ნინო ბურჯანაძე

„მოგვეცით ნორმალური არჩევნები!“ - ბურჯანაძე წინასაარჩევნო რბოლაში ჩაერთო

118
(განახლებულია 19:20 16.09.2020)
ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს არჩევნების ჩატარება თავისუფალ და დემოკრატიულ გარემოში

თბილისი, 16 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-სპიკერმა, ლიდერმა პარტიის „ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა“ ნინო ბურჯანაძემ საარჩევნო შტაბის მთავარი წევრები წარადგინა და თავისი წინასაარჩევნო კამპანიის დაწყება დააანონსა.

„არეულობა არ მოხდება“ - საქართველოს ხელისუფლება მშვიდ არჩევნებს გვპირდება >>

როგორც ბურჯანაძემ აღნიშნა, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები უკიდურესად მნიშვნელოვანია, ამიტომაც წინასაარჩევნო კამპანია წინა არჩევნების კამპანიებისგან განსხვავებული იქნება.

„ჩვენ მზად ვართ ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ მოვიპოვოთ ჩვენი ხმები, სერიოზული წარმომადგენლებით შევიდეთ პარლამენტში. არავის არ ჰქონდეს იმის ილუზია, რომ ამდენი ადამიანის ნაწვალებს, ჩვენი და ჩვენი უამრავი მომხრეების წლების ნაბრძოლს ვინმეს მოვაპარინებთ და გავაყალბებინებთ. ჩვენ გვინდა სამართლიანი, წყნარი არჩევნები, მოგვეცით ნორმალური არჩევნები! ჩვენ მივიღებთ იმ შედეგს, რაც სამართლიანად იქნება დადებული ჩვენი ამომრჩევლის მხრიდან“, - განაცხადა პოლიტიკოსმა.

ბურჯანაძის პარტიის ცენტრალური საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი იქნება ირაკლი ჭყოიძე, შტაბის სპიკერი - ბექა პეტრიაშვილი. საორგანიზაციო საკითხებით თბილისში დაკავდება ოთარ თავართქილაძე, რეგიონებში - მამუკა აჩბა.

რაც შეეხება კავშირებს საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ამ მიმართულებას უხელმძღვანელებს თამარ ზურაშვილი. საარჩევნო და სამართლებრივ საკითხებს მოაგვარებს ქეთევან ზაქარეიშვილი. საარჩევნო ფონდის ხელმძღვანელი იქნება აკაკი ზოიძე.

რაც შეეხება მანუჩარ ომანაძეს, ის პარტიას ცესკოში წარმოადგენს. ახალგაზრდულ მიმართულებას ნიკა პეტრიაშვილი უხელმძღვანელებს.

ბურჯანაძის თქმით, „ერთიანი საქართველოს“ საარჩევნო პროგრამა და პარტიული სია საზოგადოებას უახლოეს დღეებში წარედგინება.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

118
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

41
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

41
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

49
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

49
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ავტობუსი

აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო ტრანსპორტით გადაადგილება იზღუდება

0
(განახლებულია 23:12 24.09.2020)
მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik.  აჭარაში 26 სექტემბრიდან საქალაქთაშორისო  ტრანსპორტით გადაადგილება შეიზღუდება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ. 

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს – ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

აჭარა COVID-19-ის გავრცელების ეპიცენტრად ზაფხულში დამსვენებლების გაზრდილი ნაკადის გამო იქცა. მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან აჭარაში მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა იკრძალება, რესტორნები ღამის საათებში არ იმუშავებენ. რაც შეეხება 1 ოქტომბრიდან სასწავლო პროცესის სკოლებში განახლებას, რეგიონი გამონაკლისი აღმოჩნდა – სასწავლო პროცესი ყველა საფეხურზე დისტანციურად გაგრძელდება.

გაბუნიას განცხადებით, სასწავლო პროცესის განახლება და ტრანსპორტის მოძრაობის აღდგენა მაშინ მოხდება, როდესაც რეგიონში ეპიდემიოლოგიური სიტუაცია დასტაბილურდება. შეზღუდვები არის ბაზისური, რომელიც მობილობას გარკვეულწილად შეამცირებს, რაც აისახება ეპიდემიის გავრცელებაზე და სტაბილიზაციის ეფექტს მოგვცემს, აღნიშნა მინისტრის მოადგილემ. 

„სწორედ სოციალურ შეკრებებზე ხდება წესების დარღვევა. ამან შეიძლება მინიმლური დისკომფორტი გამოიწვიოს. სრულად დაკეტვის რისკი მაშინ დადგება, როცა ეპიდემია უკონტროლო ხასიათს მიიღებს. ტაქსით  მგზავრობა უფრო კონტროლირებადია, ვიდრე საზოგადოებრივ ტრანსპორტით",- განაცხადა თამარ გაბუნიამ.

საქართველოში ახალი კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

მიუხედავად რთული ვითარებისა, ხელისუფლება ქვეყანაში და, კერძოდ, ბათუმში საგანგებო მდგომარეობისა და კარანტინის გამოცხადებას არ გეგმავს.

ქვეყნის ხელისუფლების განცხადებით, მეორე ლოკდაუნი არ იქნება, რადგან ეკონომიკა ასეთ რყევას ვეღარ გაუძლებს და ამ ეტაპზე გარკვეული შეზღუდვებით შემოიფარგლება.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში