მიხეილ სააკაშვილი

„დაავალე მიშას“ - სააკაშვილისთვის მოსახლეობის გზავნილების შეგროვებას იწყებენ

116
(განახლებულია 21:37 23.09.2020)
არჩევნები ჯერ მოგებული არ არის, მთავრობა არ შექმნილა, „ნაცმოძრაობა“ კი მომავალი პრემიერისთვის დავალებებისა და გზავნილების შეგროვებას იწყებს

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ იწყებს ახალ წინასაარჩევნო კამპანიას სახელწოდებით „დაავალე მიშას“, განაცხადა ბრიფინგზე პარტიის წევრმა ზაალ უდუმაშვილმა.

ახალი საარჩევნო ბლოკი ძველი სახელწოდებით – ვინ შემოიკრიბა „ნაცმოძრაობამ" >>

მისი თქმით, ყველა დავალება, რომელსაც პარტიის მაჟორიტარები მოსახლეობისგან მიიღებენ, „ნაცმოძრაობის“ პრემიერობის კანდიდატს, მიხეილ სააკაშვილს გადაეცემა.

„ჩვენ ვიწყებთ ახალ კამპანიას „დაავალე მიშას“, რაც გულისხმობს შემდეგს – ჩვენთვის ახლა უმნიშვნელოვანესია, თქვენ რა მოლოდინი გაქვთ „ნაციონალური მოძრაობისგან“ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ. ასევე, უმნიშვნელოვანესია, რა მოლოდინი გაქვთ ჩვენი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატისგან. ამიტომ, ჩვენი მაჟორიტარები შემოივლიან ყველა სოფელს, რაიონს და უშუალოდ თქვენგან მიიღებენ იმ დავალებებს, რომელიც სასწრაფოდ უნდა გადაიჭრას“, - განაცხადა უდუმაშვილმა.

პარტიის სახელით მან პირობა დადო, რომ ყველა ეს გზავნილი შესრულდება, როგორც კი „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოვა.

„ყველა დავალება გადაეცემა ჩვენი პრემიერობის კანდიდატს და შემდგომ მიხეილ სააკაშვილი თავად მოგახსენებთ თავის გეგმას იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გადაიჭრას ყველა ის პრობლემა, რომელიც მოსახლეობაში დაგროვდა. ჩვენ ერთად უნდა ავაშენოთ მდიდარი საქართველო ძლიერი ოჯახებით. ველით დავალებებს“, – განაცხადა უდუმაშვილმა.

„ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და გაერთიანებულმა ოპოზიციამ „ძალა ერთობაშია“ სააკაშვილი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელეს. თავად სააკაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინიდან სამშობლოში დაბრუნებას აპირებს.

სააკაშვილი საქართველოში შვიდი წელია არ ყოფილა. აქ ის ოფიციალურად დამნაშავედ არის მიჩნეული და სხვადასხვა სისხლის სამართლის დანაშაულის გამო ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა არაერთხელ განაცხადა, რომ საქართველოში ჩამოსვლისთანავე მას დააკავებენ და დააპატიმრებენ.

ამჟამად სააკაშვილი უკრაინაში ცხოვრობს, არის ამ ქვეყნის მოქალაქე და უკრაინის რეფორმების აღმასრულებელი კომიტეტის ხელმძღვანელის პოსტი უკავია.

ექს-პრეზიდენტის გარდა, „ნაციონალური მოძრაობა" პოლიტიკაში მისი დედის ჩართვას გეგმავს. ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, გიული ალასანია იქნება, თუმცა ოფიციალური წარდგენა ჯერ არ ყოფილა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

116
თემები:
მიხეილ სააკაშვილი (149)
კორონავირუსის ეპიდემია. ჟურნალისტები პირბადეებით

ვინ და როგორ აშუქებს არჩევნებს? სპეციალისტებმა ქართული მასმედია გააანალიზეს

16
ყველაზე კრიტიკული ტონი მთავრობის მიმართ ჰქონდა :მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი Postv–ს – 33%

თბილისი, 26 სექტემბერი - Sputnik. ქართული მასმედია ყველაზე მეტ ყურადღებას უთმობს მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ საქმიანობის გაშუქებას. შემდეგ მოდიან ოპოზიციური პარტიები „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ და „ევროპული საქართველო“.

ამაზე მეტყველებს საპარლამენტო არჩევნების შუალედური მედიამონიტორინგის შედეგები. მედიამონიტორინგმა მასობრივი ინფორმაციის 43 საშუალება მოიცვა: 12 ტელეარხი, 10 რადიო, რვა გაზეთი და 13 ონლაინ–გამოცემა. კვლევა 15 ივნისიდან 31 აგვისტოს ჩათვლით პერიოდში ჩატარდა.

არჩევნები 2020: „ოდირმა“ საქართველოში სადამკვირვებლო მისია გახსნა>>

მედიამონიტორინგი ხორციელდება ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით და სამ არასამთავრობო ორგანიზაციასთან – საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია, Internews Georgia და CRRC–საქართველო – თანამშრომლობით. მონიტორინგი2020 წლის დეკემბერში დასრულდება.

მონიტორინგის პირველი შედეგები

„ქართული ოცნება უფრო დადებით კონტექსტში გააშუქა ტელეარხმა „იმედი“ (29%), ხოლო ნეგატიურად – ოპოზიციურმა ტელეარხმა „მთავარი არხი“ (72%).

 „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ყველაზე დადებითად გააშუქა „მთავარმა არხმა“ (6%), ხოლო ნეგატიურად – ტელეარხმა „ობიექტივმა (79%).

ოპოზიციურ საპარლამენტო პარტია „ევროპულ საქართველოს“ ყველაზე მეტი დრო დაუთმა ტელეარხმა „ფორმულამ“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მთელი დროის 1%–ზე ოდნავ მეტს. ყველაზე მეტად პარტიას დადებითად იხსენებდა „TV პირველი“ და „კავკასია (2%). ყველაზე ნეგატიურად ეს პარტია გააშუქეს „იმედის“ ეთერში.

პარტიას „ლელო საქართველოსთვის“ ყველაზე მეტი დრო დაუთმო „TV პირველმა“. დადებითი გაშუქება შეადგენდა მხოლოდ 3%–ს. ყველაე მეტად დადებითად პარტია გააშუქა ტელეარხმა „კავკასია“ (21%).

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ყველაზე მეტი დრო დაუთმო „იმედმა“. ნეგატიური გაშუქება შეადგენდა 74%–ს.

მთავრობის მიმართ ყველაზე კრიტიკული ტონი ჰქონდა „მთავარ არხს“ – 72%, ხოლო ყველაზე დადებითი – Postv–ს – 33%.

„წინა წლების მსგავსად თითქმის ყველა არხზე პრობლემად რჩება სიღრმისეული, მოკვლევითი სიუჟეტების სიმცირე, რომლებიც დაკავშირებული იქნება საარჩევნო თემატიკასთან და ამომრჩეველს მეტად დაეხმარება ინფორმირებული არჩევანის გაკეთებაში“, – აღნიშნავენ დოკუმენტის ავტორები.

მედიამონიტორინგმა ასევე აჩვენა, რომ წინა წლებთან შედარებით გაიზარდა ეთიკური დარღვევების ფაქტები. როგორც წინა წლებში, თითქმის ყველა არხზე პრობლემას წარმოადგენს გენდერული სტერეოტიპები. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, მთელი პერიოდის განმავლობაში დაფიქსირდა სექსისტური განცხადებების ტირაჟირების რამდენიმე შემთხვევა. სექსისტური განცხადების ავტორი პოლიტიკოსებთან ერთად ჟურნალისტებიც იყვნენ.

16
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
პრემიერი გიორგი გახარია

გახარია: საქართველო ახალი შესაძლებლობების ქვეყანაა

62
(განახლებულია 20:35 25.09.2020)
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის მხრივ საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა.

თბილისი, 25 სექტემბერი - Sputnik. საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ გაეროს გენერალური ასამბლეის 75-ე სესიაზე სიტყვით გამოსვლისას.

გახარია: მოვახერხეთ, გავმკლავებოდით პანდემიის შემოტევას და მწვანე ზონად დავრჩენილიყავით>>

მთავრობის მეთაურმა ხაზი გაუსვა, რომ ბიზნესის კეთების სიმარტივის კუთხით საქართველო არის მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანა.

„საქართველოს განვითარებული ეკონომიკის ქვეყნად ქცევა ჩვენი მთავარი მიზანია და ამ გზაზე შთამბეჭდავი წარმატებებიც გვაქვს. საქართველო არის ახალი შესაძლებლობების ქვეყანა, ადგილი, რომელსაც შეუძლია შესთავაზოს ის, რასაც ვერ შესთავაზებენ სხვაგან, მათ შორის სტრატეგიული ადგილმდებარეობა, სადაც კულტურულ-ენობრივი ბარიერი უბრალოდ არ არსებობს, სადაც გადასახადები მინიმალურია და ბიზნესს ეძლევა ყველანაირი საშუალება, განვითარდეს“, -განაცხადა პრემიერმა.

როგორც გახარიამ აღნიშნა, დღეს საქართველო უკვე პოზიციონირებს, როგორც მულტიფუნქციური რეგიონული ცენტრი – განათლებაში, მედიცინაში, ლოგისტიკაში, ტურიზმსა და ზოგადად, ბიზნესის კეთებაში.

„ჩვენ დღეს, 21-ე საუკუნეში, მსოფლიოს ვაცნობთ საქართველოს, როგორც პროგრესის, ცოდნისა და კულტურის დამაკავშირებელს ევროპიდან აზიისკენ და პირიქით. ჩვენი მთავარი ფასეულობა არის ხალხი, რომლის იდენტობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია ტოლერანტობა – მთავარი დასავლური ფასეულობა“, – აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა სიტყვით გამოსვლისას ყურადღება გაამახვილა ასევე ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა Covid-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლა, საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია, საკონსტიტუციო რეფორმა და სხვ.

წელს გაერთიანებული ერების ორგანიზაცია 75 წლის იუბილეს აღნიშნავს და ორგანიზაციის არსებობის ისტორიაში პირველად  გენერალური ასამბლეა დისტანციურად იმართება.

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში>>

გენერალური ასამბლეის საიუბილეო სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დისტანციურად უკვე გამოვიდა. მის სიტყვას ერქვა „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“, რომელშიც ჩამოთვლილი იყო თანამედროვე გამოწვევების პირობებში ქვეყნის კეთილდღეობის ფუნდამენტური საფუძვლები.

62