არჩილ თალაკვაძე

უსაფრთხოების პროტოკოლი საერთაშორისო დამკვირვებლებისთვის: ქვეყანა არჩევნებისთვის ემზადება

84
(განახლებულია 18:21 03.08.2020)
საერთაშორისო დამკვირვებლები, კარანტინში მოთავსების სანაცვლოდ, საქართველოში ჩამოსვლამდე სპეციალურ მოდულზე დარეგისტრირდებიან, მათი უსაფრთხოება არჩევნებზე მუშაობის დროსაც გარანტირებული იქნება

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. საქართველოს პარლამენტსა და მთავრობაში აქტიურად მუშაობენ წესებსა და სტანდარტებზე, რომლებიც არჩევნებს უსაფრთხოს გახდის.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს კორონავირუსის პანდემიის პირობებში ჩატარდება. ეს მთავრობას უსაფრთხოების თვალსაზრისით დამატებით პასუხისმგებლობას აკისრებს.

როგორც ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ განუცხადა, უკვე მიღებულია შესაბამისი საკანონმდებლო რეგულაციები. უსაფრთხოების პროტოკოლი უკვე მომზადებულია. ის პანდემიის პრიობებში საერთაშორისო დამკვირვებლების ჩამოსვლასა და მუშაობას უზრუნველყოფს.

თალაკვაძის განცხადებით, უსაფრთხოების პროტოკოლზე, რომელიც არჩევნების დროს იქნება გამოყენებული, საარჩევნო ადმინისტრაცია ჯანდაცვის სამსახურებთან ერთად მუშაობს. ეს იმისთვისაა საჭირო, რომ უსაფრთხო გარემო იყოს უზრუნველყოფილი საარჩევნო ყუთთან მისული მოქალაქეებისთვის.

„ასევე დამკვირვებლებისთვის შექმნილია უსაფრთხოების სპეციალური პროტოკოლი, რომელიც ქვეყანაში დამკვირვებლების უსაფრთხოდ ჩამოსვლასა და  მათი საქმიანობის შეუფერხებლად განხორციელებას უზრუნველყოფს. მათ კარანტინში განთავსება არ მოუწევთ, ამისთვის სპეციალური მოდული არის შექმნილი, სადაც ყველა დამკვირვებელს შეუძლია დარეგისტრირება“, – განაცხადა თალაკვაძემ.

არჩევნები 2020: გაივლიან თუ არა კარანტინს საერთაშორისო დამკვირვებლები>>

მისი თქმით, უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვედრები დიდ სადამკვირვებლო ინსტიტუტებთან.

ამჯერად საპარლამენტო არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – მოსახლეობა 120 დეპუტატს პროპორციული, ხოლო 30–ს – მაჟორიტარული სისტემით აირჩევს.

84
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

24
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

24
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

26
(განახლებულია 19:01 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
ნანა ხაჩიძე და ვინსენტ დელანოე

ვარსკვლავი N 282 საფრანგეთში - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისთვის

0
(განახლებულია 21:05 22.09.2020)
„თქვენი მეუღლის სურვილით გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი მოიხატება და ის N282 იქნება“- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო  ბატონმა ვინსენტ დელანოემ ქალაქ პონტმანში (pontmain) არსებული წმინდა მარიამის სახელობის ტაძრიდან...

მასალის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ფაქტს სიმბოლური, ადამიანური დატვირთვა აქვს. ბატონი დელანოე, რომელიც საფრანგეთის მთავრობის წევრია, 2012 წელს, საქართველოში, მართლმადიდებლად მოინათლა. მისი მეუღლე ქართველი, პროფესიით ბაქტერიოლოგი ნანა ხაჩიძე გახლავთ. ამ ბატონსა და მის სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ ადრეც დავწერეთ.

ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი
ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი

ამჯერად, მისი მეუღლის ერთ ინიციატივაზე მოგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ისინი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან და მიუხედავად კორონა ონფექციის საშიშროებისა, გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა...

ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ
ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ

- ქალბატონო ნანა, მოგვიყევით ამ ამბის შესახებ...

- მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით ვადევნებთ ხოლმე თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტი არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავმა ჩვენც სულით ხორცამდე შეგვძრა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი საკადრისად დაისჯებიან. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ჩავედით ქალაქ პონტმანში, რომელიც ჩემი მეუღლის სამუშაო რეგიონში შედის. მაშინ მან ამ ქალაქთან დაკავშირებული ერთი პატარა ისტორია გაიხსენა. ეს იდეაც ამის მერე გამიჩნდა...

ნანა ხაჩიძე
ნანა ხაჩიძე

- კონკრეტულად რა ისტორიაზე საუბარი?

- ადგილობრივების გადმოცემის თანახმად, 1871 წელს, ამ ქალაქში არსებული სამლოცველოდან გამოსულ ბავშვებს, თურმე, წმინდა მარიამი გამოეცხადათ. ასეთივე ხილვა ჰქონიათ მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ ბავშვებსაც. ერთ დღესაც ჩემი მეუღლის და ფრანგი მხატვრის, რეჯის პერეს (REGIS PERRAY) ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ არსებულ ტაძარში, რაიმე შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის სახელზე, სიმბოლურად მოხატულ ცაზე, ვარსკვლავი მიახატონ. აქ უკვე ბევრი ასეთი ვარსკვლავია, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ იქ ჩვენი შაქარას ვარსკვლავიც ყოფილიყო...

მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია
მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია

- ამისთვის რა იყო საჭირო, რაიმე პროცედურაა გასავლელი?

- მეუღლემ ჩემი სურვილის შესახებ აცნობა შესაბამის პირებს და დადებითი პასუხიც მოგვივიდა. წერილში ეწერა, რომ გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი N 282 იქნება. ამ ამბავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და რელიგიური რიტუალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი და მანამდე ის მართლმადიდებლურად მოინათლა. გიორგის ხსოვნისთვის გაკეთებული ეს უბრალო, მაგრამ ჩემი მხრიდან გაკეთებული გულწრფელი ჟესტი, ალბათ იმის გამოხატულებაა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ასეთი ნათელი სულის ბავშვები და მსგავსი საშინელი ფაქტიც აღარასოდეს განმეორდეს...

დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ
დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ

ამის შემდეგ ბატონ ვინსენტ დელანოეს ვესაუბრეთ.

- მუსიე დელანოე, ამჟამად საქართველოში იმყოფებით, ანუ კოვიდმაც არ დაგაშინათ?

- აქ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოვედი, თუმცა ტესტის პასუხი ჩამოვიტანე, ახალი ტესტი აქაც ამიღეს და პასუხი უარყოფითი იყო. მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დაემთხვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ როჟე დე გოლის მემკვიდრემ, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს საჩუქრად შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები გადასცა. ეს ფაქტი ფრანგი და ქართველი ხალხის მარადიული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. ჩემს რეგიონში ყოველთვის ვცდილობ, რომ ფრანგებს საქართველოსა და ქართველების შესახებ ბევრი რამ მოვუთხრო. რაც შეეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს, იმედია, ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოდან, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს, ამიერიდან მხოლოდ კარგ ამბებს შევიტყობ...

0