ენზელ მკოიანი

მორიგი სკანდალი და კრიმინალების მუქარა: ქართველი დეპუტატი აცხადებს, რომ შეშინებულია

1039
(განახლებულია 19:26 11.08.2020)
პარლამენტარი ამტკიცებს, რომ მას ემუქრებიან კრიმინალურ სამყაროსთან დაკავშირებული ადამიანები და ხუთ მილიონ დოლარს მოითხოვენ

თბილისის, 11 აგვისტო – Sputnik. საქართველოში მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატ ენზელ მკოიანთან დაკავშირებული მორიგი სკანდალი აგორდა. ამჯერად გაირკვა, რომ მას ემუქრებოდნენ და ფულს სძალავდნენ.

ენზელ მკოიანი ცნობილი პიროვნებაა. თავის დროზე იყო ახალქალაქის დეპუტატი ყოფილი მმართველი პარტიიდან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ხოლო 2012 წელს „ქართული ოცნების“ მოგების შემდეგ მან მკვეთრად შეიცვალა პარტია და 2016 წელს ამ პარტიიდან კენჭი იყარა და პარლამენტშიც მოხვდა. არც ისე დიდი ხნის წინ სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელზეც ჩანს, როგორ ესვრის მკოიანი ავტომობილს  ახალქალაქის ქუჩაში.

ახლა კი მისმა ადვოკატმა ტარიელ მურმანიშვილმა განაცხადა, რომ მკოიანსა და მის ოჯახს ემუქრებიან და ფულს სძალავენ.

„მკოიანმა მისი სახელით განცხადების გაკეთება მთხოვა“, - განაცხადა მურმანიშვილმა.

ადვოკატის თქმით, 2020 წლის 20 ივლისს უცნობმა პირი მკოიანს მესენჯერით დაუკავშირდა. მას ესაუბრნენ რუსულად, თუმცა კავკასიური აქცენტით. ამ ადამიანმა მოსთხოვა მკოიანს, დაეტოვებინა პოლიტიკა, წყნარად ყოფილიყო და არავისთან ეურთიერთა, წინააღმდეგ შემთხვევაში ახლობელ ადამიანს დაკარგავდა.

მეორე ზარი - WatsApp-ით - მოსკოვიდან იყო. მკოიანის თქმით, ამას ნომრის ინდექსით მიხვდა. მას კვლავ რუსულად და კავკასიური აქცენტით ესაუბრნენ. ამჯერად მას დიდი თანხა მოსთხოვეს.

„ჰეი, ოლიგარქო, შენ ხომ ბიზნესში ხარ, რატომ არ იხდი ფულს? შენ ხუთი მილიონი დოლარი უნდა გადაგვიხადო“, - განაცხადა ადვოკატმა.

როდესაც მკოიანმა იკითხა, რა მოუვა, თუ ამას არ გააკეთებდა, გამომძალველმა განუცხადა, რომ უკვე 15 წლიანი პატიმრობა მოიხადა და თუ მისი მოთხოვნა არ შესრულდება, მოკლავს დეპუტატს და კიდევ 20 წლით ჩაჯდება ციხეში. მეორე ჯერზე მას ესაუბრა ორი ადამიანი და ორივე კრიმინალური ჟარგონით.

„ამან ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი შეაშინა. შეგახსენებთ, რამდენიმე თვის წინ მასზე თავდასხმა მოხდა, მას სამჯერ ესროლეს. ის პოლიციელების წყალობით გადარჩა“, - განაცხადა მურმანიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ მკოიანი და მისი ოჯახი ძალიან შეშინებულები არიან. მათ 30 ივლისს პროკურატურას მიმართეს, თუმცა გაირკვა, რომ საქმის გამოძიება დაიწყო რეგიონულმა პოლიციამ და დეპუტატი ორი დღის წინ დაკითხა. ახლა მკოიანი მოითხოვს, რომ საქმე პროკურატურამ გამოიძიოს, ხოლო აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შეხვდეს სხვა საელჩოების წარმომადგენლებს, რათა მისი ოჯახის წევრების უსაფრთხოება უზრუნველყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში მკოიანი დაცვას სახელმწიფოს მოსთხოვს.

ბოროტმოქმედი თუ მსხვერპლი?

ეს პირველი ინციდენტი არ არის, რომელიც ბოლო წელს მკოიანს შეემთხვა.

აპრილის დასაწყისში ოპოზიციამ მისთვის დეპუტატის მანდატის ჩამორთმევა მოითხოვა. საბაბი გახდა ჩხუბი, რომლის დროს იარაღი გამოიყენეს. ინციდენტი 26 მარტს მოხდა. თავდაპირველად ცნობილი გახდა, რომ მკოიანისა და ყოფილი დეპუტატ სამველ პეტროსიანის მომხრეებს შორის მოხდა ჩხუბი, თანაც იარაღის გამოყენებით. გაირკვა, რომ ჩხუბში თავად მკოიანი და პეტროსიანი მონაწილეობდნენ. დააკავეს პეტროსიანი და მისი 19 წლის ძმისშვილი. მათ 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ივლისში კი სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, რომელმაც მკოიანის ვერსია ჩხუბის შესახებ თავდაყირა დააყენა. ვიდეოზე ჩანს, რომ მკოიანი მისდევს პეტროსიანს პისტოლეტით ხელში და ესვრის მის მანქანას. ვიდეოზე ასევე ჩანს, რომ პოლიცია მკოიანის დაშოშმინებას ცდილობს.

თუმცაღა, როდესაც მმართველ პარტიას ახალქალაქის მაჟორიტარი დეპუტატის წარდგენა მოუწია, მკოიანი ამ სიაში არ აღმოჩნდა. პოლიტოლოგებმა ივარაუდეს, რომ მიზეზი სწორედ პეტროსიანზე თავდასხმის ამსახველი ვიდეო გახდა.

1039
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
მიხეილ სააკაშვილი

საიდუმლო გამხელილია: სააკაშვილის და „ევროპელების“ კონფლიქტი კულუარებს გასცდა

15
ქართულ ოპოზიციაში საკმაოდ ბევრი პარტიაა, რომლისთვისაც სახელმწიფოს ყოფილი მეთაური, მიხეილ სააკაშვილი მიუღებელია

თბილისი, 23 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა არჩევნების წინ ოპოზიციის მოლაპარაკებების შესახებ საიდუმლო გაამხილა, რითაც სხვა პარტიების წარმომადგენლების აღშფოთება გამოიწვია.

დღესდღეობით სააკაშვილი პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი და ოპოზიციაში, რომელიც სულ ახლახან კოალიციურ მთავრობაზე საუბრობდა, დავის მთავარი საგანია.

„ყოველთვის ვიყავი და ვიქნები ერთიანობის მომხრე. თავიდან ჩემი შეთავაზება იყო, ყველა ოპოზიციურ ჯგუფს გაეკეთებინა ერთიანი სია, აერჩია ერთიანი პრემიერობის კანდიდატი, რა თქმა უნდა, ეს არ ვიქნებოდი მე და წასულიყო არჩევნებზე. ბევრმა ჯგუფმა ეს უარყო და არ გამოვიდა. მეორე იყო ჩვენი შეთავაზება „ევროპული საქართველოს“ მიმართ და ეს მოლაპარაკებები რამდენიმე კვირა წარმოებდა, რომ პარიტეტულ საწყისებზე, პრაქტიკულად თანაბრად დაგვეკომპლექტებინა სია, პარლამენტის თავმჯდომარის ადგილი წაეღოთ მათ, პრემიერობაზე მომხდარიყო ცალკე შეთანხმება და იქაც არ განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა. ესეც, რაღაც მიზეზების გამო, მათ მიერ იყო უარყოფილი“, – განუცხადა სააკაშვილმა „ტვ პირველს“.

ამ განცხადებამ „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელთა აღშფოთება გამოიწვია. ისინი ადრევე აცხადებდნენ, რომ სააკაშვილი „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასთან“ კოალიციაში მათი გაერთიანების მთავარი დაბრკოლება იქნებოდა.

„რაც შეეხება თანამდებობების შემოთავაზებას, ეს არის პირდაპირ ტყუილი, არანაირი საუბარი თანამდებობების შემოთავაზებაზე არ ყოფილა და არც მივიღებდით, რადგან ჩვენთვის მთავარი ამოცანაა არა თანამდებობების და სკამების განაწილება, არამედ გარდამტეხი ცვლილებების მოტანა ოთხი მილიონი ქართველისთვის, რომელიც დღეს არის კრიზისულ და უმძიმეს მდგომარეობაში. ჩვენ ჩვენივე გუნდშიც კი არ ვასახელებთ პრემიერობის კანდიდატს“, - განაცხადა „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ.

„ევროპული საქართველოს“ მსგავსად, სააკაშვილი სხვა არაერთი ოპოზიციური პარტიისთვისაა მიუღებელი, მათ შორისაა პარტია „გირჩი“, ნინო ბურჯანაძის „ერთიანი საქართველო“, „ახალი საქართველო“. ამ პარტიების წარმომადგენლები სხვადასხვა დროს მუშაობდნენ სააკაშვილთან, ისევე როგორც „ევროპული საქართველოს“ ლიდერები, და შემდეგ მისი ოპონენტები გახდნენ.

საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს - 120-ს პარტიული სიით, 30-ს კი - მაჟორიტარულ ოლქებში. პარტიებისთვის გამსვლელი ბარიერი 1%-ია.

ხმის უფლება დამდეგ არჩევნებზე 3 501 931 საქართველოს მოქალაქეს აქვს.

15
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
საარჩევნო პლაკატები აღმაშენებლის გამზირზე

შეადარე პარტიები და გააკეთე არჩევანი: ამომრჩევლებისთვის აპლიკაცია ამუშავდა

23
(განახლებულია 19:54 23.09.2020)
სოციალური გამოკითხვებით, საქართველოში ამომრჩევლების დიდ ნაწილს ჯერ არ გადაუწყვეტია, რომელ პარტიას მისცეს ხმა

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. საქართველოში ამუშავდა აპლიკაცია სახელწოდებით „საარჩევნო კომპასი - საქართველო“, რომელიც საპარლამენტო არჩევნების წინ ამომრჩეველს დაეხმარება პარტიების პოზიციები სხვადასხვა საკითხზე შეადაროს.

„წავალ, მაგრამ არ ვიცი, ვის მივცემ ხმას...“: დავუჯეროთ თუ არა გამოკითხვებს არჩევნების წინ >>

აპლიკაციის და ვებგვერდ Partiebi.Ge-ს პრეზენტაცია ოთხშაბათს გაიმართა. ღონისძიებაზე მიწვეული იყო პოლიტიკური პარტიების ლიდერები და საერთაშორისო და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები.

ახალი აპლიკაცია - ეს არის უპარტიო, ელექტრონული ინსტრუმენტი, რომელიც მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას პოლიტიკური პარტიების პოზიციების შესახებ და ეხმარება ამომრჩეველს გაერკვეს, რომელიც პოლიტიკური პარტიის შეხედულებები არის მისთვის მისაღები.

აპლიკაცია ვებგვერდზე უკვე ხელმისაწვდომია. პროექტი განახორციელეს CRRC Georgia-ს, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის (GIP) და თსუ-ს ეკონომიკის საერთაშორისო სკოლის (ISET) მკვლევარებმა აშშ-ის განვითარების საერთაშორისო სააგენტოს (USAID), გერმანული პოლიტიკური ფონდების და ნიდერლანდების სამეფოს მხარდაჭერით.

რაც შეეხება ვებგვერდ www.partiebi.ge-ს, ეს პროექტი განახორციელა აღმოსავლეთ ევროპული მრავალპარტიული დემოკრატიის ცენტრმა (EECMD), რომელიც 2012 წლიდან აქვეყნებს მნიშვნელოვან პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ საკითხებზე საქართველოს პოლიტიკური პარტიების შეხედულებებს. პროექტს აფინანსებს ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში.

საქართველოში საპარლამენტო პარტიები 31 ოქტომბერს გაიმართება. ამ დროისათვის არჩევნებისთვის დარეგისტრირებულია 58 პარტია და ორი ბლოკი.

23
თემები:
თანამედროვე ტექნოლოგიები