არჩილ თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტს შესწორებები შეაქვს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“

64
(განახლებულია 09:38 15.09.2020)
ვენეციის კომისიის რეკომენდაციების მიხედვით შემუშავებულ საკანონმდებლო ცვლილებებს პარლამენტის თავმჯდომარემ სასამართლოს რეფორმისთვის „ძალზე მნიშვნელოვანი“ უწოდა.

თბილისი, 14 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პარლამენტი ამ კვირაში განიხილავს ცვლილებებს კანონში „საერთო სასამართლოების შესახებ“. ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დიპლომატიური კორპუსის, იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

ვის აღარ მოუწევს ნარკოტესტის ჩაბარება: საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის>>

განხილვის მთავარი თემა იყო საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათავლისწინებით მომზადდა. როგორც თალაკვაძემ განმარტა, აღნიშნული შესწორებები უკავშირდება ორ მნიშვნელოვან საკითხს – უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულებას და მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობას.

„ჩვენმა პოლიტიკურმა პარტიამ პარლამენტში მოამზადა ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები სამუშაო ჯგუფთან, დიპლომატიურ კორპუსთან და ჩვენს პარტნიორებთან თანამშრომლობის შედეგად. ეს ითვალისწინებს სასამართლო კანონმდებლობაში ორ მნიშვნელოვან საკითხს: ერთი – ეს არის უვადოდ დასანიშნი მოსამართლეების შესახებ გადაწყვეტილებების დასაბუთების ვალდებულება, მეორე – მიღებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შესაძლებლობა“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ჩვენ მზად ვართ, რომ სესიის შემდგომ დღეებში ეს ცვლილებები მივიღოთ და ამით კიდევ უფრო მეტად გავზარდოთ სასამართლოს დამოუკიდებლობა და გავხადოთ პროცესი უფრო გამჭვირვალე და სამართლიანი, აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარემ.

მისი განცხადებით, სასამართლო რეფორმა გრძელვადიანი პროცესია და მმართველი გუნდი მის ბოლომდე მიყვანას აპირებს.

კანონპროექტის თანახმად, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ კანდიდატების შერჩევის პროცესის ყველა ეტაპზე დაწესდება გადაწყვეტილების დასაბუთების სტანდარტი, რომელსაც ახორციელებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სამდივნო მოსამართლეების რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში დანიშვნის პროცედურის ანალოგიურად. შესწორებები ასევე ითვალისწინებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას საკვალიფიკაციო პალატაში მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის ნებისმიერ ეტაპზე.

შესწორებები კიდევ ითვალისწინებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პროცედურების ვადების შემცირებას მოსამართლეების რაიონულ და სააპელაციო სასამართლოებში დანიშვნისგან განსხვავებით, როდესაც გადაწყვეტილებას მოსამართლის დანიშვნის თაობაზე თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს.

შესწორებების ინიციატორები არიან საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლები გურამ მაჭარაშვილი, რატი იონათამიშვილი და ირაკლი კობახიძე.

64
თემები:
საქართველოს პარლამენტი (192)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

54
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

54
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

62
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

62
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მესტია, საქართველო

რა ვიცით საქართველოზე? - შეამოწმეთ და შეივსეთ ცოდნა

0
(განახლებულია 12:29 25.09.2020)
იცით, რომ ძველად საქართველოში „იქმდის სანმდის ვაზი ხარობდა“, დაბლობად მიიჩნეოდა, ხოლო სადაც არ ხარობდა — მთად?

საქართველო ჩვენი სამშობლოა და თითოეულ ჩვენგანს გარკვეული ცოდნა აქვს მის შესახებ, მაგრამ არსებობს დეტალები, რომლებიც შესაძლოა არ იცოდეთ.

ქვემოთ რამდენიმე საინტერესო ინფორმაციას გაგაცნობთ.

  • ფართობის მიხედვით საქართველოში ყველაზე დიდია მესტიის რაიონი, რომელიც მოიცავს 304 400 ჰექტარს. მეორე მაჩვენებელი აქვს დუშეთის რაიონს — 298 ათასი ჰექტარი, შემდეგ კი მოდის დედოფლისწყაროს რაიონი, რომელიც გადაჭიმულია 252 900 ჰექტარზე;
    საქართველოში ტყის საფარი 2,5 მილიონ ჰექტარზე მეტია; 
  • საქართველოს შავი ზღვის სანაპირო  ზოლი — მდინარე ფსოუს შესართავიდან სარფამდე  — 310 კილომეტრს აღემატება;
  • შავი ზღვა 200 მეტრის სიღრმიდან ფსკერამდე მკვდარია. მასში არანაირი ცოცხალი არსება არ ხარობს, რადგან დიდი რაოდენობით მომწამვლელ გაზს შეიცავს;
  • საქართველოში დიდი თუ მცირე 860 ტბა და 43 ხელოვნური წყალსაცავია, მათი საერთო ფართი 170 კვადრატული კილომეტრია (რაც ქვეყნის ტერიტორიის 0,24 % - ია)
  • დაახლოებით 3– 4 ათასი წლის წინ ხმელთაშუა ზღვიდან შავ ზღვაში წყალი შეიჭრა. წყლის დონის 3-4 მეტრით აწევამ დატბორა კოლხეთის დაბლობი. 1000 წლის შემდეგ შემდეგ ზღვამ ისევ უკან დაიხია და დაგვრჩა დაჭაობებული კოლხეთის დაბლობი;
  • საქართველოში 215 მილიონი ტონა მარგანეცის მარაგია;
  • ჩვენს წელთაღრიცხვამდე I საუკუნეში შავი ზღვის სანაპიროს „დაწევის“ გამო ჩაიძირა ქალაქი დიოსკურია — თანამედროვე სოხუმის მიმდებარედ;
  • საქართველოში არის ტალახის მოქმედი ვულკანები. ასეთი ვულკანების კრატერში თავისუფლად ჩასვლა და ბანაობაა შესაძლებელი. ყველაზე პოპულარულია ახტალა. მეორე ადგილზეა კილაკუპმა (დედოფლისწყაროს რაიონში), რომელსაც „მეორე ახტალადაც“ მოიხსენიებენ;
  • საქართველოში  წყლის წლიური რესურსი 65 ტრილიონი ლიტრია (აქედან  18 ტრილიონი ლიტრი სასმელად ვარგისი მტკნარი წყალია), ხოლო მინერალური წყლის წლიური რესურსი 50 მილიარდ ლიტრია. საქართველოში მინერალური წყალი 1500–მდე ადგილზე ამოდის;
  • უძველესი სამაგიდო თამაში ნარდი ქართველთა წინაპრებმა, ქალდეველებმა გამოიგონეს;
  • ძველად საქართველოში კარგი საჭურვლის დასამზადებლად სამჭედლოებში წაბლის ხის ნახშირს იყენებდნენ;
  • საქართველოში ნავთობის მარაგი 2 მილიარდ ტონას აღემატება, ხოლო მისი წლიური მოხმარება მხოლოდ 3,5 მილიონი ტონაა;
  • საქართველოში ბუნებრივი აირის დადასტურებული მარაგი დაახლოებით 300 მილიარდ კუბურ მეტრს შეადგენს. ხოლო ჩვენი ქვეყნის ყოველწლიური მოხმარება 2–2,5 მილიარდი კუბური მეტრია;
  • საქართველოში 26 ათასამდე დიდი თუ პატარა მდინარეა და მათი საერთო სიგრძე 6 ათასი კილომეტრია;
  • საქართველოში 58 დიდი, საშუალო თუ მცირე მოქმედი ჰიდროელექტროსადგურია, ხოლო ჰიდრორესურსების ჯამური პოტენციური სიმძლავრე 15 ათასი მეგავატსაათია, თუმცა პოტენციალის 80 % აუთვისებელია და მთლიანი ჰიდრორესურსების მხოლოდ 20 %-ია გამოყენებული;
  • ძველად საქართველოს მთა და დაბლობი შემდეგნაირად განისაზღვრებოდა: „იქმდის სანმდის ვაზი ხარობდა“, დაბლობად (ბარი) მიიჩნეოდა, ხოლო სადაც არ ხარობდა — მთად. ამჟამად საქართველოს ტერიტორიის დაახლოებით 65 პროცენტი უკავია მთას, ხოლო დაბლობს — 35 პროცენტი;
  • საქართველოში დაახლოებით 5000-მდე დაბა და სოფელია, მათგან 200-მდე სოფელი ან სრულიად გაუკაცრიელებულია, ან მისი მოსახლეობა 20 მობინადრეს არ აღემატება...
0
თემები:
იცით თუ არა, რომ...