პარლამენტის სხდომათა დარბაზი

პარლამენტმა საარჩევნო კოდექსში ცვლილებები დაჩქარებული წესით მიიღო

82
(განახლებულია 20:40 03.09.2020)
საკანონმდებლო ინიციატივის ძირითადი მიზანია - არჩევნებზე ამომრჩევლების დაცვა ზეწოლისა და იძულებისგან.

თბილისი, 3 სექტემბერი — Sputnik. პარლამენტმა ორგანულ კანონში „საქართველოს საარჩევნო კოდექსი“ შესატანი ცვლილებების კანონპროექტი და სისხლის სამართლის კოდექსში თანმდევი ცვლილებები დაჩქარებული წესით 81 ხმით დაამტკიცა.

წინააღმდეგ ხმა არავის მიუცია. კენჭისყრა ნახევრადცარიელ დარბაზში გაიმართა. კანონპროექტის დამტკიცების პროცესს არ ესწრებოდნენ „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები.

ცვლილებების თანახმად, ამომრჩევლის იძულების, დაშინებისა და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ფაქტებზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა იქნება გათვალისწინებული.

კერძოდ, მიღებული ცვლილებების მიხედვით, არჩევნების შედეგებზე არამართლზომიერი ზეგავლენის მიზნით ამომრჩევლის დაშინება ან იძულება, მათ შორის, ჩადენილი ამომრჩევლის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების, ქონების განადგურების ან დაზიანების მუქარით, ან მატერიალური, სამსახურებრივი ან სხვაგვარი დამოკიდებულების გამოყენებით, დაისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ან თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

ცვლილებების ავტორები საპარლამენტო უმრავლესობის წევრები რატი იონათამიშვილი და გურამ მაჭარაშვილი იყვნენ.

„მმართველი გუნდის პასუხისმგებლობაა, რომ გარდა იმისა, რომ სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს, ეს პროცესი მთლიანად სამართლებრივად დაცული იყოს და პრევენცია უზრუნველყოფილი. ვინც ჩვენს წინადადებას მხარს არ უჭერს, ავტომატურად ხდება პროვოკაციის, ესკალაციის და დაძაბულობის მხარეს“, - განაცხადა იონათამიშვილმა.

ალტერნატიული კანონპროექტები მოამზადეს ფრაქციამ „ნაციონალური მოძრაობა“ და დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ, თუმცა ვერცერთი პროექტი ვერ გავიდა, რის გამოც ოპოზიციამ ბოიკოტი გამოაცხადა და კენჭისყრაში მონაწილეობაზე უარი თქვა. მეტიც, მათ უმრავლესობის ინიციატივას საერთაშორისო საზოგადოებისთვის თვალში ნაცრის შეყრა უწოდეს.

საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის კრიტიკულ შეფასებებს სპეკულაცია უწოდა და განაცხადა, რომ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები არჩევნებს უფრო სამართლიანსა და დემოკრატიულს გახდის.

„ადამიანები დაინახავენ, რომ გამკაცრებულია რეგულაცია, მათ შორის სანქციის ნაწილში. ამას, ბუნებრივია, ექნება სერიოზული პრევენციული ეფექტი. აქ რაზე ვსაუბრობთ, არც ვიცი. დანარჩენი არის სპეკულაციები ოპიზიციის მხრიდან. როდესაც მკაცრდება დისპოზიცია და მკაცრდება სანქცია, ამას აქვს პრევენციული ეფექტი. ამ კანონს ექნება ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილების ეფექტი",- განაცხადა კობახიძემ.

აღსანიშნავია, რომ დაშინება და არჩევნებში მონაწილეობის იძულება, ისევე, როგორც ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა, განსაკუთრებით რეგიონებში, საქართველოში არჩევნების მიმართ ოპოზიციისა და დამკვირვებლების ყველაზე ხშირი პრეტენზიაა.

რამდენიმე დღის წინ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო” გამოვიდა ინიციატივით – მკაცრი სანქციები განისაზღვროს ამომრჩევლის იძულების, დაშინების და ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის შემთხვევებზე.

იმისათვის, რომ ინიციატივა საკანონმდებლო ნორმად იქცეს, ის პარლამენტის მიერ სამი მოსმენით მიღების შემდეგ პრეზიდენტმა უნდა დაამტკიცოს.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. ოფიციალურად წინასაარჩევნო კამპანიამ ქვეყანაში სტარტი 1 სექტემბერს აიღო – არჩევნებამდე 60 დღით ადრე. პარლამენტის 150 დეპუტატს შერეული სისტემით აირჩევენ: 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი ერთმანდატიან მაჟორიტარულ ოლქებში გამართული კენჭისყრის შედეგებით.

82
თემები:
საქართველოს პარლამენტი (192)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

51
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

51
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

61
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

61
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
თეთრ და მუქნაჭუჭიანი კვერცხები კალათში

ფერმერი საგონებელშია: ქათამმა უცნაური კვერცხი დადო - ვრცელდება ვიდეო

0
(განახლებულია 10:13 25.09.2020)
ფერმერ ქალს წარმოდგენა არ აქვს, რას შეიძლებოდა მოეხდინა გავლენა კვერცხის უცნაურ შეფერილობაზე, ვინაიდან ყველა ქათამს ერთნაირად კვებავდა

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ჩინეთის პროვინცია ცზიანსუს ფერმაში ქათამმა მწვანე კვერცხი დადო და ფერმერი საგონებელში ჩააგდო, წერს გამოცემა Daily Star-ი.

მეურნეობის მეპატრონე გაო გაოცებული დარჩა, როდესაც მისმა ქათამმა მწვანე ლაქებიანი კვერცხი დადო. ჩინელმა ქალბატონმა თქვა, რომ წარმოდგენა არ აქვს, კონკრეტულად თუ  რას შეეძლო კვერცხის შეფერილობაზე გავლენის მოხდენა.

„ეს კვერცხი იგივე ზომისაა, როგორიც სხვები, მაგრამ მწვანე ხალებითაა დაფარული. ჩემს ეზოში შვიდი ქათამი და ერთი მამალია. მე მათ ერთნაირად ვაჭმევდი: სიმინდს, ბოსტნეულსა და სხვა მწვანილეულს“, — განმარტა მან.

სუციანის მეცხოველეობისა და ვეტერინარული სადგურის უფროსმა ვეტერინარმა ჩჟან ვენჩენმა თქვა, რომ კვერცხმა შეიძლება გარეგანი ზემოქმედება ჯერ კიდევ ქათმის შიგნით განიცადა. მან დიასახლისს ურჩია, რომ უცნაური კვერცხი არ ეჭამათ.

0
თემები:
მსოფლიო დღეს