შალვა შავგულიძე

„თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების წინ მოულოდნელად გაიყო

123
(განახლებულია 19:45 20.08.2020)
პოლიტიკური გაერთიანება დატოვა პარტიის ლიდერმა შალვა შავგულიძემ და მისმა სამმა თანამოაზრემ, მაგრამ ბრძოლას არჩევნებზე ისინი გააგრძელებენ.

თბილისი, 20 აგვისტო – Sputnik. საქართველოს ერთ-ერთი პროდასავლური პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ არჩევნების წინ პარტიულ სიასთან დაკავშირებული უთანხმოების გამო გაიხლიჩა: მისმა თავმჯდომარემ შალვა შავგულიძემ და რამდენიმე გამორჩეულმა წევრმა „ევროპულ საქართველოში“ გადასვლა გადაწყვიტა.

პარტია „თავისუფალი დემოკრატები“ 2009 წელს თავდაცვის ექს-მინისტრმა ირაკლი ალასანიამ შექმნა. პარტია 2012 წელს „ქართულ ოცნებასთან“ კოალიციაში ხელისუფლებაში მოვიდა, თუმცა ორი წლის შემდეგ უთანხმოებების გამო ოპოზიციაში გადავიდა. 2019 წლიდან „დემოკრატები“ კოალიციაშია პარტიასთან „ევროპული საქართველო – მოძრაობა თავისუფლებისთვის“.

„საზოგადოებას მინდა ვაცნობო, რომ მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო პარტია „თავისუფალი დემოკრატები“. ეს გადაწყვეტილება პარტიის გამგეობაში შექმნილმა არაჯანსაღმა ვითარებამ მიმაღებინა“, – განაცხადა შავგულიძემ ბრიფინგზე.

მისი თქმით, წასვლის მთავარი მიზეზი გახდა სია, სადაც გამგეობის უმრავლესობამ იმ ადამიანის შეყვანა მოითხოვა, რომელსაც სამი წლის განმავლობაში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია პარტიის მუშაობაში, ასევე პარტიის გამგეობის წევრების დასწრება მმართველი „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგენაზე.

პოლიტიკოსმა აღნიშნა, რომ მასთან ერთად პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღეს ნინო გოგუაძემ, სანდრო ბარამიძემ და გიორგი ქიტიაშვილმა. ისინი ახლა „ევროპულ საქართველოსთან“ შეერთებას და არჩევნებზე მათთან თანამშრომლობას აპირებენ.

ამგვარად, შალვა შავგულიძე მთაწმინდა–კრწანისის ოლქში ოპოზიციის კანდიდატად დარჩება, თუმცა ახლა უკვე სხვა პარტიის სახელით.

ეს არჩევნების წინ პარტიიდან წასვლის პირველი შემთხვევა არ არის. ორი კვირის წინ პარტია ლევან სამუშიამ დატოვა და ის შეუერთდა პარტიას „ლელო საქართველოსთვის“.

 

123
არჩილ თალაკვაძე

თალაკვაძე: არჩევნებზე დავამტკიცებთ, რომ საქართველო დემოკრატიული ფასეულობების ერთგულია

15
(განახლებულია 16:46 18.09.2020)
სწავლებაში, რომელიც ვაზიანის სამხედრო ბაზაზე 7 სექტემბრიდან მიმდინარეობდა, ხუთი ქვეყნის 2,8 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. 2020 წლის სამართლიან და გამჭვირვალე საპარლამენტო არჩევნებზე კიდევ ერთხელ დავამტკიცებთ, რომ საქართველო ერთგულია დემოკრატიული ფასეულობების და სამართლიანად იმსახურებს ევროპული და ევროატლანტიკური სივრცის ღირსეულ და სრულფასოვან წევრობას, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ მრავალეროვნული სასარდლო–საშტაბო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2020“ დასრულების ოფიციალურ ცერემონიაზე. 

თალაკვაძის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე დგას –  გლობალური პანდემიით დაზარალებული ეკონომიკის აღდგენა,  ახალი სამუშაო ადგილების შექმნა და  მოქალაქეების კეთილდღეობის გაუმჯობესება.

„უსაფრთხოების დაცვით, დემოკრატიის გაძლიერებით და ეკონომიკის განვითარებით ჩვენ ვქმნით ჩვენი ქვეყნისა  და ჩვენი შვილების უკეთეს მომავალს! ეს არ არის მარტივი მისია, მაგრამ ჩვენ ერთად შევძლებთ ამის გაკეთებას“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

დღეს  სამხედრო ბაზა „ვაზიანის“ ტერიტორიაზე რიგით მეხუთე მრავალეროვნული სასარდლო–საშტაბო სწავლება „ღირსეული პარტნიორის“ (Noble Partner)  საზეიმო დახურვის ცერემონია გაიმართა. სწავლება ნატოს ეგიდით 7 სექტემბერს დაიწყო – საქართველომ აშშ-სა და პარტნიორ ქვეყნებს შორის თავსებადობის სრულყოფაზე იმუშავა.  სწავლებაში ხუთი ქვეყნის 2,8 ათასი სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.

მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორის" იზანია საქართველოს, აშშ-ის და პარტნიორ ქვეყნებს შორის მზადყოფნის და თავსებადობის ამაღლება. ასევე, სტაბილურობის, თავდაცვითი და შეტევით ოპერაციებში უნარ-ჩვევების გაუმჯობესება და შავი ზღვის აუზში უსაფრთხოების გარემოს შექმნაში წვლილის შეტანა.

ნატოსთან ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“ ბოლოს 2019 წლის 27 ივლისი – 9 აგვისტოს ჩატარდა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში არაერთხელ განაცხადეს, რომ მოსკოვი არ ეთანხმება თბილისის პოზიციას იმის თაობაზე, რომ სწავლება შავი ზღვის რეგიონში სტაბილურობას უწყობს ხელს.

15
ნიკა მელია

სიაში არ არის: „ნაციონალური მოძრაობა“ მერაბიშვილზე უარს ამბობს

76
(განახლებულია 16:19 18.09.2020)
ყოფილი მმართველი პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა განაცხადა, რომ თავს ვერ ხედავს იმ გუნდში, სადაც ვანო მერაბიშვილი იქნება.

თბილისი, 18 სექტემბერი – Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ) საპარლამენტო არჩევნების პარტიულ სიაში საქართველოს ექს-პრემიერი და შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი არ იქნება, ამის შესახებ „TV პირველის“ ეთერში ენმ-ის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა მელიამ განაცხადა.

არც პარლამენტში, არც მთავრობაში – სად მიდის მერაბიშვილი>>

„ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილმა წევრმა საპატიმრო მიმდინარე წლის თებერვალში დატოვა. მან შვიდი წელი მოიხადა თანამდებობრივი დანაშაულებისა და ძალაუფლების გადამეტებისთვის. სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს ის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან პოლიტიკოსად მიიჩნეოდა. უფრო ადრე მერაბიშვილმა განაცხადა, რომ „ივანიშვილის რეჟიმის“ წინააღმდეგ ბრძოლას აპირებს, მაგრამ პარლამენტსა და მთავრობაში დაბრუნება გამორიცხა.

„ვანო მერაბიშვილი არ იქნება „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიულ სიაში. ვანო მერაბიშვილმა ძალიან ბევრი რამ გააკეთა ამ ქვეყანაში მაშინ, როდესაც აბსოლუტური განუკითხაობა, ყაჩაღებისა და კრიმინალების ბოგინი იყო, ამას ვაფასებ. მაგრამ იმასაც ვაძლევ შეფასებას, რომ ბევრი რამ რბილად, ძალიან რბილად რომ ვთქვათ, იყო ანტიკონსტიტუციური“, – განაცხადა ნიკა მელიამ.

ის მიიჩნევს, რომ მერაბიშვილს შინაგან საქმეთა მინისტრის თანამდებობა სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შემდეგ უნდა დაეტოვებინა (2006 წელს). ეს მკვლელობა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და სკანდალური გახდა, რომელშიც მაშინდელი მაღალჩინოსნები, ასევე მერაბიშვილის მეუღლე ფიგურირებდნენ.

გირგვლიანის ოჯახმა და მაშინდელმა ოპოზიციამ ერთხმად განაცხადეს, რომ მკვლელობაში ხელისუფლების მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ. ისინი არა მხოლოდ შემსრულებლების, არამედ დანაშაულის ორგანიზატორების დასჯას მოითხოვდნენ.

მერაბიშვილი გირგვლიანის საქმეზე: არასწორად მოვიქეცი თანამდებობა რომ არ დავტოვე>>

ხელისუფლების შეცვლის შემდეგ (2012 წელს) პროკურატურამ გირგვლიანის მკვლელობის გამოძიება განაახლა და გამოავლინა საქმის გარემოებები, რომლებიც ოჯახის ვერსიას ადასტურებდა.

„მე პირადად რაც მიმაჩნია მის მთავარ დიდ შეცდომად, როდესაც ბატონი გირგვლიანის ტრაგიკული შემთხვევა მოხდა, მას არანაირი მორალური უფლება არ ჰქონდა, რომ დარჩენილიყო თანამდებობაზე. სამწუხაროდ, ის დარჩა თანამდებობაზე და ხელისუფლებამ ჩათვალა, რომ ხალხმა ეს დაივიწყა. სინამდვილეში ეს დაილექა და, როგორც დემოკრატიულმა ტალღამ, დაარტყა ყველაფერთან ერთად 2012 წელს. მე პირადად ჩემს თავს ვერ ვხედავ იმ გუნდში, სადაც იქნება ვანო მერაბიშვილი“, – განაცხადა მელიამ.

მერაბიშვილი 2013 წლის მაისში დააკავეს.

მას ბრალი წაუყენეს ექვს რეზონანსულ საქმეზე. აქედან ხუთ საქმეზე მან სასჯელი მოიხადა და საერთო ჯამში საპატიმროში ექვსი წელი და ცხრა თვე გაატარა.

ახალი საარჩევნო ბლოკი ძველი სახელწოდებით – ვინ შემოიკრიბა „ნაცმოძრაობამ">>

ვანო მერაბიშვილი გაასამართლეს ღვინის ქარხნის უკანონოდ ჩამორთმევის, 2011 წლის 26 მაისს თბილისში საპროტესტო აქციის დარბევის, 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველთა მოსყიდვის, ასევე 2005 წელს სპეცრაზმის თანამშრომლების მიერ პარლამენტის დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის გამო და დამნაშავედ ცნეს გირგვლიანის მკვლელობის რეზონანსულ საქმეზე.

76
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ივანე მაჭავარიანი

ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარე გახდა

0
(განახლებულია 16:34 18.09.2020)
საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანა იქნება. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

თბილისი, 18 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ აირჩიეს, იუწყება საქართველოს ფინანსთა სამინისტრო.

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ერთი წლის ვადით აზიის განვითარების ბანკის მმართველთა საბჭოს თავმჯდომარედ მიმდინარე წლის 17-18 სექტემბერს, ვირტუალურ ფორმატში გამართულ აზიის განვითარების ბანკის (ADB) რიგით 53-ე ყოველწლიური შეხვედრის ფარგლებში აირჩიეს.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა და საქართველოს მხრიდან აზიის განვითარების ბანკის მმართველმა, ივანე მაჭავარიანმა, ბანკის მმართველთა ბიზნეს–სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, ხაზი გაუსვა აზიის განვითარების ბანკთან თანამშრომლობის მნიშვნელობას და ბანკის როლს COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლაში.

მან აღნიშნა, რომ  ბანკმა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ, გამოყო 20 მილიარდი აშშ დოლარი, რამაც ბანკის წევრ ქვეყნებს საშუალება მისცა ფინანსური რესურსი გამოეყენებინათ როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური მხარდაჭერისა და კერძო სექტორის სტიმულირებისათვის.

ამავე დროს, ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, რომ პანდემიის უარყოფითი შედეგები ეკონომიკებისთვის იქნება გრძელვადიანი, რისთვისაც საჭირო იქნება ყველა ქვეყნის კოორდინირებული და ერთობლივი მუშაობა გამოწვევების დასაძლევად.

აზიის ბანკი საქართველოს პანდემიის შემდგომი კრიზისის დაძლევაში დაეხმარება>>

„უპირველეს ყოვლისა, უნდა განვაგრძოთ და გავაძლიეროთ ეკონომიკური და სტრუქტურული რეფორმები, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკის მდგრადობის შენარჩუნებას. ჩვენ უნდა გავაძლიეროთ კერძო სექტორის როლი ეკონომიკის აღდგენის პროცესში და ამ მიმართულებით, აზიის განვითარების ბანკს მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეუძლია“, -აღნიშნა მაჭავარიანმა.

მისი თქმით, ასევე მნიშვნელოვანია ადამიანური კაპიტალის განვითარება, რისთვისაც აუცილებელია განათლებისა და ჯანდაცვის სისტემების რეფორმირება. აზიის განვითარების ბანკს აქვს დიდი გამოცდილება რეფორმების მხარდაჭერაში და აუცილებელია ამ მიმართულებით ყურადღების გამახვილება გრძელვადიან პერსპექტივაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია რეგიონული თანამშრომლობისა და ინტეგრაციის ხელშეწყობა.

„საქართველო აქტიურად უჭერს მხარს თავისუფალი ვაჭრობის პოლიტიკას. მნიშვნელოვანია ბანკის წევრ ქვეყნებში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის, ვაჭრობის, საბაჟოსა და საზღვრისპირა ქვეყნებს შორის კავშირების განვითარება. მეტი ინტეგრაცია და ღიაობა, ნაკლები ბარიერები - ესაა ის ძირითადი საფუძვლები, რომელზეც უნდა ავაგოთ ჩვენი მომავალი“, - აღნიშნა ივანე მაჭავარიანმა.

ჯერ კიდევ გასული წლის ნოემბერში ცნობილი გახდა , რომ ბანკის მმართველთა საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საქართველო 2021 წელს აზიის განვითარების ბანკის ყოველწლიური შეხვედრის მასპინძელი ქვეყანაა. ამ მასშტაბურ ღონისძიებაში 5 ათასამდე მაღალი რანგის სტუმარი მიიღებს მონაწილეობას.

0