის უფლებათა ოფისის წევრებთან ერთად დააკვირდება“, – ნათქვამია განცხადებაში.

გავრცელებული ინფორმაციით,  31 ოქტომბრამდე დელეგაციის წევრები შეხვედრებს გამართავენ პოლიტიკურ პარტიებთან, ცესკოს წარმომადგენლებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის წარმომადგენლებთან.

ვიზიტის დროს იურიდიულ მხარდაჭერას უზრუნველყოფს ვენეციის კომისიი წარმომადგენელი – ევროპის საბჭოს სამართლებრივ საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი.

ბოლო მონაცემებით არჩევნებზე 48 საერთაშორისო დამკვირვებელია დარეგისტრირებული.

13
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
წვეთოვანი

პლუს 20: რამდენია კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა

0
(განახლებულია 10:54 29.10.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

თბილისი, 29 ოქტომბერი – Sputnik. ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 20 პაციენტი გარდაიცვალა და მათი საერთო რაოდენობა 273-მდე გაიზარდა. შესაბამისი ინფორმაცია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge განახლდა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 1709-ით გაიზარდა და საერთო რიცხვმა 35567-ს მიაღწია.

ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 16904 ადამიანი, კარანტინის რეჟიმშია 3324, სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 4209 პაციენტია, ხოლო კოვიდ–სასტუმროებში 2346 ადამიანი იმყოფება.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში