გიორგი ვაშაძე

ძველი სახეები ახალ ამპლუაში: საქართველოში პოლიტიკური პლატფორმა შეიქმნა

175
(განახლებულია 21:02 27.07.2020)
ახალი პოლიტიკური გაერთიანების მიზანია უმუშევრობის, სიღარიბის დამარცხება, პენსიონერების დახმარება და მიგრანტების საქართველოში დაბრუნება.

თბილისი, 27 ივლისი – Sputnik. პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ და პარტია „კანონი და სამართლიანობის“ დამფუძნებელმა თაკო ჩარკვიანმა ოპოზიციური გაერთიანება „ძალა ერთობაშია“ დატოვეს და შექმნეს ახალი პლატფორმა „სტრატეგია აღმაშენებელი“.

ოპოზიციური გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ სათავეში „ნაციონალური მოძრაობა“ დგას.

ხვალ რომ არჩევნების დღე იყოს?!..ანუ ვის მისცემდი ნეტავ?!>>

როგორც ვაშაძემ განაცხადა, ახალი პოლიტიკური პლატფორმა საარჩევნო პროგრამასა და გუნდის წევრებს 30 ივლისს წარმოადგენს.

„მივიღეთ გადაწყვეტილება, შევქმნათ ახალი პოლიტიკური პლატფორმა, რომლის სახელწოდებაც იქნება „სტრატეგია აღმაშენებელი“. პლატფორმა შედგება სამი სუბიექტისგან – „ახალი საქართველო“, „კანონი და სამართალი“ და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ის ექსპერტები, რომლებთან ერთადაც ჩვენ წარვუდგინეთ საზოგადოებას ქვეყნის განვითარების გეგმა. გაერთიანების მიზანია დამარცხდეს უმუშევრობა, სიღარიბე, დაბრუნდნენ ემიგრანტები საქართველოში. არჩევანი მარტივია – აღმშენებლობა თუ დამსხვრეული ოცნებების პარტია“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე ერთ-ერთია ექვსი მაჟორიტარობის კანდიდატიდან, რომელიც 30 პარტიის ოპოზიციურმა გაერთიანებამ წარმოადგინა. ის კენჭს ისნის საარჩევნო ოლქში იყრის. მმართველმა პარტიამ ამ ოლქში სასჯელაღსრულების ყოფილი მინისტრის კახი კახიშვილის კანდიდატურა წამოაყენა.

„კვლევა, რომელსაც ჩვენ ლამის ყოველ კვირა ვაკეთებთ, აჩვენებს, რომ ადამიანებს სიახლე და ამოქმედება სჭირდებათ, ანუ ეძებენ გზას, როგორ გამოვიდეს ქვეყანა ამ სტაგნაციიდან. უფრო სწრაფი გზა, ვიდრე ახლა ჩვენ ვთავაზობთ საზოგადოებას, არ არსებობს“, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.

ამასთან, მან აღნიშნა, რომ სწორედ ამან განაპირობა ოპოზიციური გაერთიანებიდან გამოსვლა, და პარტნიორებთან მათ არანაირი დაპირისპირება არ აქვთ.

ჩარკვიანმა თავისი კანდიდატურა საბურთალოს საარჩევნო ოლქში წარმოადგინა, სადაც მმართველმა პარტიამ ჯანდაცვის ყოფილი მინისტრის დავით სერგეენკოს კანდიდატურა დაასახელა. გაერთიანებულ ოპოზიციას საბურთალოს რაიონში თავისი კანდიდატურა ჯერ არ დაუსახელებია.

პარტიებმა „ახალი საქართველო“ და „კანონი და სამართლიანობა“ უკვე გაიარეს რეგისტრაცია ცესკოში.

საპარლამენტო არჩევნები საქართველოში 2020 წლის 31 ოქტომბერს უნდა ჩატარდეს. მოსახლეობა 150 დეპუტატს აირჩევს – 120-ს პარტიული სიებით, ხოლო 30-ს – მაჟორიტარულ ოლქებში.

175
თემები:
საქართველოს პოლიტიკური ცხოვრება (153)
ცესკო

ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე დამკვირვებელთა რეგისტრაცია გრძელდება

40
(განახლებულია 15:31 24.09.2020)
ამ დროისათვის ცესკოში საპარლამენტო არჩევნებზე საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით რეგისტრაცია ექვსმა ორგანიზაციამ გაიარა.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ამ დროისათვის ექვსი საერთაშორისო და 53 ადგილობრივი ორგანიზაცია დაარეგისტრირა, რომლებიც არჩევნების მსვლელობას დააკვირდებიან, ნათქვამია ცესკოს ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებში.

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. პარალელურად ამავე დღეს აჭარის უმაღლესი საბჭოს და რამდენიმე მუნიციპალიტეტში მერებისა და საკრებულოს დეპუტატების არჩევნები ჩატარდება. 

ამ ეტაპზე სადამკვირვებლო ორგანიზაციებს მხოლოდ განაცხადები შეაქვთ. ორგანიზაციებისა და დამკვირვებლების ზუსტი რაოდენობა ცნობილი არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე გახდება.

ამ დროისათვის ცესკომ საერთაშორისო დამკვირვებლის სტატუსით დაარეგისტრირა: „ადამიანის უფლებათა საერთაშორისო საზოგადოება" (ISHR), „საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი" (IRI), „საერთაშორისო საქმეთა ეროვნული დემოკრატიული ინსტიტუტი" (NDI), „საარჩევნო სისტემების საერთაშორისო ფონდი" (IFES), „ინიციატივა დიალოგისა და დემოკრატიისთვის" (SILBA) და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში.

ადგილობრივი ორგანიზაციების რაოდენობა გაცილებით მეტია – 53, მათ შორის არიან ისეთი გამოცდილი ორგანიზაციები, როგორიცაა „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“, „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება“ და ა.შ. კენჭისყრის პროცესების გაშუქების მიზნით ცესკოში აკრედიტაციას მასმედიის წარმომადგენლებიც გადიან. ამ დროისათვის რეგისტრაცია უკვე გაიარა 16-მა მედია-ორგანიზაციამ.

40
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
ცესკო

როგორ უნდა მოხდეს საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ორგანიზება? შეხვედრა ცესკოში

49
(განახლებულია 13:42 24.09.2020)
საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლებისა და კომისიების წევრებისთვის სანიტარიულ-ჰიგიენური წესები  სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც ცესკოს, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან.

თბილისი, 24 სექტემბერი — Sputnik. ცენტრალური საარჩევნო კომისია იმ სავალდებული წესებისა და რეკომენდაციების შემუშავების საკითხებზე მუშაობს, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში კენჭისყრის ორგანიზებისას უნდა იყოს გათვალისწინებული, ნათქვამია უწყების ვებ-გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში. 

გუშინ ცესკოს თავმჯდომარემ თამარ ჟვანიამ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილესთან გიორგი წოწკოლაურთან და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილესთან პაატა იმნაძესთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

შეხვედრის მონაწილეებმა ის შესაძლებლობები და რისკები განიხილეს, რაც სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და საკარანტინო სივრცეებში არჩევნების ორგანიზებას უკავშირდება.

„ამ საკითხებზე მსჯელობა ხელს შეუწყობს საარჩევნო ადმინისტრაციის პოზიციის ჩამოყალიბებას, რომელიც შემდგომ  სპეციალურ სამუშაო ჯგუფთან განიხილება. ცესკომ სწორედ ამ სამუშაო ჯგუფთან ერთად უკვე შეიმუშავა კენჭისყრის დღის ეპიდემიოლოგიური პროტოკოლი“, – ნათქვამია ცესკოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

საარჩევნო უბნებზე ამომრჩევლების, საარჩევნო კომისიების წევრებისა და ჩართული მხარეებისთვის სანიტარიულ–ჰიგიენური წესები სპეციალურმა სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, რომელშიც საარჩევნო ადმინისტრაციის, პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები შედიან. 

საქართველოში საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს არის დანიშნული. დღეს არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის პირობებში აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს, რათა, ერთი მხრივ, დაცული იყოს არჩევნებზე ხმის მიცემასთან დაკავშირებული ადამიანის ფუნდამენტური უფლება, ხოლო მეორე მხრივ – ქვეყანაში ინფექციის შემდგომი გავრცელების პრევენცია მოხდეს.

ცესკომ უკვე მიიღო დადგენილება, რომლითაც რეგულირდება კენჭისყრის შენობებში შესვლის, გამოსვლის, ყოფნის, გადაადგილების, თერმოსკრინინგის, პირბადის გამოყენების, საარჩევნო უბანზე უფლებამოსილი პირის სხვა პირით ჩანაცვლების წესები.

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე კომისიის ყველა წევრი და ამომრჩევლები პირბადეებით უნდა გამოცხადდნენ.

კენჭისყრის შენობის შესასვლელებთან განთავსებული იქნება დეზობარიერი, ხელის დეზინფექციისთვის საჭირო ხსნარი და ინფორმაცია ვირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.  

კომისიის წევრებმა, რომელთაც უშუალო შეხება აქვთ ბიულეტენებთან, კონვერტებთან, სიებთან, უნდა გამოიყენონ ხელთათმანები.

ამომრჩეველს კენჭისყრის პერიოდში პირბადის მოხსნა ორჯერ მოუწევს – კენჭისყრის ოთახში შესვლისას და რეგისტრატორის მაგიდასთან იდენტიფიცირებისას. პირბადის გამოყენებაზე გამონაკლისი დაშვებული იქნება იმ პირებისთვის, ვისაც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო უჭირს პირბადის ტარება. ამ შემთხვევაში აღნიშნულმა პირმა სამედიცინო ცნობა უნდა წარადგინოს.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში არჩევნებში მონაწილეობისთვის 58 პარტია და ორი ბლოკია რეგისტრირებული. პარლამენტში სულ 150 ადგილია, აქედან 120 ადგილს დაიკავებენ პარტიებიდან და ბლოკებიდან პროპორციული სისტემით არჩეული კანდიდატები, 30-ს კი ერთმანდატიან საარჩევნო ოლქში გამარჯვებული კანდიდატები.

49
თემები:
საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020
მიხეილ ჩხენკელი

ჩხენკელი: აჭარის რეგიონის მოსწავლეები სწავლას დისტანციურად გააგრძელებენ

0
(განახლებულია 15:09 24.09.2020)
საქართველოში ბოლო პერიოდში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობამ მკვეთრად იმატა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 259-ით გაიზარდა.

თბილისი,  24 სექტემბერი - Sputnik. აჭარის რეგიონში სასწავლო პროცესი დისტანციურ ფორმატში გაგრძელდება, განაცხადა განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ.

ეპიდემიოლოგებმა აჭარას COVID-19-ის გავრცელების თვალსაზრისით „წითელი ზონა“ უკვე უწოდეს - ბოლო 24 საათში კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან 164 აჭარაში გამოვლინდა. რეგიონში სულ ინფიცირების ათასზე მეტი აქტიური შემთხვევაა. 

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1 ოქტომბრიდან თბილისის, ქუთაისის, რუსთავისა და ზუგდიდის  I-VI კლასების მოსწავლეები საკლასო ოთახებს დაუბრუნდებიან,  ფოთსა და გორში კი  სკოლებს ყველა კლასის მოსწავლე დაუბრუნდება. 

„დაწყებითი კლასების მოსწავლეებისთვის  განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო პროცესი წარიმართოს საკლასო ოთახებში.   ყველა სკოლა, სადაც სასწავლო პროცსი  განახლდება, სრულ მზადყოფნაშია, რათა სამედიცინო პროტოკოლი ზედმიწევნით იყოს დაცული“, – განაცხადა ჩხენკელმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, აჭარის გარდა, ყველა რეგიონში სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს საშუალება ექნებათ სკოლის ტერიტორიაზე, სპეციალურად განკუთვნილ რესურს–ოთახში შეხვდნენ სპეცმასწავლებელს.  1 ოქტომბრიდან შემუშავდება  სპეციალური გრაფიკი, რომელსაც სკოლები მშობლებთან შეათანმხებენ, განაცხადა ჩხენკელმა.

რაც შეეხება უმაღლეს სასწავლებლებს, ამ ეტაპზე სწავლა მთელი ქვეყნის მასშტაბით დისტანციურად გაგრძელდება.

კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოს ყველა სკოლაში სწავლა 2 მარტს შეწყდა, მეცადინეობები დისტანციურად წარიმართა. სასწავლო წელი 15 სექტემბერს განახლდა, მაგრამ ეპიდვითარების გაუარესების გამო ქვეყნის რიგი ქალაქების – თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, ქობულეთის, ფოთის, რუსთავის, ზუგდიდის, გორის, ასევე კახეთის, გურიისა და შიდა ქართლის ზოგიერთი სოფლის სკოლებში სწავლა ორი კვირის განმავლობაში, 1 ოქტომბრამდე დისტანციურად წარიმართება.

0
თემები:
განათლება საქართველოში