გრიგოლ ვაშაძე

„ნაცმოძრაობა“ მალე დეპუტატობის კანდიდატებს წარადგენს: ვინ იქნება სიაში

279
(განახლებულია 20:33 12.08.2020)
უკვე ცნობილია, რომ „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატის სავარძელზე პრეტენზიას განაცხადებს ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

თბილისი, 12 აგვისტო – Sputnik. ყოფილი მმართველი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ უახლოეს ათ დღეში რეგიონებში ყველა მაჟორიტარ კანდიდატს წარადგენს, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა რომან გოცირიძემ „პირველი არხის“ ეთერში.

„ძალა ერთობაშია“ იშლება? ვინ ტოვებს გაერთიანებას >>

წინასაარჩევნო კამპანია აქტიურ ფაზაში შედის. დღეისათვის 30 ერთმანდატიან ოლქში კანდიდატების ვინაობა სრულად განსაზღვრა მმართველმა პარტიამ „ქართული ოცნება“. რაც შეეხება ოპოზიციას, ის თბილისის რვიდან ექვს ოლქში შეთანხმდა ერთობლივი კანდიდატების შესახებ, ხოლო დანარჩენი ორი ოლქის შესახებ შეთანხმება ჯერ კიდევ არ არის მიღწეული, შესაძლოა ამ ოლქების საკითხი თითოეულმა პარტიამ დამოუკიდებლად გადაწყვიტოს.

„მაჟორიტარების სიას უახლოეს ათ დღეში წარვადგენთ, ჯერჯერობით ვმუშაობთ ამ სიაზე“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

თუმცა, გოცირიძემ პარტიის შიგნით უკვე შეთანხმებული რამდენიმე კანდიდატიც დაასახელა.

მაგალითად, ქუთაისში „ნაციონალური მოძრაობიდან“ კენჭს იყრის ქუთაისის მერობის და საქართველოს პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი, ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე.

რუსთავში პარტია წარადგენს ქვემო ქართლის ყოფილ გუბერნატორს დავით კირკიტაძეს, საგარეჯოში – პარტიის პოლიტსაბჭოს წევრს ლევან ბეჟაშვილს, სამტრედიაში – გენშტაბის ყოფილ მეთაურს დევი ჭანკოტაძეს.

დღეისათვის მაჟორიტარების ნაწილი რეგიონებში უკვე წარადგინეს ოპოზიციურმა პარტიამ „ევროპული საქართველო - მოძრაობა თავისუფლებისთვის“, ასევე „ლელომ“, პარტიამ „სამართლიანი საქართველოსთვის“ და ლეიბორისტულმა პარტიამ.

კანონმდებლობის თანახმად, პარტიებს თავიანთი კანდიდატების შესათანხმებლად და ცესკოში მათ წარსადგენად დრო სექტემბრის შუა რიცხვებამდე აქვთ.

საქართველოში სულ 30 ერთმანდატიანი ოლქია, საიდანაც რვა თბილისშია. თითოეულ ოლქში გამარჯვებული გახდება ის კანდიდატი, რომელიც ამომრჩევლების ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. წინააღმდეგ შემთხვევაში საუკეთესო შედეგების მქონე ორი კანდიდატი ერთმანეთს მეორე ტურში სამი კვირის თავზე დაუპირისპირდება.

279
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტის ოთხი პრინციპი: რაზე ისაუბრა ზურაბიშვილმა გაეროში

2
თავის ვიდეომიმართვაში პრეზიდენტი ზურაბიშვილი შეეხო მშვიდობის, ეკოლოგიის, ჯანდაცვისა და განათლების პრობლემებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გაერო-ს დაარსებიდან 75-ე წლისთავზე სიტყვით გამოსვლისას დაასახელა ოთხი საფუძველი, რომელზეც დგას „მომავალი, რომელიც ჩვენ გვსურს“.

გაერო თავის იუბილეს კორონავირუსის პანდემიით შექმნილი სიტუაციის ფონზე აღნიშნავს. წევრი ქვეყნების ლიდერები რიგრიგობით გამოდიოდნენ სიტყვით ვიდეომიმართვების ფორმატში, რომელთა მთავარი გზავნილი იყო მომავლის ხედვა, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში.

პრეზიდენტის თქმით, პირველი საფუძველი არის მშვიდობა.

„მაშინ, როცა მსოფლიოში ახალი პარადიგმები იქმნება, მოვიდა დრო, შევიმუშაოთ ახალი ხედვა და გამოსავლები, რათა შეიცვალოს გაუსაძლისად „გაყინული“ მდგომარეობა. მშვიდობა და განვითარება წინსვლის ერთადერთი გზაა“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მეორე საფუძველია - „სიცოცხლისუნარიანი პლანეტა“.

„ჩვენ ყველა მომსწრენი გავხდით, თუ როგორი პოზიტიური გავლენა ჰქონდა ჩაკეტვებს ჩვენს გარემოზე და შეცვალა ჩვენი აღქმა... ჩვენ, როგორც პატარა ქვეყანა, ვფიქრობთ, რომ იმის მიუხედავად ახდენს თუ არა ჩვენი ქმედებები გავლენას გლობალურ სურათზე, მაინც შეგვიძლია, ვითამაშოთ ექსპერიმენტული, თუმცა სამაგალითო როლი საერთო სტრატეგიის ფორმირებაში“, - ხაზგასმით აღნიშნა ზურაბიშვილმა.

მესამე საფუძველია - „ინკლუზიური და ჯანსაღი საზოგადოება“.

„კორონავირუსის გავრცელებამ ყველა გამოაფხიზლა. საქართველომ დროულად უპასუხა პანდემიას და შეძლო მოწყვლად მოსახლეობაზე გავლენის მინიმიზაცია. ეს შესაძლებელი გახდა საზოგადოებას, სამედიცინო ავტორიტეტებსა და სახელმწიფოს შორის შექმნილი „ნდობის სამკუთხედისა“ და საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობის მეშვეობით“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

და მეოთხე საფუძველი, უკიდურესი, მაგრამ, პრეზიდენტის თქმით, არა უკანასკნელი - „განათლებული მოქალაქეები კულტურულად განვითარებულ საზოგადოებაში“.

„მიუხედავად ინფორმაციის სანდოობის მიმართულებითა და უსაფრთხოების კუთხით არსებული საფრთხეებისა, ინტერნეტის განვითარებამ ახალი შესაძლებლობები შექმნა განათლების, კულტურისა და კრეატიული ზრდის მიმართულებით“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

გაერო შეიქმნა მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და გაძლიერების, თანამშრომლობის განვითარების მიზნით. ის მოწოდებულია წარმოადგენდეს ერების შეთანხმებული მოქმედებების ცენტრს საერთო მიზნების მიღწევის გზაზე. გაეროს წესდება ძალაში შევიდა 1945 წლის 24 ოქტომბერს, მისი წევრი 193 სახელმწიფოა.

2
თემები:
საქართველოს პრეზიდენტი
„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერი

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს

22
(განახლებულია 23:06 21.09.2020)
საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერების ხელშეწყობის მიზნით NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს

თბილისი, 21 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საქართველოში საარჩევნო პროცესის გრძელვადიან დისტანციურ დაკვირვებას იწყებს, ნათქვამია ორგანიზაციის ვებგვერდზე.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება - 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს - ერთმანდატიან ოლქებში.

NDI-ის საქართველოს წარმომადგენლობის ინფორმაციით, აღნიშნული პროგრამა აგვისტოში გამოქვეყნებული წინასაარჩევნო ანგარიშის (Georgia Election Watch) დასკვნებსა და რეკომენდაციებს დაეყრდნობა და საჭიროების შემთხვევაში მეორე ტურების ჩათვლით გაგრძელდება.

ანალიტიკოსების გუნდი შვიდ გრძელვადიან დამკვირვებელსა და პროგრამის დირექტორს მოიცავს. ისინი არჩევნებთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხს შეისწავლიან, მათ შორისაა: საარჩევნო კამპანია, საარჩევნო ადმინისტრაცია, მედია და საინფორმაციო სივრცე, გენდერი და ჩართულობის საკითხები და კორონავირუსის გავლენა არჩევნებზე.

„თითოეულ ამ საკითხზე პროგრესისა და გამოწვევების შესაფასებლად, გრძელვადიანი დამკვირვებლები თბილისში მყოფ ასისტენტებთან და NDI-ს თანამშრომლებთან ერთად დისტანციურად იმუშავებენ და სხვადასხვა საინფორმაციო და ანალიზის ონლაინ პლატფორმებს გამოიყენებენ. NDI შეგროვებულ მონაცემებს შუალედურ და არჩევნების შემდგომ ანგარიშებში გამოიყენებს, რათა ხელი შეუწყოს საქართველოში საარჩევნო პროცესების გაძლიერებას“, - აღნიშნავენ ორგანიზაციაში.

არჩევნები და კორონავირუსი: საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის ჩარტერული რეისები დაინიშნება >>

ადრე ორგანიზაციაში აღნიშნეს, რომ გლობალური პანდემია კვლავ უკონტროლოა მრავალ ქვეყანაში, მათ შორის აშშ-ში. სწორედ არსებული საერთაშორისო ვითარებისა და რისკების გათვალისწინებით ორგანიზაციამ გადაწყვიტა, არ გამოგზავნოს თავისი დამკვირვებლები საქართველოში.

22
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020