პარლამენტის სხდომაზე

„ევროპული საქართველო“ „ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის მოთხოვნით ხელმოწერებს აგროვებს

70
(განახლებულია 21:29 02.09.2020)
ოპოზიცია ოპოზიციის წინააღმდეგ უმრავლესობის მხარდაჭერას ითხოვს – „ევროპულ საქართველოს“ არ ჰყოფნის ათი ხელმოწერა, რათა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანოს.

თბილისი, 2 სექტემბერი - Sputnik. პარლამენტის დეპუტატი „ევროპული საქართველოდან“ ირმა ნადირაშვილი ხელმოწერებს აგროვებს საკონსტიტუციო სასამართლოში „პატრიოტთა ალიანსის“ წინააღმდეგ სარჩელის შესატანად საპარლამენტო არჩევნებიდან პარტიის მოხსნის მოთხოვნით.

არჩევნები 2020: „ნაციონალურმა მოძრაობამ" ცესკოში განაცხადი შეიტანა >>

პარლამენტის დღევანდელ სხდომაზე მან კოლეგებს ინიციატივის მხარდაჭერის, „სირაქლემის პოზიდან“ გამოსვლის და სარჩელზე ხელის მოწერის თხოვნით მიმართა.

„ევროპული საქართველო“ დღეს ვაყენებთ ინიციატივას, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ ხელმოწერებით, და ამისთვის საკმარისია პარლამენტის 30 წევრის ხელმოწერა, და არჩევნებიდან „პატრიოტთა ალიანსის“ მოხსნა მოვითხოვოთ. ჩვენი 20 ხელმოწერა იქნება და მივმართავ უმრავლესობას, დაამატოს დანარჩენი ხელმოწერები და თუ ეს გუნდი არაა თქვენი გაგრძელება, მაშინ მივმართოთ საკონსტიტუციო სასამართლოს და მოხსნას ეს პოლიტიკური ჯგუფი არჩევნებიდან“, – აღნიშნა ნადირაშვილმა.

უმრავლესობის პოზიცია ჟურნალისტებს პარლამენტის სპიკერმა გიორგი ვოლსკიმ გაუზიარა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე „პატრიოტთა ალიანსის“ არჩევნებიდან მოხსნის საკითხის დაყენება არასერიოზულია.

„ჩვენ სავსებით ჩამოყალიბებული პოზიცია გვაქვს მათ მიმართ, მაგრამ ერთი ფურცლის გამო მათი არჩევნებიდან მოხსნის საკითხი არასერიოზულია. ეს თემა სერიოზულ განხილვას საჭიროებს და შემდეგ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება“, - განაცხადა ვოლსკიმ.

„პატრიოტთა ალიანსის“ ირგვლივ სკანდალი მას შემდეგ აგორდა, რაც რუსულმა ოპოზიციურმა ინტერნეტ-გამოცემა „დოსიემ“ გამოაქვეყნა მოხსენება, რომელშიც ამტკიცებდა, რომ „ალიანსი“ წინასაარჩევნო კონსულტაციებს კრემლიდან იღებდა. გამოცემის ცნობით, პარტიამ მოსკოვისგან თავისი წინასაარჩევნო კამპანიისთვის 8 მილიონი დოლარი მოითხოვა.

31 აგვისტოს პროკურატურამ „ევროპული საქართველოს“ განცხადება „პატრიოტთა ალიანსის“ მიმართ გამოძიების დაწყების თაობაზე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს გადაუგზავნა.

70
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (161)
 AZAL–ის თვითმფრინავი

საომარი მდგომარეობა აზერბაიჯანში: ქვეყანაში საერთაშორისო ავიარეისები გაუქმდა

18
(განახლებულია 15:37 28.09.2020)
ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო ლონდონის, ბერლინის, დუბაის, მოსკოვის, მინსკისა და სხვა ქალაქების მიმართულებით უახლოეს დღეებში დაგეგმილი ავიარეისები გაუქმდა

თბილისი, 28 სექტემბერი  — Sputnik.  ქვეყანაში შემოღებული საომარი მდგომარეობის გამო ბაქოს ჰეიდარ ალიევის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი მუშაობის შეზღუდულ რეჟიმზე გადავიდა, იუწყება „Sputnik აზერბაიჯანი“ აეროპორტის პრეს–სამსახურზე დაყრდნობით. 

გაუქმდა ავიარეისები ბაქო–ნახჩევანი–ბაქოს მიმართულებით, რომელიც  „აზერბაიჯანის ავიახაზებს“ 30 სექტემბერს უნდა შეესრულებინა.

ასევე გაუქმდა კომპანია AZAL–ის ავიარეისები ბაქო–ლონდონი–ბაქოს მიმართულებით, რომელიც 1 ოქტომბეს უნდა განხორციელებულიყო და 2 ოქტომბერს დაგეგმილი  რეისი ბაქო–ბერლინი–ბაქო.  

AZAL–ის გაუქმებული ავიარეისების მგზავრებს შეუძლიათ ბილეთების გადაცვლა სხვა კონკრეტულ დღეზე – თანხის დაბრუნება ან ჯარიმის გადახდა არ მოხდება.

გარდა ამისა, გაუქმდა 29 სექტემბერს, 1,  2, 3 და 4 ოქტომბერს დაგეგმილი  Fly Dubai–ის რეისებიც – დუბაი–ბაქო–დუბაი (29 სექტემბერი, 1 და 3 ოქტომბერი),  „აეროფლოტის“ რეისები მოსკოვი–ბაქო–მოსკოვი (1 და 4 ოქტომბერი) და „ბელავიას“ რეისები მინსკი–ბაქო–მინსკი (2 და 4 ოქტომბერი).

რა ხდება?
სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობებმა მთიან ყარაბაღში  დაძაბული ვითარების გამო საომარი მდგომარეობა შემოიღეს. არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლებამ აზერბაიჯანის მხრიდან საარტილერიო თავდასხმისა და მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლის თაობაზე განაცხადა.

კონფლიქტის ესკალაციაში ერევანი და ბაქო ერთმანეთს ადანაშაულებს. სომხეთის თავდაცვის უწყებამ განაცხადა, რომ ყარაბაღზე  აზერბაიჯანის მხრიდან „საჰაერო და სარაკეტო შეტევა განხორციელდა“, ბაქოში კი ამტკიცებენ, რომ ცეცხლი სომეხმა სამხედროებმა გახსნეს.   

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტო მხარეებს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისა და მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებს.

სომხეთმა და მთიანმა ყარაბაღმა საომარი მდგომარეობა შემოიღეს და საყოველთაო მობილიზაცია გამოაცხადეს. მოგვიანებით აზერბაიჯანის ხელისუფლებამ ქვეყნის ტერიტორიის ნაწილზე  ასევე გამოაცხადა სამხედრო მდგომარეობა.

მთიანი ყარაბაღის გამო სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის კონფლიქტი 1988 წლის თებერვალში დაიწყო, როდესაც მთიანი ყარაბაღის ავტონომიამ აზერბაიჯანის სსრ-დან გასვლის თაობაზე განაცხადა. 1992-1994 წლებში აზერბაიჯანმა დაკარგა კონტროლი მთიან ყარაბაღზე და მის მიმდებარე შვიდ რაიონზე.

კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებისთვის მოლაპარაკებები 1992 წლიდან მიმდინარეობს ეუთოს მინსკის ჯგუფის ფარგლებში, რომელსაც სამი თანათავმჯდომარე ჰყავს – რუსეთი, აშშ და საფრანგეთი. აზერბაიჯანი მოითხოვს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, სომხეთი კი არაღიარებული რესპუბლიკის ინტერესებს იცავს, რადგან თავად ყარაბაღი მოლაპარაკებების მხარე არ არის.

18
თემები:
მთიან ყარაბაღში ვითარება გამწვავდა – შეიარაღებული შეტაკება 2020
ცესკო

არჩევნები ახლოვდება საუბნო საარჩევნო კომისიები თავმჯდომარეებს ირჩევენ

10
(განახლებულია 15:22 28.09.2020)
საუბნო კომისიების მუშაობის გამჭვირვალობისთვის მათ სხდომებზე დაიშვებიან საარჩევნო სუბიექტების, მასმედიის წარმომადგენლები და დამკვირვებლები.

თბილისი, 28 სექტემბერი – Sputnik. დღეიდან ყველა 3 657 საუბნო საარჩევნო კომისიის პირველი სხდომები ჩატარდება. ამის შესახებ ბრიფინგზე ცესკოს პრეს–სპიკერმა ანა მიქელაძემ განაცხადა.

საქართველოში არჩევნებზე ეუთოს 350 დამკვირვებელი ჩამოვა>>

მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრთა უფლებამოსილება, კანონმდებლობით განსაზღვრული ფუნქციების შესასრულებლად, პირველი სხდომების ჩატარებიდან იწყება. საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები აირჩევენ კომისიების თავმჯდომარეს, მოადგილესა და მდივანს.

შესაბამის საარჩევნო უბანზე დარეგისტრირებული საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს საუბნო საარჩევნო კომისიის სხდომაზე დასწრების უფლება აქვთ. ამავე დროს, კანონმდებლობით, ეს უფლება არ ვრცელდება სუბიექტის იმ წარმომადგენლებზე, რომლებიც დანიშნა ცესკომ და საოლქო საარჩევნო კომისიამ. სხდომაზე დასწრება შეუძლიათ ასევე დარეგისტრირებულ დამკვირვებლებსა და აკრედიტებული მედიასაშუალებების წარმომადგენლებს.

„საუბნო საარჩევნო კომისიების ყველა სხდომა იმართება პანდემიის წესების სრული დაცვით. უფლებამოსილი პირები საუბნო საარჩევნო კომისიებში დაიშვებიან ცესკოს მიერ დადგენილი ეპიდემიური წესების მიხედვით, მათ შორის პირბადის გამოყენებით, ხელების დეზინფექციისა და თერმოსკრინინგის გავლის შემდეგ“, – განაცხადა მიქელაძემ.

საქართველოს ცესკო არჩევნებში მონაწილე პარტიებს მოუწოდებს, აქტიურად ადევნონ თვალი საუბნო საარჩევნო კომისიების პირველ სხდომებს, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი მუშაობის გამჭვირვალობა და გაიზარდოს ნდობა საარჩევნო პროცესისადმი.

წინასაარჩევნო კამპანია COVID-19-ის ფონზე - პოლიტიკური კვირის შედეგები>>

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული და ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებით, ის კორონავირუსით ინფიცირებულთა ნებისმიერი რაოდენობის შემთხვევაში ჩატარდება.

10
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (161)