გიგა ბოკერია

გიგა ბოკერია სააკაშვილის დაბრუნების გეგმებს გამოეხმაურა

353
(განახლებულია 19:49 06.09.2020)
„ევროპული საქართველოს“ პროგრამა უკავშირდება არა ქვეყანაში ვინმეს ჩამოსვლასა თუ გამგზავრებასთან, არამედ მხოლოდ და მხოლოდ ქვეყნის მომავალს, განაცხადა ბოკერიამ

თბილისი, 6 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს და „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 2012 წლამდე არსებული სიტუაციის დაბრუნება სურთ, ხოლო „ევროპული საქართველოს“ ამოცანაა - ამ ყველაფრის წარსულში დატოვება, განაცხადა „ევროპელების“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ.

სააკაშვილმა თავის Facebook-გვერდზე დაწერა, რომ ხვალ თავისი დაბრუნების გეგმას წარმოადგენს.

ბოკერიას თქმით, „ევროპული საქართველოს“ გეგმები არ უკავშირდება მიხეილ სააკაშვილის ქვეყანაში ჩამოსვლასა თუ გამგზავრებასთან, არამედ გაცილებით უფრო მასშტაბურად გამოიყურება.

„ჩვენი, „ევროპული საქართველოს“ გეგმა უკავშირდება არა ვინმეს ჩამოსვლას ან არჩამოსვლას, მუქარას, არამედ ამ ქვეყნის მომავალს, გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც გვჭირდება და სწორ გზაზე დადგომას, სწორი კომპასით, რომ ადამიანების ცხოვრება გაუმჯობესდეს ყველა მიმართულებით და ეს პოლიტიკური მარაზმი, რაც ივანიშვილმა შექმნა, დასრულდეს“, - განაცხადა ბოკერიამ.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ ზრუნავს იმაზე, რომ ქვეყანაში ყოველგვარი დევნა დასრულდეს.

„ნაცმოძრაობა“ სააკაშვილის მომავალი პრემიერის პოსტზე წარდგენას აპირებს >>

თავად ბოკერია ამჟამად აქტიურად არის ჩართული წინასაარჩევნო კამპანიაში. „ევროპელებმა“ მისი კანდიდატურა სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში ფოთი-სენაკი-ხობის ოლქში მაჟორიტარობის კანდიდატად წამოაყენეს.

 

353
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

43
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

43
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

52
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

52
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბლოკპოსტი

ამჯერად გურია: ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითური ჩაიკეტა

0
(განახლებულია 08:51 25.09.2020)
სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის, სადაც კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს დაუდასტურდა, გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. კორონავისუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო ოზურგეთის მუნიციპალიტეტის დაბა ლაითურში გადაადგილება შეიზღუდა.

გურიის რეგიონში, რომელიც ამ დრომდე „მწვანე ზონად" ითვლებოდა, კორონავირუსის უკვე 84 შემთხვევაა დაფიქსირებული. პირველი შემთხვევა 4 სექტემბერს დაფიქსირდა – ინფექცია ჩოხატაურში ახალგაზრდა ქალს დაუდგინდა. ბოლო ინფორმაციით,  ოზურგეთში ინფიცირებულთა რაოდენობამ 61 შეადგინა, აქედან 11 შემთხვევა დაბა ლაითურს უკავშირდება. 

დაბა ლაითურში კორონავირუსი რამდენიმე მოსწავლეს და მასწავლებელს აქვს  დადასტურებული, რის გამოც საჯარო სკოლამ  შეწყვიტა სასწავლო პროცესი და ორი კვირით სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. 

ამ დროისთვის გურიის რეგიონში თერმოსკრინინგი და ფართო ეპიდკვლევა მიმდინარეობს.

სპეციალურად დაბა ლაითურის მოსახლეობისთვის გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში ამოქმედდა ცხელი ხაზი.

„ლაითურში მოსახლეობის შესვლა-გამოსვლა გაკონტროლდება სამართალდამცავთა მიერ. განხორციელდება მოსახლეობის თერმოსკრინინგი. მოვუწოდებთ მოსახლეობას, გაგებით მოეკიდონ აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რათა თავიდან იქნეს აცილებული კორონავირუსის გავრცელება“,- აცხადებენ ოზურგეთის მერიაში.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 259-ით გაიზარდა და 4399-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1705 ადამიანი, გარდაიცვალა 26 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში