დროშები ევროპარლამენტის წინ

ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით მორიგი მოხსენება მიიღო

99
(განახლებულია 01:18 17.09.2020)
ევროპარლამენტის მიერ მიღებულ მოხსენებაში ძირითადი აქცენტები გაკეთებულია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმის გაგრძელებაზე და კანონის უზენაესობის განმტკიცებაზე

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. ევროპარლამენტმა ოთხშაბათს გამართულ სხდომაზე საქართველოს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია მიიღო.

ქება თუ კრიტიკა? საქართველოში ევროპარლამენტარების მოხსენება სხვადასხვაგვარად აღიქვეს >>

2020 წლის მოხსენებას მხარი დაუჭირა 552-მა პარლამენტარმა, წინააღმდეგი იყო 61, თავი შეიკავა - 78-მა, ნათქვამია ევროპარლამენტის ვებგვერდზე.

საგარეო საქმეთა კომიტეტი მას შემდეგ ყოველწლიურად უგზავნის ევროპარლამენტს ანგარიშს საქართველოს თაობაზე, რაც ქვეყანამ 2014 წელს ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ევროპარლამენტში წარდგენილი მორიგი მოხსენება მოამზადა მომხსენებელმა საქართველოზე, სოციალ-დემოკრატმა ესტონეთიდან სვენ მიქსერმა.

მოხსენებაში დადებითად არის შეფასებული საქართველოს პროგრესი საკანონმდებლო სფეროში რეფორმების კუთხით, საკონსტიტუციო რეფორმის ჩათვლით. ამასთან ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს საქართველოს ხელისუფლებას განამტკიცოს კანონის უზენაესობა და გააგრძელოს მართლმსაჯულების სისტემის და სახელმწიფო მმართველობის რეფორმები, ბრძოლა კორუფციასთან, ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის განხორციელება და შრომითი უფლებების უზრუნველყოფა.

განსაკუთრებულად კრიტიკული შენიშვნები მოხსენებაში ეხებოდა მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას. საქართველოს სასამართლო სისტემაში არსებული სიტუაცია დახასიათებულია როგორც „საგანგაშო“ მოსამართლეთა შერჩევის არასრულყოფილი პროცესისა და ოპოზიციის წინააღმდეგ აღძრული რამდენიმე საქმის გამო, რაც მართლმსაჯულების სისტემის მიუკერძოებლობას ეჭვს ქვეშ აყენებს.

დოკუმენტში ყურადღება დაეთმო ასევე მომავალ საპარლამენტო არჩევნებს, რომლებიც 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. მოხსენებაში ნათქვამია, რომ ამ არჩევნებს საქართველოს დემოკრატიული კურსის დადასტურებაში გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს.

ევროპარლამენტმა მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გადახედოს კანონმდებლობა წინასაარჩევნო კამპანიაში ისეთი პრობლემების აღმოსაფხვრელად, როგორიცაა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, კამპანიის დაფინანსების არასათანადო მეთოდები, დაუსჯელობა ძალადობის, სიძულვილის ენისა და ქსენოფობიისთვის, ასევე ამომრჩეველთა მოსყიდვისთვის.

ასევე მითითებულია, რომ საჭიროა არსებობდეს მკაფიო დებულებები, რომლებიც მედიაში უფასო და ფასიანი პოლიტიკური რეკლამის საკითხებს დაარეგულირებდა.

დოკუმენტში კიდევ ერთხელ გამოხატულია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ხაზგასმულია ქვეყნაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მნიშვნელობა.

99
თემები:
საქართველო - ევროკავშირის ურთიერთობები (49)
ცესკო

როგორ უნდა მოხდეს საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზება? შეხვედრა ცესკოში

4
(განახლებულია 23:33 23.09.2020)
 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებისა და კომისიების წევრებისთვის  სანიტარიულ–ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ცესკოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

თბილისი, 24 სექტემბერი  — Sputnik.  ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ სავალდებული წესებისა და რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე მუშაობს, რომელიც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული, ნათქვამია უწყების ვებგვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუშინ, ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ  ჯანდაცვის  მინისტრის მოადგილე გიორგი წოწკოლაურთან და  დაავადებათა კონტროლისა  და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძესთან  სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა  ის შესაძლებლობები და რისკები განიხილეს, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინე სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება. ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის  სანიტარიულ–ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს უნდა გაიმართოს. დღეს არსებული ეპიდდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.
კენჭისყრის დღეს  საარჩევნო უბნებზე კომისიის ყველა წევრი და ამომრჩევლები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.  


კომისიის წევრებმა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, სიებთან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – კენჭისყრის ოთახში შესვლისას და რეგისტრატორის მაგიდასთან იდენტიფიცირებისას. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიებში არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია დარეგისტრირებული. პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

4
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვევა

55
ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს პირველ პირებსა და რამდენიმე მინისტრს შეხვდება

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. ხუთშაბათს საქართველოს ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი ეწვევა, იუწყება პირველი არხი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

ვიზიტის ფარგლებში აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანს.

ვიზიტის ფარგლებში ბაირამოვი შეხვდება ასევე საქართველოს ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას, პარლამენტის ვიცესპიკერ კახა კუჭავას და პარლამენტის დეპუტატებს.

საქართველო და აზერბაიჯანი არიან სტრატეგიული პარტნიორები, რომლებიც აქტიურად თანამშრომლობენ ორმხრივ ფორმატშიც და საერთაშორისო პროექტების ფარგლებშიც. ქვეყნები მონაწილეობენ მთელი რეგიონისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის პროექტებში, როგორებიცაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენი და სამხრეთის გაზის დერეფანი.

დიპლომატიური ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის 1992 წლის 18 ნოემბერს დამყარდა.

ყოველწლიურად ვითარდება სავაჭრო, ეკონომიკური და პოლიტიკური ურთიერთობები. საქართველოს წლიდან წლამდე სულ უფრო მეტი აზერბაიჯანელი ტურისტი სტუმრობს.

55
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა