ცესკო

ეთიკა პოლიტიკოსებისთვის - ცესკომ პარტიებს სპეციალური კოდექსი შეუდგინა

105
(განახლებულია 17:33 13.09.2020)
მოქმედება კონსტიტუციის ჩარჩოებში, კანონის უზენაესობის აღიარება, უარის თქმა სიძულვილის ენაზე, პატიოსანი ბრძოლის წარმართვა, პატივისცემა - აი ის ძირითადი მოთხოვნები, რომლებიც პარტიებმა წინასაარჩევნო კამპანიის დროს უნდა დაიცვან

თბილისი, 13 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ (ცესკო) საპარლამენტო არჩევნების წინ შეიმუშავა პოლიტიკური პარტიების ქცევის კოდექსი - ეს არის ნებაყოფლობითი ეთიკის ნორმები, რომელთა მიზანია დემოკრატიული ღირებულებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვა, ამის შესახებ ჟურნალისტებს ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიან განუცხადა.

ვის აღარ მოუწევს ნარკოტესტის ჩაბარება: საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის >>

იმ სტანდარტების შემუშავებისა და დანერგვის რეკომენდაცია, რომელიც ეთიკურ საარჩევნო კამპანიას არეგულირებს, მათ შორის სიძულვილის ენისა და ქსენოფობიის შესაძლო გავრცელების აღკვეთა, მრავალი საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის ანგარიშში მოხვდა.

ჟვანიას თქმით, კოდექსი შემუშავდა მოწინავე საერთაშორისო გამოცდილების საფუძველზე, რომელიც საყოველთაოდ მიღებულ საერთაშორისო სტანდარტებს შეესაბამება.

„ეს დოკუმენტი ეფუძნება საყოველთაოდ აღიარებულ საარჩევნო ეთიკის პრინციპებს და მოიცავს სამართლიანი და ღირსეული კონკურენციის შესახებ ნორმებს, ამომრჩეველთა და მონაწილე პარტიათა უფლებების აღიარებას და პატივისცემას“, - განაცხადა ჟვანიამ.

კოდექსის მიხედვით, რომელიც ოთხი თავისგან შედგება, პარტიები აღიარებენ კანონის უზენაესობას, იმოქმედებენ მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით, პატივს სცემენ ყველა პოლიტიკურ პარტიას, კანდიდატსა და ამომრჩეველთა უფლებებს, არ გამოიყენებენ სიძულვილის, ქსენოფობიის ან მუქარის ენას, ყველაფერს გააკეთებენ მშვიდი საარჩევნო გარემოს უზრუნველსაყოფად.

კოდექსის ცალკეული თავი პარტიებს შორის ღირსეულ და პატიოსან კონკურენციას მიეძღვნა.

არჩევნებში მონაწილე საარჩევნო სუბიექტებმა უარი უნდა თქვან პირად შეურაცხყოფაზე, პროვოკაციებზე, კონკურენტების წინასაარჩევნო კამპანიაში და მათ აგიტაციაში ჩარევაზე, ასევე ცრუ ყალბი ინფორმაციის განზრახ გამოყენებაზე ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით. ასევე საარჩევნო პროცესში სარგებლის მიღების მიზნით მათ არ უნდა გამოიყენონ ადმინისტრაციული რესურსი.

კორონავირუსი კიდევ ერთ ქართველ პოლიტიკოსს დაუდასტურდა >>

თამარ ჟვანიამ მოუწოდა ყველა პოლიტიკურ პარტიას და პოლიტიკურ გაერთიანებას შეუერთდეს ამ ქცევის კოდექსს და აიღოს პასუხისმგებლობა მის შესრულებაზე.

საარჩევნოდ რეგისტრირებულ ყველა პოლიტიკურ პარტიას კოდექსის ტექსტი დაეგზავნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისია პერიოდულად გამოაცხადებს, რომელიც პარტიები შეუერთდნენ კოდექსს.

 

105
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

18
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

18
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

26
(განახლებულია 19:01 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
გრიპის ვაქცინა

გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინა საქართველოში ოქტომბრის დასაწყისში გამოჩნდება

0
(განახლებულია 19:37 22.09.2020)
რესპირატორული დაავადებების გავრცელების სეზონის დაწყებასთან ერთად ქართველი მედიკოსები გრიპის ვაქცინაციის აუცილებლობაზე ალაპარაკდნენ

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ოქტომბრის დასაწყისში საქართველოს განკარგულებაში ექნება გრიპის ოთხკომპონენტიანი ვაქცინის 135 ათასი დოზა, განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

„წელს ნაყიდი გვაქვს 135 ათასი, რომლის პირველი პარტია, ჩემი ინფორმაციით, ოქტომბრის დასაწყისში უნდა შემოვიდეს. და დაიწყება ვაქცინაცია... ვაქცინა ასევე შემოაქვს კერძო სექტორს და მსურველებს ნებაყოფლობით შეუძლიათ აიცრან“, – განაცხადა გამყრელიძემ.

ამასთან დაავადებათა კონტროლის ცენტრი ვაქცინის დამატებითი რაოდენობის შეძენაზე მუშაობს.

თავად ვაქცინა ფრანგული წარმოებისაა. გამყრელიძის თქმით, ის განკუთვნილია რისკ-ჯგუფებზე, რომლებსაც ყოველ წელს ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული იმუნიზაციის კომიტეტი განსაზღვრავს. რისკ-ჯგუფში შედიან ორსულები, ხანდაზმულები, ბავშვები და ქრონიკული დაავადებების მქონე პირები.

საქართველოს მოსახლეობაში გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის პოპულარიზაცია 2014-2015 წლებში დაიწყო. 2018 წელს ქვეყანამ შეიძინა 40 ათასი დოზა, მაგრამ პრეპარატის დიდი ნაწილი აუთვისებელი დარჩა. გასულ წელს ქვეყანამ შეიძინა უკვე 100 ათასი დოზა, საიდანაც გამოუყენებელი ძალიან მცირე ნაწილი დარჩა.

0
თემები:
ჯანდაცვა საქართველოში