თბილისის აეროპორტი

ვინ, როდის და როგორ გადმოკვეთს საქართველოს საზღვარს: განისაზღვრა პირობები

231
(განახლებულია 16:37 14.09.2020)
საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას. რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც ქვეყანაში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების გადახედვა.

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს ამ ეტაპზე სახელმწიფო საზღვარი გერმანიის, საფრანგეთის, ესტონეთის, ლატვიისა და ლიეტაუვის მოქალაქეებისთგვის იმ პირობით აქვს გახსნილი, რომ მათ საქართველოში ჩამოსვლისას უნდა წარმოადგინონ ბოლო 72 საათის განმავლობაში ჩატარებული PCR–ტესტის პასუხი. 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზემოჩამოთვლილი ხუთი ქვეყნის მოქალაქეებს ქვეყანაში ჩამოსვლა მხოლოდ საჰაერო გზით შეუძლიათ მითითებული ხუთი ქვეყნიდან გამომგზავრების შემთხვევაში.

საქართველოს საზღვრის გადმოკვეთამდე მათ უნდა შეავსონ სპეციალური ელექტრონული ანკეტა ვებ-გვერდზე registration.gov.ge, სადაც უნდა მიუთითონ საქართველოში შემოსვლამდე ბოლო 14 დღის განმავლობაში მოგზაურობის ისტორია, საქართველოში ვიზიტის დროს განსაზღვრული ადგილსამყოფელი, საკონტაქტო ინფორმაცია და სხვ.

აღნიშნული პირები სასაზღვრო პუნქტებზე თერმოსკრინინგს გაივლიან. 37 გრადუსზე მეტი ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მათ ჩაუტარდებათ PCR-ტესტი, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ.

რაც შეეხება ევროკავშირის იმ ქვეყნების მოქალაქეებს, რომლებმაც საქართველო შეიყვანეს ე.წ. მწვანე სიაში (გარდა ზემოთ ჩამოთვლილი ხუთი ქვეყნისა), ან ნება დართეს, მაგრამ დაუწესეს გარკვეული სახის შეზღუდვები, საქართველოში შემოსვლა შეუძლიათ რვადღიანი სავალდებულო კარანტინის პირობით, რომლის ხარჯებსაც თავად დაფარავენ. 

კერძოდ, კარანტინში მყოფ პირს მერვე დღეს ჩაუტარდება ტესტი, უარყოფითი პასუხის შემთხვევაში იგი მეცხრე დღეს დატოვებს საკარანტინო სივრცეს. თუმცა ასეთი პირი ვალდებულია მე-12 დღეს გამოცხადდეს შესაბამის დაწესებულებაში და PCR-ტესტი განმეორებით ჩაიტაროს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოს საზღვრის კვეთის რეგულაციებს გაეცანით ბმულზე.

იმ შემთხვევაში, თუ ზემოაღნიშნული ხუთი ქვეყნის მოქალაქე/მუდმივი ბინადრობის უფლების მქონე პირი საჰაერო გზით ჩამოდის ევროკავშირის იმ ქვეყნიდან, რომელთანაც საქართველო დათქმით ხსნის საზღვარს, ან იმ ქვეყნებიდან, რომელთანაც საქართველოს არ აქვს საზღვარი გახსნილი, აგრეთვე თუ ბოლო 14 დღის განმავლობაში აქვს მოგზაურობის ისტორია ხსენებული ხუთი ქვეყნის გარდა სხვა ქვეყნებში, ის ექვემდებარება 8-დღიან სავალდებულო კარანტინს საკუთარი ხარჯით.

რაც შეეხება ევროკავშირის წევრ სხვა ქვეყნებს (სლოვენია, ავსტრია, ბელგია, ბულგარეთი, დანია, მალტა, სლოვაკეთი, ფინეთი, უნგრეთი, ჩეხეთი, ხორვატია), რომლებმაც საქართველოსთან საზღვარი არ გახსნეს, მათი მოქალაქეებისთვის დარჩება დღეს მოქმედი რეჟიმი და შეზღუდვები შემოსვლაზე.

საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს ევროკავშირის წევრ პარტნიორ ქვეყნებთან აქტიურ თანამშრომლობას, რეკომენდაციის შესაბამისად, ორ კვირაში ერთხელ მოხდება როგორც საქართველოში შემომსვლელთა, ისე საქართველოს მოქალაქეების ამ ქვეყნებში შესვლის პირობების ერთობლივად გადახედვა.

საქართველოში ამ დროისათვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 2392-ს მიაღწია. გამოჯანმრთელდა 1369 ადამიანი. გარდაცვლილია – 19, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 390 პაციენტია.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

 

231
თემები:
COVID-19 საქართველოში (1771)
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

29
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

29
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

31
(განახლებულია 19:01 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

31
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა