ნაცმოძრაობის ოფისი

ზუგდიდში „ნაცმოძრაობის" მაჟორიტარობის კანდიდატი, სავარაუდოდ, გიული ალასანია იქნება 

96
აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ზუგდიდის მერის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი  სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს და მან ხმების  42% მიიღო.

 

თბილისი, 11 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, დიდი ალბათობით, საქართველოს მესამე პრეზიდენტ  მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია იქნება, იუწყება  ქართული მედია. 

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს გაიმართება.

„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ მიხეილ სააკაშვილი  პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად დაასახელა.  გავრცელებული ინფორმაციით, პარტიის მაჟორიტარ კანდიდატთა სია საზოგადოებისთვის 15 სექტემბერს  გახდება ცნობილი. თუმცა,  პანდემიის გამო, ჯერ არ არის გადაწყვეტილი, რა ფორმატით გაიმართება კანდიდატების წარდგენა.

„ჩვენ არ გვინდა, რომ რეგულაციები დავარღვიოთ და საფრთხე შევუქმნათ ჩვენს მოქალაქეებს, მხარდამჭერთა დიდ არმიას, რომლის  მობილიზების პრობლემაც არ გვაქვს, თუმცა დიდ შეკრებას, ალბათ, თავს ავარიდებთ და გავითვალისწინებთ კორონავირუსის ბოლო რამდენიმე დღის სტატისტიკას", - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ წევრმა კობა ნაყოფიამ.

გიული ალასანია  „საქართველოს უნივერსიტეტის” სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარეა.  2005 წლიდან დღემდე კი საერთაშორისო ასოციაცია „ქართული კულტურა საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ” პრეზიდენტია.

აღსანიშნავია, რომ 2019 წელს ზუგდიდის მერის არჩევნებში მიხეილ სააკაშვილის მეუღლე, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრი  სანდრა რულოვსი იყრიდა კენჭს და მან ხმების  42% მიიღო.

96
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (160)
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო

საგარეო უწყება: საქართველო მზადაა ხელი შეუწყოს ყარაბაღში სიტუაციის დეესკალაციას

53
(განახლებულია 09:21 28.09.2020)
საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო მონაწილეებს მთელი ძალისხმევა მიმართონ კონფლიქტის ესკალაციის შეწყვეტისკენ

თბილისი, 27 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო შეშფოთებით აკვირდება აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მორიგ სამხედრო ესკალაციას, რომელსაც, გავრცელებული ინფორმაციით, უკვე მოჰყვა მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის დაზიანება, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

სიტუაცია მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

„იმედი გვაქვს, რომ მოხერხდება მხარეებს შორის ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების მიღწევა, მოლაპარაკებების რეჟიმში გადასვლა და თავიდან აცილება ფართომასშტაბიანი სამხედრო მოქმედებების, რაც მკვეთრად ნეგატიურად იმოქმედებს მთელი რეგიონის უსაფრთხოებაზე“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროში.

საქართველო მოუწოდებს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო მონაწილეებს მთელი ძალისხმევა მიმართონ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის ესკალაციის შეწყვეტის და კონსტრუქციული დიალოგის განახლების უზრუნველყოფისთვის.

სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე სიტუაციის გამწვავებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილიც გამოეხმაურა.

„ძალიან შეშფოთებული ვარ სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის საბრძოლო მოქმედებების განახლებით. მოვუწოდებთ მშვიდობისკენ. სტაბილურობა და მშვიდობა ჩვენს რეგიონში საერთო პირობაა“, – წერს ზურაბიშვილი Twitter-ში.

კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა: მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ >>

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

53
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
სომხეთის შეიარაღებული ძალების არტილერია მთიანი ყარაბაღის პოზიციებზე

საქართველოს პარლამენტში სომხეთსა და აზერბაიჯანს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდეს

126
(განახლებულია 14:42 27.09.2020)
მთიან ყარაბაღში კონფლიქტის ესკალაცია საშიშროებას მთელი რეგიონის უსაფრთხოებას უქმნის, მიიჩნევს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე

თბილისი, 27 სექტემბერი  — Sputnik. საქართველო ყურადღებით აკვირდება სიტუაციას მთიან ყარაბაღში და იმედს იტოვებს, რომ მიმდინარე სიტუაცია დარეგულირდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ.

მთიან ყარაბაღში 27 სექტემბრის დილას სიტუაცია მკვეთრად გამწვავდა - სომხეთი და აზერბაიჯანი ერთმანეთს აგრესიაში ადანაშაულებენ. ბაქო და ერევანი ერთმანეთს სიტუაციის გამწვავებაში ადანაშაულებენ. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ცეცხლი სომხურმა მხარემ გახსნა, ხოლო აზერბაიჯანის ძალებმა კონტრშეტევითი ოპერაცია დაიწყეს. სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აცხადებენ, რომ აზერბაიჯანმა ყარაბაღზე „საჰაერო და სარაკეტო იერიში მიიტანა“.

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენი რეგიონი არის გამოწვევებით სავსე. სამწუხაროდ, რუსეთის პოლიტიკა საუკუნეების განმავლობაში რჩება დესტრუქციული და რეგიონში არაერთი მიმდინარე კონფლიქტი არსებობს. რაც შეეხება ამ კონკრეტულ შემთხვევას, რა თქმა უნდა აქ ჩვენი, საქართველოს, როგორც აზერბაიჯანის და სომხეთის მიმართ მეგობრული ერისა და ქვეყნის ამოცანა და სურვილია, რომ სტაბილურობა, უსაფრთხოება და მშვიდობა მაქსიმალურად იყოს დაცული. ამიტომ, რა თქმა უნდა ყურადღებით ვადევნებთ თვალს ამ პროცესს და იმედი გვაქვს, რომ ეს ესკალაციები დარეგულირდება და რეგიონში იქნება მშვიდი და უსაფრთხო გარემო“, – განუცხადა ჟურნალისტებს თალაკვაძემ.

საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ საქართველო ყოველთვის იდგა მშვიდობისა და სტაბილურობის მხარეს და საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად მოწინაღმდეგე მხარეებს ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდებს.

„ჩვენი რეგიონის უსაფრთხოებისა და ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების გარემოსთვის ძალიან სახიფათოა კონფლიქტი ჩვენს რეგიონში, ყარაბაღში განვითარებული მოვლენები ჩვენი და საერთაშორისო საზოგადოების შეშფოთებას იწვევს. ცხადია, ჩვენ ყოველთვის ვიყავით მშვიდობის, სტაბილურობის მხარეს და ამ შემთხვევაშიც საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად, დაპირისპირებულ მხარეებს მოვუწოდებთ, რომ ცეცხლი შეწყვიტონ, მეტი დრო და ენერგია დაუთმონ მშვიდობიან დიალოგს. ცხადია, ჩვენი შესაბამისი სამსახურები ზოგადად პროცესს დააკვირდებიან, მოვლენებს გაანალიზებენ და თუ საჭირო იქნება ჩვენი თანადგომა მშვიდობისთვის და უსაფრთხოებისთვის, ცხადია, ამისთვის მზად ვიქნებით“, – განუცხადა ჟურნალისტებს სესიაშვილმა.

კონფლიქტის მხარეები მოწინააღმდეგის დანაკარგებზე საუბრობენ. ასე, სომხეთში ჩამოგდებულ ვერტმფრენებსა და აფეთქებულ ტანკებზე საუბრობენ, ხოლო აზერბაიჯანში - განადგურებულ საზენიტო კომპლექსებზე.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთსა და აზერბაიჯანს მოუწოდა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ცეცხლი და სიტუაციის სტაბილიზაციის მიზნით მოლაპარაკებები დაიწყონ.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ–დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე. კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარების მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს - რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს საკუთარი ტერიტორიული მთლიანობის შენარჩუნებას, სომხეთი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

126
თემები:
მთიან ყარაბაღში სიტუაცია გამწვავდა
დაკავება

ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე პოლიციამ ორი პირი დააკავა

0
(განახლებულია 12:25 28.09.2020)
ბრალიდ დამტკიცების შემთხვევაში ორივე დაკავებულს სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება – ჯერჯერობით უცნობია რა გახდა ურთიერთშელაპარაკების მიზეზი

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ირანელი მამაკაცის დაჭრის ფაქტზე  ორი პირი დააკავეს, ნათქვამია შსს–ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

გავრცელებული ინფორმაციით, 27 სექტემბერს ერთ-ერთმა ბრალდებულმა ნაძალადევის რაიონში ცოტნე დადიანის ქუჩაზე ირანელი მამაკაცი  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა  და  შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაშავებული მამაკაცი სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.  მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს. იგი დანაშაულს აღიარებს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ აღნიშნული ინციდენტის დროს  ბრალდებულთან ერთად იმყოფებოდა კიდევ ერთი მამაკაცი, რომელმაც ირანის მოქალაქეს ბლაგვი საგნით სხეულზე დაზიანებები მიაყენა. სამართალდამცველებმა მამაკაცი დააკავეს.

გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 120-ე და 126-ე მუხლებით, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს და ითვალისწინებს სამ წლამდე ვადით პატიმრობას.

0