ნაცმოძრაობის ოფისი

ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა

71
(განახლებულია 19:32 15.09.2020)
მათ შორის, ვინც დეპუტატის მანდატის მოსაპოვებლად იბრძოლებს, არიან ბიზნესმენები და ოლიმპიური ჩემპიონი, თუმცა, მათ გვერდით არ იქნება ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე.

თბილისი, 15 სექტემბერი — Sputnik. ოპოზიციურმა საარჩევნო ბლოკმა „ძალა ერთობაშია“ რამდენიმე მაჟორიტარულ ოლქში დეპუტატობის კანდიდატები დაასახელა. 

ბლოკში, რომლის პრეზენტაციაც 15 სექტემბერს შედგა, გაერთიანდნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, „რესპუბლიკური პარტია“, „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“, მოძრაობა „ჩვენ თვითონ“ და „პროგრესი და თავისუფლება“. „ნაციონალური მოძრაობა“ სხვა პარტიებთან ერთად ბლოკში გაერთიანებული მონაწილეობდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებშიც. 

„მაჟორიტარებს მასშტაბურად და საზეიმო ვითარებაში აუცილებლად წარვადგენთ. შემიძლია გითხრათ, რომ გურიაში ჩვენი კანდიდატი იქნება ოლიმპიური ჩემპიონი მანუჩარ კვირკველია, ხაშურში – ნატო ჩხეიძე, ბოლნისში – კახა ოქრიაშვილი, მცხეთა–მთიანეთში – ცეზარ ჩოჩელი, რაჭაში კი დილარ ხაბულიანი“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ გრიგოლ ვაშაძემ.

კითხვაზე, ბლოკის საარჩევნო სიაში იქნება თუ არა პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ დამფუძნებელი, ოპერის მომღერალი პაატა ბურჭულაძე, ვაშაძემ განაცხადა, რომ, დიდი ალბათობით, არა.

„პაატა ბურჭულაძესთან ოფიციალური  მოლაპრაკებები არ ყოფილა. მას, როგორც 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების კამპანიის დროს ერთ-ერთ მთავარ ლოკომოტივსა და  სპიკერს ვკითხეთ, ჰქონდა თუ არა პოლიტიკურ პროცესში ჩაბმის სურვილი. იქიდან გამომდინარე, რომ მას უამრავი კონტრაქტი აქვს, რომლის გადადებაც შეუძლებელია, მან განაცხადა, რომ გაუჭირდება ამის გაკეთება“, – განაცხადა ვაშაძემ. 

ბურჭულაძის აქტიურ პოლიტიკაში შესაძლო დაბრუნების თაობაზე ადრე განაცხადა „სახელმწიფო ხალხისთვის“ წარმომადგენელმა ნიკა მაჭუტაძემ, თუმცა ვაშაძემ აღნიშნული ინფორმაცია უარყო. 

პაატა ბურჭულაძე ქართულ პოლიტიკაში 2016 წელს, საპარლამენტო არჩევნების წინ გააქტიურდა, როდესაც მან პარტია „სახელმწიფო ხალხისთვის“ შექმნა. მას შემდეგ, რაც პარტია ვერ მოხვდა პარლამენტში, ბურჭულაძემ პოლიტიკიდან წასვლა და უცხოეთში მომღერლის კარიერის გაგრძელება გადაწყვეტა.

რაც შეეხება ოპოზიციურ გაერთიანებას „ძალა ერთობაშია“, რომლის ბაზაზეც შეიქმნა ახალი საარჩევნო ბლოკი, 2018 წელს მასში 11 პარტია იყო გაერთიანებული. გაერთიანების საპრეზიდენტო კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე ქვეყნის მომავალ პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან არჩევნების მეორე ტურში დამარცხდა.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული, მასში 60-ზე მეტი პარტია მონაწილეობს – თითოეულ მათგანს საკუთარი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი ჰყავს. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ უკვე განაცხადა, რომ გამარჯვების შემთხვევაში აღნიშნულ თანამდებობაზე საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს მოიაზრებს.

71
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (141)
ცესკოს შენობა

როგორ ჩატარდება არჩევნები კორონავირუსის პანდემიის პირობებში ცესკომ წესები დაადგინა

3
(განახლებულია 16:20 21.09.2020)
ცესკოს დადგენილებით რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენებისა და სხვა წესები.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ცესკომ (ცენტრალური საარჩევნო კომისია) საპარლამენტო არჩევნების დღისთვის, მსოფლიოსა და ქვეყანაში კორონავირუსის ეპიდემიიდან გამომდინარე, ეპიდემიური პროტოკოლი შეიმუშავა, რომელიც განსაზღვრავს ამომრჩევლებისა და საუბნო საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეების სანიტარიულ–ჰიგიენურ წესებს კენჭისყრის პერიოდში.

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა>>

ცესკომ მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

თერმოსკრინინგის გავლა კენჭისყრის შენობაში შესვლამდე სავალდებულოა როგორც საუბნო საარჩევნო კომისიების წევრების, ისე საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირებისთვის. თუ პირს დაუფიქსირდება 37°С, ან უფრო მეტი ტემპერატურა, ის საარჩევნო უბანზე არ დაიშვება. თუ მაღალი ტემპერატურის გამო კენჭისყრის შენობაში არ იქნა დაშვებული ან კენჭისყრის შენობა დატოვა პარტიის მიერ დანიშნულმა საუბნო საარჩევნო კომისიის წევრმა, პარტიას აქვს უფლება, მის ნაცვლად დაუყონებლივ დანიშნოს საუბნო საარჩევნო კომისიის სხვა წევრი.

საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები და საარჩევნო უბანზე ყოფნის უფლების მქონე პირები შენობაში შესვლამდე ხელებს დადგენილი წესით დაიმუშავებენ და გაიკეთებენ პირბადეს. საუბნო საარჩევნო კომისიის წევრები დამატებით უზრუნველყოფილი იქნებიან დამცავი ფარითა და ერთჯერადი ხელთათმანებით.

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ>>

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ. ასევე საარჩევნო ადმინისტრაცია უზრუნველყოფს, რომ ზედაპირებს, რომლებზეც ხშირად ხდება შეხება, სათანადო წესით ჩაუტარდეს დეზინფექცია (სამ საათში ერთხელ ან დაბინძურების მიხედვით), ხოლო საარჩევნო უბნები შეძლებისდაგვარად განიავდეს.

როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ფარული კენჭისყრის კაბინები ისე მოეწყობა, რომ მაქსიმალურად იყოს დაცული სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნები და ამასთან, არ დაირღვეს კენჭისყრის ფარულობის პრინციპი. 

რაც შეეხება ამომრჩეველს, მათთვის შემდეგი წესები იმოქმედებს:

ამომრჩეველი არ გაივლის თერმოსკრინინგს, მაგრამ ვალდებულია, ეკეთოს პირბადე.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – იდენტიფიცირებისა და კანონით განსაზღვრული პროცედურების შესასრულებლად. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება, ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

საარჩევნო კომისიების კონკურსებში მონაწილე კონკურსანტებს COVID-19 დაუდასტურდა>>

ამომრჩეველი კენჭისყრის შენობაში უზრუნველყოფილი იქნება ინდივიდუალური კალმისტრით, რომელიც ხმის მიცემის შემდეგ უნდა განათავსოს კალმისტრებისთვის განკუთვნილ სპეციალურ კონტეინერში და დროულად დატოვოს საარჩევნო უბანი.

სანიტარიულ–ჰიგიენურ წესები საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის შეიმუშავა სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

საარჩევნო ადმინისტრაცია იზრუნებს, რომ ამომრჩევლებს და არჩევნებში ჩართულ ყველა მხარეს დეტალურად მიაწოდოს ინფორმაცია დადგენილებით განსაზღვრული სანიტარულ-ჰიგიენური პროცედურების შესახებ. ამისთვის ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიაა დაგეგმილი.

„ცესკო აგრძელებს საქმიანობას პანდემიის პირობებში არჩევნების პროფესიულ დონეზე ორგანიზებისთვის და კენჭისყრის დღეს ყველასათვის უზრუნველყოფს თავისუფალ და ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს“, – აღნიშნულია ცესკოს განცხადებაში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული.

3
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (141)
საქართველოს დროშა

„ქართულ ოცნებას“ ამომრჩევლის 25% უჭერს მხარს პარტიების ახალი რეიტინგი

67
(განახლებულია 11:46 21.09.2020)
საარჩევნოდ ოპოზიცია თუ არ გაერთიანდება, არჩევნების ლიდერი მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ იქნება.

თბილისი, 21 სექტემბერი  — Sputnik. საპარლამენტო არჩევნებში მმართველმა პარტიამ შეიძლება ოპოზიციური პარტიების გაერთიანება უკან ჩამოიტოვოს, ასეთია  ოპოზიციური ტელეკომპანია „მთავარი არხის“ დაკვეთით ფრანგული კომპანია IPSOS–ის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგები.

კვლევა 2020 წლის 10-18 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა, ცდომილება შეადგენს +/–2,5%-ს.

კითხვაზე, რომელ პარტიას მისცემდით ხმას, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, პასუხები ასე ნაწილდება. 

პარტია რესპონდენტების წილი
"ქართული ოცნება"  25%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და გაერთიანებული ოპოზიცია "ძალა ერთობაშია" 15,5

"ევროპული საქართველო" 

5%
"სტრატეგია აღმაშენებელი"  3%
"ლეიბორისტული პარტია" 3%
"პატრიოტთა ალიანსი" 3%
"გირჩი" 2,5%
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) 2,5%
"ლელო" 2%
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი" 1,5%
"თავისუფალი საქართველო" 1%
სხვა პარტიები 3%
არ ვიცი 19%
უარი თქვეს პასუხზე 14%

რაც შეეხება ალოკაციით მიღებულ შედეგებს, კვლევის მიხედვით იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

ალოკაცია არის რესპონდენტების ხმის დათვლის ისეთი მეთოდი, როდესაც რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ პარტიას, თუმცა, დამატებითი კითხვების ანალიზის საფუძველზე ამალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას: 

პარტია რესპონდენტების წილი
"ქართული ოცნება" -  38%
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და ოპოზიციური გაერთიანება "ძალა ერთობაშია" 26%
"ევროპული საქართველო" 9%
"სტრატეგია აღმაშენებელი" 5%
"ლეიბორისტული პარტია" 4%
"პატრიოტთა ალიანსი" 4%
"გირჩი" 3%
"ერთიანი საქართველო - დემოკრატიული მოძრაობა" (ნინო ბურჯანაძე) 3%
"ლელო" 3%
"მოქალაქეები" (ალეკო ელისაშვილი) 2%
"თავისუფალი საქართველო" 1%
სხვა პარტიები 2%

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

67
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (141)