დეპუტატები პარლამენტში

ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნის გარეშე: დეპუტატებს სიფრთხილისკენ მოუწოდებენ

122
(განახლებულია 18:57 15.09.2020)
როგორც პრაქტიკამ აჩვენა, დეპუტატის იმუნიტეტი კორონავირუსისგან არ იცავს – ორი დეპუტატი კორონავირუსის დიაგნოზით უკვე ჰოსპიტალიზებულია.

თბილისი, 15 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ დიმიტრი ხუნდაძემ კოლეგებს მოუწოდა, რომ შეხვედრისას თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევისა და გადაკოცნისგან და აუცილებლად ატარონ პირბადე.

მისი განცხადებით, ეს აუცილებელია, რათა მინიმუმამდე დავიდეს კორონავირუსით ინფიცირების რისკი.

ეს საკითხი პარლამენტში მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ორ დეპუტატს – ლევან გოგიჩაიშვილსა და გედევან ფოფხაძეს კორონავირუსი დაუდგინდა. ისინი საავადმყოფოში არიან მოთავსებული.

„მინდა მოქალაქეებს ვთხოვო, რომ თავი შეიკავონ ხელის ჩამორთმევით მისალმებისგან და, მით უმეტეს, გადაკოცნისგან... ფრთხილად ვიყოთ ყველა და ყველა ერთად გავუფრთხილდეთ ქვეყნის უსაფრთხოებას. ჩვენ სამი ძირითადი მიზანი გვაქვს, ესაა: შევინარჩუნოთ მოქალაქეების ჯანმრთელობა, ეკონომიკა სწრაფად დავუბრუნოთ სასტარტო მდგომარეობას და... მოვახერხოთ არჩევნები ჩავატაროთ ეპიდემიოლოგიურად უსაფრთხო გარემოში“, – განაცხადა ხუნდაძემ.

„წყარო უცნობია“: პარლამენტის დეპუტატსა და მის მეუღლეს კორონავირუსი დაუდასტურდათ>>

საქართველოს პარლამენტმა ამ კვირაში 61 საკითხი უნდა განიხილოს. მათ შორისაა შესწორებები სხვადასხვა კანონში – „სასამართლოების შესახებ“, „შრომის კოდექსი“, „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“, „დაცული ტერიტორიების შესახებ“ და ა.შ.

122
თემები:
COVID-19 საქართველოში (1739)
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

49
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

49
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
წინასაარჩევნო ბანერი

არჩევნები 2020: „მემარცხენე ალიანსი“ „პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა

118
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. პოლიტიკურმა გაერთიანება "მემარცხენე ალიანსმა" არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა. ამის  შესახებ განცხადება „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც „მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, მართალია, ისინი დამოუკიდებლად დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად აღარ მიეღოთ   არჩევნებში მონაწილეობა.

„მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვს „პატრიოტთა ალიანსს", როდესაც დავრწმუნდით, რომ ეკონომიკური მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მხოლოდ ერთადერთი საშუალება და პროგრამა გააჩნია „პატრიოტთა ალიანსს", პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ვხსნით ჩვენს კანდიდატურას და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს“, - განაცხადა ძაგანიამ.

თავის მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვთ და საარჩევნო ოლქებში ისინი მაჟორიტარ დეპუტატებად იქნებიან წარმოდგენილნი.

„ეს არის მებრძოლი ხალხი, პატიოსანი ხალხი, გამოცდილი პოლიტიკაში, რომლებსაც გავლილი აქვთ ურთულესი გზა და აქვთ ძალზე დიდი გამოცდილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მოხარული, რომ გავძლიერდით, შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი“, - განაცხადა ინაშვილმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია - „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

 

118
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ტესტირება კორონავირუსზე

აჭარა, თბილისი და რეგიონები - როგორია COVID-19-ის ახალი შემთხვევების გეოგრაფია

0
COVID-19-ით ინფიცირების ახალი შემთხვევების უმრავლესობა კვლავ აჭარაზე მოდის, რეგიონში ერთ დღეში ასზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა

თბილისი, 19 სექტემბერი – Sputnik. კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევებიდან, რომლებიც ქვეყანაში ბოლო დღე-ღამეში დაფიქსირდა, უმრავლესობა აჭარას უკავშირდება, დანარჩენი გამოვლინდა თბილისსა და რეგიონებში, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ.

სად უმკურნალებენ კორონავირუსით ინფიცირებულ ორსულებს >>

„დაგვემატა 187 ახალი დადასტურებული შემთხვევა. დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსის 3 306 შემთხვევა გვაქვს. 187 ახალი შემთხვევის განაწილება ასეთია: 116 არის აჭარა, 30 თბილისს უკავშირდება, იმერეთს -15, სამეგრელო-ზემო სვანეთს - 11 , გურიას - 4, კახეთს - 3, შიდა ქართლს - 3, ქვემო ქართლს - 2, ასევე მცხეთა-მთიანეთს - 2, ერთი შემთხვევა კი სამცხე-ჯავახეთს უკავშირდება“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ამასთან ეზუგბაიამ აღნიშნა, რომ კორონავირუსზე მკურნალობს სულ 1 798 ადამიანი, აქედან 14 პაციენტი კრიტიკულ მდგომარეობაშია, ხოლო 70-ის მდგომარეობა მძიმეა.

რაც შეეხება აჭარას, რეგიონში 28-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა სტატისტიკაც.

ახალინფიცირებულთა უმრავლესობა ბათუმის მკვიდრია. ამასთან, დღეს გამოვლენილ შემთხვევებს შორის არიან არასრულწლოვნები და ორსულებიც.

აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ინფორმაციით, აჭარის კლინიკებში ამ დროისთვის 486 ინფიცირებული მკურნალობს, 300-ზე მეტი პირი კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ კოვიდ-სასტუმროებში იმყოფება. დღევანდელი შედეგი 3 ათას 500-ზე მეტი ტესტის შედეგად გამოვლინდა.

გურიაში კორონავირუსი ორი თვის ჩვილს დაუდასტურდა >>

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 3306-ს მიაღწია, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობას დღეს 46 ადამიანი შეემატა. ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 1481 ადამიანი. გარდაიცვალა – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 836 პაციენტია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში (1739)