გიორგი ვაშაძე შეთანხმებას აწერს ხელს

როგორი უნდა იყოს ქართული მართლმსაჯულების სისტემა ოპოზიციამ შეთანხმებას მოაწერა ხელი

54
(განახლებულია 20:16 16.09.2020)
დეპოლიტიზებული პოლიცია, არჩევითი შერიფების ინსტიტუტი, პროკურატურისთვის გამოძიებაზე მეთვალყურეობის ფუნქციის ჩამორთმევა – ასე ხედავს ოპოზიცია მართლმსაჯულების სისტემის რეფორმას.

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. ოპოზიციურმა პარტიებმა „ევროპული საქართველო“, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „სტრატეგია აღმაშენებლი“ და „გირჩი“ ხელი მოაწერეს შეთანხმებას მართლმსაჯულების სისტემის შესახებ.

ახალი გამოკითხვა: „ქართული ოცნება“ წინასაარჩევნო რბოლის ლიდერია>>

შეთანხმება, საპარლამენტო არჩევნებზე მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ დამარცხების შემთხვევაში, მართლმსაჯულების სისტემის რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისა და სასამართლოებისადმი ნდობის ამაღლების მიზნით რეფორმების გატარებას გულისხმობს.

„ამ შეთანხმებას დასჭირდა ბევრი დრო, რამდენიმე თვე დაგვჭირდა, რომ გვესაუბრა სხვადასხვა ოპოზიციურ პარტიასთან. სხვები შეიძლება ხელს არ აწერენ, მაგრამ პირად საუბრებში ადასტურებენ, რომ ეთანხმებიან იმ პრინციპებს, რომლებიც გაწერილია ამ შეთანხმებაში. კიდევ გვაქვს დაგეგმილი შეთანხმება ეკონომიკურ რეფორმებზე და განათლებაზე, რომელიც, მაღალი ალბათობით, მალე იქნება“, – განაცხადა „გირჩის“ ლიდერმა ზურაბ ჯაფარიძემ.

როგორც შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა, მართლმსაჯულების რეფორმა კანონის უზენაესობისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„დიდი იმედი მაქვს, სხვა ოპოზიციური პარტიებიც შემოგვიერთდებიან. ეს იყო ძალიან რთული შეთანხმების პროცესი. ეს რეფორმა, რომელიც ახლა აქ არის ასახული, სრულად ჯდება იმ პოლიტიკურ პლატფორმაში, რომელიც გვაქვს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მართლმსაჯულების რეფორმირების მიმართულებით. სრულად ვაცნობიერებ, რომ საქართველოში პოლიტიზებული პოლიცია აღარ უნდა არსებობდეს, პოლიციელი უნდა იყოს ღირსეული მსახური საზოგადოების და არ უნდა იყოს პოლიტიკური შეკვეთების განმახორციელებელი“, – განაცხადა დეკანოიძემ.

შეთანხმება მოიცავს რეფორმას სამი მიმართულებით – შინაგან საქმეთა სამინისტრო, პროკურატურა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

შსს-ს რეფორმებს შორისაა პოლიციის დეცენტრალიზაცია და უწყებისთვის პოლიციური ფუნქციების ჩამოშორება; ასევე თვითმმართველობის ფარგლებში არჩევითი შერიფების ინსტიტუტის შემოღება, სადაც შერიფი იქნება პასუხისმგებელი ყველა ტიპის დანაშაულთან ბრძოლაზე, გარდა ისეთი დანაშაულებისა, რომელთა მასშტაბიც სცდება მისი ტერიტორიული კომპეტენციის ფარგლებს, და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის ბიუროს შექმნა.

რაც შეეხება პროკურატურას, ნაკლებად მძიმე დანაშაულზე დაზარალებულს უნდა მიეცეს უფლება, აირჩიოს მისი ინტერესების სასამართლოში დამცველი. დაზარალებულის ინტერესის დამცველი კი შეიძლება იყოს სახელმწიფო პროკურორი ან ადვოკატი, რომელიც ასეთ შემთხვევაში შეასრულებს ბრალმდებლის ფუნქციას. გარდა ამისა, პროკურატურას უნდა ჩამოშორდეს გამოძიებაზე ზედამხედველობის ფუნქცია და დარჩეს მხოლოდ სასამართლოში წარმომადგენლობის უფლებამოსილება, ასევე შეიქმნას ანტიკორუფციული პროკურატურა.

მართლმსაჯულება პოლიტიკური მიზნებისთვის არ უნდა გამოიყენონ – ოპოზიცია>>

დოკუმენტზე ხელმომწერი პარტიები ასევე გამოდიან წინადადებით, გაუქმდეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და მისი პოლიტიკური პოლიციის ფუნქციები, შეიქმნას დამოუკიდებელი ანტიკორუფციული ბიურო.

54
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

15
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

15
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ჯონდი ბაღათურია

ჯონდი ბაღათურია საბანკო ვალების ჩამოწერას მოითხოვს

48
(განახლებულია 21:59 21.09.2020)
პრობლემური კრედიტების გამო, რომლებსაც კლიენტები არ იხდიან, ბანკებმა ორ მილიარდ ლარამდე შეიძლება დაკარგონ, მიიჩნევს ოპოზიციონერი.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. პარტიამ „ჯონდი ბაღათურია - ქართული დასი“ საქართველოს ეროვნული ბანკის შენობასთან აქცია გამართა და კომერციული ბანკების მიერ პრობლემური კრედიტების ჩამოწერის ინიციატივა წამოაყენა.

პარტიის ლიდერის ჯონდი ბაღათურიას თქმით, პრობლემური კრედიტების მოცულობა კერძო ბანკებში მილიარდ ლარს უახლოვდება, დამატებით, კანონის თანახმად, კიდევ ერთი მილიარდი დარეზერვებული აქვს ეროვნულ ბანკს.

ბაღათურიას სიტყვებით, საერთო ჯამში კერძო ბანკები ორ მილიარდამდე ლარს კარგავენ, მისი წინადადება კი საქართველოს საბანკო სისტემის გაჯანსაღებას შეუწყობს ხელს.

2018 წლის დეკემბერში ფონდმა „ქართუმ“ განახორციელა სოციალური პროექტი და მოქალაქეებს, რომლებიც ფინანსური ორგანიზაციების „შავ სიაში“ იყვნენ მოხვედრილი, ვალები ჩამოაწერა. შედეგად 609,5 ათას მოქალაქეს 4 მილიარდ ლარზე მეტი მოცულობის თითქმის 1,4 მილიონი სესხი ჩამოეწერა.

ვალები ჩამოაწერეს პირებს, რომლებმაც კრედიტი აქციის დაწყებამდე მინიმუმ ერთი წლით ადრე აიღეს, არც ერთხელ არ გადაუხდიათ პროცენტი და კრედიტის თანხა უპროცენტოდ და ჯარიმების გარეშე არ აღემატებოდა 2 ათას ლარს.

48
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)