პარლამენტის სხდომა

ვის აღარ მოუწევს ნარკოტესტის ჩაბარება: საარჩევნო კოდექსში ცვლილება შედის

124
(განახლებულია 14:58 12.09.2020)
ცვლილებების მიღების შემთხვევაში, ნარკოლოგიურ შემოწმებას გაივლიან მხოლოდ კენჭისყრის შედეგად არჩეული დეპუტატობის კანდიატები, და არა ყველა კანდიდატი, რომელიც საარჩევნო კომისიებში რეგისტრაციას გადის

თბილისი, 12 სექტემბერი - Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებში პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის პირს ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარდგენა აღარ მოუწევს.

„საარჩევნო კოდექსში“ შედის შესაბამისი ცვლილებები, რომელთა ინიცირება 14 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება.

კანონპროექტის ინიციატორები უმრავლესობის წევრები გურამ მაჭარაშვილი და რატი იონათამიშვილი არიან.

მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნულ ვალდებულებას ითვალისწინებდა, ხოლო თუ პირი ამ მუხლის ამოქმედებამდე პარლამენტის წევრობის კანდიდატად რეგისტრაციაში არ გატარდა მხოლოდ ნარკოლოგიური შემოწმების შესახებ ცნობის წარუდგენლობის გამო, ცესკოს თავმჯდომარე ვალდებულია, ამ მუხლის ამოქმედებიდან სამ დღეში გაატაროს იგი საარჩევნო რეგისტრაციაში.

თუმცაღა, პარლამენტის წევრად უკვე არჩეული პირი ვალდებულია კენჭისყრის დღიდან 7 დღის ვადაში გაიაროს ნარკოლოგიური შემოწმება და შესაბამისი ცნობა ამავე ვადაში წარუდგინოს იმ საარჩევნო კომისიას, სადაც საარჩევნო რეგისტრაციაში გატარდა.

აღნიშნულ ცვლილებას ოპოზიციური ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე გამოეხმაურა.

„პრობლემის არსი იმაში მდგომარეობდა, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების შემდეგ, ნარკოლოგიური შემოწმება ევალებოდა ყველას, ვინც იქნებოდა საარჩევნო სიაში და არა მხოლოდ მათ, ვინც გახდებოდა დეპუტატები. 9 ათას ადამიანს უნდა ჩაებარებინა შარდი, მაშინ, როცა მხოლოდ 150 გახდებოდა აქედან პარლამენტის წევრი. ეს აბსურდია, რა თქმა უნდა. ახლა პარლამენტში დარეგისტრირდა ცვლილებები საარჩევნო კოდექსში, შეცვლიან ამ უაზრო მოთხოვნას“, - განაცხადა მან.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

124
თემები:
საქართველოს პარლამენტი (192)
ცესკო

ცესკომ საპარლამენტო არჩევნებისთვის პირველი დამკვირვებლები დაარეგისტრირა

53
(განახლებულია 00:14 19.09.2020)
ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ცესკოში ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 19 სექტემბერი - Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 18 სექტემბრისთვის დაარეგისტრირა ექვსი საერთაშორისო და 49 ადგილობრივი ორგანიზაცია, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამი ცესკოს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნები გაიმართება. პარალელურად ამ დღეს ჩატარდება არჩევნები აჭარის უმაღლეს საბჭოში და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერების და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები.

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციების და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით გახდება.

ადრე საქართველოს ხელისუფლებაში აცხადებდნენ, რომ კორონავირუსის პანდემიის და ჩაკეტილი საზღვრების მიუხედავად, ქვეყანაში საერთაშორისო დამკვირვებლების უპრეცედენტო რაოდენობა ჩამოვა.

ამ დროისათვის საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია გაიარეს: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და „ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში".

ვის სურს პარლამენტში მოხვედრა: ცესკომ პარტიების საბოლოო სია გამოაქვეყნა >>

დამკვირვებლები დააკვირდებიან საარჩევნო უბნების მომზადების პროცესს, ბიულეტენების ბეჭდვას, კენჭისყრასა და ხმების დათვლას. არჩევნების დასრულების შემდეგ ისინი გამოაქვეყნებენ თავიანთ დასკვნებს არჩევნებზე მომხდარ დარღვევებთან დაკავშირებით.

53
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
წინასაარჩევნო ბანერი

არჩევნები 2020: „მემარცხენე ალიანსი“ „პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა

133
2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. პოლიტიკურმა გაერთიანება "მემარცხენე ალიანსმა" არჩევნებიდან საკუთარი კანდიდატურა მოხსნა და „საქართველოს პატრიოტთა ალიანსს" შეუერთდა. ამის  შესახებ განცხადება „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებმა დღეს გამართულ ბრიფინგზე გააკეთეს.

როგორც „მემარცხენე ალიანსის" ერთ-ერთმა ლიდერმა, კახა ძაგანიამ განაცხადა, მართალია, ისინი დამოუკიდებლად დარეგისტრირდნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, თუმცა მოგვიანებით გადაწყვიტეს, დამოუკიდებლად აღარ მიეღოთ   არჩევნებში მონაწილეობა.

„მას შემდეგ, როდესაც დავრწმუნდით, რომ საქართველოს ტერიტორიული აღდგენის მხოლოდ ერთადერთი საშუალება აქვს „პატრიოტთა ალიანსს", როდესაც დავრწმუნდით, რომ ეკონომიკური მძიმე მდგომარეობის გამოსწორების მხოლოდ ერთადერთი საშუალება და პროგრამა გააჩნია „პატრიოტთა ალიანსს", პოლიტიკური გაერთიანება "მემარცხენე ალიანსი" დამოუკიდებლად აღარ მიიღებს მონაწილეობას არჩევნებში. ვხსნით ჩვენს კანდიდატურას და ვუერთდებით "პატრიოტთა ალიანსს“, - განაცხადა ძაგანიამ.

თავის მხრივ, „პატრიოტთა ალიანსის“ გენერალურმა მდივანმა ირმა ინაშვილმა აღნიშნა, რომ „მემარცხენე ალიანსის" ლიდერებს პოლიტიკაში დიდი გამოცდილება აქვთ და საარჩევნო ოლქებში ისინი მაჟორიტარ დეპუტატებად იქნებიან წარმოდგენილნი.

„ეს არის მებრძოლი ხალხი, პატიოსანი ხალხი, გამოცდილი პოლიტიკაში, რომლებსაც გავლილი აქვთ ურთულესი გზა და აქვთ ძალზე დიდი გამოცდილება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვართ მოხარული, რომ გავძლიერდით, შემოგვიერთდა "მემარცხენე ალიანსი“, - განაცხადა ინაშვილმა.

2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საქართველოს პატრიოტთა ალიანსმა ხმების ზუსტად 5% მიიღო და გახდა მესამე საპარლამენტო პარტია - „ქართული ოცნებისა“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შემდეგ. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. ქვეყნის მოქალაქეები 150 დეპუტატს აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს ერთმანდატიან საარჩევნო ოლქებში კენჭისყრის შედეგებით. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ს შეადგენს. ხმის მიცემის უფლება აქვს საქართველოს 3 501 931 მოქალაქეს როგორც ქვეყანაში, ისე მის საზღვრებს გარეთ.

 

 

133
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მგზავრები პირბადეებით

რამდენი ადამიანი დაჯარიმდა პირბადის ტარების წესის დარღვევისთვის

0
დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა 20 ლარიანი ჯარიმით ისჯება, იურიდიული პირი კი პირბადის გარეშე ადამიანის დაშვებისთვის 500 ლარით ჯარიმდება

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. კორონავირუსის პანდემიის განმავლობაში, საქართველოში პირბადის ტარების წესის დარღვევის 9 884 შემთხვევა დაფიქსირდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შსს-ზე დაყრდნობით.

აღნიშნული სტატისტიკა 2020 წლის 12 ივნისიდან 2020 წლის 31 აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

აღნიშნულ პერიოდში 5 107 ფიზიკური და ერთი იურიდიული პირი დაჯარიმდა, 4 776 პირს კი სიტყვიერი შენიშვნა ან გაფრთხილება მიეცა.

ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შესაბამისი ცვლილებები 12 ივნისს შევიდა. 42(11) მუხლის თანახმად, დახურულ საჯარო სივრცეში, ტრანსპორტში ან ტაქსიში პირბადის გარეშე ყოფნა ფიზიკური პირისთვის 20 ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

ხოლო დახურულ საჯარო სივრცეში პირბადის არმქონე პირის დაშვება აღნიშნული სივრცის მფლობელი იურიდიული პირის/ინდივიდუალური მეწარმის 500 ლარით დაჯარიმებას გამოიწვევს.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში