„ქართული ოცნების“ მიერ პარტიული სიის პრეზენტაცია

„ქართულმა ოცნებამ“ საპარლამენტო არჩევნებზე საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა

135
(განახლებულია 23:11 10.09.2020)
ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი დაასახელა - ეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

თბილისი, 10 სექტემბერი — Sputnik. მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო“ პარტიული სიის პირველი ოცეულის პრეზენტაცია გამართა.

პრეზენტაციას „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ესწრება. ცოტა ხნის წინ მმართველმა პარტიამ სიის პირველი ნომერი და პრემიერობის კანდიდატი დაასახელა - ეს მოქმედი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარიაა.

სიის მეორე ნომერი მოქმედი პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძეა.

#3 - ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, პარლამენტის ყოფილი სპიკერი;

#4 - იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი;

#5 - საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე;

#6 - კახა კუჭავა - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, „ქართული ოცნების“ საერთაშორისო მდივანი;

#7 - გიორგი კახიანი - პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე;

#8 - მარიამ ქვრივიშვილი - ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი;

#9 - მიხეილ სარჯველაძე - იუსტიციის მინისტრის პირველი მოადგილე;

#10 - მაია ბითაძე - თბილისის მერის მოადგილე;

#11 - მიხეილ დაოშვილი - ბიზნეს-ომბუდსმენი 2019 წლიდან;

#12 - გიორგი ამილახვარი - სამართლის დოქტორი, ბიზნესის მართვის მაგისტრი;

#13 - ვიქტორ სანიკიძე - პროფესიონალი კალათბურთელი;

#14 - მაკა ბოჭორიშვილი - დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი ბელგიასა და ლუქსემბურგში;

#15 - შალვა პაპუაშვილი - იურისტი, აქვს მრავალწლიანი მუშაობის სტაჟი არასამთავრობო ორგანიზაციებში;

#16 - დავით კაჭარავა - პროფესიონალი მორაგბე;

#17 - ნიკოლოზ სამხარაძე - საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტი, თსუ-ს ასოცირებული პროფესორი;

#18 - გიორგი ხელაშვილი - დიპლომატი, საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში, პარლამენტის კვლევითი ცენტრის დირექტორი;

#19 - მარიამ ლაშხი - საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი;

 

#20- ბექა დავითულიანი - თბილისის საკრებულოს დეპუტატი.

„ჩვენი გამოცდილი და განახლებული გუნდი არის საუკეთესო გარანტი იმისა, რომ ჩვენი ქვეყანა უსათუოდ შეძლებს უსწრაფეს ტემპში პანდემიით გამოწვეული პრობლემების სრულად დაძლევას, ძალების სრულად აღდგენას და განაგრძობს შემდგომ განვითარებას, რაც თითოეული ჩვენი თანამოქალაქის, თავისუფლების, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის შემდგომ ამაღლებას უზრუნველყოფს. დავდგეთ ერთად, საქართველოს წარმატებისთვის“,- განაცხადა „ქართული ოცნების” აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ.

მმართველი პარტიის ოპონენტებმა - „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ და ოპოზიციურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის კანდიდატურა წამოაყენეს.

როგორც ცნობილია, პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიულმა საქართველომ“ ქვეყნის მასშტაბით მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები ივლისში წარმოადგინა. მმართველ პარტიას მაჟორიტარობის კანდიდატები საქართველოს 30-ვე საარჩევნო ოლქში ჰყავს.

პრეზენტაცია, რომელსაც პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი ესწრება, მთაწმინდის პარკში, ფუნიკულიორის მიმდებარე ტერიტორიაზე 20:00 საათზე დაიწყო.

საქართველოს პარლამენტისა და აჭარის უმაღლესი საბჭოს არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. შესაბამის განკარგულებას პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი უკვე მოაწერა. ამჯერად საპარლამენტო არჩევნები ახალი სისტემით გაიმართება. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიებით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

135
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

61
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

61
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

66
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

66
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
გიორგი გახარია

ბრძოლა ჰაკერებთან: თბილისში კიბერუსაფრთხოების ფორუმი იმართება

0
(განახლებულია 15:20 25.09.2020)
ფორუმი ყოველწლიურად  ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების  წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  თბილისში საქართველოს კიბერუსაფრთხოების პირველი ფორუმი იმართება, რომლის ორგანიზატორიც  ეროვნული უსაფრთხოების საბჭოა.   

ფორუმი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამ გახსნა.  საკუთარ გამოსვლაში მან აღნიშნა თუ რამდენად მნიშვნელოვანია ამ მიმართულების სრულყოფა, რამდენადაც კიბერსივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა.

 „კიბერსივრცე ჩვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად იქცა. კიბერსივრცეში ყოველდღიურად ხდება კრიტიკულად მნიშვნელოვანი მოვლენები, რომლებიც წარმოადგენს არსებით ელემენტს მთავრობების, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და და ქვეყნის ნორმალური ფუნქციონირებისთვის“, – განაცხადა გახარიამ.

პრემიერმა აღნიშნა, რომ ქართული სამსახურები არაერთხელ გამხდარან კიბერთავდასხმების ობიექტი.

ფორუმის გახსნაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური. მისი განცხადებით ქვეყანამ კიბერუსაფრთხოების სფეროში საკუთარი პოზიციები გააძლიერა, თუმცა, სასურველია, რომ იგი უფრო გაძლიედეს. 

„ეს ურთულესი მიმართულებაა... ძალზე მნიშვნელოვანია მისი გაძლიერება. გუშინ ეს მიმართულება გაცილებით სუსტი იყო, დღეს ჩვენ შედარებით ძლიერები ვართ, მაგრამ გვსურს, რომ ხვალ კიდევ უფრო მეტად გავძლიედეთ“, – განაცხადა გომელაურმა.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, კიბერუსაფრთხოების გაძლიერების მიზნით უკვე შემუშავებულია გარკვეული სტრატეგია და ეს ფორული ამის წარმატებული შედეგია.

 „თქვენ ხედავთ თუ რამდენად დიდი ინტერესი გამოიწვია დღევანდელმა დღემ. ამაზე მეტყველებს ფორუმზე ელჩების, სტრატეგიული პარტნიორებისა და მეგობრების ყოფნა, რომლებიც ამ სფეროსადმი ინტერესს იჩენენ, რაც ძალზე მნიშვნელოვანია“, – განაცხადა მინისტრმა.

ფორუმი ყოველწლიურად  ჩატარდება და მისი ძირითადი მიზანი ეროვნული კიბერუსაფრთხოების  წინაშე არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემური საკითხების გადასაჭრელად შესაბამისი გეგმის შემუშავებაა.

0