გიგი უგულავა და გიგა ბოკერია

ბოკერია და უგულავა მაჟორიტარი კანდიდატები: „ევროპულმა საქართველომ“ კანდიდატები დაასახელა

103
(განახლებულია 20:33 03.08.2020)
საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

თბილისი, 3 აგვისტო – Sputnik. ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარული დეპუტატობის საკუთარი კანდიდატები 16 საარჩევნო ოლქში დაასახელა, აქედან 14 – საქართველოს რეგიონებში. 

კანდიდატები 31 ოქტომბერს დაგეგმილ საპარლამენტო არჩევნებში მიიღებენ მონაწილეობას. კანდიდატების პრეზენტაციისას პარტიის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ოქტომბრის არჩევნებზე აუცილებელია საქართველოს შველა, რომელიც მდიდარი მთავრობის ხელში ღარიბი ქვეყანაა“.

„დღეს საქართველოს მართავს ხელისუფლება, რომელიც გასვრილია ნეპოტიზმში, კორუფციასა და წილებში. დიახ, ეს მათი საქართველოა. მათი საქართველო იქაა, სადაც არის ოლიგარქების შუშის სახლები, ტენდერები და კორუფცია, მაგრამ ეს ქვეყანა სხვა საქართველოა“, – განაცხადა ბაქრაძემ.

მან ამომრჩეველს პირობა მისცა, რომ პირველ 100 დღეს პარტია იხელმძღვანელებს დევიზით – კეთილდღეობა, დაცვა და დასავლური ინტეგრაცია.

ბოკერია და უგულავა – მთავარი დამრტყმელი ძალა

ზუგდიდში „ევროპულმა საქართველომ“ მაჟორიტარად თბილისის ყოფილი მერი გიგი უგულავა, ხოლო ფოთი–ხობი–სენაკის საარჩევნო ოლქში გიგა ბოკერია დაასახელა.

მმართველი პარტიიდან ბოკერიას ამჟამინდელი დეპუტატი ირაკლი ხახუბია დაუპირისპირდება, უგულავას კი საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი, მთავრობის პრეს-მდივანი ირაკლი ჩიქოვანი. 

„პირველად ჩემი გრძელი პოლიტიკური ცხოვრების განმავლობაში მაჟორიტარად ვიყრი კენჭს ფოთში–ხობსა და სენაკში. არა მარტო იმიტომ, რომ ფოთში დედაჩემია დაბადებული, არამედ იმიტომ, რომ საქართველოს ეს ნაწილი არის საქართველოში ყველაზე ევროპული ნაწილი. გაუმარჯოს ევროპულ საქართველოს! ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც თავისუფლება იქნება დაცული, ჩვენ ავაშენებთ იმ ქვეყანას, სადაც მოქალაქეები თვითონ მოიპოვებენ თავის ბედნიერებას. თქვენთან ერთად უნდა გავიმარჯვოთ!“ – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

ადრე „ევროპული საქართველო“ ოპოზიციიდან მაჟორიტარების საერთო კანდიდატების დასახელებას ემხრობოდა. თუმცა, მათი წინადადება არ გაიზიარა მეორე ოპოზიციურმა პარტია „ნაციონალურმა მოძრაობამ“.

„ჩვენ ორ ვარიანტს გთავაზობთ. პირველი: ჩვენ ყველა ვთანხმდებით იმაზე, რომ „ნაცმოძრაობამ“ ყველა დიდ ქალაქში საკუთარი კანდიდატები დაასახელოს, ხოლო სხვა რაიონებში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს. მეორე ვარიანტია: ჩვენ მხარს დავუჭერთ „ნაცმოძრაობას“ ქალაქებში, იგი კი საკუთარ კანდიდატებს არ დაასახელებს იმ ოთხ საარჩევნო ოლქში, სადაც „ევროპული საქართველოს“ კანდიდატები იქნებიან წარმოდგენილი“, – აღნიშნა ადრე ბოკერიამ.

მაშინ „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამ წინადადებას არ დათანხმდნენ.

„იქ, სადაც „ნაციონალურ მოძრაობას“ კარგი პოზიციები აქვს, ჩვენ ჩვენს კანდიდატებს წამოვაყენებთ“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დაგეგმილი. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

საარჩევნო ოლქების სია, სადაც „ევროპულმა საქართველომ“ საკუთარი კანდიდატები დაასახელა:

 საარჩევნო ოლქი  რეგიონი "ევროპული საქართველო"  "ქართული ოცნება"
თელავი–ახმეტა–ყვარელი–ლაგოდეხი
კახეთი ზურაბ ჭიაბერაშვილი ირაკლი ქადაგიშვილი
გურჯაანი–საგარეჯო–სიღნაღი–დედოფლისწყარო კახეთი გიორგი ღვინიაშვილი დავით სონღულაშვილი
რუსთავი ქვემო ქართლი ირმა ნადირაშვილი ნინო ლაცაბიძე
მარნეული–გარდაბანი ქვემო ქართლი აჰმედ იმამყულიევი ზაურ დარგალი
ახალციხე–ნინოწმინდა სამცხე–ჯავახეთი არსენ კარაპეტიანი სამველ მანუკიანი
 ქუთაისი იმერეთი ოთარ კახიძე ზაალ ლომინაძე

საჩხერე–ჭიათურა–ხარაგაული

იმერეთი სერგო რატიანი პაატა კვიჟინაძე
ზესტაფონი–ბაღდათი–თერჯოლა–ტყიბული იმერეთი გიგი წერეთელი ბეჟან წაქაძე

სამტრედია–წყალტუბო–ვანი–ხონი

იმერეთი აკაკი ბობოხიძე გივი ჭიჭინაძე

ზუგდიდი

სამეგრელო–ზემო სვანეთი გიგი უგულავა ირაკლი ჩიქოვანი
ფოთი–ხობი–სენაკი სამეგრელო–ზემო სვანეთი გიგა ბოკერია ირაკლი ხახუბია
აბაშა–მარტვილი–წალენჯიხა–ჩხოროწყუ სამეგრელო–ზემო სვანეთი ლელა ქებურია ალექსანდრე მოწერელია

ოზურგეთი–ლანჩხუთი–ჩოხატაური

გურია ხათუნა გოგორიშვილი ვასილ ჩიგოგიძე

ხულო–შუახევი–ქედა და ხელვაჩაური

აჭარა ტარიელ ნაკაიძე  ანზორ ბოლქვაძე

რაც შეეხება დედაქალაქს, ვაკის რაიონში დეპუტატის მანდატისთვის ელენე ხოშტარია იბრძოლებს („ქართული ოცნებიდან“ – ნოდარ ტურძელაძე), მთაწმინდა–კრწანისის რაიონში კი შალვა შავგულიძე „ქართული ოცნების“ კანდიდატ ბექა ოდიშარიას დაუპირისპირდება.

 

103
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
კენჭისყრა

IRI-ს სადამკვირვებლო მისია საქართველოში ჩამოვა

24
(განახლებულია 20:06 22.09.2020)
IRI-ს სადამკვირვებლო მისია ხუთი კაცის შემადგენლობით საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვა.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. აშშ-ის საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის მისია (IRI) 31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების დაკვირვების მიზნით საქართველოში ჩამოვა, ნათქვამია ორგანიზაციის განცხადებაში.

NDI საქართველოში არჩევნების დისტანციურ დაკვირვებას იწყებს>>

მისიის შემადგენლობაში იქნება ხუთი ტექნიკური ანალიტიკოსი. ისინი საარჩევნო პროცესს დააკვირდებიან და მას ყველა დონეზე შეაფასებენ.

„IRI-ს მისია ყურადღებას გაამახვილებს საკვანძო საკითხებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია საარჩევნო პროცესის სრულყოფისთვის. მათ შორისაა საარჩევნო ადმინისტრაცია, მასმედიის თავისუფლება და გამჭვირვალობა, პოლიტიკური პარტიების კამპანია და დაფინანსება. გარდა ამისა, მისია ყურადღებას გაამახვილებს კორონავირუსის პანდემიის პერიოდში მოქალაქეების უსაფრთხოების უზრუნველყოფისთვის დაწესებული რეგულაციების შესრულებაზე“, – განაცხადა IRI-ს ევრაზიის განყოფილების დირექტორმა სტივენ ნიქსმა.

დამკვირვებლები საქართველოში ცენტრალური საარჩევნო კომისიის მოწვევით ჩამოვლენ. IRI საქართველოს პარტნიორია დაახლოებით 25 წლის განმავლობაში და ბოლო ათი წლის განმავლობაში თითქმის ყველა არჩევნების მონიტორინგსა და შეფასებას ახორციელებს.

„ოქტომბერში დაგეგმილი საპარლამენტო არჩევნები წარმოადგენს მნიშვნელოვან ნაბიჯს საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის და გამოცდას ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებებისთვის“, – აღნიშნა ნიქსმა.

არჩევნების შედეგებზე IRI გამოაქვეყნებს ანგარიშს, რომელიც მომზადდება მთავრობისა და საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან, სამოქალაქო საზოგადოებისა და მასმედიის წარმომადგენლებთან სიღრმისეული ინტერვიუების საფუძველზე.

IRI-ს გარდა, უკვე ცნობილია, რომ არჩევნებს საქართველოში დისტანციურად დააკვირდება აშშ-ის ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI).

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება – მინისტრმა ბრძანება გამოსცა>>

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიებიდან აირჩევენ, ხოლო 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

24
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
შსს–ს შენობა

შსს საპარლამენტო არჩევნებისთვის ემზადება მინისტრმა ბრძანება გამოსცა

26
(განახლებულია 19:01 22.09.2020)
საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

თბილისი, 22 სექტემბერი – Sputnik. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების თავისუფალ, უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ჩატარების უზრუნველსაყოფად, ასევე სამართალდარღვევათა პრევენციისა და მათზე რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ბრძანება გამოსცა.

ბრძანების მიხედვით, საქართველოს რეგიონებში სამართალდარღვევების პრევენციისა და მათზე რეაგირებისთვის პასუხისმგებელი ჯგუფები შეიქმნება.

„არჩევნების უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობის მიზნით შესაბამის ჯგუფებს დაევალათ სამოქმედო ტერიტორიაზე უზრუნველყონ სათანადო ზომების მიღება, წინასაარჩევნო აგიტაციის მშვიდ და თავისუფალ გარემოში ჩატარება და „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად პრევენციული საპოლიციო ღონისძიებების განხორციელება“, – აღნიშნულია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ბრძანება პოლიციელებს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის მკაცრად დაცვას ავალდებულებს. ასევე დაუშვებელია, რომ მათი ქმედება პირდაპირ ან არაპირდაპირ იყოს მიმართული რომელიმე პოლიტიკური პარტიის საწინააღმდეგოდ ან მხარდასაჭერად.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 31 ოქტომბერს გაიმართება. არჩევნები შერეული სისტემით ჩატარდება – 120 დეპუტატს პარტიული სიებით აირჩევენ, 30-ს – ერთმანდატიან ოლქებში.

26
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 (145)
ნანა ხაჩიძე და ვინსენტ დელანოე

ვარსკვლავი N 282 საფრანგეთში - გიორგი შაქარაშვილის ხსოვნისთვის

0
(განახლებულია 21:05 22.09.2020)
„თქვენი მეუღლის სურვილით გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი მოიხატება და ის N282 იქნება“- ასეთი შინაარსის წერილი მიიღო  ბატონმა ვინსენტ დელანოემ ქალაქ პონტმანში (pontmain) არსებული წმინდა მარიამის სახელობის ტაძრიდან...

მასალის დასაწყისშივე გეტყვით, რომ ამ ფაქტს სიმბოლური, ადამიანური დატვირთვა აქვს. ბატონი დელანოე, რომელიც საფრანგეთის მთავრობის წევრია, 2012 წელს, საქართველოში, მართლმადიდებლად მოინათლა. მისი მეუღლე ქართველი, პროფესიით ბაქტერიოლოგი ნანა ხაჩიძე გახლავთ. ამ ბატონსა და მის სიყვარულზე საქართველოსა და ქართველების მიმართ ადრეც დავწერეთ.

ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი
ხსოვნის ვარსკვლავებით მოხატული ტაძრის ჭერი

ამჯერად, მისი მეუღლის ერთ ინიციატივაზე მოგახსენებთ. იმასაც გეტყვით, რომ ისინი საქართველოში ყოველ წელს ჩამოდიან და მიუხედავად კორონა ონფექციის საშიშროებისა, გამონაკლისი არც ეს წელი ყოფილა...

ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ
ნანა ხაჩიძე წმინდა მარიამის სახელობის ტაძრის წინ

- ქალბატონო ნანა, მოგვიყევით ამ ამბის შესახებ...

- მე და ჩემი მეუღლე ყოველთვის გულისყურით ვადევნებთ ხოლმე თვალს საქართველოში მიმდინარე მოვლენებს, არც ერთი  მნიშვნელოვანი ფაქტი არ გვინდა, რომ გამოგვრჩეს. ბუნებრივია, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავმა ჩვენც სულით ხორცამდე შეგვძრა. იმედი მაქვს, რომ გამოძიება გამოავლენს დამნაშავეებს და ისინი საკადრისად დაისჯებიან. მოკლედ, ისე მოხდა, რომ ერთ დღეს ჩავედით ქალაქ პონტმანში, რომელიც ჩემი მეუღლის სამუშაო რეგიონში შედის. მაშინ მან ამ ქალაქთან დაკავშირებული ერთი პატარა ისტორია გაიხსენა. ეს იდეაც ამის მერე გამიჩნდა...

ნანა ხაჩიძე
ნანა ხაჩიძე

- კონკრეტულად რა ისტორიაზე საუბარი?

- ადგილობრივების გადმოცემის თანახმად, 1871 წელს, ამ ქალაქში არსებული სამლოცველოდან გამოსულ ბავშვებს, თურმე, წმინდა მარიამი გამოეცხადათ. ასეთივე ხილვა ჰქონიათ მსოფლიოს კიდევ ორ სხვა ქვეყანაში მყოფ ბავშვებსაც. ერთ დღესაც ჩემი მეუღლის და ფრანგი მხატვრის, რეჯის პერეს (REGIS PERRAY) ინიციატივით გადაწყდა, რომ აქ არსებულ ტაძარში, რაიმე შემთხვევის შედეგად დაღუპული ბავშვის სახელზე, სიმბოლურად მოხატულ ცაზე, ვარსკვლავი მიახატონ. აქ უკვე ბევრი ასეთი ვარსკვლავია, მაშინვე გამიჩნდა სურვილი, რომ იქ ჩვენი შაქარას ვარსკვლავიც ყოფილიყო...

მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია
მარიამის გამოცხადებაზე შექმნილი ფრანგული ილუსტრაცია

- ამისთვის რა იყო საჭირო, რაიმე პროცედურაა გასავლელი?

- მეუღლემ ჩემი სურვილის შესახებ აცნობა შესაბამის პირებს და დადებითი პასუხიც მოგვივიდა. წერილში ეწერა, რომ გიორგი შაქარაშვილის ვარსკვლავი N 282 იქნება. ამ ამბავს სიმბოლური დატვირთვა აქვს და რელიგიური რიტუალი არ არის. მე და ჩემს მეუღლეს ჯვარი საქართველოში გვაქვს დაწერილი და მანამდე ის მართლმადიდებლურად მოინათლა. გიორგის ხსოვნისთვის გაკეთებული ეს უბრალო, მაგრამ ჩემი მხრიდან გაკეთებული გულწრფელი ჟესტი, ალბათ იმის გამოხატულებაა, რომ არასოდეს დაგვავიწყდეს ასეთი ნათელი სულის ბავშვები და მსგავსი საშინელი ფაქტიც აღარასოდეს განმეორდეს...

დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ
დასტურის წერილი, რომელიც მიიღო ვინსენტ დელანოემ

ამის შემდეგ ბატონ ვინსენტ დელანოეს ვესაუბრეთ.

- მუსიე დელანოე, ამჟამად საქართველოში იმყოფებით, ანუ კოვიდმაც არ დაგაშინათ?

- აქ შესაბამისი პროცედურების დაცვით ჩამოვედი, თუმცა ტესტის პასუხი ჩამოვიტანე, ახალი ტესტი აქაც ამიღეს და პასუხი უარყოფითი იყო. მიხარია, რომ ჩემი საქართველოში ჩამოსვლა ერთ მნიშვნელოვან ფაქტს დაემთხვა. მხედველობაში მაქვს ის, რომ როჟე დე გოლის მემკვიდრემ, ჟენევიევ დე გოლ-ანტონიოზის შვილმა, მხატვარმა ფრანსუა მარი ანტონიოზმა წინანდლის მუზეუმს საჩუქრად შარლ დე გოლის 16 წერილი და დე გოლების ოჯახის წევრების კუთვნილი ნივთები გადასცა. ეს ფაქტი ფრანგი და ქართველი ხალხის მარადიული მეგობრობის კიდევ ერთი დასტურია. ჩემს რეგიონში ყოველთვის ვცდილობ, რომ ფრანგებს საქართველოსა და ქართველების შესახებ ბევრი რამ მოვუთხრო. რაც შეეხება, ახალგაზრდა ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის ამბავს, იმედია, ქართული მართლმსაჯულება სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და საქართველოდან, რომელიც უკვე ძალიან მიყვარს, ამიერიდან მხოლოდ კარგ ამბებს შევიტყობ...

0