„ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს ხელი მოაწერა

© Sputnik / Alexander Imedashviliქართული ოცნების ოფისი
ქართული ოცნების ოფისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცესკო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ გაერთიანებას, შეუერთდეს აღნიშნულ კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ უერთდება პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსს, განაცხადა საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა მამუკა მდინარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე. 

ცესკო - Sputnik საქართველო
ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა

აღნიშნულ დოკუმენტს ხელი უკვე მოაწერა პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა და საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპარლამენტო არჩევნების წინ შეიმუშავა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი – ეს არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომელთა მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა.

მდინარაძის თქმით, ქცევის კოდექსი ეხება ფეიკ-ნიუსების გავრცელების პრევენციას, გამჭვირვალე წინასაარჩევნო გარემოს, არჩევნების უმაღლესი სტანდარტით ჩატარების გარანტიებს და არჩევნებთან დაკავშირებულ სხვა მნიშვნელოვან თემებს.

„ჩვენ ჩართული ვიყავით დოკუმენტის შემუშავებაში და გვქონდა რამდენიმე შენიშვნაც. შენიშვნები შეეხებოდა პოლიტიკური სუბიექტების მხრიდან ცილისწამებისა და დანაშაულის დაბრალების თაობაზე ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე უარის თქმას და მასზე რეაგირებას. ასევე ამომრჩევლის კონტროლის, მათი აგიტაციის მიზნით საარჩევნო უბანთან შეყოვნებას და შემოხაზული ბიულეტენის ფოტოგადაღების ან ხმის მიცემის კაბინიდან კონვერტში განთავსების გარეშე გამოტანის გამორიცხვას“, – განაცხადა მდინარაძემ.

მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები თავიდან უარს აცხადებდნენ აღნიშნულ დოკუმენტზე ხელმოწერაზე, თუმცა დასავლელი პარტნიორების სამკვირიანი მუშაობის შედეგად მათთან შედგა შეთანხმება და, შესაბამისად, დოკუმენტზე მათი ხელმოწერაც დაფიქსირდება. 

პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი

საქართველოს საარჩევნო კომისიის მიერ შემუშავებული ქცევის კოდექსი მოწინავე საერთაშორისო გამოცდილებას ემყარება, რომელიც საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

დოკუმენტი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებს და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას. 

პარლამენტის სხდომა - Sputnik საქართველო
ვის აღარ მოუწევს ნარკოტესტის ჩაბარება: საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის

კოდექსის მიხედვით, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, პარტიები აღიარებენ კანონის უზენაესობას, იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პატივს სცემენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატსა და ამომრჩეველთა უფლებებს, არ გამოიყენებენ სიძულვილის, ქსენოფობიის ან მუქარის ენას, ყველაფერს გააკეთებენ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა უარი უნდა თქვან პირად შეურაცხყოფაზე, პროვოკაციებზე, კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ აგიტაციაში ჩარევაზე, ასევე ცრუ ინფორმაციის განზრახ გამოყენებაზე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. ასევე საარჩევნო პროცესში სარგებლის მიღების მიზნით მათ არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი.

ცესკო მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ გაერთიანებას, შეუერთდეს აღნიშნულ კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. საქართველოს მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ცესკოში რეგისტრაცია 66-მა პარტიამ გაიარა. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

ყველა ახალი ამბავი
0