არჩევნები

არჩევნები-2020:  საარჩევნო უბნები დაახლოებით 40 ქვეყანაში გაიხსნება

101
(განახლებულია 20:06 13.09.2020)
საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა.

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. ცესკო მჭიდროდ თანამშრომლობს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფი ამომრჩევლებისთვის უზრუნველყოფილი იყოს მათი კონსტიტუციური უფლება, განაცხადა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პრესსპიკერმა, ანა მიქელაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

მიქელაძის განცხადებით, საარჩევნო უბნების გახსნა დაახლოებით 40 ქვეყანაში იგეგმება.

„მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ვითარებაა ახალი კორონავირუსის გავრცელების კუთხით, სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაახლოებით 40 ქვეყანაში, იქ, სადაც პრაქტიკა გვქონდა აქამდე, იგეგმება გაიხსნას საარჩევნო უბნები. უბნების ფუნქციონირება დამოკიდებულია მოცემული დროისთვის კონკრეტულ ქვეყანაში პანდემიის კუთხით არსებულ ვითარებაზე“, - განაცხადა მიქელაძემ.

საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები უნდა იმყოფებოდნენ საკონსულო აღრიცხვაზე, ანდა უნდა იყვნენ რეგისტრირებულნი საზღვარგარეთ მისამართზე საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

„იმ შემთხვევაში, თუ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ იმყოფებიან საკონსულო აღრიცხვაზე, ან არ აქვთ რეგისტრაცია საზღვარგარეთ, მათ მიმდინარე წლის 10 ოქტომბრის ჩათვლით უნდა გაიარონ რეგისტრაცია საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში, ან საკონსულო დაწესებულებებში. საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა არ ითვალისწინებს მოსაკრებლის გადახდას“, - აღნიშნა ცესკოს პრესსპიკერმა.

მოქალაქეებს აღნიშნული პროცედურის განხორციელება ელექტრონულად, საკონსულოს ვებგვერდის მეშვეობითაც შეუძლიათ.

2018 წელს საპრეზიდენტო არჩევნებზე საზღვარგარეთ, 39 ქვეყანაში 55 საარჩევნო უბანი იყო გახსნილი. საზღვარგარეთ ორგანიზებული არჩევნების პირველ ტურში 4 801-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, ხოლო მეორე ტურში - 9 028 ამომრჩეველმა. ცესკოს ცნობით,  2018 წელს საზღვარგარეთ რეგისტრირებული ამომრჩევლების რაოდენობამ პირველი ტურისთვის შეადგინა 57 637, ხოლო მეორე ტურისთვის 63 739 ამომრჩეველი.

101
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

26
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

26
(განახლებულია 19:01 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
ცისფერი გალერეა

„ზამთრის მხატვარი“: თბილისში გურამ დოლენჯაშვილის გამოფენა გაიხსნა

0
ეს ფერმწერი საოცრად ხატავს ზამთრის პეიზაჟებს - მისი ნახატები ერთი შეხედვით ფოტოებში შეიძლება აგერიოთ

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, „ზამთრის მხატვრის“ - გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიხსნა.

დამთვალიერებლები შუქჩრდილის ვირტუოზული „თამაშით“ განთქმული ოსტატის სხვადასხვა ნამუშევრებს ნახავენ. დოლენჯაშვილის ნახატები, რომლებსაც ის უბრალო ფანქრით ხატავს, იმდენად რეალისტურად არის შესრულებული, რომ ბევრს ფოტოები ჰგონიათ.

„შუქჩრდილი ფანტასტიკურია, არის შეგრძნება, თითქოს მთვარის შუქი თვალს ჭრის. მის ნამუშევრებში სილამაზის სივრცეები ერთდროულად არსებობს - მაყურებელი მაკროსამყაროდან მიკროსამყაროში ხვდება, თანაც ისე, რომ სუნთქვა ჩერდება. კოსმიურად მშვენიერი ზეციდან - იმერელი გლეხის ურმამდე, თიხის ქოთნის უმცირეს ბზარამდე. ტოტებზე დადებული საოცრად რეალური თოვლიდან - კვლავ განუსაზღვრელი სიმაღლის ზეცაში, მთვარისკენ, კოსმოსში“, - წერს დოლენჯაშვილის შესახებ მოსკოველი ხელოვნებათმცოდნე რაისა ნესტერენკო.

გამოფენა 21 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. საქართველოს დამსახურებული მხატვარია, რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი, მრავალი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი. 90-იანი წლებიდან ცხოვრობდა რუსეთში, ამჟამად ცხოვრობს საქართველოში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები იყო გამოფენილი სხვადასხვა ქვეყნებში: ავსტრალიაში, ავსტრიაში, ინგლისში, არგენტინაში, ბელგიაში, ბულგარეთში, უნგრეთში, ვიეტნამში, გერმანიაში, ინდოეთში, ერაყში, კვიპროსში, კუბაში, მექსიკაში, მონღოლეთში, ნიდერლანდებში, ნიკარაგუაში, პოლონეთში, რუმინეთში, აშშ-ში, გერმანიაში, საფრანგეთში, ჩეხოსლოვაკიაში, შვედეთში, შვეიცარიაში, იუგოსლავიასა და იაპონიაში.

დოლენჯაშვილის ნამუშევრები ასევე ინახება ტრეტიაკოვის გალერეაში, პუშკინის სახელობის მუზეუმში და მსოფლიოს მრავალ მუზეუმში.

0
თემები:
საქართველო და კულტურა