გიორგი ვაშაძე

„ნაცმოძრაობა“ უკან იხევს? კიდევ ერთი სკანდალი ოპოზიციაში

217
საპარლამენტო არჩევნებამდე საქართველოში სამ თვეზე ნაკლები რჩება, ხოლო გაერთიანებულ ოპოზიციაში სკანდალები არ წყდება

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ კვლავ სკანდალის ცენტრშია, ამჯერად ვნებათაღელვა იყო ისნის მაჟორიტარული ოლქის გარშემო, სადაც ოპოზიციამ ერთიან კანდიდატად პარტია „აღმაშენებლის სტრატეგიის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე წარადგინა.

„თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების წინ მოულოდნელად გაიყო >>

გაერთიანებული ოპოზიციის შეთანხმების მიხედვით, ვაშაძეს მხარი უნდა დაუჭიროს ყველა პარტიამ, თუმცა „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლებმა ყველასათვის მოულოდნელად განაცხადეს ამ შეთანხმების შესაძლო დარღვევის შესახებ.

„გიორგი ვაშაძემ და მისმა გუნდმა ოპოზიციის ერთობა დაარღვიეს იმის გამო, რომ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად მისი დასახელება სავალდებულო ყოფილიყო. ისნის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირებით, პარტია შესაბამის ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს და მასში ყველა არგუმენტი იქნება დასახელებული“, - განაცხადა „ნაცმოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან ბეჟაშვილმა.

მისი თქმით, საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს კონსულტაციების შემდეგ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, რომ ის ისანში თავის კანდიდატს დააყენებს.

თავად ვაშაძე „ნაცმოძრაობის“ ბრალდებებს კატეგორიულად უარყოფს.

„მე ვარ ადამიანი, რომელიც მთელი ცხოვრება იცავს ყველა პირობას და შეთანხმებას, რაც კი ოდესმე გაგვიკეთებია, იგივე მოლოდინი მაქვს „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან. მათ უნდა გადაწყვიტონ, იცავენ შეთანხმებას, თუ არა. ისინი თუ დაარღვევენ ამ შეთანხმებას, ეს ძალიან ცუდი იქნება, მაგრამ თუ დამიყენებენ ისანში მაჟორიტარ კანდიდატს, მე დავამარცხებ მათ მიერ დაყენებულ კანდიდატს და შემდეგ აუცილებლად დავამარცხებ „ქართული ოცნების“ კანდიდატსაც, რომელიც არის ჩვენი მთავარი სამიზნე“, – განაცხადა ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე

ქარიზმატულმა გიორგი ვაშაძემ საკუთარი თამაში არც ისე დიდი ხნის წინ წამოიწყო, ამან კი „ნაციონალურ მოძრაობაში“ უკმაყოფილება გამოიწვია.

დღეისათვის ვაშაძე პოლიტიკოსებს შორის ეკრანებზე ყველაზე ხშირად ჩნდება და აგრესიული სარეკლამო კამპანიით გამოირჩევა.

ვაშაძეს და „ნაცმოძრაობას“ თანამშრომლობის ხანგრძლივი პერიოდი აკავშირებს. სააკაშვილის ხელისუფლების პერიოდში ის იყო მისი აქტიური მხარდამჭერი და იუსტიციის მინისტრის მოადგილე. 2016 წელს მან დატოვა „ნაცმოძრაობა“ და დააარსა თავისი პარტია „ახალი საქართველო“. უკვე 2018 წელს პარტია „ნაცმოძრაობასთან“ კოალიციაში შევიდა და გასული წლის ნოემბერში პრეზიდენტის არჩევნებზე ვაშაძე იყო კოალიციის კანდიდატის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის უფროსი.

 

 

217
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველი ყურადღებით აკვირდება საარჩევნო გარემოს საქართველოში

59
(განახლებულია 23:03 24.09.2020)
გასული წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ თითქმის არავინ არ აგებს პასუხს წინასაარჩევნო პერიოდში ჩადენილი ძალადობისა და მოსყიდვის ფაქტების გამო, განაცხადა სახალხო დამცველმა

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. ომბუდსმენის ოფისი წინა წლების მსგავსად აკვირდება წინასაარჩევნო გარემოს და თითოეულ ძალადობრივ ფაქტთან დაკავშირებით რეაგირებას ახდენს, განუცხადა ჟურნალისტებს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ომბუდსმენის თქმით, პოლიტიკურ ოპონენტებს შორის უკვე დაფიქსირდა ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.

„ასევე ისმის ინფორმაცია პირადი ცხოვრების გამოყენების შესახებ პირების დაშინების თაობაზე, ამ საკითხებშიც ჩართულები ვართ. შესაბამის უწყებებს მივმართავთ და მოვიძიებთ ინფორმაციებს, რამდენად სწორად, ობიექტურად და დროულად ხდება ამ დანაშაულების გამოძიება“, - განაცხადა ლომჯარიამ.

მან მწუხარება გამოთქვა იმის გამო, რომ წინა წლების პრაქტიკა აჩვენებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში ძალადობის, მოსყიდვის და სხვა დანაშაულებრივი ფაქტების ჩადენისთვის პრაქტიკულად არავინ არ აგებს პასუხს და დღემდე არ არსებობს დაზარალებული თუ ბრალდებული პირები აღნიშნულ საქმეებში.

სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ მედია ვალდებულია მოვლენების გაშუქებისას იყოს ობიექტური და არ იყენებდეს სიძულვილის ენას.

„წინასაარჩევნო პერიოდში მედიის მონიტორინგს იმედია, განახორციელებენ ეუთო/ოდირი, თუ სხვა სადამკვირვებლო ორგანიზაციები. ჩვენი მოწოდება იქნება, მაქსიმალურად გაკონტროლდეს, რომ არ იქნეს გამოყენებული სიძულვილის ენა. რა თქმა უნდა, მედია ვერ აიღებს ყველაფერზე პასუხისმგებლობას, მაგრამ ვფიქრობ, მედიასაც მნიშვნელოვანი როლის შესრულება შეუძლია მსგავსი ფაქტების გაშუქებისას“, – განაცხადა ლომჯარიამ.

როგორც ომბუდსმენმა აღნიშნა, დაუშვებელია ქსენოფობიური და ჰომოფობიური გამონათქვამების გამოყენება და ძალადობის ფაქტების წახალისება.

59
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (152)
 აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი ჯეიჰუნ ბაირამოვი შეხვედრებზე საქართველოში

რა განიხილეს საქართველოს პრეზიდენტმა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა

62
(განახლებულია 01:13 25.09.2020)
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო

თბილისი, 24 სექტემბერი – Sputnik. საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციის პროცესი მთავარი განსახილველი თემა იყო შეხვედრაზე, რომელიც თბილისში საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს შორის გაიმართა, ნათქვამია სახელმწიფოს მეთაურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრის საკითხი კვლავ სადავოა დავით-გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან არსებული მონაკვეთის გამო.

„საზღვრის დელიმიტაციის პროცესის დროულად დასრულება ორმხრივ სტრატეგიულ ინტერესს წარმოადგენს“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა შეხვედრაზე.

მან აღნიშნა, რომ დემარკაციის პროცესის დასრულების შესახებ შეთანხმება მიღწეულია აზერბაიჯანის პრეზიდენტთან ბაქოში გამართულ შეხვედრაზე, რომელიც გასულ წელს გაიმართა.

მხარეებმა ასევე განიხილეს სიტუაცია მთიანი ყარაბაღის ირგვლივ, რასთან დაკავშირებით ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ საქართველო მზადაა, მხარეების სურვილის შემთხვევაში, გახდეს პლატფორმა, რომელიც ხელი შეუწყოს რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას.

განხილვის კიდევ ერთი თემა გახდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობები და მათი გაღრმავების პერსპექტივები.

შეხვედრის ბოლოს ზურაბიშვილმა აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი საქართველოში ვიზიტით მოიწვია.

აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრა თბილისში პროტოკოლით გათვალისწინებული ბოლო შეხვედრა იყო. მანამდე ის შეხვდა თავის ქართველ კოლეგას, პრემიერ-მინისტრს და ქვეყნის პარლამენტის დეპუტატებს.

62
თემები:
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
მცხეთის სასამართლო – შაქარაშვილის მკვლელობის საქმე

შაქარაშვილის მკვლელობის საქმე: გაფორმდება თუ არა საპროცესო შეთანხმება

0
(განახლებულია 14:18 25.09.2020)
იმ შემთხვევაში, თუ დაკავებულები ბრალს აღიარებენ, ბრალდების მხარემ შეიძლება საპროცესო შეთანხმების გაფორმებაზე თანხმობა განაცხადოს

თბილისი, 25 სექტემბერი  — Sputnik.  პროკურორი გიორგი მუკმანიანი არ გამორიცხავს 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე ბრალდებულთა ნაწილთან საპროცესო შეთანხმების გაფორმებას. 

რეზონანსულ საქმეზე 17 პირი გადის, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანია. ნაწილს ბრალი ედება ჯგუფურ ძალადობაში, ნაწილს - დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობაში.

პროკურორის თქმით, ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება აღიარების სანაცვლოდ  შეიძლება გაფორმდეს.

 „საპროცესო შეთანხმება – მოლაპარაკებების საგანია და მისი აუცილებელი პირობა დანაშაულის აღიარებაა. მოლაპარალებების წარმოების უფლება ბრალდებულს აქვს. შესაბამისად, მათ შეუძლიათ ბრალდების მხარეს მიმართონ და ჩვენ მას განვიხილავთ“, განაცხადა მუკბანიანმა ტელეკომპანია Rustavi 2-ის ეთერში.

19 წლის ფეხბურთელის ცხედარი 22 ივნისს, ოთხდღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის წყალში დაიხრჩო, თუმცა ცხედარზე უამრავი დაზიანებაა, რომელიც სიცოცხლეშია მიყენებული. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულებმა შაქარაშვილი ჯერ სცემეს, შემდეგ კი მდინარეში გადააგდეს.

ამ შემთხვევას წინ უსწრებდა ჩხუბის ორი ეპიზოდი – ერთი მცხეთაში და მეორე თბილისი–მცხეთის გზაზე.

0
თემები:
19 წლის გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმე