თბილისი

„იმუშავე საქართველოდან“: მთავრობა ახალ პროექტში ჩართვას 95 ქვეყანას სთავაზობს

118
(განახლებულია 18:25 27.08.2020)
აღნიშნული პროგრამა ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

თბილისი, 27 აგვისტო – Sputnik. პროექტის „იმუშავე საქართველოდან“ ფარგლებში მსოფლიოს 95 ქვეყნის მოქალაქეს საქართველოდან დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა ექნება, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. 

ახალი პროექტი „იმუშავე საქართველოდან“ ტურიზმის ეროვნულმა სააგენტომ წამოიწყო. პროგრამის ფარგლებში საქართველოს მთავრობა ნებას აძლევს უცხო ქვეყნის მოქალაქეებს – ესტუმრონ საქართველოს და საკუთარი სამუშაო დისტანციურად შეასრულონ. ხელისუფლება ასეთ საერთაშორისო ვიზიტორებს საქართველოში ექვს თვეზე მეტი ხნით ცხოვრების უფლებას სთავაზობს.

როგორც გახარიამ აღნიშნა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ უცხო ქვეყნის მოქალაქეებმა საქართველოში უსაფრთხოდ და კომფორტულად იგრძნონ თავი.

„აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ჩვენ საქართველოში 95 ქვეყნის დისტანციურად მომუშავე სხვადასხვა კომპანიის თანამშრომელს ვეპატიჟებით და ვთავაზობთ, სულ მცირე, 180 დღის განმავლობაში დისტანციურად, საქართველოდან შეასრულონ თავიანთი სამუშაო ვალდებულებები“, – განაცხადა პრემიერმა.

პროექტის მიხედვით, საქართველო დისტანციურად მომუშავე პირებს გრძელვადიანი პერიოდით ქვეყანაში დარჩენის შესაძლებლობას აძლევს. დაინტერესებულმა პირებმა ონლაინ-აპლიკაცია უნდა შეავსონ და დადასტურება მიიღონ.

პროგრამა მოიცავს სამოგზაურო დაზღვევას, დამსაქმებლის სერტიფიკატს და პერსონალურ ინფორმაციას. ჩამოსვლის წინ ვიზიტორებს საკუთარი ხარჯებით 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახალი პროექტი ქვეყნის საზღვრების გახსნის გეგმის ნაწილია და ტურიზმის ინდუსტრიის მხარდაჭერას ისახავს მიზნად, რომელიც კორონავირუსის შემდეგ დაზარალდა.

 

118
თემები:
საქართველოს მთავრობა (82)
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

22
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

22
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

26
(განახლებულია 19:01 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
რთველი

რთველი 2020: ჩაბარებული ყურძნის ღირებულება უკვე 133 მილიონ ლარს აჭარბებს

0
(განახლებულია 20:48 22.09.2020)
სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა „რქაწითელის“ ან „კახურის მწვანის“ ჯიშის ყურძენს.

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. 22 სექტემბრის მონაცემებით, კახეთში „რთველი-2020“-ის ფარგლებში უკვე გადამუშავებულია 134,8 ათასი ტონა ყურძენი, იუწყება ღვინის ეროვნული სააგენტო.

რთველი კახეთში წელს 22 აგვისტოს დაიწყო. გადამუშავების პროცესში 60-ზე მეტი ღვინის ქარხანაა ჩართული. ჩაბარებული ყურძნის ღირებულება ამ დროისათვის 133,7 მილიონ ლარზე მეტს შეადგენს.

საქართველოს მთავრობამ წელს COVID-19-ის პანდემიის შედეგად დაზარალებული მევენახეობა-მეღვინეობის დარგის მხარდასაჭერად „რქაწითელისა“ და „კახური მწვანეს“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირება გადაწყვიტა.

სუბსიდიას იღებენ ის კომპანიები, რომლებიც შეისყიდიან და გადაამუშავებენ ამ ჯიშების სულ ცოტა 1 ათას ტონა ყურძენს. ამასთან, ღვინის ქარხნებს დადგენილი აქვთ ერთი კილოგრამი ყურძნის ფასი – არანაკლებ 80 თეთრისა. სახელმწიფოს სუბსიდია ერთ კილოგრამზე 30 თეთრს შეადგენს.

სააგენტოს ცნობით, „რქაწითელი“ უკვე ჩაბარებულია 100,7 ათასი ტონა (81,3 მილიონი ლარის ღირებულების), „კახური მწვანე“ – 2,2 ათასი ტონა (2,1 მლნ ლარი), „საფერავი“ – 27,9 ათასი ტონა (44,9 მლნ ლარი), „ალექსანდროულ-მუჯურეთული“ – 125,12 ათასი ტონა (216 ათასი ლარი) და სხვა ჯიშების ყურძენი - 3,8 ათასი ტონა (5,1 მლნ ლარი).

იქიდან გამომდინარე, რომ ექსპორტის ძირითადი ნაწილი წითელ ღვინოზე მოდის, ხელისუფლებამ უარი თქვა „საფერავის“ ჯიშის ყურძნის სუბსიდირებაზე. ყურძნის იშვიათ ჯიშებზე, რომლებიც მეტ-ნაკლებადაა პოპულარული და ნაკლებად მოთხოვნადია, ასევე არ არის გათვალისწინებული სუბსიდია.

„რთველი 2020“-ის საკოორდინაციო შტაბი თელავში 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და აქტიურ კოორდინირებას უწევს სახელმწიფო ორგანოების, მეწარმეებისა და მევენახეების ურთიერთობებს.

0
თემები:
ღვინის კულტურა და მეღვინეობა