ირმა ინაშვილი

„პატრიოტების“ ლიდერი ადასტურებს, რომ აფხაზეთში იმყოფებოდა

105
(განახლებულია 18:55 25.08.2020)
აფხაზეთში გამგზავრების მიზეზად ირმა ინაშვილი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიაში ღვთისმშობლის ხატის დაბრძანებას ასახელებს.

თბილისი, 25 აგვისტო – Sputnik. „საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერმა ირმა ინაშვილმა დაადასტურა, რომ ცოტა ხნის წინ საპარლამენტო ფრაქცია „პატრიოტთა ალიანსის“ თავმჯდომარესთან გიორგი ლომიასთან ერთად აფხაზეთში იმყოფებოდა.

მას შემდეგ, რაც მისი ვიზიტის შესახებ ინფორმაციამ მასმედიაში გაჟონა, ინაშვილს რამდენიმე დღე დასჭირდა პრესკონფერენციის მოსაწვევად და საჯარო განცხადების გასაკეთებლად.

რა აღელვებს ქართველ ხალხს და ვისი სჯერა არჩევნების წინ - გამოკითხვა>>

ინაშვილის განცხადებით, „ბინძური კამპანია“, რომელიც ქართულ ოპოზიციურ არხებზე გავიდა ამ გამგზავრებასთან დაკავშირებით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ბოკერიამ შეუკვეთეს. კამპანიის მიზეზად ინაშვილი მათი პარტიების დაბალ რეიტინგს ასახელებს.

„მინდა სააკაშვილს და ბოკერიას მივმართო – თქვენ გაცოფებული ხართ იმიტომ, რომ 1,2 მილიონზე მეტი ადამიანი გამოვკითხეთ და აქედან ჩანს, რაც ძალიან კარგად იცით, ოთხ-ნახევარ პროცენტზე ნაკლებია თქვენი რეიტინგი. ამიტომ არიან გაცოფებული სააკაშვილი და ბოკერია. იმიტომ ხართ გაცოფებული და ასეთ ბინძურ თავდასხმებს იმიტომ აწყობთ ჩვენ წინააღმდეგ“, – განაცხადა ინაშვილმა.

რაც შეეხება აფხაზეთში ვიზიტს, ეს „პატრიოტების“ ლიდერმა ამგვარად ახსნა: „მე და გიორგი ლომია ნამდვილად ვიყავით აფხაზეთში. ჩვენ ღვთისშობლის ხატი დავაბრძანეთ ილორის ტაძარში“.

ინაშვილმა განაცხადა, რომ მის პარტიას არასდროს უთქვამს უარი საჯარო პოლიტიკაზე და არასდროს დაუმალავს, ვისთან და როგორ ითანამშრომლებს.

ინფორმაცია „პატრიოტთა ალიანსის“ ლიდერების აფხაზეთში ვიზიტის შესახებ ოპოზიციურმა „მთავარმა არხმა“ 20 აგვისტოს გაავრცელა. მასმედიაში გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ქართველი პოლიტიკოსები აფხაზეთში 18 აგვისტოს რამდენიმე საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ და რიგი საიდუმლო შეხვედრები გამართეს.

105
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

53
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

53
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

62
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

62
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ბათუმი

ქვეყნის მასშტაბით 17 კრიტიკული პაციენტია ინფიცირების შემთხვევები რეგიონების მიხედვით

0
(განახლებულია 12:21 25.09.2020)
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

თბილისი, 25 სექტემბერი – Sputnik. საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლენილი კორონავირუსის 265 ახალი შემთხვევიდან 165 აჭარას უკავშირდება, განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსმა მარინა ენდელაძემ.  

რაც შეეხება სხვა რეგიონებს, მაჩვენებლები ასეთია: 43 – თბილისი, 27 – იმერეთი, 6–6 კახეთიდა სამეგრელო– ზემო სვანეთი, 4 სამცხე–ჯავახეთი, 3 – ქვემო ქართლი, 2 – შიდა ქართლი.

ენდელაძის განცხადებით, დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებული პაციენტებიდან 17-ის მდგომარეობა კრიტიკულია.

რაც შეეხება უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოს, კლინიკაში სულ 31 პაციენტი მკურნალობს, მათგან ორი მძიმე პაციენტია.  დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა მსუბუქი და უმეტესად საშუალო სიმძიმისაა.

საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 265-ით გაიზარდა და 4644-ს მიაღწია, გამოჯანმრთელდა 1759 ადამიანი, გარდაიცვალა 27 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში